ჩემი შენ გითხარიო, ანუ კორუფცია ევროპაში ევროკომისია ახალ სკანდალში გაეხვია
მოამზადა ეკა რაზმაზიშვილმა
ევროპის საპარლამენტო სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი გამოიძახეს, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს მის წინააღმდეგ აგორებულ თაღლითობასთან დაკავშირებულ სკანდალთა მთელ მწკრივს, რომელიც მას და მის დაქვემდებარებაში მოღვაწე ევროკავშირის წევრებს ედებათ ბრალად. საპარლამენტო მოსმენები, საიდუმლო საბანკო ანგარიშების გამოკვლევის ფართო ჩარჩოში მიმდინარეობს.
დაწესებულების სამი დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან უკვე განთავისუფლებულია. ვროკომისიაში დიდი ფინანსურ-პოლიტიკური არეულობაა. მისი თავმჯდომარე, რომანო პროდი და მოადგილე, ნეილ კინოკი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ევროკავშირის სტატისტიკურ უწყება “ევროსტატში”და მისი ხელმძღვანელობის საქმიანობაში, რომელთაც თავიანთ ანგარიშზე მილიონობით დოლარი აქვთ გადარიცხული, სერიოზული დარღვევებია დაფიქსირებული; “უფრო სერიოზული დარღვევებია და ბევრად დიდი მასშტაბით, ვიდრე ვვარაუდობდით”, – ასეთი დასკვნა გააკეთა ევროკომისიის შიდა აუდიტორულმა სამსახურმა, რომელიც თითქმის ერთი თვე სწავლობდა “ევროსტატის” დოკუმენტებს. სწორედ ამ ბრალდებამ გადააწყვეტინა ბრიუსელის ხელმძღვანელობას დაეწყო გამოძიება “ევროსტატის” გენერალური დირექტორის, ივა ფრანშესა და მისი ორი მოადგილის, დანიელ ბიკასა და ფიტოისა ნანოპულის საქმიანობასთან დაკავშირებით. მათი დანაშაულის სია საკმაოდ შთამბეჭდავია: ორმაგი ბუღალტერიიდან დაწყებული, “ფიქტიური კონტრაქტებით” დამთავრებული. კონტრაქტების ფასი ხელოვნურად იყო გაბერილი, ზედმეტი ფული საიდუმლო საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი თანხა უცნობი ფრენბურთის გუნდისა და ჩინოვნიკთა მიერ მოწყობილი მიღებების დაფინანსებისთვის გადაირიცხა. ამასთან ერთად, “ევროსტატის” კონტრაქტებზე გამოცხადებული ზოგიერთი ტენდერი ტენდენციური აღმოჩნდა – ევროკავშირის სტატისტიკური სამმართველო წინასწარ არჩევდა კომპანიებს, რომელთაც ეს კონტრაქტი უნდა მიეღოთ.
კონტრაქტების ქრთამით მოპოვებაში, პირველ ეჭვმიტანილად ფრანგული კომპანია, “პლანისტატი” იქცა, რომელიც კონსალტინგით იყო დაკავებული. “ევროსტატის” ამ კომპანიასთან დადებული 58 კონტარქტი გაუქმდა. ამ საკითხით პოლიციასთან ერთად თაღლითობასთან მებრძოლი ევროპის დამოუკიდებელი სააგენტო “ოლაფი” დაინტერესდა. ძიების დასრულებამდე “ევროსტატის” არქივებს ევროკომისიის უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს. რომანო პროდისა და ნილ კინოკის განკარგულებით, ევროკავშირში თაღლითობასთან მებრძოლი 20-კაციანი ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც “ევროსტატის” საქმიანობას სწავლობს. როგორც კინოკმა აღნიშნა, “ეს იქნება ყველაზე ღრმა და საფუძვლიანი გამოკვლევა, ვიდრე ოდესმე ჩატარებულა”. უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ევროკავშირში მსგავსი სკანდალი პირველი არ არის. ევროსტატის ბოროტად გამოყენებაზე საუბარი ჯერ კიდევ 1997 წელს, ევროკომისიის საქმის მსვლელობების დროსდაიწყეს. 1999 წლის მარტში, 20 ევროკომისარი, ევროკომისიის თავმჯგომარე, ჟაკ სანტერთან ერთად იძულებული გახდა მთლიანი შემადგენლობით გადამდგარიყო, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მოხსენება იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციის მაღალ ეშელონებში თაღლითობა და არაკომპეტენტურობა ჰყვაოდა. განსაკუთრებული ფავორიტიზმით (კადრების შერჩევის მხრივ) განათლების კომისარი, ყოფილი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედიტ კრასენი გამოირჩეოდა, რომელმაც შიდსის კვლევის პროექტის ხელმძღვანელად საკუთარი კბილის ექიმი დანიშნა. დარტყმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. სკეპტიკოსები კომისიის მიმართ უნდობლობას აცხადებდნენ, ევროკომისართა საქმიანობის კრიტიკა იმ სახელმწიფოთა მეთაურების საყვარელ საქმიანობად იქცა, რომლებიც ალიანსში იყვნენ. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. როგორც ჩანს, ევროკავშირისთვის სკანდალი თაღლითობასთან დაკავშირებით, უცხო ხილი ნამდვილად არ უნდა იყოს, “ევროსტატის” ჩინოვნიკებმა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში აალაპარაკეს ჟურნალისტები და სახელმწიფო მეთაურები, როდესაც ევროკომისიის მთავარმა ბუღალტერმა, მარტა ანდერსონმა, დაიჩივლა, რომ ევროკავშირის ანგარიში თაღლითებისთვის ხელმისაწვდომი იყო. ერთი შეხედვით, თითქოს ნილ კინოკი (რომელიც პირობას დებდა, რომ სტრუქტურაში თაღლითობას და არაეფექტურ მართვის მეთოდებს აღმოფხვრიდა) და მისი კოლეგა ევროკომისიიდან, ანდერსონი მაშინ გაიყვნენ, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის ბუღალტრული მეთოდები, რომელსაც “ევროსტატი” იყენებდა, არ აძლევდა მას უფლებას, თანხები სრულად გაეკონტროლებინა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ბუღალტრის განთავისუფლების თაობაზე, მას შემდეგ მომწიფდა, როდესაც მან კომპანია ბი-ბი-სი-სთან რადიოინტერვიუში საყვედური გამოთქვა: “კომისიის ფინანსურ სისტემაში გარღვევები შეიმჩნევა, რომელთა შორის აღსანიშნავია საბუღალტრო წიგნების დუბლირების სისტემის არარსებობა, რასაც პერსონალის დაბალი კვალიფიკაციაც მოწმობს. ხელმძღვანელობას ვთავაზობდი, ბუღალტრულ სისტემაში რეფორმა გაგვეტარებინა, მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილების განხორციელების უფლება არ მომცეს. უბრალოდ, არავინ მპასუხობდა”. ნილ კინოკმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ის ბრალდებები და ყოფილი თანამშრომლის მიერ გაშუქებული პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს მის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში არავისთვის იყო საიდუმლო და სავსებით ამართლებდა სამსახურიდან მთავარი ბუღალტრის განთავისუფლებას. სიტუაცია კი მაშინ გამწვავდა, როდესაც ანდერსონმა ევროპის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტს მისცა ჩვენება, რომელსაც ევროკომისიის გარღვეული ბიუჯეტის ძიება ჰქონდა დავალებული. ამავე დროს, კომისიის “მთავარმა რეფორმატორმა”, ნილ კინოკმა, ყოფილი ევროპის ჩინოვნიკისგან, პოლ ვან ბუტენისგან მიიღო ახალ დარღვევებზე ახალი დასკვნა, რომელიც “ევროსტატში” იყო დაფიქსრებული. კინოკმა მოქმედება აუდიტორული ჯგუფის პირადი მონაცემების გაცნობის შემდეგ დაიწყო – როდესაც აუდიტორების მეთაურმა, ჟიულ მიუსმა ევროპის პარლამენტარებთან დაიჩივლა, რომ მას არ მისცეს გამოძიების “ისეთი ღრმა” საშუალება, როგორიც მას სურდა. ამის გამო იგი იძულებულია თანამდებობა მომავალ წელს დატოვოს.
ევროპის სტრუქტურებში დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო და ახალ კრიზისზე ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, პეტ კოკსმა სახალხოდ განაცხადა, რომ “დეჟავუს გრძნობა” განიცადა, როცა თანამდებობის ბოროტად გამოყენების მასშტაბები გაიგო: “დიდ მწუხარებას იწვევს ის, რომ ევროკომისიის მთელი შემადგენლობა ასეთ მდგომარეობაში, ევროკომისიის უპრეცენდენტო დატოვების ოთხი წლის შემდეგაც ისევ ვვარდებით”. სანტერის ცვლაში მოსულმა რომანო პროდიმ თაღლითობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობას “ნულოვანი პოლიტიკის მოთმინება” უწოდა, რითაც ევროკომისიის პრესტიჟის აწევას ეცადა. ამის შემდეგ “მართვის მეთოდების რეფორმების” განხორციელების პასუხისმგებლად ნეილ კინოკი დაინიშნა რომელმაც პირობა დადო, რომ 2005 წლისათვის კომისიის რეფორმას ბოლომდე შეიმუშავებდა და გაატარებდა.
ბრიუსელელ ჩინოვნიკებს აღელვების საფუძველი მართლაც რომ აქვთ – “ევროსტატი” ლუქსემბურგში მდებარე შტაბ-ბინით, 700 ადამიანის შტატით და 140 მლნ ევროს ბიუჯეტით სწორედ რომ ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ცხოვრობს. “ევროსტატის” არაკეთილსინდისიერება ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირისთვის მიწოდებულ მონაცემთა სიზუსტესაც.
სკანდალში დამნაშავეთა მიმართ ერთადერთი დისციპლინარული სასჯელი ევროკომისიის მხრიდან, მათი თანამდებობიდან გადაყენებაა, თუმცა “ევროსტატის” ჩინოვნიკებს ვერავინ დასჯის მანამ, სანამ ძიება არ დასრულდება. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი თავიანთი სტატუსის შესაფერის ხელფასს იღებენ. “ევროსტატის” გენერალური დირექტორის, ივა ფრანშეს ხელფასი, როგორც “ა-1” კატეგორიის ჩინოვნიკისა, თვეში 15 414 ევროა. ექსპერტთა მტკიცებით, ეს პროცესი შესაძლოა, წლების მანძილზე გაგრძელდეს.