რა მემკვიდრეობას უტოვებს პუტინი მედვედევს

მოამზადა ნინო არველაძემ

საარჩევნო კამპანიის უზარმაზარი ბილბორდი კრემლის კედლებსა და წითელი მოედნის ჭიშკარს გადაჰყურებს. ბილბორდზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმ კაცთან ერთად არის გადაღებული, რომელიც თავად პუტინს მის მემკვიდრედ სურს.

ეს პროპაგანდის ნაწილია, რომელიც საბჭოთა რუსეთს ძალიან მოუხდებოდა. ბილბორდზე არაოფიციალურ სამოსში გამოწყობილი ვლადიმერ პუტინი და მისი პოლიტიკური პროტეჟე დიმიტრი მედვედევი ერთმანეთს გულიანად ეხუმრებიან. გზავნილი ნათელია – 2 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ მედვედევი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის შესაბამისი მმართველი იქნება.

პოლიტიკური ზეწოლა
ბილბორდის გაგება მრავალნაირად შეიძლება – ის რუსეთში კრემლისა და მსხვილი ბიზნესის მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს. დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე და რუსეთის უმსხვილესი კომპანია “გაზპრომის” თავმჯდომარეა. ბილბორდი თანამედროვე რუსეთში კერძო ბიზნესსა და პოლიტიკურ ძალაუფლებას შორის არსებულ კავშირებსაც შეგვახსენებს. მას შემდეგ, რაც ბილბორდი მოსკოვის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ადგილზე განთავსდა, ბევრი ჩივის, რომ ქალაქის მთავარი ადგილი იაფადაა დაკავებული, მაგრამ მედვედევის გუნდი ყველაფერს უარყოფს. ფაქტი ერთია, რომ ბილბორდი, რომელიც დასავლეთის ძვირადღირებულ საქონელს უწევდა რეკლამას, ახლა მედვედევისა და პუტინის გამომსახველი ბილბორდით შეიცვალა.

ეკონომიკური ზრდა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა კაპიტალიზმის საკუთარი ფორმა დაამკვიდრა. ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს რუსეთში ეკონომიკური აღმავლობა დაფიქსირდა, რაც ქვეყნის გაზისა და ნავთობის მსხვილ რეზერვებს ემყარებოდა. აყვავებულია რუსეთის მსხვილი ბიზნესები და საფონდო ბირჟები დუღს. მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სტაბილურობა დემოკრატიისა და ბიზნესის შეზღუდვის ხარჯზე მოხდა. კრემლისა და “გაზპრომ”-ის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში მხოლოდ მედვედევის ხილვაა შესაძლებელი.
კერძო ბიზნესებიც მთავრობის მხრიდან უხეშ ჩარევას ჩივიან. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთის ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი, მიხეილ ხადარკოვსკი ციმბირის ციხეში სასჯელს მხოლოდ კრემლის პოლიტიკის გამო იხდის. დასავლეთის ნავთობის ფირმები კი იძულებულნი გახდნენ მათი აქტივები რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი”-სთვის გადაეცათ.

უშიშროების კავშირები
მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, მედვედევი კრემლს რუსეთის სხდომათა დარბაზში ნაკლები ჩარევისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რუსულ ბიზნესს უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლება სჭირდება.
ბევრს იმედი აქვს, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ მედვედევი თავის სიტყვას შეასრულებს. თუმცა რუსეთის წამყვანი ბიზნესმენები კვლავ კრემლის წარმომადგენლებს ეთათბირებიან. მართალია დიმიტრი მედვედევს ქვეყნის უშიშროების სამსახურთან მჭიდრო კავშირები არ აქვს, მაგრამ რუსული ბიზნესის ლიდერებს ასეთი კავშირები აქვთ როგორც მთავრობასთან, ისე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB), რომელმაც ცნობილი KGB ჩაანაცვლა.FSB-ის ყოფილი დირექტორი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი ივანოვი თვითმფრინავების გაერთიანებულ კორპორაციას ხელმძღვანელობს, მას ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღდგენასა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებას ანდობენ. იგორ სერჩინი კრემლის კადრების უფროსის მოადგილე, რომელიც უშიშროების სამსახურთან დაახლოებულ პიროვნებად ითვლება, რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობის გიგანტის “როსნეფტის” მოქმედი თავმჯდომარეა. ვლადიმერ პუტინი კი, ცივი ომის პერიოდში გერმანიაშიKGB-ის ოფიცრად მსახურობდა.
მედვედევის მოწოდებას ბიზნესის ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ბევრი რუსი მიესალმება, მაგრამ ქვეყნის ბიზნესმენები და პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ სანამ კრემლი ბიზნესის მართვას ცდილობს, რუსული ბიზნესი თავისუფალი ვერ იქნება.

რუსეთი საჰაერო ინდუსტრიაში გადატრიალებას ახდენს და იმედებს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციაზე ამყარებს
რუსეთი საჰაერო ძალების გასაძლიერებლად მილიარდობით დოლარს ხარჯავს. მისი მიზანია შექმნას 6 000 სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავი და მსოფლიო ავიაციის ბაზრის 15% დაიკავოს. ამისათვის რუსეთმა თვითმფრინავების გაერთიანებული კორპორაცია დააარსა, მაგრამ მიზნის მიღწევამდე ხანგრძლივი დროა საჭირო, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის ავიაციაში მნიშვნელოვანი ძვრები არ მომხდარა.
ახალი ბრძანებები
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ავიაცია ქვეყნის სიამაყედ მოიხსენია. მისი მთავრობა მრეწველობის იმ დარგების რეორგანიზებას აპირებს, რომელიც ბევრი ცალკეული ფირმებისგან შედგებოდა, ახლა კი ყველა მათგანი თვითმფრინავების გაერთიანებულ კორპორაციაში შედის. ფირმა “სუხოის” კომერციული დირექტორი ოლეგ ფიოდოროვი ამ ფაქტს მიესალმება და აცხადებს, რომ უკვე მიიღეს შეკვეთები სამხედრო თვითმფრინავების შესაქმნელად და 2015 წლამდე შეკვეთების მიღება აღარ შეუძლიათ.
ძველი თვითმფრინავები
ავიაციის რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ მრეწველობის უმეტესი ნაწილი კვლავ მოძველებული და არაეფექტურია. მთავარი პრობლემა კი 1980-იან და 1990-იან წლებში შექმნილი ძველი მოდელებია, რომლებიც დასავლურ სტანდარტებს არ შეესაბამება და დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. მეორეს მხრივ, ისინი დასავლეთის თვითმფრინავებთან შედარებით 20-30% იაფია.
ახალი იარაღი
კრიტიკოსები რუსეთის შეიარაღების ახალ მშენებლობას ეჭვით უყურებენ. კრემლის მომხრეები აცხადებენ, რომ საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ ყველა ქვეყანა აძლიერებს თავდაცვის საშუალებებს, მაშინ რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. სატელევიზიო პროგრამა “პოსტ-სკრიპტუმის” წამყვანი ალექსეი პუშკოვი აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტზე მიუთითებს, რომელიც რუსეთისას ჩრდილავს.
“რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მან საკუთარი საზღვრები უნდა დაიცვას, ჩვენ ჩინეთთან 4 500 კმ სიგრძის საზღვარი გვაქვს, ასე, რომ, რუსეთი მობილიზებული უნდა იყოს.” – აცხადებს პუშკოვი.
“არა მტრები”
პრეზიდენტი პუტინი ბოლო დროს აცხადებს, რომ ნატო და დასავლეთი პროვოცირებას უწევს რუსეთს შეიარაღებულ შეჯიბრში ჩასაბმელად. იქნებ ამ მიზეზით იღებს დასავლეთისა და რუსეთის გულგრილი ურთიერთობა ცივი ომის ფორმას? “სუხოის” კომერციული დირექტორი ფიოდოროვი აცხადებს, რომ ეს არასწორი შეფასებაა, აშშ და რუსეთი მტრები არ არიან. “შეგიძლიათ დაასახელოთ ქვეყანა, რომელიც გადაიარაღებას არ ეწევა? ვფიქრობ, ამ მხრივ რუსეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, იგივეს თქმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზეც შეგვიძლია. თითოეული ქვეყნის მოვალეობაა შეიარაღებული ძალების თანამედროვედ აღჭურვა” – აცხადებს ის.
პუტინს სურს თვითმფრინავების გაერთიანებული კორპორაცია “ეროვნული ჩემპიონი”, ანუ მთავარი კომპანია გახდეს, რომელიც მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე იქნება.
მაგრამ პუტინის მიზნის მიღწევამდე ხანგრძლივი დროა საჭირო, სანამ მისი ჩანაფიქრი ევროპულ და ამერიკულ მეტოქეებს რეალურ კონკურენციას გაუწევს.

საფონდო ბირჟების რუსული ვნება
რუსეთის კაპიტალისტური ენთუზიაზმის ნათელი გამოხატულება მოსკოვის შუაგულში მდებარე მზარდი საფონდო ბირჟა Micex-ია.
2005 წლის შემდეგ გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობს ბირჟაზე, სადაც ყოველდღიურად 17 მლრდ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდებით, დერივატივებითა და ვალუტით ვაჭრობენ. მაგრამ ამ შენობის სტუმარი აღფრთოვანებულ ბანკირს ვერ ნახავს, სხვა თანამედროვე ბირჟების მსგავსად Micex-ი ოპერაციებს კომპიუტერის საშუალებით ახორციელებს.
დაგეგმილი ეკონომიკა
დასავლეთის ინვესტორების წილი Micex-ის ვაჭრობაში დაახლოებით 30%-ია, რაც რუსეთის ახალი ეკონომიკის მიმართ უცხოელი ინვესტორების დიდ ინტერესზე მეტყველებს. 2007 წელს რუსეთში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 52 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რუსეთის მშპ-ის 5%-ია. საერთაშორისო ბანკების უმრავლესობა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას ვარაუდობს. Micex-ის ოფიციალური წარმომადგენლები უცხოური ვაჭრობის გაძლიერებას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ამ მოვლენამ შესაძლებელია საბჭოურ რეჟიმში აღზრდილი ადამიანების შოკი გამოიწვიოს, რადგან რუსეთი, როგორც წესი, გეგმიური ეკონომიკის პრინციპს მიჰყვებოდა და ბირჟებს უარყოფდა.
საბჭოური რეპრესიები
საბჭოური რეჟიმის დამყარებამდე, რუსეთი ფინანსურ ასპექტში ლიდერ ქვეყნად ითვლებოდა. პირველი საფონდო ბირჟა რუსეთში 1790 წელს დაარსდა. 1990 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის საფინანსო ბაზარი მკვეთრად განვითარდა. Mიცეხ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბირჟა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და მსოფლიოს ბირჟებს შორის სიდიდით 17-ე პოზიციას იკავებს.
პროგრესი
უცხოელ ინვესტორებს მთავრობის მხრიდან ბიზნესში ჩარევის ფაქტები აფრთხობს. ნავთობკომპანია “იუკოსის” ყოფილი თავმჯდომარე თაღლითობისთვის ციხეში ჩასვეს, კომპანია კი სახელმწიფოს ხელში გადავიდა. რუსეთის ბირჟის ოფიციალური წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენები უსაფუძვლოდ ღელავენ. “მცდარია აზრი, თითქოს რუსეთის ხელისუფლება პრივატიზაციის ტენდენციებს აფერხებს და პრივატიზებული კომპანიების მითვისება სურს, სინამდვილეში კი სახელმწიფო ცდილობს ერთად დააჯგუფოს სხვადასხვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები, რათა ჩამოაყალიბოს სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის ზოგიერთ სექტორს აკონტროლებენ.” – აცხადებენ ისინი და უფრო მეტი სიცხადისათვის იმ კომპანიებზე მიუთითებენ, რომლებსაც სახელმწიფო ფლობს, მაგალითად “გაზპრომი” და რომლის აქციებიც რუსეთის ბირჟაზეა გატანილი.
ერთი სიტყვით, მთავრობის მომხრეები აცხადებენ, რომ ეკონომიკური თავისუფლება შეუზღუდავია და რუსეთს თანამედროვე და განვითარებული ბაზარი აქვს.

რუსეთის ენერგეტიკული გიგანტი კუნთებს ათამაშებს
რუსეთის ეკონომიკური ძალაუფლება რომ ბუნებრივ რესურსებს – ნავთობსა და გაზს ეყრდნობა, სიახლე არ არის.
დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულნი არიან, ევროპის კავშირის ბუნებრივი აირით მომარაგების 1/4 რუსეთზე მოდის.
გაზის ბიზნესის მმართველი კომპანია “გაზპრომი” რუსეთის სახელმწიფოს მჭიდროდ უკავშირდება და მასთან ერთ კონტექსტში მოიაზრება. კრემლი მას პოლიტიკურ იარაღად წარმატებულად იყენებს.
ცივი ომი
“გაზპრომი” კომპანიად გარდაქმნამდე სამინისტრო იყო. პუტინი “გაზპრომის” თავმჯდომარის გაპრეზიდენტებას უჭერს მხარს. მედვედევი კრემლში ნამუშევარი კაცია და კრემლში “გაზპრომის” დაბადების დღეს აღნიშნავს, მის საყვარელ ჯგუფ “დიფ ფარფელს” ქირაობს და კონცერტს რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნესელიტას ასმენინებს. “გაზპრომი”-ს ყოველთვიური შემოსავალი 1 მლრდ დოლარს აღემატება, მაგრამ კომპანიისა და სახელმწიფოს მჭიდრო ურთიერთობები დასავლეთის კრიტიკოსების განხილვის საგანი ხშირად ხდება. ისინი აღნიშნავენ, რომ “გაზპრომთან” ურთიერთობა კრემლთან ურთიერთობას ნიშნავს, რაც ნორმალური კამპანია არ არის. ეს არის ძლევამოსილი სახელმწიფოს ეკონომიკური იარაღი, რომელსაც რუსეთი ტანკების, წყალქვეშა ნავებისა და ბომბების ნაცვლად წარმატებულად იყენებს დასავლეთის დასაშინებლად. დასავლეთში აცხადებენ, რომ ახლა ბანკებისა და გაზსადენების უნდა ეშინოდეთ.

გაზის დიქტატურა
რუსეთს გაზის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ, მაგრამ ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ “გაზპრომი” რუსეთის საგარეო პოლიტიკის იარაღია, ისევე, როგორც ამერიკული ნავთობკომპანიებია ამერიკის საგარეო პოლიტიკის იარაღი. “რუსეთს გაზი საზღვარგარეთის ქვეყნების შანტაჟის მიზნით რომ გამოყენებინა, მაშინ ჩვენ არ გვექნებოდა ევროპის ქვეყნებთან ხანგრძლივი კონტრაქტები” – აცხადებს ჟურნალისტი.
მიმზიდველი ინვესტიცია
რუსეთში “გაზპრომი” გაზის მონოპოლისტია და ის ქვეყანაში გაზის ტარიფის გაზრდას ვარაუდობს. “გაზპრომის” 50%-ზე მეტ აქტივებს რუსეთის მთავრობა ფლობს, დანარჩენი კი მოსკოვის ბირჟაზეა გატანილი, რუს და უცხოელ ინვესტორებს მათი შეძენა თავისუფლად შეუძლიათ. უცხოელი ინვესტორები “გაზპრომი”-ს აქციებს ყიდულობენ და მიიჩნევენ, რომ ეს მომგებიანი სვლა იქნება. თუმცა კრემლის აჩრდილი ყველაგან თვალშისაცემ პოზიციებს იკავებს და საინვესტიციო კომპანიებსაც ისე თავისუფლად ქცევის საშუალება არ აქვთ, როგორც რუსეთის მთავრობის მომღიმარი წარმომადგენლები სატელევიზიო კამერების წინ აღწერენ.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ “გაზპრომი” შესაძლებელია მთავრობის ერთ-ერთ დეპარტამენტად გადაიქცეს, რადგან სხვა პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

ინფლაცია
დიახ, რუსეთის ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ამასთან ერთად იზრდება ინფლაციაც. მოსახლეობის ცხოვრების დონე კი არც თუ ისე მაღალია, როგორც ეს “გაზპრომის” ქვეყანას ეკადრება. ხალხი ჩივის, რომ ხელფასს ძალა 12%-იანი ინფლაციის გამო არ აქვს. 2007 წელს ზოგიერთ საქონელზე ფასები 50%-ით გაიზარდა, ბაზრობისა და სუპერმაკეტების ფასები კი ერთმანეთს გაუთანაბრდა. რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქვეყნადაა აღიარებული, სადაც ძვირადღირებული სახელობითი მაღაზიები წარმატებულად მუშაობენ და ამავე დროს ღარიბები ქუჩებში უსახლკაროდ ცხოვრობენ.