დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისათვის“ მონაწილეობა მიიღო

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისათვის“. ღონისძიება ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრში ჩატარდა. კონფერენციას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია.

კონფერენციაზე საუბარი წარიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ბიზნესისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენას. კვლევამ მოიცვა 300-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია, ხოლო შედეგად გამოვლინდა სამი ძირითადი ფაქტორი: ქვეყანაში მარეგულისრებელი ჩარჩო და სამართლიანი კონკურენცია; ფინანსურ რესურსებზე წვდომადობა და განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობა.

index
კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიცირებული 4-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის შესახებ და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისა და შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნის მიმართულებებზე.
ვიცე-პრემიერმა ისაუბრა მეწარმეობის ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ და მის ქვეკომპონენტებზე. მისი განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ ის პროექტი იყო, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა კომერციული ბანკებიდან სესხი 1-დან 3 პროცენტამდე აეღოთ. გარდა ამისა, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო გახდა თანაუზრუნველმყოფელი კომერციული ბანკებიდან სესხის აღების დროს.

1

ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო განათლების მიმართულებასაც და ისაუბრა იმ პრეზენტაციაზე, რომელიც მცირე ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა. „საუბარია საჯარო და კერძო პარტნიორობასა და პროფესიულ განათლებაში ჩადებულ ძალიან დიდ ინვესტიციაზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ამ ორი მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება.
კონფერენციაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, 10-მდე სექტორული გაერთიანება, აგრეთვე ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები.