ვინ გააქრო 150 ათასი მანქანა?
ეკა ლომიძე
უცხოური მარკის ნახმარი მანქანების რეალიზაციის ბაზარს დასავლეთისათვის პოსტსაბჭოური ქვეყნები წარმოადგენენ, რადგან ამ ქვეყნებში ავტოპარკი რუსულია, რომლის გადახალისება უცხოური მარკის მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე ხდება, ამიტომაც კონტრაბანდული, ნახმარი მსუბუქი მანქანების პრობლემა, ძირითადად, პოსტაბჭოურ და განვითარებად ქვეყნებს აწუხებს.
საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ბაზარი გაცილებით განვითარებული, დახვეწილი და უფრო მეტად შესწავლილია. ალბათ, იმიტომაც, რომ რუსეთში ადგილობრივი ავტოწარმოება თავის დროზე საკმაოდ “დაფრთიანებული” გახლდათ და მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეს სამამულო პროდუქციით “კვებავდა”. ამჟამად რუსეთში “ადგილობრივი” “დევიატკა” და “ნივა” უცხოურ ავტოკონცერნებს თანდათან უთმობს გზას. ბოლო ორი წლის მონაცემებით, უცხოური ავტოპარკების წილი ყოველწლიურად ნახევარჯერ მაინც იზრდება. რუსეთში გასულ წელს ოფიციალური დილერების მიერ 108 ათასი უცხოური მარკის მსუბუქი ავტომანქანა გაიყიდა, ხოლო აღრიცხვაზე აყვანილი მანქანებიდან შემოსული თანხამ 10 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, სადაც უცხოური მარკის ავტომანქანათა წილი 1,7 მილიარდია, რაც 16,5%-ა. 40% მოდის სამამულო წარმოების ავტომობილებზე, დანარჩენი კი, ფიზიკური პირების მიერ შემოყვანილი და რეალიზებულ უცხოური მარკის ავტომობილებზე. მიმდინარე წლიდან რუსეთში ამ ბაზარზე საინტერესო ძვრებია მოსალოდნელი.
რუსეთში წლის ბოლომდე უცხოური ავტოკონცერნები 170 ათასი მანქანის რეალიზაციას გეგმავენ. საერთო შექმნილი სურათის მიხედვით, იგი მალე შესრულდება, რადგანაც უცხოური მარკის ავტომობილებზე მოთხოვნილების ზრდა ყოველთვიურად შეინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ევროს კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 22-23%-ით გაიზარდა, ავტომობილებზე ამ ცვლილებამ ისე თუ ისე, მაინც იმოქმედა. ფასთა ამ რყევამ ზოგიერთი ავტომობილის მარკას საშუალება მისცა, გაყიდვების რაოდენობა რამდენჯერმე გაეზარდა. ავტომობილების ფასები აშშ დოლარებში მხოლოდ 2-3%-ით გაიზარდა. ევროსექტორში მხოლოდ იაფი მარკის მანქანები დაზარალდა, ძვირფასი მანქანების რეალიზაციას ფასთა ეს დინამიკა არც შეტყობია, თუმცა ავტომწარმოებლები შეეცადნენ “უმტკივნეულოდ”, “მეგობრულად” გადასულიყვნენ ევროზე. ექპერტთა შეფასებით, აშშ დოლარის ევროსთან მიმართება შემდგომში აღარ იმოქმედებს მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის დინამიკაზე, თანაც ვითარება საერთაშორისო ბაზარზე იმ ავტოკონცერნების მფლობელთა სასარგებლოდ შეიცვალა, ვინც თავიდან აიცილა ავტომობილებზე ფასების ზრდა.
რუსეთში აქტიურად ფეხმოკიდებული უცხოური ავტოკონცერნების წარმომადგენლები რუსულ ბაზარზე საბოლოოდ დამკვიდრებისათვის მრავალ მეთოდს მიმართავენ: კლიენტის მისაზიდად ავტომობილთა საგარანტიო დრო სამ წლამდე გაზარდეს, შეამცირეს ავტომობილთა დაზღვევის ტარიფი, ამასთან ერთად კერძო ბანკიდან უცხოური ავტომობილის შესაძენად აღებულ კრედიტებზე დაწიეს საპროცენტო განაკვეთი. გარდა ამისა გააქტიურეს სერვისცენტრების მუშაობა მთელი რუსეთის ტერიტორიის მასშტაბით. მაგალითად, აღნიშნულ სერვისებში “ჩჰრყსლერ”-ის კლიენტები მანქანის უფასო ელემენტარული რემონტით სარგებლობენ. ასეთი სერვივცენტრები განლაგებულია არა მხოლოდ ქალაქის ცენტრებში, არამედ მაგისტრალურ გზებზეც. ანალოგიური მომსახურების საშუალება, როგორც ფინანსური, ასევე საორგანიზაციო კუთხით სამამულო ავტოწარმოებას არ აქვს.
რუსეთში, უცხოური მარკის ავტომანქანებზე კონკურენციის და კლიენტის მოთხოვნილების ზრდის გამო უცხოურ ავტოკონცერნებთან ერთობლივი საწარმოები იქმნება. მიმდინარე წლის ბოლოს სანკტ-პეტერბურგში ამოქმედდება Fორდ-თან ერთად ჩამოყალიბებული ახალი ავტოკონცერნი. თუმცა ამ მიმართულებას რუსეთში მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ. ისინი თვლიან, რომ რუსეთი შეიძლება ბრაზილიის მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც ქუჩებში მხოლოდ მათ ქვეყნებში აწყობილი Vჭ, Fიატ-ი და ჩჰევროლეტ-ის მარკის ავტომობილები დადის, ანუ რუსეთში შესაძლებელია დადგეს იმის საშიშროება, რომ კლიენტს არჩევანის გაკეთების საშუალება წაართვან, რადგან ტენდენცია იმისკენ მიდის, რომ ერთობლივი საწარმოების მიერ გამოშვებული ავტომანქანები დაიპყრობენ რუსულ ბაზარს, რაც ერთობლივად აწყობს როგორც რუს, ასევე უცხოელ მწარმოებლებსა და დილერებს. მათი ინტერესი სხვა მიმართულებითაც თანხვდება. უცხოელ ინვესტორებსა და რუს დილერებს სერიოზულ კონკურენტებად უცხოური მარკით მოვაჭრე ფიზიკური პირები მიაჩნიათ, რომლებიც საბაჟოზე იურიდიულ პირებთან შედარებით 3,5-4-ჯერ ნაკლები საბაჟო გადასახადით იბეგრებიან. ამ მიმართულებით მუშავდება ნორმატიული დოკუმენტი, სადაც უცხოელი და რუსი მწარმოებლები თუ დილერები კვლავ ერთ პოზიციას იკავებენ და მხარს უჭერენ უცხოურ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის 35%-ით გაზრდას. მართალია, ამ საკითხზე ჯერ კიდევ მხოლოდ საუბარია და არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. რაც ყველაზე საინტერესოა, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მიმართულია, ფიზიკურ პირთა მიერ უცხოური წარმოების მანქანებით ვაჭრობის წინააღმდეგ.
მსუბუქი ავტომობილების იმპორტთან მიმართებაში ძალიან საინტერესოა განვლილი ბოლო სამი წელი, რომელიც სხვადასხვაგვარად განიხილება, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ავტობაზარზე.
რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დროულად ვერ ჩამოყალიბდა საბაჟო ტარიფი, რის საფუძველზეც მოხდა უცხოური მარკის ავტომობილების უსისტემო შემოდინება. როცა ძალაში შევიდა გადაწყვეტილება 7 წელზე მეტი ხნის ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის გაზრდის შესახებ, რუსეთში უკვე ასეთი ტიპის (ანუ ნახმარი) 630 ათასი მანქანა იყო შემოყვანილი.
რაც შეეხება საქართველოს, ბოლო სამი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის უცხოური მარკის მსუბუქი ავტომობილია შემოსული, რომელიც საბაჟოზე აღრიცხული არ არის.
საინტერესო სურათს იძლევა იმპორტირებული მსუბუქი მანქანების შესახებ საბაჟო დეპარტამენტის, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს, სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ გავრცელებული მონაცემების შედარება და საქართველოში დახარჯული ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარჯვის მიახლოებით გაანგარიშების საფუძველზე გაკეთებული ანალიზი.
რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენთან მსუბუქი ავტომობილების იმპორტირების კუთხით კლიმატს მხოლოდ ფიზიკური პირები ქმნიან და ის პრობლემები, რაც რუსეთში შეიმჩნევა ამ ბაზარზე, საქართველოსათვის ნაწილობრივ უცხოა. ჩვენში არ არის მომძლავრებულნი არც უცხოური კონცერნების სერვისის ცენტრები, არც დილერები, არც ქართულ-უცხოური ავტოსაწარმოების შექმნით გამოწვეულ ბუმს აქვს ადგილი და არც არჩევანის გაკეთების საშუალებას ართმევენ მოსახლეობას.
აქ ჯადოსნურ წრეს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების მონაცემების ურთიერთშეჯერება ქმნის. საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, 2000 წელს ტექდათვალიერება ჩაუტარდა 187526 ავტომანქანას, აქედან ტექნიკურად გამართული აღმოჩნდა 110484, 2001 წელს ჩაუტარდა 216 308 ავტომანქანას, საიდანაც ტექნიკურად გამართული აღმოჩნდა 160371 ავტომობილი, ხოლო 2002 წელს 211359 მანქანიდან ტექნიკურად გამართული 154855-ა. მათ შორის უცხოური ავტომობილების წილი შემდეგნაირად გამოიყურება: 2002 წლის მონაცემებით, საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში აღრიცხვაზეა 43926 უცხოური მარკის ავტომობილი, რომელთაგან 38 913-ს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარდა და მათ შორის ტექნიკურად გამართული 36291 ავტომობილი აღმოჩნდა. საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით კი, 2000-2002 წლების მონაცემებით განბაჟებული ავტომობილების რიცხვი 23637-ს შეადგენს.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შემდეგნაირად გამოიყურება: 2000 წელს განბაჟებულ იქნა 7141 მსუბუქი ავტომობილი, რომლის საერთო ღირებულება 19218542 აშშ დოლარია და მათზე დარიცხული გადასახადი 6964482 აშშ დოლარია; 2001 წელს განბაჟებულ იქნა 8967 მსუბუქი ავტომობილი 17001251,46 აშშ დოლარის საერთო ღირებულებით და მათზე დაირიცხა 7927613,40 აშშ დოლარის ოდენობის გადასახადი; 2002 წლის მონაცემებით განბაჟებულ იქნა 7529 მსუბუქი ავტომანქანა – 25291810,90 აშშ დოლარის ღირებულებით, რაზეც დაირიცხა 6963885,50 აშშ დოლარის გადასახადი.
სავალდებულო დაზღვევის ფონდის მონაცემებით, აღრიცხვაზე იმყოფებოდა: 2000 წ. – 317888, 2001 წ. – 319399, ხოლო 2002 წ. – 325560 ავტომოტოტრანსპორტი.
სამი წლის დინამიკას რომ თვალი გადავავლოთ 2000 წელს საგზაო პოლიციის სამმართველოში აღრიცხული ავტომანქანის რაოდენობა 130000 ავტომობილით ნაკლებია სავალდებულო დაზღვევის ფონდში აღრიცხულ ავტომობილის რიცხვზე. 2001 წელს ეს სხვაობა 103000, ხოლო 2002 წელს 114000 ავტომობილს შეადგენს.
რაც შეეხება საწვავის განბაჟებულ და მოხმარებულ რაოდენობას შორის გაკეთებულ შედარებას, იგი შემდეგნაირად გამოიყურება. მაგალითად, 1997 წლის მონაცემებით, წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულია 456249ტ ბენზინი, წლის განმავლობაში სულ დახარჯულია 527570 ტ., მათ შორის 405,720ტ მსუბუქ ავტომანქანებზე მოდის, როგორც ამ მონაცემებით ირკვევა, დახარჯული ბენზინის რაოდენობა 71 339 ტონით მეტია იმპორტირებულზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თვალნათლივ ჩანს, რომ მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა კონტრაბანდის კუთხით საკმაოდ სერიოზული ხასიათი და მიმდინარეობა მიიღო. ჩვენი სატრანსპორტო საშუალებების, დროებითი იმპორტის უპრობლემოდ განსახორციელებლად, მანქანების საზღვარზე უკანონოდ შემოტანისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე ჩვენი მოქალაქეების მიერ კომერციული, ტურისტული თუ პირადი რეისების ცივილური მეთოდებით შესრულებისთვის აუცილებელი პირობაა საქართველო შეუერთდეს მსოფლიო კონვენციას – “კარნეტ დე პასაჟს”