შპს “საქაერონავიგაციასა” და ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” კუთვნილ მოწყობილობებს ჩეხური კომპანიის თვითმფრინავი-ლაბორატორია შეამოწმებს. საფრენოსნო შემოწმების აღნიშნული წესები და სტანდარტები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის დადგენილი, რასაც „საქაერონავიგაცია“ ყოველწლიურად ახორციელებს.
“ჩვენი კომპანია საფრენოსნო შემოწმებას წელიწადში 2-ჯერ ატარებს. აღნიშნული პროცედურა გულისხმობს მთელი საქართველოს შემოფრენას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც აგროვებს მონაცემებს საქართველოში არსებული ყველა სანავიგაციო ტექნიკური საშუალების მუშაობის შესახებ. ჩეხური მხარე შემოწმებას 2016 წლის მარტში განახორციელებს. პარალელურად, შემოწმდება საჰაერო მარშრუტზე სარადარო გადაფარვის სახელსაწყო ფრენების პროცედურებიც. ჩეხური კომპანია Air Navigation Service of Czech Republic-ის საფრენოსნო შემოწმება შპს „საქაერონავიგაციას” მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის პრევენცია და ამით შეინარჩუნოს ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონე საქართველოს საჰაერო სივრცეში”, – განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
9 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერთან (Air Navigation Service of Czech Republic) ხელშეკრულება გააფორმა, რაც კომპანიის კუთვნილი რადიოტექნიკური და შუქტექნიკური საშუალებების, საჰაერო მარშრუტზე სარადარო გადაფარვისა და სახელსაწყო ფრენების პროცედურების საფრენოსნო შემოწმებას ითვალისწინებს.