დიმიტრი ქუმსიშვილმა DCFTA-ს ხელშეწყობის ახალი პროგრამა განიხილა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა, რომლის დროსაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA)-ის ხელშეწყობის ახალი პროგრამა იქნა განხილული.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ევროკავშირსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერება DCFTA-ის ხელშეწყობის აღნიშნულ პროგრამას, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ლარში დაბალპროცენტიანი სესხის აღების მიმართულებით დაეხმარება. პროგრამა ასევე მოიცავს საგრანტო კომპონენტს 15 პროცენტს, რომელიც მთლიანი სესხზე დამატებით გაიცემა. აღნიშნული საგრანტო კომპონენტი საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის 56 მილიონ ევროს შეადგენს.
სესხის მაქსიმალური თანხა, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიებმა შეიძლება მიიღონ, 3 მლნ ევრო იქნება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეს აღნიშნული სესხის და გრანტის მეშვეობით მოახდინოს ადაპტაცია DCFTA-ის მოთხოვნებთან და შესაბამისად განავითაროს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.
მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიან სესხს მიიღებს ადგილობრივი კომერციული ბანკების მეშვეობით. მათთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებს. რაც შეეხება საგრანტო კომპონენტს, მას კერძო სექტორი უშუალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიიღებს.