რუსული მხარის განცხადებით, ”ზემო ლარსზე” დატვირთვის ზრდის გამო პრობლემებია
რუსეთის ხელისუფლება ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დატვირთვის მკვეთრ ზრდაზე საუბრობს. რუსული მხარის განცხადებით, ”ზემო ლარსის” გამტარიანობა დღეში 400 ერთეული ტრანსპორტის და 2350 ადამიანის გატარებაა, თუმცა დღეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად 2 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება და 10 ათასამდე ადამიანი კვეთს.
მესაზღვრეების განმარტებით, შექმნილი ვითარება ადამიანებს პრობლემას უქმნის და კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ექსპერიმენტს ატარებენ.
28-29 ნოემბერს, ”ზემო ლარსში” პირველ რიგში საზღვარზე ის ტრანსპორტი გადადის, რომელსაც ტვირთი არ აქვს და განბაჟებას ნაკლები დრო სჭირდება.
ქართული მხარის განცხადებით კი ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამტარიანობის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, რუსული ბაზრის გახსნის პარალელურად ლარსის მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტებით და საკონტროლო სისტემით აღჭურვილი საბაჟო-გამშვები პუნქტი ”ყაზბეგი” გაიხსნა.
პუნქტის გამტარიანობა დღის განმავლობაში 13 ათასი ადამიანი და 400 სატვირთო მანქანაა, ხოლო რუსული ემბარგოს პერიოდში დღის განმავლობაში საბაჟო-გამშვები პუნქტით მაქსიმუმ 5000 ადამიანი სარგებლობდა.
შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ ქართული მხარის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რაიმე სახის შეფერხების გამო რიგების შექმნას ადგილი არ ჰქონია.