გენადი არველაძემ მცირე და საშუალო მეწარმეობის დახმარების პროექტების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელებული ორი პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.
პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

პროექტები წარმოადგენს საბიუჯეტო დახმარებას და საერთო ჯამში 9,5 მილიონ ევროს შეადგენს. ახალი პროექტები ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) დანერგვას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, პროექტების მიმდინარეობისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება როგორც ინსტიტუციურ და მარეგულირებელ რეფორმებზე, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე, მსოფლიოს უდიდეს ერთიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობის ათვისება. მისი განცხადებით, ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები შეძლებენ პროდუქტიულობის გაზრდასა და საერთაშორისო ბიზნეს სტანდარტების
დანერგვას.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ბიზნეს გარემოს ზოგადი გაუმჯობესება, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის გზით, წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას. ის დაეხმრება კომპანიებს, მოერგონ ახალ ბიზნეს რეგულაციებს, განსაკუთრებით, სურსათის უსაფრთხოებისა და ჰიგიენურ სტანდარტებს.
ევროკავშირი 4.5 მილიონ ევროს გამოყოფს ევრობანკის “DCFTA ადაპტაციის პროგრამისათვის” და 5,0 მილიონ ევროს – GIZ–ის “მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოში” ინიციატივისთვის. ორივე პროექტი შეესაბამება მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების საქართველოს სტრატეგიას 2016-2020 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.