აგრარული სექტორი, გამოწვევები და შესაძლებლობები
გიორგი ელიზბარაშვილი
სოფლის მეურნეობა, ესაა სფერო რომლის შესახებაც საქართველოში ყველა ლაპარაკობს, ყველას გააჩნია საკუთარი აზრი, ან ჰგონია რომ გააჩნია. ბევრი ისეთია, რომელსაც არასდროს ჰქონია თუნდაც 0.1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. თემა პოლიტიკურად მუდამ აქტუალურია. დაპირებები უხვი. შედეგი კი ნულს მიახლოებული.
ცეცხლის დამორჩილებისა და ლითონის დნობის შესწავლის შემდეგ, ცივილიზაციის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული უმთავრესი ნაბიჯი სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენდა. ადამიანმა შეწყვიტა მომთაბარეობა, რამაც სახელმწიფოების წარმოშობას დაუდო სათავე. ამ დროიდან რამდენიმე ათასი წელი, ვიდრე პირველ ინდუსტრიულ რევოლუციამდე, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის მართლაც წამყვან დარგს წარმოადგენდა. მცირე იყო წარმოების წილი, მომსახურების სფერო, კი თითქმის არ არსებობდა. ფეოდალიზმის პირობებში, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნდა უფლებები და სიღატაკეში ცხოვრობდა. XVII-XIX საუკუნეებში ომებისა და რევოლუციების პარალელურად, სოფლის მეურნეობა წარმოებამ ჩაანაცვლა, ფეოდალიზმი კაპიტალიზმმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი განვითარებულ ქვეყნებში დომინანტი მომსახურების სფერო გახდა. დღესაც განვითარებულ ქვეყნებში მომსახურების წილი 65-70 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, წარმოების 25-30 პროცენტის ფარგლებში ხოლო სოფლის მეურნეობის წილი კი 1 ან 2 პროცენტს ძლივს აღწევს.
ხშირად გვსმენია, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა, ვაზის სამშობლო და სწორედ ამ კუთხით უნდა განვვითარდეთ, თუ გვსურს რაიმეს მიღწევა. ეფექტიანობა რომ უნდა გაიზარდოს 1 ჰექტარზე მოყვანილ მოსავალზე, ან 1 სკიდან ამოღებულ თაფლზე ამაზე არავინ დაობს. მაგრამ უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადება უბრალოდ დილეტანტიზმია. მსოფლიოში 2 სახელმწიფოა სადაც სოფლის მეურნეობის წილი 50%-ს აჭარბებს. სიერა ლეონე 61.3% და ჩადი 52.4%. ბევრისთვის საოცნებო შვეიცარიაში კი მხოლოდ 0.7%. საქართველოში 9.2%.
წყარო: მსოფლიო ბანკი
2 სვეტს შორის სხვაობა იმდენად აშკარაა, რომ რაიმე დამატებით კომენტარს აღარც საჭიროებს.
რეალურად პრობლემები სექტორში მართლაც არსებობს, მიზეზი კი იმისა, თუ „ამ ბარაქიანი მიწის პატრონებს“ რატომ გვიწევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი მეზობელი თურქეთიდან, არც მსოფლიო შეთქმულებაა, არც რომელიმე მასონთა ლოჟის ახირება. მიზეზი დაბალი ეფექტიანობაა. სხვა სიტყვებით მარგი ქმედების კოეფიციენტია დაბალი. ქართული პომიდვრის და კარტოფილის გაყიდვას არავინ კრძალავს, მაგრამ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც მოჭარბებულ იმპორტზე გამოთქვამენ პრეტენზიას, ბაზარში ქართული პროდუქციის გვერდით იმპორტირებულს ყიდულობენ. რატომ? იმიტომ რომ იაფია. რატომ ხდება, რომ საზღვარგარეთ წარმოება და ტრანსპორტირება ჯამში უფრო იაფი ჯდება ვიდრე ადგილობრივი პროდუქცია? მას აქვს რამდენიმე ახსნა
• მცირემიწიანობა
• ტექნოლოგიების უქონლობა
• თანამედროვე ცოდნის უქონლობა
• სასათბურე და სამაცივრე მეურნეობების უქონლობა
• გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე
• დაბალი ცნობადობა
ნებისმიერ სფეროში არსებობს მასშტაბის ეფექტი. დანახარჯი 100 0.2 ჰექტარი ფართობის მიწაზე გაცილებით მეტია ვიდრე 1 20 ჰექტრიანზე. იზოგება როგორც სწავავის, ასევე სასუქის, შხამ-ქიმიკატების, ტრაქტორის ან კომბაინის მომსახურებისა და მუშახელის ხარჯი. პარადოქსულია, მაგრამ დღეს გლეხი მიწას ისევ გუთნით ხნავს და ზურგზე აპარატმოკიდებული წამლის. რანაირად შეუძლია გაუწიოს კონკურენცია ფერმერს, რომელიც შეწამვლას თვითმფრინავიდან ახდენს? გარდა ამისა გლეხს მოჰყავს იგივე მოსავალი რაც მოჰყავდა მამამისს და პაპამისს. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. ფასები, მოთხოვნა. მოგების გასაზრდელად საჭიროა როგორც მიწის ლაბორატორიული კვლევა, ასევე ბაზრის ანალიზი. ყოველივე ეს არ ხდება საქართველოში.
ცალკე თემაა გადამუშავების პრობლემა. ფაქტიურად ვახდენთ მხოლოდ ყურძნის გადამუშავებას. დანარჩენი პროდუქცია იყიდება ნედლეულის სახით. კარგია, რომ გაიზარდა თხილის ექსპორტი, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნებოდა შოკოლადის ექსპორტი. მეტი იქნებოდა ფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, ბიუჯეტში გადახდილი თანხის ოდენობა. ასევე ნედლეულის სახით ხდება ხილისა და ციტრუსის ექსპორტი. ძალზე ცოტა ნატურალური წვენებისა და ლიმონათების. აღნიშვნის ღირსია ცნობადობაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეალურად არის ვაზის სამშობლო, ქართული ღვინის ფასი ევროპულს ბევრად ჩამოუვარდება, მთავარი მიზეზი ცნობადობის ნაკლებობაა. არის ფალსიფიცირების შემთხვევებიც, მაგრამ მთლიანობაში მისი როლი არც ისე დიდია. 2017 წლის პირველ 4 თვეში ღვინის ექსპორტი (ბოთლების რაოდენობა) 59%-ით გაიზარდა 18.4 მილიონამდე, იგივე ექსპორტი დოლარებში გამოხატული კი მხოლოდ 54%-ით 41.4$ მილიონამდე. ექსპორტის ზრდა კარგია, მაგრამ ამ მონაცემებით ირკვევა, რომ საექსპორტო ფასი საშუალოდ 1 ბოთლ ღვინოზე 2.32$-დან 2.25$-მდე შემცირებულა, რაც არასახარბიელო მაჩვენებელია. ქართული ღვინო, რომ ფასით მიუახლოვდეს ფრანგულს ან იტალიურს საჭიროა წლების მუშაობა, ხარისხის გაუმჯობესება, მარკეტინგული კამპანიები.
როგორც სხვა სფეროებში, აგრარულ სექტორშიც იმპორტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპორტს.
მართალია პირველი 5 საექსპორტო პროდუქტის ღირებულებამ 2016 წელს შეადგინა 500$ მილიონი, იმპორტისა კი 362$, მაგრამ საერთო ჯამში მაინც იმპორტი სჭარბობს, თუმცა შეინიშნება სხვაობის შემცირება.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, გასული 10 წლის განმავლობაში პროდუქციის საერთო გამოშვება 72%-ით გაზრდილა. მას კარგ მაჩვენებლად ჩავთვლიდით, რომ არა, ძალიან სუსტი სასტარტო მდგომარეობა.
გაჩნდა იდეა, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის ძალითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ შეძლებს მიწის ყიდვას. შემოთავაზებას მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა აქვს. ძნელი გასაგებია, რატომ აქვთ ეს მოთხოვნა ქალაქის მაცხოვრებლებს, რომელთაც არ გააჩნიათ მიწა, ანუ ისინი სახლიდან გაუსვლელად წყვეტენ სოფლად მაცხოვრებლების ბედს. უფრო ძნელი გასაგებია როცა მოწინააღმდეგეებად თავად სოფლის მაცხოვრებლები გვევლინებიან, რადგან ამ გადაწყვეტილებით მცირდება მიწის ღირებულება, ანუ მცირდება მათი ქონება, ისინი კიდევ უფრო ღარიბდებიან. და ანეკდოტურია სიტუაცია, როცა იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ხმამაღლა სასტიკად ეწინააღმდეგებიან მიწის მიყიდვას უცხოელებზე, თავად სიამოვნებით დასთანხმდებოდნენ თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ. გარკვეული ოდენობის მიწა უკვე აქვთ ინდოელებს და არაბებს ეს მიწა მათ სწორედ გლეხებისგან იყიდეს. ოპონენტი იტყვის, რომ მორატორიუმამდეც ინვესტიციას არასდროს გადაუჭარბებია 16$ მილიონისთვის, რასაც არსებითად დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. თუ ადრე არ განხორციელებულა ინვესტიცია, ეს იმას არ ნიშნავს რომ არც მომავალში განხორციელდება. აკრძალვა ეხება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. სურვილის შემთხვევაში მიწის სტატუსის ცვლილებას მხოლოდ რამდენიმე საბუთზე ესაჭიროება ხელმოწერა რასაც თან ახლავს კორუფციის რისკი. ახალი სეპარატისტული ანკლავები, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა მხოლოდ ილუზორული შიშებია. ბაზრის გახსნის შემთხვევაში არც გავჩინელდებით, არც გავინდოელდებით რადგან მოთხოვნის გაზრდისას გაიზრდება ფასი, ფასის გაზრდა შეამცირებს მოთხოვნას. ერთადერთი მიზეზი რის გამოც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ ინტერესი ქართულ მიწაზე ესაა მისი დაბალი ფასი. მათი რაოდენობა არ იქნება კრიტიკული, ამას გარდა ბინადრობის მოწმობა არ მისცემს მათ რაიმე პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენების უფლებას. აკრძალვა უნდა ეხებოდეს მხოლოდ საზღვრისპირა მიწებს. კონსესუსის შემთხვევაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებსაც, თუმცა გაუგებარია რატომ აქვს დღემდე სახელმწიფოს 400 000 ჰექტრამდე მიწა საკუთრებაში, იდეაში ის უნდა გაიყიდოს აუქციონზე და იყიდოს მან ვინც მეტს გადაიხდის. მიწის გაყიდვა ტერიტორიის გაყიდვასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. როდესაც მიწას კახეთში, იმერეთსა თუ გურიაში ამუშავებს ინდოელი თუ ესპანელი ამ მიწაზე მოქმედებს საქართველოს და არა ინდოეთის ან ესპანეთის კანონმდებლობა.
თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1991 წელს დაიწყო. თუმცა, იმავე წელს მომხდარმა პუტჩმა განვითარებას ყველა მიმართულებით დიდი დაღი დაასვა. მიწის პრივატიზაცია ჩატარდა დარღვევებით და გაუგებარი მეთოდებით. კოლექტივიზაციის დროს 1928 წელს და შემდგომ პერიოდში მთელი მიწა სახელმწიფომ დაისაკუთრა და შემდეგ გლეხებს ძალიან მცირე ნაწილი გადასცა კერძო მფლობელობაში. სამართლიანი იქნებოდა, რომ სწორედ ის მიწები დაებრუნებინათ პირვანდელი პატრონების და მათი მემკვიდრეებისთვის. ბევრმა, ვისაც ჰქონდა დიდი ზომის მიწის ნაკვეთი სახლთან ახლოს, მიიღო იმის ნახევარი ან უფრო მცირე სახლიდან მოშორებით. სამაგიეროდ იმავე პერიოდში ადამიანების ნაწილმა ხელი მოითბო. დღეს ამის გამოსწორება უკვე ძალიან გვიანია. თუმცა შესაძლებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პრივატიზაცია.
2013-2016 წლებში 0.5 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა იაფი აგრო კრედიტის, ვაუჩერებისა და აგროდაზღვევის პროგრამებში. მათგან ნაწილობრივ გამართლებულად მხოლოდ აგროდაზღვევა შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი თანხა უმჯობესი იქნებოდა მოხმარებოდა ფერმერთა ცოდნის ამაღლებას. აგრეთვე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-იმპორტზე საგადასახადო შეღავათების დაწესება. დაზღვევა თავისი არსით სასარგებლო პროდუქტია, სახელმწიფომ უკვე დახარჯა ამ მიმართულებით თანხები. ამ ეტაპისთვის ურო გამართლებული იქნება მისი პოპულარიზაცია და არა დაფინანსება. ნებისმიერ შემთხვევაში მისი შეძენა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. არ შეიძლება ადამიანებს კანონით ვაიძულებდეთ რაიმე ქმედებას და თან ვარწმუნებდეთ, რომ ეს ისევ მისთვისაა კარგი.
დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის განთავსება კახეთში, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ზარალი მნიშვნელოვნად შეამცირა. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ეს არაა პანაცეა. ყოველთვის ვერ ხერხდება საჭირო რაოდენობის რაკეტების სროლა, ერთ-ერთი მიზეზი ავიაფრენებია.
ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება, რაც კარგია, თუმცა ექსპორტის 60%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. ეს კი საფრთხის შემცველია, რადგან იზრდება პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები. გავიხსენოთ თუნდაც 2006 წლის ემბარგო.
ასოცირების ხლშეკრულებას ბოლომდე ვერ ვიყენებთ სტანდარტებისა და რეგულაციების მიზეზით. ამ მხრივ შესაძლოა უფრო მეტი სარგებელის მომტანი აღმოჩნდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან რომელიც სავარაუდოდ 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სახელმწიფომ ასევე უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ. აშშ-სთან კითხვები ნაკლებია. ინდოეთი დღეს ჩვენზე ღარიბია, თუმცა 7-8 პროცენტით იზრდება ყოველწლიურად, რაც მას დიდ პერსპექტივას ანიჭებს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს თავისუფალი წვდომა ექნება მსოფლიო მოსახლეობის 45%-თან რომელთაც გააჩნიათ მსყიდველობითუნარიანობის 2/3-ზე მეტი.
სოფლის მეურნეობა მხოლოდ მემცენარეობას არ მოიცავს, ის ასევე აერთიანებს მეცხოველეობას, მეფუტკრეობას, მეთევზეობას. პრობლემები მეტ-ნაკლებად მსგავსია. მცირეა ფერმერული მეურნეობა. შინაურ ცხოველებს არ უტარდებათ აცრა, გამოკვლევები, არ აძლევენ სპეციალურ პრეპარატებს, რის გამოც მაღალია სიკვდილიანობა. დაბალია სელექციის დონე. ექსპორტი უმნიშვნელო. შავი ზღვის აუზის ქვეყანა ვახორციელებთ 4 მილიონი დოლარის თევზის ექსპორტს, დაახლოებით იმდენივეს იმპორტს, ოღონდ მას ემატება 5 მილიონის კონსერვი და 26 მილიონის გაყინული თევზი. მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრებაში რაოდენობრივად საკმაოდ ბევრი ტბაა, მეტწილად ხელოვნური, დარგის განვითარება მაინც ვერ ხერხდება. მდინარეში თევზჭერას მისი დაბინძურება აფერხებს.
ქვეყანას აქვს ასევე ბიომეურნეობის განვითარების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს მხოლოდ ბუნებრივ სასუქს, შესაწამლი მასალის და ნებისმიერი ქიმიური დანამატის გამოუყენებლობას. აქ სწორად უნდა იყოს გაგებული. ვაზი, რომელსაც სჭირდება მოწამვლა და არ მოიწამლება არ იქნება ბიოპროდუქტი, ის უბრალოდ იმდენად გაფუჭდება, რომ არ ჩაიბარებს არც ერთი ქარხანა. ბიომეურნეობები უფრო მეტს თუ არა ნაკლებ შრომასაც არ მოითხოვს. მოსავლიანობა ბევრად მცირეა, რთული საშოვარია და ძვირია სათესლე მასალა, სამაგიეროდ გაცილებით მაღალია სარეალიზაციო ფასი. ამ მიმართულებით შესაძლებელი ევროპის ბაზრის დაინტერესება.
თანამედროვე სამყაროში ისეთი პროცესებიც იმკვიდრებენ ადგილს როგორებიცაა ვერტიკალური თესვა და თესვა წყალზე. ბრიტანეთში ხელოვნური ხორციც კი გამოუშვეს. ცხადია საქართველოს ამ ეტაპზე მსგავსი პროექტების განხორციელება არ შეუძლია. ის რისი გაკეთებაც შეუძლია არის ეფექტიანობის გაზრდა, ინვესტიციების მოზიდვა. მიწას არავინ იყიდის იმისთვის რომ უქმად მიატოვოს, თუ ფულს დებს და რისკს წევს, ინვესტირებასაც მოახდენს. მასთან ერთად აუცილებლად გასავითარებელია სამაცივრე და სასათბურე ტექნოლოგიები, დაზღვევის კულტურა, მაგრამ არა იძულებითი. სექტორი კი ამოვარდნილად ვერ განვითარდება. არაფერი გამოვა, თუ კიდევ უფრო მაღალი ტემპით არ განვითარდა წარმოებისა და მომსახურების სფეროები. საქართველოს წილი 9.2% მაღალია, მაგრამ კატასტროფულია დასაქმებულთა რიცხოვნობა – მსოფლიო ბანკის ანგარიშით 2014 წელს ეს მაჩვენებელი 51%-ს აღწევდა. ეს უკანასკნელი მთლად ვერ ასახავს რეალობას. სწორედ ამ წელს ჩატარდა აღწერა, რომლის მიხედვითაც სოფლად 42.8% სახლობდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სოფელში ალტერნატიული დასაქმების წყარო მხოლოდ სკოლა და მაღაზიაა, ასევე იმ ფაქტს, რომ მცირე ზომის ქალაქებში ბევრს აქვს მიწის ნაკვეთი, მაშინ დგინდება, რომ თუ 51% არა 41% მაინც არის ჩართული დარგში. ეს კი 4.5-ჯერ მეტია მის წილზე ეკონომიკაში. როცა მოსახლეობის 40%-ზე მეტი ქმნის დოვლათის 9%-ს პრობლემა უკვე ზედაპირზეა. ურბანიზაციის და ეკონომიკის სხვა დარგებში დასაქმებულთა რიცხვის ზრდის გარეშე კი მიწების გამსხვილება კი ბავშვისთვის ძილის წინ მოყოლილ ზღაპარს ჰგავს. მომსახურების და წარმოების განვითარებას კი სჭირდება ისევ და ისევ მაღალი ეკონომიკური ზრდა. იყო დრო როდესაც ყველა გზა რომში მიდიოდა, დღეს ყველა გზა მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე გადის.
ბიბლიოგრაფია:
www.geostat.ge
www.moa.gov.ge
www.worldbank.org