ევროპა, ევროკავშირი და საქართველო
გიორგი ელიზბარაშვილი
ერთხელ ზევსი, ფინიკიის მეფის, აგენორის უმშვენიერესი ასულის-ევროპის დანახვამ მოხიბლა, თეთრი ხარის სახით გამოეცხადა და მოიტაცა. კონტინენტის დასავლეთ ნაწილს დაერქვა ევროპა და იქცა მსოფლიოს ცივილიზაციისა და კულტურის ოაზისად. ასე გრძელდებოდა დიდხანს მაგრამ არა მუდმივად. დასრულდა მეორე მსოფლიო ომი და გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეცვლილი აღმოჩნდა. ევროპას აღარ გააჩნდა საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული პირველობა აღარც ეკონომიკურ, აღარც პოლიტიკურ და აღარც ტექნოლოგიურ სფეროებში.
მართალია ეკონომიკურად აშშ-მ ბრიტანეთს ჯერ კიდევ 1880 წელს გადაუსწრო, მაგრამ ნაწილობრივ შტატების იზოლაციონალისტური პოლიტიკის და ნაწილობრივ ძველი, გამოყოლილი ინერციის წყალობით, ბრიტანეთი კვლავ ინარჩუნებდა გავლენებს. ევროპული სახელმწიფოები, ჯიუტად არ თმობდნენ კოლონიებს აფრიკასა და აზიის რეგიონში. მაგრამ 6 წლიანმა გამანადგურებელმა ომმა, რასაც წინ დიდი დეპრესია უძღოდა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მეტიც, თავად კოლონიზატორები დადგნენ ინტერვენციის საფრთხის ქვეშ. კონტინენტზე ერთი ბოროტება მეორემ დაამარცხა. მოხდა ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის ანექსია. პრაქტიკულად დაკარგეს დამოუკიდებლობა: ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა, ერთ დროს დიადმა უნგრეთმა. მოსკოვის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა ნახევარი გერმანიაც. და როგორც უინსტონ ჩერჩილმა განაცხადა ბალტიის შტეტინიდან, ადრიატიკის ტრიესტამდე დაეშვა რკინის ფარდა. საფრთხე, რომ ფარდას დასავლეთის მიმართულებით გადაენაცვლა სავსებით რეალური ჩანდა.
პირველი პრევენციული ნაბიჯი გახლდათ „მარშალის გეგმა.“ რისთვისაც 1947 წელს გამოიყო იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა 13$ მილიარდი. რაც 2017 წლის კურსით 142$ მილიარდს უთანაბრდება. აღნიშნული 2 მიზანს ემსახურებოდა 1) რუსული კომუნისტური ექსპანსიის შეჩერება 2) ეკონომიკურად ძლიერი პოლიტიკური პარტნიორების ყოლა. დახმარება მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა. თავად ევროპასაც უნდა ეღონა რამე. 1951 წელს დაფუძნდა „ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება“. დამფუძნებლები იყვნენ: საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იტალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები. გარდა ეკონომიკური გათვლებისა, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ომში გამარჯვებული და დამარცხებული სახელმწიფოები ერთ კავშირში გაერთიანდნენ. მართალია იტალია უკვე იყო ევროსაბჭოსა და ნატოს წევრი, მაგრამ არა გერმანია. ცივილიზებულმა სამყარომ გაითვალისწინა ვერსალის ხელშეკრულების დროს დაშვებული უპატიებელი შეცდომები, როდესაც დამარცხებული ქვეყანა ბოლომდე გაწირეს, რაც გახდა ნაციზმის აღზევების წინაპირობა. ბრიტანეთმა გაერთიანებაზე უარი განაცხადა, როგორც ყოველთვის იმ დროსაც ჭარბობდა კონსერვატიზმი, კუნძულოვანი მდებარეობის გამო ომისგან მიყენებული ზარალი შედარებით ნაკლები იყო და ასევე ნაკლები საფრთხის ალბათობა.
წლების მანძილზე გაერთიანება ფართოვდებოდა გეოგრაფიულად და ფუნქციურადაც. 7 გაფართოების შედეგად წევრ სახელმწიფოთა რიცხვმა 28-ს მიაღწია. 1973 და 1994 წლებში ნორვეგიამ რეფერენდუმის გზით 2-ჯერ თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. გაერთიანების წევრი არ არის ასევე რამდენიმე მაღალგანვითარებული სახელმწიფო: ისლანდია, შვეიცარია და ლუქსემბურგი. მის მიღმა არსებობენ მაღალგანვითარებული ჯუჯა სახელმწიფოებიც: ლიხტენშტეინი, ანდორა, სან-მარინო და მონაკო. 2016 წელს ბრიტანეთმა, ასევე რეფერენდუმის გზით, გამოთქვა სურვილი გაერთიანების დატოვებაზე. ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ერთგვარი სათავგადასავლო რომანია. კუნძულოვანმა სახელმწიფომ თავდაპირველად გაწევრიანებაზე დელიკატური უარი განაცხადა, შემდეგ სურვილი გაუჩნდა, მაგრამ დე გოლის წინააღმდეგობას წააწყდა, ბოლოს მაინც გაწევრიანდა. 2 წელიწადში კონსერვატორი პრემიერის ედვარდ ჰითის ეს ნაბიჯი ახალმა ლეიბორისტმა პრემიერმა ჰაროლდ ვილსონმა ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა რეფერენდუმზე მოსახლეობის 66%-მა გასვლაზე უარი განაცხადა. თეორიულად შესაძლებელია შოტლანდიამ დამოუკიდებლობაზე მეორედ ჩაატაროს რეფერენდუმი (შოტლანდიამ ევროკავშირში დარჩენას მისცა ხმა და 2015 წელს ამის გამო თქვა უარი დამოუკიდებლობაზე) და შემდეგ თავად გახდეს ევროკავშირის წევრი. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა აღნიშნული ფაქტი გამხდარიყო პრეცედენტი ნიდერლანდებისა და საფრანგეთისთვის, რაც არ მოხდა.
აღნიშნული დიდი ალბათობით გახდებოდა კოლაფსის წინაპირობა. განსხვავებით ბრიტანეთისგან, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა 1973 წელს, საფრანგეთი არის გაერთიანების ფორმალურად ერთ-ერთი რეალურად კი მთავარი დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი. საფრანგეთის ეკონომიკა უფრო მეტადაა ინტეგრირებული ევროპის სხვა ქვეყნებთან ვიდრე ბრიტანეთის. საფრანგეთი არის შენგენისა და ევროზონის წევრი, ბრიტანეთი კი არა. ამასთან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირში რჩება 2 ლიდერი სახელმწიფო გერმანია და საფრანგეთი. მიუხედავად დიდი რვიანის წევრობისა იტალიის ეკონომიკა ჩამორჩება მათ. საფრანგეთი ასევე არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. თუ ისიც დატოვებდა გაერთიანებას მთელი ტვირთი გერმანიას დააწვებოდა, მას ახლაც უწევს სამხრეთელების ტვირთის ზიდვა, რაც ქვეყანაში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს. ამასთან 1 გამორჩეული ლიდერის არსებობის შემთხვევაში შეიძლება უკმაყოფილების ტალღა წარმოქმნილიყო დანარჩენ ქვეყნებში.
ამ ყოველივეს ფონზე ჩნდება კითხვა რამ გამოიწვია ამ დონის უკმაყოფილება? განა ვინმე „ინგლისელობას ართმევდა“ მათ? რა საკვირველია არა. კრიზისი და უნდა ვაღიაროთ, რომ გასული 1 წლის მანძილზე მომხდარი ფაქტების ერთობლიობა კრიზისია, გამოწვეულია უზარმაზარი ბიუროკრატიით და შეცდომების კასკადით რაც ძირითადად კომიკურ დონემდე დასულ რეგულაციებში აისახება. აკრძალვების და ვალდებულებების მზარდი რიგი კი ზღუდავს როგორც ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას, ასევე ეკონომიკურ წინსვლას. სხვადასხვა შეფასებით ბრიტანეთი უსასრულო რეგულაციების შედეგად წელიწადში 40 მილიარდ დოლარზე მეტს კარგავდა. ეს ძალიან დიდი რიცხვია ბრიტანეთისთვისაც – ეკონომიკის 1.4%. ევროკავშირი რომ ქვეყანა იყოს შემოსავლებით 1 სულ მოსახლეზე 30-ე ადგილზე იქნებოდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჰონკონგს, მაკაუს ასევე მონაკოსა და ლიხტენშტეინს. შეიძლება არ იყოს ცუდი პოზიცია, მაგრამ საუკეთესოსაც ვერ დავარქმევთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ GDP-ით არ იწყება და არ მთავრდება ყველაფერი. HDI ადამიანური განვითარების ინდექსით, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემოსავლებსაც, მაგრამ უფრო კომპლექსურია და მეტი ფაქტორია გათვალისწინებული, ევროპის ქვეყნები, უპირობო ლიდერებად გვევლინებიან. პირველ ათეულში 7 ევროპული სახელმწიფოა, თუმცა მხოლოდ 4 მათგანია ევროკავშირის წევრი. საუკეთესო პოზიცია მე-4 0.926 ქულით 1-დან უკავია გერმანიას, ყველაზე ცუდ 56-ე ადგილს იკავებს ბულგარეთი 0.794 ქულით. შემოსავლებით პირველი ყატარი მხოლოდ 33-ე პოზიციაზეა, ჩამორჩება სლოვენიასა და მალტას. თავის მხრივ, საქართველო უსწრებს მექსიკასა და ჩინეთს.
ევროპის ერთიანობა გამოწვევების წინაშე დგას. ამ ერთიანობის იდეა ნამდვილად არ დაბადებულა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისტორია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება რომის იმპერიიდან. შემდეგ ფრანკთა სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია, ნაპოლეონისა და ჰიტლერის მიერ მახვილით გაერთინებული კონტინენტი. მთავარი განმასხვავებელი ბუნებრივია მეთოდებია ნებაყოფლობით გაერთიანება ძალადობის მაგივრად და გადაწყვეტილებების მიღება კონსესუსის გზით, იმპერიის დედაქალაქიდან მართვის მაგიერ. თუმცა ყველაფერი პირობითი და შედარებითია. თავის დროზე ევროკავშირში ზოგიერთი ქვეყანა ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით გაწევრიანდა, დღეს კი, როცა ინტეგრაცია ბევრად უფრო ღრმაა ვიდრე 30 ან 40 წლის წინ, თავს იკავებს გამოსვლისგან, რადგან მოკლევადიან მონაკვეთში საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება.
დღეს სულ სხვა ვითარებაა ვიდრე 66 წლის წინ. 6 სახელმწიფოს შეთანხმება წარმოების 2 დარგში ბევრად იოლია ვიდრე 28 სახელმწიფოს შეთანხმება უამრავ საკითხში, რომელთა ნაწილიც სუვერენიტეტის შელახვადაც აღიქმება. ეს ართულებს და დროში წელავს გადაწყვეტილებების მიღებას რაც ბუნებრივია ასახვას პოვებს ეკონომიკაზე. უბრალო უმრავლესობის გზით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება აზარალონ პატარა ქვეყნები. სრული კონსესუსის შემთხვევაში შეიძლება ნახევარმილიონიანი მალტა დანარჩენი ნახევარმილიადრიანი გაერთიანების წინააღმდეგ გაჯიუტდეს. საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით გადაწყვეტილებების მიღება ხდება სამი მეთოდით კონსესუსით, კვალიფიციური უმრავლესობით და ჩვეულებრივი უმრავლესობით. მთავარია იმის გარკვევა, რომელი საკითხი რომელს მიაკუთვნონ. რაოდენობრივ გაფართოებასთან ერთად, გეოგრაფიულმა გაფართოებამ გაერთიანებაში შეიტანა გაცილებით დიდი კულტურული სხვადასხვაობაც. ევროკავშირის ისტორიის განვითარების მანძილზე მის ერთ-ერთ მთავარ შეცდომად შეგვიძლია პოლიტიკური გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი მივიჩნიოთ. მაასტრიხტის ხელშეკრულების შემდეგ (1992) 3%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროზონაში მხოლოდ 3-ჯერ დაფიქსირდა ბოლოს 2007 წელს 3.02, ეს მაშინ როცა იქამდე ზრდა ზოგჯერ 6%-საც აჭარბებდა. ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა მთლიან ევროკავშირში. ეკონომიკურ საკითხებში უფრო იოლია მოლაპარაკების წარმოება, დათმობაზე წასვლა, ვიდრე პოლიტიკურ და სამართლებრივზე. არსებულ რეალობასთან შედარებით, გაცილებით ეფექტური იქნებოდა“საერთო ბაზარი“ გაფართოებული ფუნქციებით. გადაადგილების, შრომისა და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება, მაგრამ მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში. ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩეხეთის მოქალაქე შეწუხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუმინეთში ადამიანის უფლებები დაირღვა. ცოტა რთულია გავიგოთ ვინ ან რა მართავს დღეს ევროკავშირს. არსებობს რამდენიმე ინსტიტუტი 1) ევროპის პარლამენტი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც იმავდროულად პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს. 2) ევროპის საბჭო სადაც იკრიბებიან წევრი სახელმწიფოების მეთაურები, განსაზღვრავენ ძირითად პრიორიტეტებს, მაგრამ მაინც არ აქვთ საკანონმდებლო ფუნქცია. 3) ევროკავშირის საბჭო ოფიციალურად ითვლება გადაწყვეტილების მიმღებ ძირითად ორგანოდ, იზიარებს პასუხისმგებლობას ევროპარლამენტთან და შედგება წევრი სახელმწიფოების მინისტრებისგან 4) ევროკომისია პრაქტიკულად ევროკავშირის მინისტრთა კაბინეტი. 5) ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას. არ სჭირდება ბევრი ფიქრი იმას, რომ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს მაინც ევროპის საბჭო, სადაც წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან. და რეალურად რა ფუნქცია აკისრიათ დანარჩენ ორგანოებს, რა საერთო სარგებელი მოაქვთ? შეიძლება არადიპლომატიურად ჟღერდეს, მაგრამ პასუხია არაფერი, ოღონდ არა ზუსტი პასუხი, რადგან რეალურად მათ გარეშე ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, შესაბამისად უფრო მაღალი იქნებოდა წევრი ქვეყნების მოქალაქეების კეთილდღეობის დონეც. ბიუროკრატია ეკონომიკას რამდენიმე მიმართულებით წამლის. 1) პირდაპირი ხარჯი. შრომის ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯები. რა თქმა უნდა ბიზნეს კლასით მგზავრობა და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება, დამხმარე პერსონალი, გაზრდილი კომუნალური ხარჯი. რადგან თანხა არ გაედინება საკუთარი ჯიბიდან დაზოგვის სტიმული უაღრესად შემცირებულია. 2) სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღება დაგვიანებით, შესაბამისად შედეგიც დგება დაგვიანებით, ან საერთოდ არ დგება. 3) მუშაობა მუშაობისთვის. იმის გასამართლებლად და ასახსნელად, რომ მათ მართლაც გააჩნიათ რაიმე ფუნქცია და ტყუილად არ იღებენ ხელფასს, ხდება ათასი უაზრო რეგულაციის მიღება, რა თქმა უნდა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის, ან რაიმე სხვა სიკეთის სახელით. როცა მწარმოებელს უწესებ რაღაც სტანდარტს, ის იძულებულია მოახდინოს გადაიარაღება-გაზარდოს ხარჯი. ხარჯს ამოღება უნდა რის შედეგადაც იზრდება საბოლოო პროდუქციის ფასი. რეგულაციების ნაწილი უნდა არსებობდეს, როდესაც ზიანი ადგება სხვას, მაგალითად ავტომობილის გამონაბოლქვი, აქ აუცილებელია ზღვრული ნორმის დადგენა. საკვებზე უნდა იყოს მითითებული ბიოპროდუქტია თუ გენური ინჟინერიის ნაყოფი, მაგრამ ამავე დროს მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება რომელს შეიძენს. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია მოსაზრება, რომ თითქოს ბრიუსელში მაღალჩინოსანს უფრო მეტად ადარდებს ვილნიუსში, პრაღაში ან ტურინში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა ვიდრე თავად მათ, ან მათი ოჯახის წევრებს. ასეთი ვითარება აზარალებს პირველ რიგში მათ, ზრდის ევროსკეპტიკოსებს და თუ დავფიქრდებით ზარალი გვადგება ჩვენც. ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 3 წლის წინ მოვაწერეთ იქამდე უკვე მოქმედებდა “GSP+” რაც 7200 დასახელების საქონლის საბაჟო გადასახადს ანულებდა. მიუხედავად ამისა ხორცი, რძის პროდუქტები, თაფლი დღემდე ვერ გაგვიტანია ევროკავშირის ბაზარზე. 1 წლით დაიგვიანა უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამაც. თანახმა იყო ყველა, მაგრამ უსაშველოდ გაიწელა პროცედურები.
ევროკავშირი არ არის 1 სახელმწიფო, თუმცა იყო ასეთი იდეაც, რომ შექმნილიყო ევროპის შეერთებული შტატები, მაგრამ მაინც აქვს ერთიანი სახელმწიფოს გარკვეული ნიშნები. ეს კი ნიშნავს რაღაც დოზით, სიმდიდრის, კეთილდღეობის გადანაწილებას. გვინდა არ გვინდა ისევ ვადგებით ყბადაღებულ სოციალიზმს.
28-დან 11 სახელმწიფოს GDP PER CAPITA PPP აღემატება 40000$-ს მაშინ როცა იმდენივე სახელმწიფოს მშპ ჩამორჩება 30000-ს. არსებობს გამონაკლისი მაგალითად საქართველო და უკრაინა, არ ვართ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში განხორციელდა რუსეთის აგრესია, ასეთ დროს დახმარების სურვილი ბუნებრივიცაა, მაგრამ არა მფლანგველი საბერძნეთისთვის, რომელიც დიდი ალბათობით ვერასდროს მოახერხებს ვალის სრულად დაფარვას. უფრო უკეთ გასაგები რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს უწევს თუნდაც მცირე თანხის გაღება აფრიკის უღარიბესი სახელმწიფოებისთვის, სავარაუდოდ ეს არ მოგვეწონებოდა. საბერძნეთი არ არის ღარიბი სახელმწიფო, მაგრამ არც მდიდარია. ევროკავშირში შემოსავლებით ბოლოდან მეხუთეა, საქართველოს კი მხოლოდ 2.6-ჯერ აღემატება. ვალი მშპ-ს მიმართ კი 4.5-ჯერ. რა არის ცუდი იმაში, თუ საქართველოში მინიმალური პენსია გახდება 500 ლარი, მინიმალური ხელფასი საათში 5 ლარი, სოციალური დახმარება 300 ლარი… ცუდი ისაა, რომ არ ვართ საკმარისად მდიდრები, რათა ეს ხარჯები გავწიოთ. შეიძლება მეზობელმა სალონიდან გამოიყვანოს „ბენტლი“ ძალიან მაგარი, კომფორტული და ელეგანტური ავტომობილი, მაგრამ თუ შენი შემოსავალი წელიწადში 10000 ლარამდეა იყიდი 2001 წლის „ოპელს“. იმიტომ არა, რომ მოგწონს, უბრალოდ „ბენტლის“ ფული არ გაქვს. კარგია ცხოვრების დონე ავსტრიაში, ირლანდიასა და გერმანიაში, მაგრამ სამივე ქვეყანა ბევრად უფრო მდიდარია ვიდრე საბერძნეთი. მოქალაქეების კეთილდღეობის გასაზრდელად აუცილებელი პირობა შემოსავლების გაზრდაა. ვალი პრობლემის არცთუ გრძელვადიანი გადავადებაა. სხვის ხარჯზე ცხოვრება კი იოლია და რთულად დასათმობი. იგივე ბრიტანეთი ასეთი სისტემის გამო წელიწადში 12$ მილიარდ დოლარს კარგავდა. თუ შევკრებთ რეგულაციებისგან და ამ უკანასკნელისგან მიღებულ ზარალს მივიღებთ 56$ მილიარდს. ეს კი თითქმის 1.9%-ზე მეტია მთელი ეკონომიკის. გამოდის, რომ BREXIT ბრიტანელების ახირება კი არა, რაციონალური გადაწყვეტილება ყოფილა.
კრიზისის გამომწვევი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, თანამედროვე ნეოლიბერალიზმია. რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთი ადამიანის უფლებებს მეორის უფლებების ხარჯზე იცავს. უკანასკნელ პერიოდში ყველაზე მწვავედ მიგრანტების კრიზისი განიხილება. წუწუნი სამუშაო ძალაში კონკურენციაზე უსაფუძვლოა. დამსაქმებელს უმცირდება ხარჯი, რაც იწვევს პროდუქციის გაიაფებას, იზრდება მოხმარება. პრობლემაა დაუსაქმებელი მიგრანტების მიღება, დაბინავება, შემწეობის ხარჯები. ასევე გაზრდილი კრიმინოგენული ფაქტები, ტერორიზმი.
საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში, ლე პენმა ხმების 1/3 მიიღო. გარდა იმ 75%-იანი საშემოსავლოსი ბოლო წლებში, რამდენიმე კანონმა და ქმედებამ დაბადა სერიოზული კითხვები გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
1) კრიმინალიზებული გახდა 1915 წლის სომხების გენოციდის უარყოფა სასჯელის ზომა 1 წლიანი პატიმრობა და 45000 ევრო ჯარიმა
2) პოლიციამ დააკავა პირი ჰომოფობიის ბრალდებით. მიზეზი მაისური, რომელზეც გამოსახული იყო ტრადიციული ოჯახი დედა, მამა და 2 შვილი
3) სასამართლომ ქალაქ პუბლიეს ღვთისმშობლის ძეგლის აღება დაავალა
საბოლოო ჯამში ლე პენმა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მას ეყოლება სერიოზული წარმომადგენლობა პარლამენტში. ევროსკეპტიკოსების რაოდენობა იზრდება გერმანიაშიც და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. იმ შემთხვევაში თუ ბრიუსელმა პრობლემა ბოლომდე არ გააცნობიერა, მზარდი უკმაყოფილება აუცილებლად გამოიწვევს კოლაფსს და თუ ეს არ დადგა 2017 წელს დადგება 2022, 2025 ან 2028 წელს. ევროკავშირის კრიტიკა სულაც არ ნიშნავს ფაშისტობას და არც კრემლის დავალების შესრულებას. ნებისმიერ შემთხვევაში როცა აკრძალულია, თუნდაც არაოფიციალურად ვინმეს ან რამეს გაკრიტიკება ეს იმ საზოგადოების პრობლემის ნიშანია. არ აქვს მნიშვნელობა კრიტიკის ობიექტს პოლიტიკოსი, ისტორიული მოღვაწე, სასულიერო პირი, მმართველობის ფორმა, ნებისმიერი უმცირესობა. შეიძლება კრიტიკა იყოს უმიზეზო, უაზრო, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს დევნის საფუძველი. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ამტკიცოს რომ დედამიწა ბრტყელია. ჯანსაღი კრიტიკის აკრძალვა, სამომავლოდ კრიტიკის ობიექტს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის. როგრც ბევრ სხვას მეც მინდა ეკონომიკურად უფრო ძლიერი და სამართლიანი ევროკავშირის ხილვა. ამისთვის საჭიროა გადასახადებისა და რეგულაციების მკვეთრი შემცირება. მეტი მრავალფეროვნება, გამონაკლისების გარდა რაიმე ცვლილება გატარდეს 3, 7, 13 ქვეყანაში და არ ყველაში. ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების ვალდებულებების შემცირება. მიგრანტთა ნაკადის კონტროლი განსაკუთრებით პოტენციურად საშიში ქვეყნებიდან. მე სწორედ ასეთ ევკროვაშირში მსურს საქართველოს ხილვა.
დღეს აღარაა ევროპა ისეთი როგორიც გვახსოვს ისტორიის სახელმძღვანელოდან და XIX საუკუნის კლასიკური ლიტერატურიდან. წარსულს ჩაბარდა ის დრო როდესაც ბრიტანეთის კოლონიების საერთო ფართობი მეტროპოლიას 108-ჯერ აღემატებოდა, კოლონიებით ნიდერლანდები და ბელგიაც კი ამაყობდნენ. მთელი ევროპა უსუსური აღმოჩნდა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ სისხლისმღვრელი ომების შესაჩერებლად. (უფრო ადრე აფხაზეთის ომის სრული საშინელების შესახებ ვერც ბოლომდე ვერც გაიგო ცივილიზებულმა სამყარომ). საჰაერო ბურთი, ორთქლის ძრავი, ორთქმავალი, ავტომობილი, ტელეფონი, რადიო, ფოტოგრაფია ყოველივე ეს ევროპაში დაიბადა. დღეს კი ევროპას ჯერ კიდევ არ აქვს განხორციელებული პილოტირებული მისია კოსმოსში. ტელევიზორი, სმარტფონი, ლეპტოპი, მაცივარი ძალიან ცოტა ადამიანს თუ აქვს ევროპული წარმოების.
ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია, ევროპის და ევროკავშირის რამდენი ქვეყანა შედის მსოფლიოს ტოპ ათეულში, რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური პარამეტრის მიხედვით.
წყარო: მსოფლიო ბანკი; forbes.com*
მიუხედავად პრობლემებისა, საქართველომ უნდა განაგრძოს გზა ევროპისკენ. ევროპული არჩევანი 1999 წელს განცხადებით I am Georgian and therefore I am europian არ გაკეთებულა და არც სულხან-საბას მოგზაურობით დაწყებულა, მისი ფესვები ბევრად ღრმაა და სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე იღებს.
მითი არგონავტების შესახებ. რომელიც არ დაიბადებოდა ურთიერთობის არქონის შემთხვევაში. მოქმედება ხდება 33 საუკუნის წინ. 141-144 წლები ფარსმან ქველის სტუმრობა რომში და მისი ძეგლის აღმართვა. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკავა დარიალის კარის გასაღები აკავებდა ველურ ტომებს ევროპისკენ გასალაშქრებლად ამით კი გარკვეულ სარგებელს ვიღებდით ჯერ რომისგან და მერე ბიზანტიასთან ურთიერთობებში. 326 წელს ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ლამაზია მითი უეცარი დაბნელებისა და განათების შესახებ, ეს შეიძლება ერის არამატერიალურ საგანძურადაც მიიჩნიოთ, მაგრამ რეალობასაც არ უნდა მოვწყდეთ. ქვეყანამ მაზდიანურ ირანს ამჯობინა ქრისტიანული რომი, ანუ ევროპა და არა აზია. IV საუკუნე ფაზისის აკადემიაში განათლებას აღმოსავლეთ რომიდან ჩამოსულებიც იღებდნენ. დავით აღმაშენებელი 10 წელი უხდიდა ხარკს თურქ-სელჩუკებს და შეუწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ რაც 1099 წელს ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს. 1121 წელს დიდგორის ომში საქართველოს მხარეს მონაწილეობას იღებდა 100 ფრანგი ჯვაროსანი. ქართული ეკლესია-მონასტრები ფუძნდებოდა საბერძნეთში, კვიპროსში, ბულგარეთში. 1629 წელი პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი ქართულ-იტალიური ლექსიკონი გამოიცა რომში. 1709 წელი საქართველოშიც დაიწყო წიგნის ბეჭდვა, ანთიმოზ ივერიელის ხელშეწყობით XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე ქართველები განათლებას იღებენ ევროპაში და არა რუსეთში. 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გერმანიის ძალისხმევით გამოაცხადა.
ეს ძალიან მოკლე და არასრული ჩამონათვალია. პროცესი არ უნდა შეწყდეს და ახლავე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები გრძელვადიან უვიზო მიმოსვლაზე და დასაქმების უფლების მოპოვებაზე. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ საქართველო ევროპაა. ევროკავშირი კი ყველაზე დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება. მოწინავე ევროპული ქვეყნების კანონმდებლობის დაკოპირება საქართველოს ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგის მომტანიც კი იქნება, რადგან ამდენ რეგულაციას და ბიუროკრატიულ ბარიერს ვერ აიტანს, რა კეთილშობილური განმარტებებიც არ უნდა ახლდეს თან კანონს. უფრო მეტიც, თავად ბრიუსელი დგას ცვლილებების აუცილებლობის წინაშე, რის გარეშეც რთული გახდება ამ დიდი გაერთიანების ხილვა უახლოეს მომავალში.
*რუსეთი და თურქეთი მიჩნეულია ევროპად
HDI ინდექსი არ არის, წმინდად ეკონომიკური, თუმცა ყველაზე ახლოს დგას მასთან
ბიბლიოგრაფია
www.worldbank.org
www.economist.com
www.europa.eu
www.forbes.com