„სოსიეტე ჟენერალთან“ საბოლოო შეთანხმება მიღწეულია
„თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბანკი რესპუბლიკას“ მფლობელ ფრანგულ „სოსიეტე ჟენერალთან“ საბოლოო შეთანხმება მიღწეულია. როგორც ცნობილი გახდა, „თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად (103 მილიონ ფუნტად) შეიძენს.
გარიგების თანახმად, თანხის 70%-ის დაფარვა მოხდება ნაღდი ფულით ბანკის საკუთარი ფონდიდან, 30% კი „თიბისი“ ბანკის ახლახან გამოცემული აქციებით. შედეგად „სოსიეტე ჟენერალი“ „თიბისი ბანკის“ აქციების 5,4%-ის მფლობელი გახდება.
„თიბისი ბანკის” ცნობით, ბანკმა ასევე დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მფლობელობაში დარჩენილი აქციების 6,36%-ის შეძენის თაობაზე.