დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ–ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) გენერალურ დირექტორს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ–ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) გენერალურ დირექტორს ელიზაბეთ ლითლფილდს შეხვდა. მხარეებმა OPIC–ის საქმიანობა საქართველოში წარმატებით შეაფასეს. აღნიშნა, რომ OPIC–ის დახმარებით, რომლის საინვესტიციო პორტფელი ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, დაფინანსდა ათზე მეტი პროექტი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ სექტორებში, მათ შორის, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, განახლებად ენერგეტიკაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში.
შეხვედრაზე საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ელიზაბეთ ლითლფილდს მადლობა გადაუხადა ყველა იმ წარმატებული პროექტისთვის, რომლებიც OPIC–ის დახმარებით განხორციელდა საქართველოში. ამასთან, მან ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, მის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოს, ისე რეგიონის მასშტაბით და OPIC–ის გენერალურ დირექტორს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ OPIC–ი მალე გახდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დამფინანსებელი.
შეხვედრის პარალელურად, OPIC–ის ოფისში აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერილი წარმატებული საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქცია, მათ შორის, ღვინო და რძის პროდუქტები.