რეცენზია

რედაქციისაგან

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ვ. პაპავას, მონოგრაფიაზე “პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა” (თბ., 2002, 526 გვ. სამეცნიერო რედ. პროფ. ე. მექვაბიშვილი, რეცენზენტები: პროფ. თ. ბერიძე, პროფ. ი. მესხია).

სარეცენზიო ნაშრომი პროფ. პაპავას ხანგრძლივი, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და მაღალი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის სხვადასხვა იერარქიულ დონეზე საქმიანობის წარმატებული შენაზავია და თუ წიგნის რედაქტორს, პროფ. ე. მექვაბიშვილს დავესესხებით, “იგი სადისკუსიოდ მოწვევაა მისი კოლეგა მეცნიერების, პოლიტიკოსების და ყველა მოაზროვნე მოქალაქისა, ვისაც გულწრფელად აინტერესებს და აღელვებს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი, მისი ხვალინდელი დღე” (გვ. 6).

ნაშრომი შედგება წინასიტყვაობის, 21 თავისა და 70-ზე მეტი პარაგრაფისაგან, თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია მრავალ სხვადასხვა ენაზე, რომელიც მოიცავს 62 გვერდს. ნაშრომს თან ახლავს სარჩევი და რეფერატი ინგლისურ ენაზე.

ნაშრომის მრავალი ღირსებიდან გამოვყოფთ რამოდენიმე ძირითადს:
პირველი, ნაშრომი გარდამავალი ეკონომიკის (და არა მარტო გარდამავალი ეკონომიკის) აღმოცენების, ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ძირითადი პრობლემების კომპლექსურ-მიზნობრივი გამოკვლევაა, რომელსაც თეორიულთან ერთად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს; ნაშრომისადმი ინტერესს აძლიერებს ისიც, რომ მასში პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია განხილულია, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკურ-იდეოლოგიური, ზნეობრივ-რელიგიური და ეთნიკურ-ფსიქოლოგიური ასპექტების ორგანული ერთიანობისა და დიალექტიკიური წინააღმდეგობების პრიზმით.

მეორე, უდავოდ კოლოსალური შრომა გაუწევია ავტორს საკვლევი თემის გარშემო არსებული მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ქართული თუ უცხოური ლიტერატურის მოსაძიებლად, რომელთა რაოდენობა ათასს აღემატება და რომელთაც, გარკვეული თეირიული შეფასების შემდეგ, თავისი ადგილი აქვს მიჩნეული ტექსტსა თუ გამოყენებული ლიტერატურის სიაში. ყოველივე ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, ავტორის დიდ შრომისმოყვარეობასა და კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს, რაც სამაგალითო უნდა გახდეს იმათთვის, რომელთაც ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ პრობლემის კვლევა მხოლოდ მათგან იწყება და იქვე სრულდება.

მესამე, ნაშრომში უხვად არის ორიგინალური მოსაზრება, დებულება თუ პოსტულატი, რომელთა გარკვეული ნაწილი თეორიულად დასაბუთებულია და ისღა დაგვრჩენია, დავეთანხმოთ, ნაწილს კი, ავტორი გვთავაზობს განსჯისათვის, საკამათოდ. თითქოს გვიწვევს სადისკუსიოდ, ყოველგვარი ამბიციურობისა და პრეტენზიულობის გარეშე.

აქვე უნდა აღვნიშნოთ იმის შესახებაც, რომ ნაშრომში შემოთავაზებულია გარდამავალი ეკონომიკის კანონზომიერებათა ამსახველი ტერმინოლოგიური სიახლეები, რომელთაც თან ახლავს მათი არსისეული დასაბუთებული ინტერპრეტაციები. ასეთებია, მაგალითად, უწინარეს ყოვლისა “პოსტკომუნისტური კაპიტალიზმი”, რომელიც ავტორის თანახმად, “იმ რეალური საზოგადოების ბუნებაზე მიუთითებს, რომელიც კაპიტალიზმის კლასიკური გაგების თუ მისი თეორიულად განზოგადებული ცნობილი სხვადსხვა მოდელის ჩარჩოებში ვერ ჯდება” აქ არსებული ნეკროეკონომიკის გამო (გვ. 25). ამასთან დაკავშირებით, ავტორი ხაზგასმით ასკვნის, რომ დროა და მართებული – “სამეცნიერო ბრუნვაში ტერმინი – პოსტკომუნისტური კაპიტალიზმი დავამკვიდროთ. წინამდებარე ნაშრომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იმაშიც გამოიხატება, რომ პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის ეკონომიკის არსი იქნეს გამოკვლეული” (გვ. 43).

იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფო მონოპოლისტური ფეოდალიზმის შესახებ, რომელ სტატუსსაც პროფ. პაპავა საბჭოთა სახელმწიფოს ანიჭებს, ამასთან პარალელს ავლებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, რიჩარდ ერიქსონის აზრთან, რომელიც პოსტსაბჭოთა რუსეთის ეკონომიკურ სისტემას ახასიათებს როგორც “ინდუსტრიულ ფეოდალიზმს”.

სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, თვით წიგნის სახელწოდებაც – “პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველო”, საკვლევი ობიექტისადმი ნოვატორულ-შემოქმედებითი მიდგომის ნიმუშია წიგნისა, რომლის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბოლო ათწლეულში დაუგროვდა გამოკვლევებისა და პუბლიკაციების საკმაო რაოდენობის სახით, რომლებიც მთლიანობაში ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის შესახებ თეორიული და გამოყენებითი პრობლემის ერთიან მონოგრაფიულ გამოკვლევას წარმოადგენს, რაც სარეცენზიო წიგნს დაედო საფუძვლად.

მეოთხე, მრავალასპექტოვანი საკვლევი პრობლების სირთულიდან გამომდინარე, ავტორს სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ წიგნში მოცემული მისეული ხედვა ცალკეული მკითხველის მიერ შესაძლოა გაზიარებული არ იქნას, რის გამოც, როგორც ავტორი აცხადებს, მათგან კონსტრუქციული ხასიათის კრიტიკულ შენიშვნებს მიიღებს და გაითვალისწინებს მომავალ მეცნიერულ მოღვაწეობაში.

მეხუთე, სავსებით დასაბუთებული და მისაღებია ავტორისეული მსჯელობა ტრანსფორმაციის ტერმინოლოგიის შესახებ, კერძოდ ის, რომ საყოველთაოდ გავრცელებული ტერმინები – “გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა”, “გარდამავალი ეკონომიკა” და ა.შ., თავისი ბუნებით, ძალზე ბუნდოვანია, რადგანაც გაუგებარია, თუ კერძოდ რომელ “გადასვლაზეა” მსჯელობა, და, რომ “გარდამავალი პერიოდისა” და “გარდამავალი ეკონომიკის” განზოგადებული განმარტების ძიება, როგორც წესი, არაკონსტრუქციულია, რამდენადაც, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, არაფრის მომცემია.

მეექვსე, სარეცენზიო წიგნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მასში დამაჯერებელი პასუხია გაცემული პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ხანგრძლივ პროცესში “შოკური თერაპიის” შემდეგ როგორ, რა მეთოდებით და საშუალებებით უნდა გაგრძელდეს რეფორმები. ამის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად მიჩნეულია ეკონომიკური რეფორმის “სოციალური სტიმულირების” მეთოდი, რომლის თეორიულ საფუძველს მიწოდებისა და მოთხოვნის სტიმულირების საყოველთაოდ ცნობილი მექანიზმების შერწყმა, ანუ “ლაფერ-კეინზიანური სინთეზი” წარმოადგენს.

მეშვიდე, ნაშრომში ყოვლისმომცველად არის შეფასებული საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) სსფ-ს საქმიანობა, მისი როლი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევასა და საერთოდ ეკონომიკის პოსტკომუნისტურ ტრანსფორმაციაში; მოცემულია სსფ-ს საქმიანობის კრიტიკული ანალიზი: პოლიტიკური, მეთოდური, მეთოდოლოგიური, დაბნეულობით გამოწვეული, ფასწარმოქმნის ფაქტორების გაუთვალისწინებლობით, ტრაფარეტული მიდგომების, ტექნიკური ხასიათის, კომპეტენციის გადამეტებით თუ სხვა ფაქტირებით განპირობებული შეცდომების ასპქტით. და მაინც, ყოველივე ამის ფონზე, სსფ-ს ავტორის მიერ წარმოდგენილია, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.

მერვე, საყურადღებოა და გარკვეულწილად სიახლეც – ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ინსტიტუციური ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულ პროცესში “ჩრდილოვანი პოლიტიკური ეკონომიკის”, ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკის პოლიტეკონომიური გააზრების შესაძლებლობის ავტორისეული კონცეფცია.

მეცხრე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნაშრომის ის ნაწილი, რომელიც ეძღვნება ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის ადგილის, როლის და საერთოდ, ეკონომიკურ სისტემაში ადამიანის მოდელის კვლევას; და მაინც, აქ წინა პლანზეა წამოწეული პოსტსაქმოსნის მეწარმით ჩანაცვლების პრობლემა, რაც ხანგრძლივ პროცესს საჭიროებს;

მეათე, სიახლებითა და ავტორისეული ორიგინალური მიდგომით გამოირჩევა პრობლემების: “საბაზრო წონასწორობის დოქტრინა”, “ნეკროეკონომიკა-პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის ფენომენი”, “სახელმწიფო კაპიტალის პრივატიზაციის პოლიტეკონომიკური ასპექტები”, “წარმოების მეხუთე ფაქტორი და სახელმწიფოს როლი თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში” – ანალიზი. აქ თანმიმდევრულადაა განხილული საბაზრო წონასწორობის მრავალასპექტოვანი და მრავალსიტუაციური ვითარება; შედარებითობის ასპექტით დახასიათებულია “მკვდარი ეკონომიკა”, ანუ ნეკროეკონომიკა, რომელსაც შეისწავლის ნეკროეკონომიკსი, ანუ ნეკროეკონომიკური თეორია, ვიტალური ეკონომიკა, ანუ ვიტაეკონომიკა, რომელსაც შეისწავლის ვიტაეკონომიკსი, ანუ ვიტაეკონომიკური თეორია; საყურადღებოა და ჩვენთვის მისაღებია ის დასკვნა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი წარმოების მეხუთე ფაქტორია და რომ ბიზნესზე არაპირდაპირი გადასახადები, სხვა ფაქტორულ შემოსავლებთან ერთად, სახელმწიფოს პირველადი შემოსავლებია, პირდაპირი გადასახადები კი – წარმოებული. აქვე მოცემულია წარმოების “დომინირებადი” ფაქტორების კონცეფცია, რომლის არსია ის, რომ წარმოების რომელიმე პროცესში ამა თუ იმ ფაქტორის მეშვეობით მიღებულ შემოსავალთან შედარებით მის “დომინირებადობას” განსაზღვრავს; საინტერესოა ავტორის კონცეფცია “სრული ბაზრის” შესახებ, რაც ეწოდება “ისეთ ბაზარს, რომელშიც არ იქნება (ან ყოველ შემთხვევაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი) სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი დაბეგვრა” (გვ. 196-197).

უნდა დავეთანხმოთ, ასევე, ავტორის მოსაზრებას, რომ კორუფცია – მეორეული მოვლენაა და მისი გამომწვევი ეკონომიკური მიზეზების გამოვლენის გარეშე, კორუფციის შეზღუდვის მიზნით ქმედითუნარიანი მექანიზმის შემუშავება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

პრობლემების მორიგი წყება, რასაც ავტორი იხილავს, დაკავშირებულია საგადასახადო სისტემისა და პოლიტიკის სრულყოფასთან პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პირობებში. აქ, ავტორისეული მათემატიკური ფორმულების საფუძველზე გაანგარიშებულია ისეთი ინდექსები, როგორიცაა: საგადასახადო სამსახურის, საბაჟო სამსახურის, საგადასახადო კორუფციის, ასევე, საგადასახადო კორუფციის ინტეგრირებული და საგადასახადო და საგადასახდელო კორუფციის ინტეგრირებული ინდექსები. შემდეგ მოცემულია გათვლების შედეგები და გაკეთებულია პრაქტიკული ხასიათის დასკვნები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.

ამ პრობლემასთან მჭიდრო ურთიერთკავშირითაა განხილული თეორიულად და პრაქტიკულად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგადასახადო პოლიტიკა და ლაფერის ეფექტი, საგადასახადო ფედერალიზმის მოდელები, ინფლაციის ფენომენი, საგარეო ვაჭრობა და თავისუფალი ეკონომიკური ზონები. მათ შორის დიდ ინტერესს იწვევს ლაფერის მრუდის ალტერნატივების, “საგადასახადო სეპარატიზმის დოქტრინის”, “საგადასახადო თანხმობის დოქტრინის” და ა.შ. ავტორისეული ინტერპრეტაციები. აქვე, სავსებით სწორად მიგვაჩნია სსფ-ის იმ პოზიციის კრიტიკა, რომელითაც მიზანშეწონილადაა მიჩნეული სასოფლო-სამეურნეო წარმოების დღგ-ით დაბეგვრა და მხარდაჭერა აგრარულ სფეროში მხოლოდ მიწის გადასახადის შესარჩუნების შესახებ, რომელიც ზედმიწევნით მიესადაგება სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციფიკას, ყოვლისმომცველია, და შესაბამისად, კიდევ ახალი გადასახადის დაწესება ყოვლად გაუმართლებელია არა თუ გარდამავალი, არამედ თვით განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების აგრარულ სფეროში.

ნაშრომის იმ ნაწილში, სადაც განხილულია ინფლაციის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, ავტორი ყურადღებას ამახვილებს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ლიბერალური პოლიტიკის თანაფარდობაზე და ასკვნის, რომ “თანამედროვე საქართველოსათვის ერთი არგუმენტიც კი ვერ მოიძებნება, რომლის საფუძველზეც მკაცრთან შედარებით ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას უპირატესობა შეიძლება მიეცეს” (გვ. 291).

ასევე, მისაღებია და მხარდასაჭერი ავტორის მორიგი მსჯელობა და ის დასკვნა, რომ ერთობ ფუჭია კამათი მომავლის შესახებ, თუ როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო – აგრარული თუ ინდუსტრიული, მთავარია არა უბრალოდ ის, თუ საქართველოს ეკონომიკაში რომელს უფრო დიდი ხვედრითი წონა ექნება – სოფლის მეურნეობას თუ მრეწველობას, – არამედ ის, რომ ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში უმთავრესად მანქანური წარმოება უნდა გამოიყენებოდეს. როგორც მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, განვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პოსტინდუსტრიული საზოგადოება მხოლოდ ინდუსტრიული საზოგადოების საფეხურის გავლითაა მიღწეული.

მონოგრაფიაში ჯეროვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოსათვის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მნიშვნელობის საკითხს, რაც ცალსახად უარყოფითადაა შეფასებული. ავტორის აზრით, თავისუფალი ეკონომიკური ზონების პერსპექტივა საქართველოში მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკურ ზონებსა და ფუნქციონალურ პრინციპებზე აგებულ თავისუფალ ეკონომიკურ რეჟიმთან მიმართებით შეიძლება იქნას განხილული.

ბუნებრივია, ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ეკონომიკური რეფორმის ქართული მოდელის პოლონურთან თანაფარდობის, საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის, საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქციისა და მასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა განხილვა-გაანალიზებას. ნაშრომის ამ ნაწილში მოხდენილადაა ჩართული ბევრის მიმანიშნებელი ისეთი გამოთქმები თუ ფრაზეოლოგიები, როგორიცაა: უხილავი “დიქტატი”, ანუ მიმბაძველობის წარუმატებელი მცდელობა, არაეკონომისტების “არაეკონომიკური პოლიტიკა” და პოლონელი ეკონომისტები “შინაური მღვდლის” როლში, რომანტიზმიდან რევანშიზმამდე ეკონომიკური მიმზიდველობა და ქვეყნის ფუნქცია, “ახალი ეკონომიკა” და დოლარის კრახის რუსული სცენარი, “არაეკონომიკური პოლიტიკისა” და “ეკონომიკის პოლიტიზაციის” სინთეზის მცდელობა და სხვ.

ნაშრომის სხვა მრავალ პოზიტიურ მხარეზე არაფერს ვამბობ. გადავდივარ სასურველობითი ხასიათის ზოგიერთ შენიშვნაზე.

პირველი, საკამათოდ მიმაჩნია დღეისათვის კაპიტალიზმის როგორც ეკონომიკური სისტემის არსებობის აღიარება, მით უმეტეს, განვითარებულ ქვეყნებში, და შესაბამისად, მონოგრაფიის სათაური – “პოსტკომუნისტური კაპიტალიზმი”, და ასევე, საქართველოს გარდამავალი პერიოდის ამოცანად კაპიტალიზმზე, ანუ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დასახვა თუ მიზანი. მე, საერთოდ, არ ვუჭერ მხარს კაცობრიობის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების მიხედვით განვითარების მარქსისტულ ანტიჰუმანურ თეორიას, რომელშიც მეოთხე ფაზად მყარად ზის კაპიტალიზმი, ხოლო მერე სოციალიზმია. არც უკან დახევის შეუძლებლობის თუ შესაძლებლობის შესახებ ვდაობ. მიმაჩნია, რომ კაპიტალიზმმა – მარქსისტული თუ არამარქსისტული გაგებით, თავისთავი ამოწურა, მან უარყო თავისი არსება და ახალ თვისობრიობაში გადაიზარდა. ეს ჩანს იქიდან, რომ ჯერ ერთი, კაპიტალიზმის მარქსისტული ინტერპრეტაცია, რაც კერძო საკუთრებასა და ექსპლუატაციას ემყარება, აღარ არის დომინირებადი და მეორე, კაპიტალიზმის სახით წარმოდგენილია პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სისტემა, რომლის დროსაც საკუთრებას, კაპიტალური აქტების ჩათვლით, ფლობენ და მართავენ კერძო პირები და ა.შ. ამისაგან სრულიად განსხვავებული სიტუაციაა შექმნილი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, რომელთა თანამედროვე სოცილურ-ეკონომიკური არსი შეიძლება განისაზღვროს, როგორც სოციალურად ორიენტირებული შერეული ეკონომიკური სისტემა, ანუ პოსტინდუსტრიული ცივილიზაცია, რომელშიც არა თუ კერძო, არამედ – საერთოდ საკუთრება როგორც საზოგადოებაში სოციალური სტრატიფიკაციის კრიტერიუმი, სულ უფრო კარგავს თავის განმსაზღვრელ ძალას და გადამწყვეტი ხდება ინტელექტი, განათლებისა და ცოდნის დონე. მოკლედ რომ ვთქვათ, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლასთან ერთად აღმოცენდა ეროვნულ მეურნეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის რეალური განსაზოგადების ტენდენცია, ე.ი. საკუთრებით ურთიერთობათა ევოლუციის ახალი ფაზა დადგა. საკუთრების ეროვნულ სტრუქტურაში არსებითი ცვლილება გამოიხატება იმით, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში ინდივიდუალური თუ კერძო საკუთრება უკვე აღარაა ამოსავალი საყრდენი: ჯერ ერთი, ეკონომიკაში მყარი ადგილი დაიკავა სახელმწიფო სექტორმა, მეორეც, ინტენსიურად განვითარდა საერთო-წილობრივი (ამხანაგობები, კორპორაციები), საერთო-საჯარო (საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი) საკუთრებისა და მეწარმეობის ფორმები. ამასთან, ერთი მხრივ, ჩამოყალიბებულია ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმები მრავალდარგოვანი სამეურნეო კომპლექსებისა და გაერთიანებების მართვის სისტემების სახით და მეორე მხრივ, მთელი ეკონომიკის მაკროეკონომიკური სახელმწიფოებრივი რეგულირების სახით, რომლებიც სრულად უპასუხებენ საწარმოო ძალების გიგანტური განვითარების დონეს. ამის უმთავრესი შედეგი არის ის, რომ თანამედროვე შერეულმა ეკონომიკურმა სისტემამ არსებითად მოხსნა კაპიტალისტური მითვისებითი ურთიერთობით განპირობებული ეკონომიკური და სოციალური შეზღუდულობა.

რაც შეეხება მეორე ვარიანტს – “კაპიტალიზმზე, ანუ საბაზრო ეკონომიკაზე” გადასვლას, აქაც, ჩემი აზრით, დაზუსტებაა საჭირო, რამდენადაც საბაზრო ეკონომიკა შერეული ეკონომიკური სისტემის თუმცა მთავარი, მაგრამ მაინც ერთი მხარეა და არა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი მთლიანი ეკონომიკური სისტემა, რაც საბაზრო სისტემისა და სახელმწიფოებრივი ფენომენის, ერთიანობაა. მაშასადამე, ორივე მხარე – ბაზარი და სახელმწიფო – არსებითია, ანუ ეკონომიკური სისტემა რომელიმეს გარეშე არ არსებობს, რაც განსაზღვრავს შერეული ეკონომიკის არსს. აქედან კი დასკვნა, რომ გარდამავალი პერიოდის ამოცანაა არა კაპიტალიზმის, ან კიდევ – საბაზრო ეკონომიკის, არამედ სოციალურად ორიენტირებული შერეული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფორმირება.

სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ავტორიც იდენტურ პოზიციაზე დგას არსებითად, მხოლოდ გამოხატვის ფორმაა ტრადიციული და საერთოდ გავრცელებული.

მეორე, ავტორი საქართველოში სსფ-ს საქმიანობის ყოველმხრივი შეფასების (როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის) შემდეგ აცხადებს: “შეიძლება უყოყმანოდ დავასკვნათ, რომ სსფ-ს საქართველოში საქმიანობა მისი ეკონომიკის განვითარებისაკენ, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მყარი ფინანსური საფუძვლების შექმნისაკენ, სახელმწიფო მოხელეთა საბაზრო ცნობიერების განმტკიცებისაკენ, ფსევდორეფორმატული “ხალხური თვითშემოქმედების” აღკვეთისაკენ არის მიმართული (გვ. 360).

ცხადია, ძნელია შეედავო მეცნიერსა და რამოდენიმე მაღალ თანამდებობაგამოვლილ პიროვნებას, რომელიც ყოველივე აღნიშნულის უშუალო მონაწილეა, მაგრამ ხომ სავალალო ფაქტია ისიც, რომ საქართველოში გატარებულ რეფორმებს საფუძვლად მონეტარისტული დოგმები ედო, რაც მავანთა პირადი გამდიდრების წყარო აღმოჩნდა. ასეთი მონეტარიზმი, ისევე როგორც ლიბერალური ეკონომიზმი, მთლიანად უკვე არც ეკონომიკური თეორიაა და მით უმეტეს, არც რეალური სამეურნეო პრაქტიკა, არამედ უფრო ფანატიკური, მეცნიერულობასა და რეალობას მოკლებული დოგმა. ის სამეურნეო მექანიზმი, რომელიც სსფ-ს მიერ პროდასავლურობის გამოყენებით საქართველოში ინერგებოდა, უმეტესწილად არ ითვალისწინებდა საქართველოს ეკონომიკურ რეალობას, მის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს. დასავლეთელი ეკონომისტები, რომლებიც ვერ ერკვევიან საქართველოს ეკონომიკის რეალობასა და სპეციფიკაში, ფაქტობრივად, მექანიკურ სამეურნეო მექანიზმს გვთავაზობენ, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკაც და სამეურნეო ტრადიციებიც სრულიად განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისაგან (პროფ. გ. ყუფენია).

და მეორეც, საქართველოს უკვე ორ მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს და სამწუხაროდ, არც სესხის გამცემთ და არც მიმღები ქვეყნის მთავრობას არ აინტერესებს, ან თითქმის არ აინტერესებს, რას მოხმარდა ეს სესხები, ანუ ამ სფეროში სრული უკონტროლობა და ანარქია სუფევს. ეს საკითხი ყველაზე შავი ლაქაა საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო-სავალუტო ორგანიზაციების საქმიანობაში. ყოველივე ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის დაკაბალება უფრო შედის მათ ინტერესებში, ვიდრე მისი აყვავება და ეკონომიკური რეფორმა.

მესამე, მონოგრაფიაში, სხვადასხვა არგუმენტით, თითქმის ცალსახად უარყოფილია საქართველოში ტერიტორიული პრინციპით კლასიკური ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის მიზანშეწონილობა (გვ. 326).

ეს დასკვნა, მთლიანობაში, ერთობ საკამათოდ გვეჩვენება და ამის შესახებ, ალბათ, ქვეყნის წამყვან მეცნიერ-ეკონომისტთა სპეციალური ფორუმი უნდა გაიმართოს.

მეოთხე, ასევე კატეგორიულია ავტორის ის დასკვნა, რომ საქართველომ ერთადერთი სწორი არჩევანი გააკეთა დასავლური ორიენტაციის სახით. ამ ორიენტაციას პირადად მე მხარს დავუჭერდი მხოლოდ იმ პირობით, თუ ის აღმოსავლურ ფასეულობებზე იქნებოდა დაფუძნებული. ჩვენთვის, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ფასეულობები ორგანულია და ობიექტურადაც აუცილებელია საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო.

მეხუთე, მონოგრაფიაში, ყველგან, ეკონომიკსი და ეკონომიკური თეორია გაიგივებულია (“ეკონომიკსი ანუ ეკონომიკური თეორია, სწორედ ეკონომიკის შემსწავლელი მეცნიერებაა”, გვ. 151 და სხვ.).

თუ ავტორი ეკონომიკურ თეორიაში პოლიტიკურ ეკონომიას გულისხმობს, მაშინ აღნიშნულ გაიგივებას ვერ დავეთანხმებით.

საქმე ის არის, რომ ეკონომიკსი არსებითად აღწერილობითი, პრაგმატული მეცნიერებაა, რომელსაც უპირატესად პრაქტიკული შედეგები აინტერესებს, პოლიტიკური ეკონომია კი, არსებითად აბსტარქტული მეცნიერებაა, რომელიც დიალექტიკური მეთოდის გამოყენებით იკვლევს ეკონომიკურ კატეგორიებსა და კანონებს, ეკონომიკურ პროცესებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ადამიანისეული კაპიტალის დომინირებით. მომწონს და გავიმეორებ ერთი ჩვენი კოლეგის სიტყვებს: “პოლიტიკურ ეკონომიასა და ეკონომიკსს შორის დაახლოებით ისეთი კავშირი შეგვიძლია დავინახოთ, როგორც ფოზიოლოგიასა და გენეტიკას შორის არსებობს” (პროფ. გრ. თოდუა).

მეექვსე, მიგვაჩნია, რომ 424-ე გვერდზე ავტორი ერთობ მოკრძალებულ ადგილს მიუჩენს საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობაში, როცა წერს: “საქართველოს ეკონომიკური ფუნქცია… იმ სატრანსპორტო არტერიაზე მისი ადგილმდებარეობითაა განპირობებული, რომელიც ევროპასა და აზიას აერთიანებს”.

ამავე თავში და საერთოდ ნაშრომში გამოკვეთილად არ ჩანს საქართველოს ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგიის აუცილებლობა, არსი და მამოძრავებელი მოტივი.

მეშვიდე, ნაშრომში არის ზოგიერთი გამოთქმა და ფრაზეოლოგია, რაშიც ავტორს ვერ დავეთანხმებით: “კორუფციის პოლიტეკონომიური მექანიზმი” (გვ. 200); “დემოკრატია მართვის ყველაზე ცუდი სისტემაა, მაგრამ სხვა დანარჩენი კიდევ უფრო უარესია” (ჩერჩილი); “ბაზარი რაიმე მომგებიანის რეალიზაციის ყველაზე ცუდი საშუალებაა, მაგრამ სხვა საშუალება კიდვ უფრო უარესია” (სხვებისა) – გვ. 20; იყო თუ არა საქართველოში შოკური თერაპია გამოყენებული? (გვ. 54) – ჩემი აზრით, არ ყოფილა, იყო მხოლოდ მცდელობა, ფაქტობრივად კი, მივიღეთ უკეთეს შემთხვევაში, “მაქსიმალური შოკი მინიმალური თერაპიით” (და არა “მინიმალური შოკი მაქსიმალური თერაპიით”), უარეს შემთხვევაში – “შოკი თერაპიის გარეშე”; გვ. 404-ზე “ექსტრემისტული მოძრაობის აბსურდად არის მიჩნეული 1991 წელს აშშ-ს პრეზიდენტისადმი საქართველოს პრეზიდენტის დაპირისპირება” (!); გვ. 452-ზე ავტორი აკრიტიკებს ეროვნული ხელისუფლების იდეას “სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელის” შესახებ; ჩემი აზრით, გარდამავალი პერიოდის საწყის სტადიაზე იგი ბევრად წაადგებოდა საქართველოს ეკონომიკას; ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ “საქართველოში ეკონომიკის მართვაში სახელმწიფოს ჩარევის პრაქტიკაში რევოლუციური ხასიათის გარდატეხა 1992 წელს იწყება”. ფაქტობრივად, თუ რაიმე რევოლუციურ გარდატეხაზე შეიძლება მსჯელობა, ის სწორედ 1991 წელს დაიწყო და ა. შ.

მერვე, ნაშრომში ამომწურავადაა განხილული პრივატიზებულ საწარმოთა უმოქმედობის განმაპირობებელი თითქმის ყველა ვარიანტი, გარდა ერთისა: საწარმოთა ახალი მესაკუთრეების მოლოდონის პოზიცია, ანუ შიშის სინდრომი: “ვაითუ ახალი ხელისუფლება მოვიდეს და რეპრივატიზაციის პროცესი დაიწყოს”.

მეცხრე, რეცენზიის პოზიტიურ ნაწილში, როგორც დადებითი მომენტი, აღვნიშნეთ ნაშრომის ბიბლიოგრაფიული “სიუხვე”. აქ კი შევნიშნავთ, რომ ტექსტში სხვადასხვა ავტორის მითითება იმდენად ბევრია, რომ ზოგჯერ ძნელია მკითხველი გაერკვეს, სარეცენზიო წიგნის ავტორი მხარს უჭერს თუ აკრიტიკებს ამა თუ იმ დებულებას.

ჩვენი შენიშვნები მხოლოდ სასურველობითი ხასიათისაა და არა კატეგორიული, რაც არ ამცირებს სარეცენზიო ნაშრომის მაღალ ღირსებას.