ტრამპის შეტევა ჯანდაცვის არსებულ რეფორმაზე და ცვლილებები საქართველოს სადაზღვევო სივრცეში

ქეთევან ქურდაშვილი
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა

2010 წელს ბარაკ ობამამ ამერიკის შეერთებული შტატების 111-ე კონგრესზე საყოველთაო დაზღვევა – „ობამაქეარის“ პროექტი წარადგინა. ეს არის ერთგვარი ასიგნაციები შტატების ღარიბებისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად. „ობამაქეარი“ ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან შევიდა. დონალდ ტრამპმა კი ის სულ ახლახანს გააუქმა. არსებული რეფორმა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 217-მა კონგრესმენმა, ხოლო 213 წინააღმდეგი იყო. რას წარმოადგენდა „ობამაქეარი“? ეს იყო „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აქტი“, რომლის მეშვეობითაც ფედერალურ და, ამავდროულად, შტატების დონეზე შეიქმნა ახალი დაზღვევის ბირჟები. არსებობდა ამ დაზღვევით სარგებლობის ორი ვარიანტი. პირველი – მოქალაქე თავისი სახსრებით ყიდულობდა სადაზღვევო პაკეტს, ან მეორე – დამსაქმებელი ფარავდა მისთვის დაზღვევის პოლისის ხარჯებს. ამ პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ანუ მათ, ვისაც არცერთი სახის დაზღვევა გააჩნდა, სახელმწიფო ნაწილობრივ ან, ზოგ შემთხვევაში, მთლიან სუბსიდირებას უკეთებდა. დაფინანსების ეს საშუალება საკმაოდ ცნობილი და აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, რომლის ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და შედარებით მცირე დანახარჯების მქონე სისტემად. აქ სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს დაფინანსების მთავარ წყაროს და, ამავდროულად, ცენტრალიზებული დაფინანსება მკურნალობის ღირებულების ზრდის შეჩერების კარგ საშუალებას იძლევა.

რა თქმა უნდა, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ტრამპის მიერ გატარებულ ამ რეფორმაზე. რესპუბლიკელები მთლიანად მხარს უჭერენ დონალდ ტრამპს, მაშინ როცა დემოკრატებისთვის მის მიერ გატარებული კონკრეტული ქმედებები გაუმართლებელია. დემოკრატების აზრით, კანონპროექტი მილიონობით ამერიკელს დაზღვევის გარეშე დატოვებს. ვერმონტის სენატორმა, რომელიც ლიბერალებში პოპულარობით სარგებლობს, ბერნი სანდერსმა განაცხადა, რომ მიღებული კანონპროექტი ამერიკელი ხალხისთვის სრულიად შეუსაბამოა და გაცილებით მეტ პრობლემებს წარმოქმნის.
როგორც ჩანს, ტრამპისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ის მაჩვენებელი, რომელიც იხარჯებოდა ჯანდაცვასა და კონკრეტულად დაზღვევაზე, არ იყო მიზანშეწონილი. ამან კი გამოიწვია აშშ-ში უფასო საყოველთაო დაზღვევის ,,ობამაქეარის“ გაუქმება.

ტრამპმა ამ ნაბიჯის გასამართლებლად ,,ობამაქეარით“ გამოწვეული ეკონომიკური ტვირთი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საყოველთაო დაზღვევით დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი სარგებლობდა. რა მოხდება ამის შემდეგ? როგორ შეიცვლება რეგულაციები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც პრეზიდენტმა ,, ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა, მის სამომავლო გეგმებში ნამდვილად შედის ყველა მოქალაქის დაზღვევა. დონალდ ტრამპის გეგმა აუცილებლად ორიენტირებული იქნება დანახარჯების შემცირებაზე. მის მთავარ მიზანსაც სწორედ რომ არსებული დანახარჯების მინიმიზაცია წარმოადგენდა, მაშინ როცა „ობამაქეარის“ გაუქმებას მოაწერა ხელი.

საინტერესოა თუ რა სიტუაციაა ჯანდაცვის მხრივ საქართველოში

2017 წლის 23 იანვრისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ფსიქიკური დაავადებების პროგრამის დაფინანსების შემცირებას აპირებს, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა რესპუბლიკური პარტიისგან. ეს ქმედება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ კონვენციით დაწესებული ვალდებულებების შესრულებისას. ამ კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მსგავსი პროექტებისთვის დაფინანსების შემცირებას ოპოზიცია არ ეთანხმება.

უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ახალი სადაზღვევო წესები სრულიად ცვლის არსებულ სურათს. ეს არის, ერთგვარად, პროგრესული დაბეგვრის მექანიზმის მსგავსი (გადასახადების გადახდა განისაზღვრება შემოსავლების მიხედვით, მეტი შემოსავალი-მეტი გადასახადი) დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები თითქმის ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევით. სახელმწიფო კი, ამის სანაცვლოდ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახარჯავს მეტ თანხას.

ახალ პროგრამაში 19 ჯგუფია გამოყოფილი : 0-დან 6 წლამდე ბავშვები, 6-დან 18 წლამდე მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც სახელმწიფო ყველაზე მეტად დააფინანსებს.

ქვეყანაში იმოქმედებს განსხვავებული პაკეტები, რომელთა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება პირადი შემოსავალი. შესაბამისად, გამოიყო 4 ჯგუფი: მაღალშემოსავლიანთა ჯგუფი, საშუალოშემოსავლიანთან ჯგუფი, დავალშემოსავლიანთა ჯგუფი და სოციალურად დაუცველები. მთავარი მიზანი, ისევე როგორც ამერიკაში ტრამპის რეფორმა, იყო დანახარჯების შემცირება და ბიუჯეტის სხვაგვარად განაწილება.
2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველოს მმართველმა პარტიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აამოქმედა. პროგრამა ითვალისწინებდა იმ პირების დაზღვევასაც, რომლებიც უკვე სარგებლობდნენ რომელიმე სახის კერძო დაზღვევით. ამის შესაბამისად, რა თქმა უნდა, საყოველთაო დაზღვევის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საბიუჯეტი დანახარჯების ზრდა გამოიწვია.
არსებული მონაცემებით, 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გათვალისწინებული 470 მილიონი ლარის ნაცვლად 573 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2016 წელს კი დაგეგმილი 570 მილიონი ლარი წლის ბოლომდე 645 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული საფრთხეა.

რა არის არსებული პრობლემა ორივე სახელმწიფოს შემთხვევაში? ეს დანახარჯების ზრდაა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაუგეგმავად ხდება. დაგეგმილი რეფორმებიც, სწორედ, ამ პრობლემის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

გამოყენებული წყაროები:
www.telegraph.co.uk
edition.cnn.com
matsne.gov.ge
bpi.ge