დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელში კორპორაციის „Elbit Cyclone“-ის საწარმოები დაათვალიერა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ისრაელის წამყვანი მაღალტექნოლოგიური კორპორაციის „Elbit Cyclone“-ის საწარმოები დაათვალიერა.
ანალოგიური პროფილის ქარხანას ისრაელის კომპანია საქართველოშიც აშენებს, სადაც დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური მასალისგან დამზადებული დეტალები, მისი მომხმარებლები კი სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის წამყვანი წამომადგენლები Boeing, Airbus, Bombardier და სხვები იქნებიან. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
აღნიშნულ პროექტს „Elbit Cyclone“-ი საქართველოს საპარტნიორო ფონდთან“ პარტნიორობით ახორციელებს. ისრაელში ასევე იმყოფება ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქარხანა საქართველოში 2017 წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე, ის 60 სპეციალისტს დაასაქმებს, თუმცა საბოლოოდ დაგეგმილია, რომ 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი 300 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, სადაც ადგილობრივი პერსონალი დასაქმდება. მათ გადაამზადებენ ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები. ქარხანაში თანამშრომლების სამუშაოდ აყვანა მოხდება გამჭვირვალედ, კონკურსის წესით. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის „Elbit Cyclone“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოში საწარმოს მშენებლობის პროექტი წინასწარი შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამჟამად უკვე დასრულებულია ქარხნის ტექნიკური დიზაინი და აღჭურვილობის სპეციფიკაცია. უახლოეს მომავალში საწარმოსთვის მანქანა-დანადგარების მიწოდების პროცესი დაიწყება. აღინიშნა ისიც, რომ სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის ერთერთმა მსხვილმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, შეუკვეთოს ქართულ საწარმოს პირველი პროდუქცია.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდს გაწეული მუშაობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ, მშენებარე მაღალტექნოლოგიური საწარმო დადგენილ ვადებში ამოქმედდება.
***
საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-თან ერთად სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა.
ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური მასალისაგან დამზადებული დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. ქარხანა „Elbit Cyclone“-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს.