ნახტომი სინგაპურის ეკონომიკაში

17 თებერვალს სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში სინგაპურის ეკონომიკა 12.3%-ით გაიზარდა მესამე კვარტალთან შედარებით. რისი მთავარი მიზეზიც წარმოების, მომსახურების სექტორისა და გარე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გახდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ სინგაპურის ეკონომიკა მთავრობის საპროგნოზო, 9.1%-იან მაჩვენებელზე მეტად გაიზარდა გასული წლის ბოლო სამ თვეში. მეოთხე კვარტალში მშპ-ს მკვეთრმა ზრდამ ასევე გაზარდა წლიური მშპ-ს ზრდის ტემპი – 2%-მდე. რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია მთავრობის 2016 წლის საპროგნოზო, 1.5%-იან, მაჩვენებელზე.

სინგაპურის მშპ 2016 წელს
16811005_10210097713032038_1034136994_o
წყარო: Bloomberg Lab TSU

2015 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 2016 წლის მეოთხე კვარტალში ზრდამ 2.9% შეადგინა, ზრდის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც დაგეგმილზე (1.8%-ზე) მაღალია.
ზრდაში ყველაზე დიდი წილი მოდის წარმოების სექტორზე, რომელიც 2016 წლის ბოლო კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაგეგმილი 14.6%-ის ნაცვლად 39.8%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროსაქონლისა და ფარმაცევტული სექტორები. ასევე გაიზარდა (0.8%-ით) სამშენებლო სექტორიც.

ციფრები აჩვენებს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ცვლილებებს. თუმცა ეკონომიკურ პროგნოზებში არსებული გაურკვევლობების გათვალისწინებით, სინგაპურის მთავრობა რეალისტურ პროგნოზს ინარჩუნებს მშპ-ს ზრდის 2017 წლის მაჩვენებელთან დაკავშირებით – 1%-დან 3%-მდე ფარგლებში.

ისევე როგორც აზიის ექსპორტზე დამოკიდებული ბევრი ქვეყანა, სინგაპურის მთავრობაც აკვირდება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას. უფრო ძლიერი აშშ-ს ეკონომიკა წაახალისებს გლობალურ ეკონომიკას, პროტექციონისტული პოლიტიკა კი შეაფერხებს საერთაშორისო ვაჭრობას.