„Heritage Foundation”-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში, რომელსაც „Heritage Foundation”-ის ხელმძღვანელი პირები და ამავე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პერიოდული გამოცემის „Economic Freedom Index”-ის მთავარი ექსპერტები დაესწრნენ.
შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებზე, რომ ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო თავისუფალი იყოს.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ–ის დახმარების მნიშვნელობას რეფორმების წარმატებით განხორციელების საქმეში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც საქართველო იღებს ამ მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებული პროცესის თაობაზე.
ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმ წარმატებას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია ბოლო წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. ამავდროულად, მათ დაადასტურეს მხარდაჭერა ყველა იმ ინიციატივის მიმართ, რომელთა მიზანსაც ქვეყნის კიდევ უფრო მეტად განვითარება წარმოადგენს.