ფინანსური სამყარო ახალი IPO-ს მოლოდინში
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა, თსუ დოქტორანტი, Bloomberg Lab TSU-ს მთავარი სპეციალისტი
თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Snap Inc-ს აქციები IPO-ზე გააქვს. ეს არის მსოფლიოში პოპულარული ჩატის – Snapchat-ის მფლობელი კომპანია, რომელიც 2012 წელს დაარსდა და მომხმარებელს სთავაზობს ვიდეო შეტყობინებების აპლიკაციას. მისი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ ვიდეო შეტყობინებების კონტენტი ქრება.
კომპანიის ხელმძღვანელობა ე.წ. „როუდ შოუს“ დაწყების წინ, რომელიც დღეს ლონდონში აიღებს სტარტს, აცხადებს, რომ აქვს მოლოდინი IPO-ს შემდეგ კომპანიის ღირებულება 19.5- 22.3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ეს დაბალია ადრე არსებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე – 20-25 მილიარდი აშშ დოლარი. კომპანიის ღირებულების დაგეგმილი ზრდის შემცირების წინაპირობა ინვესტორთა შორის არსებული განწყობაა. Snapchat-ის IPO-სთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.
ინვესტორთა შორის ბაზარზე დიდი მოლოდინია, როგორი იქნება Snap Inc-ის გამოცდილება – Facebook-ის მსგავსი, რომელმაც IPO-ს შემდეგ დიდი შემოსავალი მიიღო, თუ ის გაიმეორებს Twitter-ის გზას, რომელიც ჯერ ისევ აქციების განთავსებით, შემოსავლის ზრდის წარმატებული გზების ძიებაშია?
Snapchat პლატფორმა ძირითადად მილენიალების თაობაზეა გათვლილი, სპეციალისტების შეფასებით კი, მათი რაოდენობის გათვალისწინებით სოციალური ქსელის მომხმარებლების ზრდა მომავალში მკვეთრი აღარ იქნება. ახალი მომხმარებლების ზრდის შემცირებამ უკვე გაუჩინა ეჭვის საფუძველი ინვესტორებს კომპანიის მომავლის მიმართ.
IPO-ს ფაილების მიხედვით, ახალი მომხმარებლების ზრდა შეჩერებული იყო 2016 წლის ბოლო კვარტლის დასაწყისიდან. ამის პარალელურად, Facebook-ის Instagram-მა, რომელსაც 2016 წლის ბოლოსთვის 600 მილიონი მომხმარებელი ყავდა, უკვე წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს Snapchat-ის მსგავსად სთავაზობს ვიდეო შეტყობინებებს, რომლის კონტენტიც ასევე ქრება. საშუალოდ, Snapchat-ს დღეში 158 მილიონი მომხმარებელი ყავს.
ინვესტორთა შეფასებები IPO-ს წინ
„Snap-ის ზრდის ტემპები უკვე შემცირებულია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ბაზრისთვის“
„ისეთი სოციალური მედი პლატფორმებისგან განსხვავებით, როგორიცაა Twitter და Facebook, Snapchat უფრო რთული გამოსაყენებელია ახალი მომხმარებლებისთვის და უფრო მარტივი არა-მომხმარებლებისთვის, რომ თავი აარიდონ მის გამოყენებას“
„Facebook-ის გარეშე ბევრს აქვს შეგრძნება, რომ ის სოციალურად არააქტიურია, ტოვებს მნიშვნელოვან მოვლენებს და მოსაწვევებს სხვადასხვა ღონისძიებაზე, ფოტოებს და მნიშვნელოვან სიახლეებს. მე არ მგონია რომ იგივე შეგრძნება აქვთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან Snapchat-ის მომხმარებლები“
მეორეს მხრივ, არსებულ მდგომარეობას ინვესტორთა ნაწილი კომპანიისთვის გამოწვევად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ მენეჯმენტს შეუძლია გამოიყენოს ეს ხარვეზები ახალი ბიზნეს იდეების შესამუშავებლად და, შესაბამისად, კომპანიის შემოსავლის გასაზრდელად. სპეციალისტთა ნაწილის შეფასებით, კომპანიაში არსებული ვითარება ქმნის დერეფანს ახალი, ინოვაციური მიდგომებისთვის. თუმცა ჯერჯერობით ფაქტია, რომ Snapchat, რომლის ბუღალტრული ჩანაწერებიც ზარალიანობაზე მეტყველებს, ამავე დროს მმართველთა ხისტი მენეჯმენტით ხასიათდება, რაც ასევე უარყოფითი სიგნალია ინვესტორთა ნაწილისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ Snapchat IPO-ზე გადის კომპანიის განვითარების გაცილებით ადრეულ ეტაპზე ვიდრე ეს Facebook-მა და Twitter-მა გააკეთა. 5 წლის კომპანიისთვის ზარალიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ასეთი პატარა კომპანიის ამბიცია მიიღოს IPO-დან იმხელა თანხა, როგორც ამას მენეჯმენტი მოელის, გასაკვირია.
Snap-ს მიზნად აქვს დასახული დღეს არსებულ შემოსავლებზე 49-ჯერ მეტი თანხის მიღება IPO-ს შემდეგ, Facebook-ის შემთხვევაში ეს იყო 27-ჯერ მეტი. Snapchat-ს ძირითადი შემოსავალი რეკლამებიდან აქვს. მან Goog-ს მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს მისი ქლაუდ სერვერების გამოყენებისთვის.
დიდი განსჯის საგანი გახდა ასევე ე.წ. 3-აქციანი კლასის სტრუქტურა. რომლის მიხედვითაც IPO-ს დროს შეძენილი აქციონერებს ხმის უფლება არ ექნებათ. Snap-ის თანადამფუძნებლებს Evan Spiegel-სა და Bobby Murphy ერთ აქციაზე ექნებათ 10 ხმა, უკვე არსებულ ინვესტორებს 1 ხმა ერთ აქციაზე. IPO-ს შემდეგ აქციონერებს კი ხმის უფლება არ ექნებათ.
Snap-ის დამფუძნებლები Evan Spiegel და Bobby Murphy
კომპანიის მარკეტინგული „როუდშოუ“ გაიმართება ლონდონში, ნიუ-იორკში, ბოსტონსა და სან-ფრანცისკოში. კომპანიის მენეჯმენტი შეაფასებს IPO-ს აშშ-ს ბაზრების დახურვის შემდეგ – 1 მარტს. აქციების შეთავაზების მოსალოდნელი ფასი იქნება 14-16 აშშ დოლარი. Snap-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მხოლოდ A კლასის 200 მილიონი აქციის გაყიდვით მიიღებს 3.2 მილიარდ აშშ დოლარს. საერთო ჯამში, IPO-ს შემდეგ Snap-ს ექნება დაახლოებით 1.16 მილიარდი აქცია გამოშვებული.
ყველაზე დაბალი მოსალოდნელი ნიშნულის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი Snap-ის IPO იქნება ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ყველაზე დიდი Alibaba-ს 2014 წლის IPO-ს შემდეგ. ის განთავსდება NYSE-ს ლისტინგში SNAP-ის სახელით.
IPO-ს წინ, გამომწერებს შორის არიან Morgan Stanley & Co LLC, Goldman Sachs & Co, JP Morgan Securities LLC, Deutsche Bank Securities Inc, Barclays Capital Inc და Credit Suisses Securities LLC.