სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეროვნული მოდელის ობიექტური წინამძღვრები
ოთარ სირაძე
მართვის ეროვნული მოდულის ჩამოყალიბება, ეფექტიანობა და ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ადექვატურად გამოხატავს იგი პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლის ისტორიული პროცესების ზეგავლენით მართვის საერთო კანონზომიერებებს და ამავდროულად ქვეყნის სპეციფიკურ თავისებურებებსა და ინტერესებს.
ამიტომ, აუცილებელია განისაზღვროს, ჯერ ერთი, მართვის საერთო კანონზომიერებები, მეორე, საწარმოთა მართვის სრულყოფის ტენდეციები და მესამე, გარდამავალ ეტაპზე მისი ეფექტიანობის ამაღლების ძირითადი მიმართულებები.
საწარმოთა მართვის ორგანიზაციის საერთო კანონზომიერებიდან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგი ტენდეციების გათვალისწინებასა და რეალიზებას: დემოკრატიული მართვა. დღემდე გაბატონებული იყო უპირატესად იერარქიული, მბრძანებლური მართვა, მაგრამ ინფორმაციული საზოგადოების დამკვიდრების კვალობაზე წინა პლანზე გამოდის დემოკრატიული, მბრძანებლური მართვა, მაგრამ ინფორმაციული საზოგადოების დამკვიდრების კვალობაზე წინა პლანზე გამოდის დემოკრატიული მართვა, როდესაც გადაწყვეტილებების მიღებაში თითქმის ყველა მუშაკი მონაწილობს.
პროგნოზირებაზე ორიენტული მართვა. განვითარების დაჩქარების, რისკის პირობებში ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად მაღლდება პროცესების მიმართულების, ფაქტორთა კომბინაციის ახლებურად წინასწარგანსაზღვრის და პროგნოზირების მნიშვნელობა.
გლობალური მართვა. საწარმოო, ინფორმაციული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზრდა იწვევს ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიის განხორციელების აუცილებლობას. ადამიანური რესურსები, ფინანსები, ნედლეული, გასაღების ბაზრები შეიძლება დედამიწის ნებისმიერ წერტილში იყოს გამოყენებული.
ქსელური, ინფორმაციულ ტექნოლოგიაზე დამყარებული მართვა. გლობალიზაცია განაპირობებს პროდუქციის სხვადასხვა ელემენტის, დეტალის, რესურსების წარმოების, გაცვლის, განაწილების, მოხმარების ქსელურ გადაადგილებას დედამიწის მასშტაბით. ქსელური ხასიათისაა წარმოება, ფინანსური ინფორმაციის ნაკადების მოძრაობა, მათი მართვა თანამედროვე ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით. მომხმარებელიც და მწარმოებელიც ამ ქსელის ნაწილია.
აქციონერსა და კლიენტზე ორიენტირებული მართვა. თანამედროვე ორგანიზაცია არ შეიძლება ჩაკეტილი იყოს და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდეს. მისთვის მნიშვნელოვანია აქციონერებისა და კლიენტების გათვალისწინება, სწრაფვა მათი მოთხოვნილების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად. გადაწყვეტილებათა მიღება და მათი განხორციელება სწორედ ამ მოთხოვნებს უნდა ეფუძნებოდეს.
დამატებულ ღირებულებაზე და დროზე ორიენტირებული მართვა. ინფორმაციული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია არა მარტო განვითარების დაჩქარება, არამედ სხვადასხვა სიჩქარით განვითარება. დროის შეკუმშვა, დროუკუგება, დროის ერთეულში მეტი დამატებული ღირებულების წარმოება, კონკურენცია პროდუქციის, ტექნოლოგიების სწრაფად განახლებისა და უპირატესობების მოპოვებისათვის გადამწყვეტი გახდა. მენეჯმენტმა, პირველ რიგში, დროის ეკონომია უნდა უზრუნველყოს.
ინოვაციური, მეწარმეობითი მართვა. დროის ეკონომია, ხარისხის ამაღლება, გარემოსთან ადაპტაცია, მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ მუდმივი განახლებით, ინოვაციური საქმიანობით შეიძლება. ინდუსტრიული ეკონომიკისათვის დამახასიათებელი იყო საქონლის წარმოება საქონლის წარმოებით, მაშინ, როდესაც ინფორმაციული ეკონომიკისათვის დამახასიათებელია ახალი ცოდნის წარმოებით ახალი ცოდნის წარმოება. ამიტომ თანამედროვე პირობებში წარმატების მთავარი საწინდარი ინოვაციური მენეჯმენტის დანერგვაა, ინოვაციური საქმიანობის აქტიური სტიმულირებაა.
აღნიშნული საერთო ტენდეციების რეალიზაცია თითეული ქვეყნის თავისებურებებზეა დამოკიდებული და უცებ არ ხდება. თანამედროვე პირობებში, როდესაც მკაცრად ცენტრალიზებული სოციალისტური მეურნეობა თითქმის არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება, გამოიყოფა საწარმოთა მართვა ლიბერალურ, კორპორაციულ და გარდამავალ ეკონომიკაში. საწარმოს მართვა ლიბერალურ ეკონომიკაში ხასიათდება შემდეგი ძირითადი თავისებურებებით: მოგების მაქსიმიზაციისაკენ სწრაფვა; აქციონერული საკუთრების გაბატონება ფიზიკური პირების სიჭარბით; რისკიანი გარემო; პრინციპული მესაკუთრე – გადაწყვეტილების მიმღები; ინდივიდუალური აქციონერები; სამეურნეო კავშირების განმსაზღვრელი ფაქტორები; ტრანსაქციული დანახარჯების მინიმიზაცია; ხელფასის მოქნილი პოლიტიკა შრომის ზღვრულ მწარმოებლურობასთან კავშირში; დირექციის მიერ მუშაკთა საქმიანობის კოორდინაცია ვერტიკალურად; სრული დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან.
კორპორაციულ ეკონომიკაში საწარმოს მართვის თავისებურებებია: წარმოებისა და გაყიდვის მოცულობის ზრდა; აქციონერული საკუთრება კოლექტიური საწარმოს ელემენტებით, როდესაც აქციების დიდი ნაწილი ფინანსურ ინსტიტუციებისა და სხვა კორპორაციების საკუთრებაა; რისკიანი გარემო; პრინციპული-აქციონერების კოალიცია, როგორც საწარმოს მუშაკები, ასევე გარეშე აქციონერები; სამეურნეო კავშირების განმსაზღვრელი ფაქტორები; ტრანსაქციული დანახარჯების მინიმიზაცია და რისკის განაწილება მონაწილე პარტნიორებს შორის; ფიქსირებული ხელფასის პოლიტიკა მუშაკის იერარქიული რანგის მიხედვით; მუშაკთა საქმიანობის კოორდინაცია ჰორიზონტალურად, მუშაკთა როტაცია და ქვედანაყოფებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება; სახელმწიფოს გამოყენება არბიტრის როლში სხვა საწარმოებთან კონფლიქტისას ან საკუთარი ინტერესების რეალიზაციისათვის.
გარდამავალ ეკონომიკაში საწარმოს მართვის მახასიათებლებიდან მთავარია შემდეგი: სწრაფვა საწარმოს გადარჩენისა და შრომითი კოლექტივის შენარჩუნებისაკენ; საწარმოს მმართველების ფორმალურად-აქციონერული, რეალურად-რეკომბინირებული საკუთრება; პრინციპალი – საწარმოს ხელმძღვანელობა; არასტაბილური გარემო; სამეურნეო კავშირების განმსაზღვრელი ფაქტორები: ადრე არსებული კავშირების შენარჩუნების ტენდენცია, ახალი კავშირების ძიებაზე მაღალი ტრანსაქციული დანახარჯების გამო უარის თქმა; ფიქსირებული ხელფასი; დირექციაზე მუშაკის დამოკიდებულების ხარისხის მიხედვით და პარტნიორული ურთიერთობების გათვალისწინებით მუშაკთა საქმიანობის ვერტიკალური კოორდინაცია; ფორმალური დამოკიდებულება სახელმწიფოსგან პასივების მართვის რეალური ცენტრალიზაციის ფარგლებში მაინც იღებს თავის თავზე ვალდებულებების ნაწილს.
საწარმოთა მართვის აღნიშნული ტიპები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ლიბერალურ ეკონომიკაში საწარმოს მართვის მთავარი მიზნობრივი ფუნქციაა მოგების მაქსიმიზაცია, კორპორაციულ ეკონომიკაში – შემოსავლების ზრდა, გარდამავალ ეკონომიკაში – საწარმოს გადარჩენა. ამიტომ გარდამავალ პერიოდში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ანტიკრიზისულ მართვას, კრიზისის პრევენციის არდაშვებას, როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე. კრიზისი, მართალია, 1994-95 წლებში მოქმედებდა, მაგრამ მომდევნო პერიოდში მისი აქტუალიზება არ ხდება.
ანტიკრიზისული მართვის მთავარი დანიშნულებაა ეკონომიკური კრიზისის დროული პროფილაქტიკა, თავიდან აცილება, ხოლო მისი არსებობისას – რაც შეიძლება სწრაფად და მცირე სოციალური დანაკარგებით დაძლევა. იგი ყოველთვის სტრუქტურული, ინვესტიციური, ინოვაციური მენეჯმენტის ღონისძიებებთან ინტეგრირებულად უნდა ხორციელდებოდეს.
ანტიკრიზისული მართვის განხორციელება გულისხმობს: ეკონომიკური კრიზისების ტიპოლოგიას, მიზეზების დადგენას, სახელმწიფოებრივ რეგულირებას, სახელმწიფოებრივი კრიზისის დაძლევას, ანტიკრიზისული მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, კრიზისების დიაგნოსტიკას, საწარმოთა რესტრუქტურიზაციას, ინოვაციური და ინვესტორული პოლიტიკის განხორციელებას, პერსონალის ანტიკრიზისულ მართვას.
კომპანიების წარუმატებლობის მიზეზია მათი მენეჯმენტის, ხელმძღვანელობის დაბალი ეფექტიანობა და ხარისხი, მათი შემოქმედებითი უნარის უკმარისობა, მცირე ინოვაციურობა, ორიენტაცია არსებულ რესურსებზე ტრადიციულ მიზნობრივ მიჯნებსა და საქმიანობის სქემებზე. სახელმწიფო საწარმოთა მართვის დაბალი ეფექტიანობის ძირითადი მიზეზია ორგანიზაციის მდგომარეობის არაობიექტური შეფასება, უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ არსებული პრობლემების ცალმხრივი და სუბიექტური ხედვა. სხვა მიზეზებია: ძველი მეთოდებისადმი ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე შედეგს აღარ იძლევიან; ორგანიზაციის სტრუქტურული მოუქნელობა და უმოძრაობა, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, მომხმარებელთან კონტაქტის გაწყვეტით; პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია და დინამიზმი; გარემოს არაადექვატური აღქმა, გლობალური კონკურენციის მნიშვნელობის გაუთვითცნობიერებლობა.
სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის ამაღლება ამ მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია ჰორიზონტალურ კომპანიებზე გადასვლა, როდესაც ორგანიზაციული სტრუქტურა ყალიბდება არა დასმული ამოცანის, არამედ პროცესის მიმართ. ფუნქციების მიხედვით, სტრუქტურების შექმნის ნაცვლად, კომპანიის სტრუქტურა 3-5 ძირითადი პროცესის მიმართ თავისი სპეციფიკური მიზნებით აიგება. ყალიბდება ჰორიზონტალური იერარქია, მცირდება ვერტიკალური ადმინისტრირება, იხურება საწარმოები, რომლებსაც დამატებითი ღირებულებების გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ. თვითმმართველობის პრინციპებზე ყალიბდება სპეციალიზებული ჯგუფები, გუნდები ნებისმიერი სამუშაოს მართვისათვის, რაც უმაღლესი ხელმძღვანელობის როლს ამცირებს. წარმატების მთავარ მაჩვენებლად განისაზღვრება მოთხოვნილების დაკმაყოფილება და არა მოგების ან რენტაბელობის გადიდება. შრომის ანაზღაურება ხორციელდება არა მარტო ინდივიდუალური შედეგის, არამედ მიღწეული საბოლოო მატების მიხედვით. სტიმულირდება შემოქმედება და რამოდენიმე პროცესის ცოდნა.
სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება. თანდათან წარსულს ბარდება ვერტიკალური ბრძანებლურ-საკონტროლო ორგანიზაცია დეპარტამენტებისა და განყოფილებების გამოყოფით. სამაგიეროდ, ყალიბდება ინფორმაციაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, სადაც მცირდება მენეჯერების რიცხვი, ხოლო სპეციალისტების, შემოქმედებითი მუშაკების როლი მაღლდება.
თავისუფალი მეწარმეობა ფირმის შიგნითაც ინერგება: წრფივი, მარკეტინგული, ფუნქციონალური სტრუქტურები, უმაღლესი ხელმძღვანელობა დამოუკიდებელ ერთეულებად ყალიბდებიან, თვითონ ყიდულობენ და ყიდიან საქონელს, მომსახურებას ეწევიან ფირმის შიგნით და გარეთ, ხოლო მათი გაერთიანება ინფორმაციული ქსელების, ფინანსური სისტემებისა და მეწარმეობრივი კულტურის ერთიანობის საფუძველზე ხორციელდება. ასეთი “მართვადი ბაზრების” განვითარება სტრატეგიული ალიანსების, საერთო პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტის გაფართოებას იწვევს. ფირმის შიგნით კი, ყალიბდება ორგანიზაციული ბაზრები, რომლებიც ოპერაციების შემცირების საფუძველზე ამცირებენ ზედნადებ და სხვა სახის საწარმოო ხარჯებს. სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის ამაღლების ყველაზე უფრო მთავარი ფაქტორია კვალიფიციური კადრების არსებობა, ორგანიზაციის შემოქმედებითი, ცოდნისეული პოტენციალი, გონებრივად მომუშავეთა მწარმოებლურობა. ინფორმაციულ ეპოქაში, ორგანიზაციის მთავარ კაპიტალად თითოეული მუშაკის ცოდნა, ადამიანური კაპიტალი, მათი ერთობლივი ინტელექტუალური კაპიტალი გვევლინება.
როგორც ჩანს, სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის ამაღლება თანამედროვე პირობებში სრულიად ახალ მიდგომებს მოითხოვს. საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაცია, სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი მართვისა და საწარმოების მართვაში მიმდინარე რევოლუციური გარდაქმნის დაუფლების ხარისხით განისაზღვრება. ამიტომ, საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის პირობებში და ინფორმაციულ ეპოქაში საერთოდ, სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას და ეფექტიან განხორციელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
სახელმწიფო საწარმოთა მართვის ძირითადი მიზანი საქართველოს მდგრადი განვითარების, ეფექტური ეკონომიკის დამკვიდრების, მოსახლეობის ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის ინტელექტუალური, ინოვაციური და ინვესტიციური საქმიანობის სტიმულირების საფუძველზე ხელშეწყობაა.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო საწარმოთა მართვის კონკრეტული მიზნებიდან მთავარია შემდეგი:
– სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვის საფუძველზე ბიუჯეტის შემოსავლების გადიდება;
– მაკრო, მეზო და მიკროდონეებზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მყარი გრძელდევადიანი წინამძღრების უზრუნველსაყოფად საკუთრების სტრუქტურის ოპტიმიზაცია;
– ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების მოზიდვისათვის და ფინანსური სფეროს ჭარბად სპეკულაციური განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე რისკების შესამცირებლად და ეფექტური ანტიკრიზისული პოლიტიკის გასატარებლად სახელმწიფო აქტივების გამოყენება;
– სახელმწიფო საწარმოთა მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური სექტორის პრიორიტეტულად განვითარებისათვის გამოყენება;
– სახელმწიფო საწარმოების კონკურეტუნარიანობის ამაღლება და მათი საქმიანობის საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესება შიდა სტრუქტურული გარდაქმნის, არაეფექტური ფუნქციების ლიკვიდაციის საფუძველზე.
– სახელმწიფო საწარმოების მართვის კომპლექსურობა, გამოცდილება და სამომავლო განვითარების ტენდეციები გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში რჩება არა მარტო ფინანსური და ინტელექტუალური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ განათლების, ჯანმრთელობის, ენერგეტიკის, ტრანსპოტრის, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის, ინოვაციური სფეროს, ბუნებრივი რესურსების დიდი ნაწილი. სახელმწიფო სხვა ეკონომიკურ აგენტებთან შედარებით, მაინც უდიდეს მესაკუთრედ რჩება. ამიტომ მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა არა მხოლოდ პრივატიზების, არამედ სახელმწიფოს საწარმოების კომპლექსური მართვის განხორციელება, მათი რესტრუქტურიზაცია და პრივატიზება.
– საწარმოების სახელმწიფო მართვის ორგანიზაცია. საწარმოები სახელმწიფო ქონებით სხვადასხვა ორგანიზაციული ფორმით არსებობენ: ა) სახელმწიფო საწარმოები, როდესაც მის ქონებას სახელმწიფო 100%-ით ფლობს; ბ) საწარმოები ნაწილობრივ სახელმწიფო, ნაწილობრივ მუნიციპალურ-სახელმწიფოებრივი და ნაწილობრივ მუნიციპალური წილით. შესაძლებელია შერეული საკუთრების სხვადასხვა ფორმა სახელმწიფო საკუთრების მონაწილეობით. სახელმწიფო საწარმოსადმი კონტროლის ინსტრუმენტია სამეთვალყურეო საბჭოები, კერძოდ, საწარმოების მენეჯერების დანიშვნისა და განთავისუფლების მექანიზმი.
– სამეწარმეო კონცეფციების, ბიზნეს-გეგმების შემუშავება. საწარმოს მართვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სამეწარმეო კონცეფცია, ანუ ბიზნეს-გეგმა, სადაც მისი განვითარების მიმდინარე და სამომავლო შესაძლებლობებია განსაზღვრული. მიმდინარე და პერსპექტიული ბიზნეს-გეგმების შემუშავება და განხორციელება კოორდინებული უნდა იყოს სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატურ გეგმასთან.
– სახელმწიფო საწარმოთა სტატისტიკური და ინფორმაციული ბაზის შექმნა. იგი დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ხარჯებთან, მაგრამ მისი უქონლობა საწარმოს, როგორც წესი, უფრო ძვირი უჯდება. გლობალიზაციისა და ინფორმაციის პირობებში სათანადო ინფორმაციული ბაზის გარეშე ვერც ერთი საწარმო ეფექტურად ვერ ფუნქციონირებს.
-სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური, ინტელექტუალური, ტექნოლოგიური და პერსონალური უზრუნველყოფა. თანამედროვე პირობებში ბიზნესში წარმატებისათვის მთავარია კონკურენტუნარიანობის მაღალი დონის მიღწევა შიდა და საგარეო ბაზრებზე, რაც საწარმოების ფინანსურ, ინტელექტუალურ, ტექნოლოგიურ და პერსონალურ მზადყოფნას მოითხოვს. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკა, უწინარეს ყოვლისა, ასეთი მზადყოფნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.
– სახელმწიფო საწარმოების მართვის პრინციპების კონკრეტიზაცია. სახელმწიფო საწარმოთა მართვის პრინციპების რეალიზაცია მოითხოვს მათ კონკრეტიზაციას ყოველი ცალკეული საწარმოს მიმართ შემდეგი თანამიმდევრობით: 1. არსებული მდგომარეობის ანალიზი, განვითარების ხელისშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორების ჩვენებით; 2. მართვის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა; 3. მართვის მექანიზმის შერჩევა ეკონომიკური ინსტრუმენტებისა და სამართლებრივი აქტების ჩვენებით, რომლებიც აუცილებელია საწარმოს მართვის ეფექტიანი მექანიზმის ამოქმედებისათვის; 4. მართვის ეფექტიანობის კონტროლი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან დაფუძნდეს სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია, რომელიც იქნება კერძო სამართლის იურიდიული პირი და განახორციელებს იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სააქციო საზოგადოებების მართვას, რომელიც სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობითაა წარმოდგენილი.
სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია უნდა დაფუძნდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომელსაც კანონი “მეწარმეთა შესახებ” აყენებს სააქციო საზოგადოებისათვის. სახელმწიფო ჰოლდინგურ კომპანიას უნდა გააჩნდეს სახელმწიფოსაგან პარტნიორის დელეგირებული ფუნქცია, რომელსაც ჰოლდინგური კომპანია გამოიყენებს მასში შემავალი საწარმოების რესტრუქტურიზაციისათვის, რეორგანიზაციისათვის, რეაბილიტაციისათვის, ლიკვიდაციისათვის და ა.შ.
ასეთ პირობებში სახელმწიფო ჰოლდინგურ კომპანიას შეეძლება მასში შემავალი საწარმოების აქციებისა და წილების საფონდო ბირჟის მეშვეობით, როგორც გაყიდვა, ასევე შესყიდვა (რაც ძალზე აქტუალური იქნებოდა).
ჰოლდინგური კომპანიის ძირითადი მიზანი უნდა იყოს სწორი მენეჯმენტისა და სუფთა მწარმოებლური ფუნქციების განხორციელება, ასევე მასში შემავალი საწარმოების ვალდებულებების აღება.
ჰოლდინგური კომპანიის მიზნები და ამოცანები უნდა იყოს დროში გაწერილი და შემოსაზღვრული, რაც კომპანიას ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მისცემს, რაც ესოდენ საჭირო და აუცილებელია სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში.