ქლიარსთრიმის შემოსვლა უცხოელ ინვესტორებს ქართულ ფინანსურ ბაზართან წვდომას გაუადვილებს

კომპანია ქლიარსთრიმმა იმ ბაზრების სიას, რომელსაც თავის კლიენტებს სთავაზობს, 2016 წლიდან საქართველოც მიუერთა, რაც დამატებით საშუალებას აძლევს უცხოელ ინვესტორებს ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები შეიძინონ და ქლიარსთრიმში შეინახონ. ქლიარსთრიმის სათაო ოფისი, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს, ევროპაში ერთ-ერთი საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის სტატუსის მქონე საფინანსო დაწესებულებაა, 45-წლიანი გამოცდილებით. კომპანია გლობალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დღეისათვის 56 ქვეყნის ბაზარს ფარავს, რომელთა რიცხვს უკვე საქართველოც დაემატა. ქლიარსთრიმს 2500-მდე კლიენტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ჰყავს.

უცხო ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების შეძენას საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი პროცესი უძღვის წინ. ქლიარსთრიმის მსგავსი ფინანსური ინსტიტუტები ამ პროცესს ინვესტორებისთვის საგრძნობლად ამარტივებენ. ქლიარსთრიმმა ერთჯერადად თავად გაიარა ეს პროცედურა, შეისწავლა ქართული ბაზარი, კანონმდებლობა, რეგულაციები, გააფორმა ხელშეკრულება ერთ-ერთ ქართულ ბანკთან მომსახურების თაობაზე და მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ყოველივე ამას დაახლოებით ორი წელიწადი დასჭირდა. საბოლოოდ ადგილობრივ ბაზარზე მომსახურე ბანკად ქლიარსთრიმმა “საქართველოს ბანკი” შეარჩია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკი, რომელსაც ქასთოდი ბიზნესში ღირებული გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი.

ამ პროცესის დასრულების შემდეგ ქლიარსთრიმის ათასობით კლიენტს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ანგარიში გახსნილი ერთ ან რამდენიმე ვალუტით, უკვე მარტივად შეუძლიათ ამ ანგარიშს დაამატონ ქართული ლარის ქვეანგარიში და შეიძინონ და შეინახონ ქართული ფასიანი ქაღალდები. ამ პროცედურების ინდივიდუალურად გავლა ინვესტორებისათვის გაცილებით ხარჯიანი და შრომატევადი პროცესია, და ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, თავს შეიკავებდა საქართველოში ინვესტირებისგან. ამის გათვალისწინებით, უცხოელი ინვესტორების ქართულ ფინანსურ ბაზარზე წვდომისათვის ქლიარსტრიმის შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ინვესტორები უკვე სარგებლობენ ახალი ინფრასტრუქტურით. მათი მონაწილეობა კი დადებითად აისახება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოთხოვნის მოცულობასა და საპროცენტო განაკვეთებზე. ამ ეტაპზე ქლიარსთრიმში შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შენახვა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე კერძო ფასიანი ქაღალდების შენახვაც გახდება შესაძლებელი.