რა სიახლეებით ხვდება საქართველო ზაფხულის ტურისტულ სეზონს
სალომე ძაგნიძე
16 აპრილს, თბილისში მე-17-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ტურისტულმა კომპანიებმა. გამოფენა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს.
მე-17-ე საერთაშორისო გამოფენა იმით იყო გამორჩეული, რომ წელს პირველად გაიმართა ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ, წინასწარ დაეგეგმათ დასვენება სხვადასხვა მიმართულებით, მათ ასევე მიიღეს კვალიფიციური კონსულტაციები და ჰქონდათ შესაძლებლობა შეეძინათ ტურისტული პაკეტები ექსკლუზიურ ფასად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, მე-17-ე საერთაშორისო გამოფენაზე რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო ტურსტული კომპანია იყო მოწვეული, რაც საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის, გაეცნონ მათ გამოცდილებას და საკუთარი პროდუქტები წარუდგინონ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიას.
50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 150-მდე ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მრავალფეროვანი მომსახურებით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით. გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, რუსეთი, შვეიცარია, პოლონეთი და ლიტვა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე დასასვენებელი სახლები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, სხვადასხვა ისტორიული ძეგლები, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია და ა.შ. ასევე გამოფენაზე მოეწყო ქართული სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. თბილისის მერიის მხადაჭერით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტენდები, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია თბილისში არსებული ბოტანიკური ბაღის, მთაწმინდის პარკის, ეროვნული მუზეუმის შესახებ.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ დედაქალაქში ტურიზმის განვითარებას, როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა ღონისძებების ჩატარების თვალსაზრისით, რაც საინტერესო იქნება ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და ასევე დასძინა – „თბილისი წლევანდელ გამოფენაზე წარსდგება საკუთარი კონცეფციით, რომელიც მრავალ სხვა ტურისტულ მიმართულებასთან ერთად გულისხმობს ე.წ. საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობას და შესაბამისი სივრცის მოწყობას. თბილისს აქვს პოტენციალი, იქცეს საყოველთაოდ აღიარებულ ცენტრად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბითაც. მაგალითისთვის მოვიყვან EBRD-ის კონფერენციას, რომელსაც მალე დედაქალაქი უმასპინძლებს“.
როგორც ცნობილია, კონფენეცია EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იმართება და კონცენტრირებულია თემაზე, თუ რა სიტუაციაა დღეს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, რა გამოცდილება და გამოწვევები არსებობს და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ვაჭრობის ფინანსირების სტიმულირება.
ტურიზმის განვითარებაზე ასევე ისაუბრეს გამოფენის სხვადასხვა მონაწილეებმა. მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, რომელსაც გამოფენაში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით კი სვანეთის რეგიონს. ისინი ტურისტების რაოდენობას არ უჩივიან, წინა წლის სეზონის შეჯამებისას წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სეზონის დასაწყისში ტურისტთა სიმცირე შეიმჩნეოდა, თუმცა სეზონის დასრულებამდე ტურისტთა რაოდენობამ პიკს მიაღწია. ასევე მან ისაუბრა ახალი სავიზო რეგულაციების დაწესებაზე, სადაც აღნიშნა, რომ ტურიზმი ძალიან მგრძნობიარეა ცვლილებების მიმართ და ბუნებრივია, რომ ახალი რეგულაციები გავლენას მოახდენს ტურსიტთა რაოდენობაზე, თუმცა ტურისტთა რაოდნეობის შემცირება მხოლოდ სავიზო რეგულაციების დაწესებას არ შეიძლება მივაწეროთ, მან აღნიშნა, რომ თუ ისინი დამსვენებლებს შესთავაზებენ კარგ მომსახურებას, უსაფრთხოებას, სავიზო რეგულაციები დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ამ მხრივ, საინტერესოა მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კომენტარიც, რომელიც პირველად იყო წარმოდგენილი მსგავს ფესტივალზე, მან აღნიშნა, რომ ახალი სავიზო რეგულაციები, რაც შეეხება ვიზის აღების გართულებას, საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს არა მარტო მათ საქმიანობაზე, არამედ ზოგადად ტურიზმზე, ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ შედარებით გამარტივდება ვიზის აღება ან დაუბრუნდება ძველ კალაპოტს. მიუხედავად ამისა, მათი მოლოდინი მომავალ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია და თვლიან, რომ მსგავსი ფესტივალები დაეხმარება მათ ფედერაციას გაიცნონ ბევრი ცნობილი ორგანიზაცია და მათთან ერთად წვლილი შეიტანონ ტურიზმის განვითარებაში. რაც შეეხება ახალ ტენდენციებს ისინი მომხმარებელს სთავაზობენ სათავგადასავლო ტურიზმის ისეთ დარგებს, რომლებიც ჯერ საქართველოში აპრობირებული არ არის.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ისეთი კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც პირველად იღებდნენ მონაწილებას, ან კიდევ ახალი დაფუძნებულები იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია იყო ABATERA Tourism LLC, რომელიც დუბაიშია დაფუძნებული და ის საქართველოში სულ რაღაც 2 თვეა რაც არსებობს. კომპანიის წარმომადგენლებს დიდი იმედი აქვთ, რომ ეს გამოფენა მათ განვითარებაში დაეხმარება.
საქართველოს რეგიონები, რომლებიც ცალ-ცალკე სტენდებზე იყო განთავსებული დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია გურიის წარმომადგენლობა, რომლებიც დამთვალიერებლებს სთავაზობდა საოჯახო მარნის ღვინის ტურს. აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტი, რომელიც წელს პირველად სთავაზობდა მომხმარებელს ახალციხის მერიის მიერ გამოშვებულ ბუკლეტს, სადაც წარმოდგენილი იყო ის ისტორიული ძეგლები, რომლის ნახვა ტურისტს შეეძლო, ასევე მათ წარმოდგენილი ჰქონდათ მესხური ბრენდი, ეს არის მესხური ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. ასე რომ, ახალციხის მუნიციპალიტეტი ტურისტებს სთავაზობს როგორც ისტორიულ ტურს, ასევე ღვინის ტურს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დამზადებული სუვენირები, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ როგორც დათვალიერების, ასევე მათი შეძენისაც.
მე-17-ე საერთაშორისო ფესტვივალი „ექსპო ჯოორჯიას“ ორგანიზატორობით ჩატარდა და ის დამთვალიერებელს 16, 17 და 18 აპრილს უმასპინძლებს.