რას გულისხმობს პარლამენტის დადგენილება კერძო საკუთრების უფლების ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ?!

თამარ აბაშმაძე

საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ. დებულება მიღებულია 2007 წლის 22 ნოემბერს.

რას გულისხმობს ეს დადგენილება?!
საყურადღებოა პირველი სამი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ამ დადგენილებამ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომ იმ საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საკუთრების შეძენის თაობაზე, წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში შეჩერდეს.
პრაქტიკული მაგალითის მიხედვით ეს შეიძლება ასე განვმარტოთ – მიღებული არის ქონების ლეგალიზების შესახებ კანონი და ამ კანონის თანახმად, მიუხედავად იმისა, თავის დროზე მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცათ თუ არა კანონიერად, მიუხედავად ქონების შეძენის საფუძვლისა, ეს ქონება ჩაეთვალოს კანონიერად. ლეგალიზების კანონის არსი სწორედ ესაა. თუმცა იგივე კანონმა დაუშვა გარკვეული გამონაკლისები, რაც ეხებოდა იმ ქონებას, რომელზეც უკვე წარმოება იყო დაწყებული, ანუ იყო რაღაც საეჭვო ვითარება, რამდენად კანონიერად გადაეცა თავის დროზე მოქალაქეს ეს ქონება და შესაბამისად საკითხის გამოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს.
თავის დროზე ბევრ ადამიანს ჩამოერთვა ბინები, აგარაკები და ა.შ. ამ დადგენილებით მოქალაქეებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჩამორთმევიათ ქონება და საკითხები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ადმინისტრაციულ ორგანოებში სამინისტროს რომელიმე განყოფილება იქნება, მერია თუ სხვა, განხილვის პროცესში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ამ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ერთი კვირის ვადაში შეწყვიტონ ამ საკითხების გამოძიება და შესაბამისად, ქონება, რომელსაც ედავებოდნენ მოქალაქეებს ჩაითვალოს მის საკუთრებად. პირველ პუნქტში დადგენილება იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დავა, რომელიც არის ადმინისტრაციულ ორგანოებში დღესდღეობით შეწყდეს.
მეორე პუნქტით დადგენილებამ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაავალა იმსჯელონ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე დავა სასამართლოში გაგრძელდეს თუ არა. პირველ პუნქტთან დაკავშირებით აღვნიშნეთ, რომ ვისაც უკვე ჩამოერთვა ქონება იმას ეს დადგენილება არ ეხება. მაგრამ მოქალაქემ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და კვლავაც მიმდინარეობს დავა. მეორე პუნქტი ეხება სწორედ იმ შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოქალაქეებმა გაასაჩივრეს სასამართლოში. ამ შემთხვევაში თვითონ ამ ორგანომ უნდა გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი. მართალია, პუნქტი იმპერატიულად არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაფერი სწორედ ამისკენაა მიმართული.
მესამე პუნქტი ეხება საგამომძიებო ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსაძიებელ საქმეებს. დაახლოებით 7000 ათასამდე საქმეს იძიებდა შსს და პროკურატურის შესაბამისი ორგანოები. ამ პუნქტის არსი ისაა, რომ საგამომძიებლო ორგანოებს დაევალათ გამოძიების შეწყვეტა. შესაბამისად ის ქონება, რომელიც ძიებაშია, ჩაითვალა საკუთრებად. თუმცა სადავოა რამდენად კანონიერია ეს პუნქტი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს, რა შემთხვევაში აქვთ საგამომძიებლო ორგანოებს უფლება და ვალდებულება შეწყვიტონ წინასწარი გამოძიება. ამდენად პარლამენტის დადგენილების საფუძველზე გამოძიების შეწყვეტას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ამ დადგენილებასთან შედარებით. იერარქიულად ის მაღლა მდგომი აქტია, შესაბამისად არ შეიძლება ამ დადგენილებით გაზარდო იმ ჩამონათვალთა წრე, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლი გამოძიების შეწყვეტას უკავშირებს?! გარდა ამისა, აქ შესაძლებელია სხვა რამ იმალებოდეს, კერძოდ, ის, რომ გამოძიების შეწყვეტა ითვალისწინებდეს მის განახლებას.
ალბათ ამ დადგენილების უკეთესად გასააზრებლად, იგი განხილულ უნდა იქნეს ქონების ლეგალიზების კანონთან მიმართებაში.
საერთოდ სადავოა ისიც, თუ რამდენად მართებული იყო ქონების ლეგალიზაციის შესახებ კანონის მიღება, რადგან ჩვენ გვაქვს მთელი რიგი კანონებისა, რომელიც ადგენს საკუთრების უფლების გარანტიებს. შესაბამისად ამ კანონის მიღება ალბათ არ იყო საჭირო.
რა არის ეს დადგენილება და რამ განაპირობა მისი საჭიროება?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თვლიან, რომ ეს იყო არჩევნების წინ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერისათვის მიეღწია.

კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ
ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით,
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში შეწყვიტონ საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით “ქონების ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
2. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღონ გადაწყვეტილება საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ სასამართლო დავის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით “ქონების ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
3. საგამოძიებო ორგანოებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში კანონის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით “ქონების ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
4. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და საგამოძიებო ორგანოებმა 2007 წლის 22 დეკემბრამდე წარმოუდგინონ საქართველოს პარლამენტს ინფორმაცია ამ დადგენილების პირველი მე-3 პუნქტების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

თბილისი,
2007 წლის 22 ნოემბერი.