განახლებადი ენერგია-საქართველოს აუთვისებელი რესურსი

გიორგი ელიზბარაშვილი

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ენერგეტიკა ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ის გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველა ფენაზე, მსხვილ თუ მცირე ბიზნესზე, მთლიანად სახელმწიფოზე. ენერგეტიკა ქვეყნის პარალელურად ვითარდება. ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება და შემცირებასთან ერთად კლებულობს როგორც წარმოება ასევე მოხმარება. ნებისმიერი სახის ენერგიის მოხმარება, იქნება ეს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, თუ ნავთობი, განვითარებულ ქვეყანაში შეუდარებლად მაღალია განვითარებად ქვეყანაზე. 2014 წლის მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ისლანდიაში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, ნიკარაგუის მაჩვენებელს 93-ჯერ აჭარბებდა, ხოლო ეთიოპიას 769-ჯერ. საქართველოს კი 20-ჯერ.

ენერგიის მოხმარება პირველი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. დღეს მსოფლიო წლიური მოხმარება ასე გამოიყურება
35 მილიარდი ბარელი ნავთობი
3,7 ტრილიონი მ3 ბუნებრივი აირი
7.9 ტრილიონი ტონა ქვანახშირი
23.54 ტრილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია

საქართველო ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით არ გამოირჩევა. 2016 წელს მოპოვებულ იქნა 38.5 ათასი ტონა ნავთობი, მოხმარების 4%-ზე ნაკლები. თუმცა მაინც 100%-ით ვართ დამოკიდებული იმპორტზე რადგანაც არ არსებობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ბუნებრივი აირის წილი კი უფრო მცირეა მხოლოდ 6მ3 მილიონი. მოხმარების 0.3%. რამდენჯერმე გაჟღერდა სენსაციური ინფორმაცია, თითქოს საქართველო ფლობდა ტრილიონობით კუბურ მეტრ ბუნებრივი აირისა და ასეულობით მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგს, მაგრამ ინფორმაცია ყოველთვის ბლეფი აღმოჩნდა, პირიქით არსებული მოპოვებაც კი წლიდან-წლამდე მცირდება. ელექტროენერგიის კუთხით სიტუაცია გაცილებით უკეთესია, თუმცა არც აქ ვართ ბოლომდე დამოუკიდებლები. კერძოდ 2016 წელს მოხმარებამ შეადგინა 11.026 მილიარდი კვტ/სთ. იმპორტმა 479 მილიონი კვტ/სთ. ხოლო ექსპორტმა 559 მილიონი კვტ/სთ. მართალია ექსპორტმა გადააჭარბა იმპორტს, მაგრამ მთელი ექსპორტი განხორციელებულია პრაქტიკულად 3 თვეში, 9 თვე კი დეფიციტურია და დგება იმპორტის აუცილებლობა. 2017 წლის პირველ 4 თვეში კი უკვე მოვახდინეთ 887 მილიონი კვტ/სთ-ს იმპორტი, ანუ 1.85-ჯერ მეტი ვიდრე შარშან მთელი წლის მანძილზე, რაც გამოწვეულია როგორც მოხმარების ზრდით, ასევე წარმოების შემცირებით, თავის მხრივ ეს უკანასკნელი აიხსნება ენგურჰესის 2 კვირიანი გაჩერებით და მდინარეების ჩამონადენის კლებით.

საქართველოს არ გააჩნია წიაღისეული საწვავი, მაგრამ გვაქვს განახლებადი ენერგიის ძალიან დიდი რესურსი. ჰიდროპოტენციალით ქვეყანა ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. გასათვალისწინებელია ქარისა და მზის ენერგიაც. აღნიშნული უპირატესობა დღეისთვის ძალიან დიდია. წიაღისეული საწვავი ამოწურვადია, განახლებადი არა. წიაღისეული აბინძურებს გარემოს, იწვევს გლობალურ დათბობას განახლებადი არა. წიაღისეულმა თითქმის უკვე ამოწურა თავის თავი, განახლებადის მოხმარება და მასში ინვესტირება კი სულ უფრო და უფრო იზრდება. ელექტროენერგია, თუნდაც წიაღისეული საწვავით მიღებული ისედაც სპეციფიურია და გამოირჩევა სხვა სახის ენერგიისგან. წარმოება და მოხმარება, დროში ერთმანეთს ემთხვევა, მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 1 წამზე ნაკლები სჭირდება. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამედიცინო აპარატურა, წარმოების საშუალებები, მცირე ზომის ფაბრიკა თუ მსოფლიო მნიშვნელობის ქარხანა ყოველივე საჭიროებს ელექტროენერგიას. სწორედ ამიტომ, მისი მოხმარება სხვაზე მეტად იზრდება. 1973-2013 წლებში ყველა სახის ენერგიის მოხმარება გაიზარდა 122%-ით 6.1 ტრილიონი ტონა ნავთობის ექვივალენტიდან 13.54-მდე, თითქმის იმავე პერიოდში 1972-2012 წლებში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ შეადგინა 269.8% 6.13 ტრილიონი კვტ/სთ-დან 22.67-მდე. ტენდენცია დღესაც მზარდია.

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 1887 წელს დაიწყო. როგორც წარმოებამ, ასევე მოხმარებამ კი პიკს 1989 წელს მიაღწია და შემდგომი 4 წლის მანძილზე განუხრელი კლებით ხასიათდებოდა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კი შეინიშნება ისევ ზრდა*.

1

ელექტროენერგიის მოხმარება ევროპის პატარა არც თუ ისე მდიდარ სახელმწიფოებში გაცილებით მაღალია.

2

თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთის მოხმარებასაც, რომელიც ფაქტობრივად უკონტროლოა და მუდმივად მზარდი, საქართველოს მაჩვენებელი კიდევ 200 კვტ/სთ-ით შემცირდება.

ასეთი მოცემულობის დროს არსებობს რამდენიმე გამოსავალი 1) გავზარდოთ იმპორტი, რაც გაზრდის როგორც ენერგოდამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე, ასევე იმპორტზე დამოკიდებულებას და გააუარესებს ისედაც მძიმე სავაჭრო ბალანსს. 2) გავზარდოთ წარმოება თბოსადგურების მეშვეობით. რადგან არ გვაქვს საკუთარი ბუნებრივი აირი ამ მიდგომას მივყავართ ისევ იმპორტამდე და ენერგოდამოკიდებულებამდე. 3) გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული პოტენციალი და განვავითაროთ განახლებადი ენერგია. სხვა შემთხვევაში ან გრაფიკს უნდა დავუბრუნდეთ, რაც დარწმუნებული ვარ არავის სურს, ან ატომური ელექტროსადგური ავაგოთ. იმ ფონზე როცა იაპონიამ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ნორმების დაცვა ბოლომდე, ძნელი დასაჯერებელია, რომ მას საქართველო მოახერხებს.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია ე.წ. გარემოსდამცველები აქტიურად ეწინააღმდეგებიან ჰესებს, მაგრამ საერთოდ არ იღებენ ხმას თბოსადგურების მშენებლობაზე, ეს მაშინ როცა თბოსადგური უკეთეს შემთხვევაში ატმოსფეროში გამოყოფს 10-ჯერ მეტ CO-ს. ჰესის შემთხვევაში გარემო ბინძურდება მხოლოდ მშენებლობის ეტაპზე. თითქმის არ ისმის მათი პროტესტი კატალიზატორჩახსნილ ავტომობილებზე, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის არქონაზე და მხოლოდ იმას ეწინააღმდეგებიან დიდი მონდომებით რამაც უნდა გაზარდოს ენერგოდამოუკიდებლობა, შემოიტანოს მილიარდობით დოლარი ინვესტიცია, დაასაქმოს ათასობით ადამიანი, გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტი, გადაამზადოს კვალიფიციური კადრები, თავიდან აგვარიდოს პოტენციურად მილიონობით ტონა CO2-ის გამოფრქვევა. აღნიშნული შეიძლება აიხსნას 2 მიზეზით 1) რადგან დიდი ჰესის შემთხვევაში ხშირად საჭირო ხდება განსახლება, საკითხი სენსიტიურია იოლია პოპულისტური ტალღის აგორება, პოლიტიკური ქულების დაწერა. 2) გარე სუბიექტს არ სურს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური წინსვალა. თუ ვინ შეიძლება იყოს ის სუბიექტი არაა ძნელი წარმოსადგენი. საკითხი არ უნდა იდგეს, აშენდეს თუ არა. საკითხი უნდა იდგეს შემდეგნაირად რა პირობით აშენდეს. მასში შედის იგივე გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, უსაფრთხოების ნორმები, დასაქმებულებში ადგილობრივთა წილი, ტარიფები. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გასაგებია, მაგრამ საქართველო არაა ერთადერთი გამონაკლისი მოვიყვან 3 მაგალითს მსოფლიო პრაქტიკიდან. 1) როდესაც ეგვიპტეში „ასუანის კაშხლის“ მშენებლობა დაიწყო 1967 წელს ფარაონ რამზეს მეორის დროინდელი ძეგლები დაშალეს და მოშორებით გადაიტანეს. 2) ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მდებარე „იტაიპუს კაშხალს“ 10 000 ოჯახის გასახლება მოჰყვა. 3) „სამი ხეობის კაშხალი“ ჩინეთი. გასახლებულ ადამიანთა რაოდენობა 1.3 მილიონი. მართალია თითოეული კაშხალი რამდენჯერმე აღემატება თავისი სიმძლავრით საქართველოში ასაშენებლებს, მაგრამ ამავე დროს ნაკლები უკუეფექტიც. ცხოვრების დონით არც ერთი მათგანი არ გამოირჩევა. სწორედ ამის გამო სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ზოგჯერ საჭიროა ისეთი მოქმედებაც რასაც არ დათანხმდებოდა შვეიცარია ან ნორვეგია. ამ ქვეყნებმა ეს ეტაპი დიდი ხნის წინ გაიარეს და რესურსის დიდი ნაწილი აითვისეს. კანადაში მდებარე „რობერტ ბოურესას“ კაშხალი სიმძლავრით 8-ჯერ აღემატება ხუდონს, შვეიცარიის „ქლეუსონ დიქსინსის კომპლექსი“ კი 3-ჯერ. ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ მთელს მსოფლიოში დაიწყო ატომური სადგურების მშენებლობის შეჩერება და არსებულების დახურვა. შედეგად 2 წლის თავზე 2013 წელს, მსოფლიო ბანკმა განაახლა დიდი ჰესების მხარდაჭერა.

მაინც რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას? საქართველოში 26060 მდინარეა. ჩამონადენის მოცულობა 52.8 კმ3, წყლის რესურსი 61.5 კმ3. საერთო სიგრძით 60000 კმ. მათგან 93.3%-ის სიგრძე 25 კმ-ზე ნაკლებია, საერთო სიგრძის 76%. ბუნებრივია მათი მხოლოდ მცირე ნაწილია მიმზიდველი ენერგეტიკის კუთხით და კიდევ უფრო მცირე ეკონომიკური კუთხით.ჯამში ეკონომიკურად საინტერესო ჰიდრო რესურსის დადგმული სიმძლავრე 15.5 გიგავატია, წლიური გამომუშავება კი 40 მილიარდი კვტ/სთ. თეორიული პოტენციალი 135.8 მილიარდი კვტ/სთ, ტექნიკურად შესაძლებელი 70 მილიარდი კვტ/სთ. მსოფლიოში კი იგივე მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება 38.6, 14.6 და 8.77 ტრილიონი კვტ/სთ. თუ საქართველოს ამჟამინდელი მოხმარება მსოფლიო მოხმარების 0.05 პროცენტია ეკონომიკურად საინტერესო ჰიდრო რესურსის წილი 10-ჯერ მეტია და 0.5%-ს აღწევს. აღნიშნული რიცხვი (40 მილიარდი) სრულიად აკმაყოფილებს საქართველოს შიდა მოთხოვნას და საშუალებას გვაძლევს გავიტანოთ ექსპორტზეც. მომავალში კი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადვილი შესაძლებელია თეორიული შესაძლებლობის ნაწილი იქცეს ტექნიკურად შესაძლებლად, ხოლო ტექნიკურად შესაძლებლის ნაწილი ეკონომიკურად მომგებიანად.

90-იან წლებში არ აშენებულა ახალი ჰესი, არსებულებსაც არ უტარდებოდა სათანადო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ხანგრძლივი არასასურველი პაუზის შემდეგ ქვეყანას. სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო 2001 წლიდან როდესაც საფუძველი ჩაეყარა „ხადორჰესს“ ახმეტის მუნიციპალიტეტში. ჰესი 2004 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. 27$ მილიონის ინვესტიცია ჩინურმა კომპანია „სიჩუანმა“ ჩადო. ჰესის სიმძლავრე განისაზღვრა 24 მეგავატით, წლიური გამომუშავება კი 140 მილიონი კვტ/სთ-ით. ნელ-ნელა მას მოჰყვა ლარსიჰესი, ფარავნჰესი, საგურამოჰესი, ხელვაჩაურჰესი, დარიალჰესი… მათგან ყველაზე დიდი „დარიალჰესია“ 108 მეგავატის სიმძლავრით და 510 მილიონი კვტ/სთ პოტენციური გამომუშავებით. მშენებლობა თითქმის დასრულებულია და უახლოეს პერიოდში გაიხსნება „შუახევჰესი“ დადგმული სიმძლავრით 187 მეგავატი და სავარაუდო წლიური გამომუშავებით 416 მილიონი კვტ/სთ. ამ ჰესისთვის აშენებული გვირაბი სიგრძით 37.4 კმ მსოფლიოში მეორეა.

ის რისი მშენებლობაც უკვე დაწყებულია ყველაზე მასშტაბურია „ნენსკაჰესი“. პროექტი მართლაც გამორჩეული პირველი იმით, რომ ის იქნება ყველაზე მძლავრი ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში-280 მეგავატი და რაც მთავარია გამოიმუშავებს ყველაზე მეტ ელექტროენერგიას 1.2 მილიარდი კვტ/სთ. დღევანდელი მოხმარების 10%. საპარტნიორო ფონდთან ერთად მილიარდიან ინვესტირებას აკეთებს კორეული კომპანია k water, ხოლო უშუალოდ მშენებლობას ახორციელებს საუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე იტალიური კომპანია „salini impreglio”, მოღვაწეობს მსოფლიოს 5 კონტინენტზე მის ანგარიშზეა 240 კაშხალი. მთავარი პარტნიორი ბანკები EBRD, კორეის ექსიმ ბანკი და აზიის განვითარების ბანკი ADM. ელექტროენერგიის პირველი ნაკადის მოწოდება იგეგმება 2019 წელს, ხოლო მშენებლობა სრულდება 2021 წელს. ჰესი წყალსაცავიანია კაშხლის სიმაღლე 135 მეტრი, მოცულობა 182 მილიარდი ლიტრი. მხოლოდ ამ ერთმა ჰესმა უნდა უზრუნველყოს იმპორტის მინიმუმ 30%-ით ჩანაცვლება. 35 წლის შემდეგ ჰესი საქართველოს უბრუნდება. პროექტი არ ითვალისწინებს გასახლებას. მესტიის მუნიციპალიტეტი წელიწადში მიიღებს 8-10 მილიონ დოლარის სარგებელს.

უახლოეს ხანებში დაიწყება „ნამახვან ჰესების კასკადის“ მშენებლობა. რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური იქნება სიმძლავრე 433 მეგავატი. გამომუშავება 1.51 მილიარდი კვტ/სთ. ინვესტიცია 800$ მილიონი. პროექტს ნორვეგიული კომპანია „clean energy” განახორციელებს. ჰესი მდინარე რიონზე უნდა აიგოს, მართალია მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა, მაგრამ მისი ისტორია უკვე 45 წელს ითვლის. რამდენჯერმე შეიცვალა სიმძლავრე, კონსტრუქცია სამსაფეხუროვანიდან იქცა ორსაფეხუროვნად. კაშხლის აშენებისას იტბორება 3 პატარა სოფელი: მოლეკულა, ქვედა ონჭეიში და მქვენა-ვანიჭალა. არაპირდაპირი ზემოქმედება ექნება 4 სოფელზე: ონჭეიში, ვანი, დერჩი, მექვენა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ მიიღოს რეალური კომპენსაცია. ინვესტიცია, ბუნებრივია მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნიდან, მაგრამ როდესაც ბაზარზე ჩნდებიან კორეა და ნორვეგია, იზრდება ეკონომიკური სტაბილურობა და საინვესტიციო მიმზიდველობა.
თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს „ცხენისყლის ჰესების კასკადის“ პროექტს, თუმცა მისი ბედი ჯერ არაა გარკვეული, პოტენციურმა გამომუშავებამ კი 1.74 მილიარდი კვტ/სთ უნდა შეადგინოს.

დიდი ჰესებიდან კი ყველაზე უფრო ცნობადი, ხმაურიანი მაინც „ხუდონჰესია“. დადგმული სიმძლავრის მიხედვით ის ყველაზე დიდია 702 მეგავატი. ლიდერია საჭირო ინვესტირების მოცულობის მხრივაც 1.2$ მილიარდი. რაც შეეხება გამომუშავებულ ელექტროენერგიას საკუთრივ ის 1.5 მილიარდს გამოიმუშავებს და ამ მხრივ მესამეა, მაგრამ რადგან ენგურჰესის გამომუშავება იზრდება 470 მილიონი კვტ/სთ-ით, შეგვიძლია ამ პარამეტრითაც ის პირველ ადგილზე დავაყენოთ. საპროექტო წინადადება ჯერ კიდევ 1978 წელს დამტკიცდა, მშენებლობა 1984 წელს დაიწყო და 5 წელიწადში გაჩერდა. ამჟამინდელი კურსით შესრულებულია 178$ მილიონის სამუშაოები. მოსაზრება, რომ შედეგი სტუდენტების პროტესტმა გამოიღო მცდარია. საბჭოთა კავშირი თუნდაც „პერესტროიკის“ ხანაში ასე უბრალოდ უკან არ დაიხევდა. რეალურად კი, როდესაც გარდაუვალი გახდა იმპერიის ნგრევა კრემლმა მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა ასეულობით მილიონი მანეთის დახარჯვა იმ პროექტზე რომლისგანაც ვერ ნახავდა სარგებელს და რომელიც პირიქით მისი ყოფილი კოლონიის სამსახურში ჩადგებოდა. გასასახლებელ პირთა რაოდენობა დღეის მდგომარეობით 769-ს შეადგენს. პოლიტიკური მოსაზრებების გამო მისი მშენებლობა არაერთხელ გადაიდო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება ჰესი სახელმწიფომ ააშენოს, რაც დაუშვებელია. ბიზნესი არაა სახელმწიფოს საქმე.

ქვემოთ გრაფიკზე ასახულია 10 პოტენციურად ყველაზე დიდი ჰესის დადგმული სიმძლავრე, წლიური გამომუშავება და ინვესტიციის მოცულობა.

3

გარდა ჰიდრორესურსის, საქართველოს გააჩნია ქარისა და მზის ენერგიების დიდი პოტენციალიც პოტენციალიც. ქარის ენერგიის დადგმული სიმძლავრე რომელიც შეიძლება ეკონომიკურად მომგებიანად ჩაითვალოს 1500 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 4000 კვტ/სთ. პირველი ქარის სადგური გაიხსნა გორში. დადგმული სიმძლავრით 20.7 მეგავატი და წლიური გამომუშავება 88 მილიონი კვტ.სთ. ინვესტიცია 34$ მილიონი. არც ისე ბევრია 1კვტ/სთ-ზე გადაანგარიშებით. წელიწადში 1$-ის საწყისი ინვესტიცია გამოიმუშავებს 2.59 კვტ/სთ მაშინ როცა ნენსკრა ჰესი მხოლოდ 1.2-ს. პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ქარის სადგური არარეგულირებადია და დიდი სიმძლავრის ქსელში მიწოდება ვერ ხერხდება. დღეს ქსელი საშუალებას იძლევა ჩაირთოს 20-30 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურები. ქუთაისში, საბუეთის მთასა და ქედში კი არის 100-150 მეგავატის პოტენციალი. მსოფლიოში კი დადგმული სიმძლავრე 2001 წლიდან 2015 წლამდე 23.9-დან 432.4 მეგავატამდე ანუ 18-ჯერ გაიზარდა.

თეორიულად ყველაზე დიდი პოტენციალი მზის ენერგიას გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე მისი მემილიარდედიც კი არ აღწევს, ეს მცირე ნაწილიც კი იმდენად დიდია, რომ 1 საათში მოღწეული ენერგია აღემატება მთელი წლის მოხმარებას. საქართველოში დარგი თითქმის აუთვისებელია. პანელები ძირითადად განთავსებულია კერძო აგარაკებზე, ასევე მთის პატარა სოფლებში სადაც ელექტროენერგიის მიყვანა უფრო ძვირი ჯდებოდა. შეიძლება მიკრო სადგურებად ჩავთვალოთ აეროპორტში და ილიაუნის ეზოში განთავსებული პანელები. გარდაბანში იგეგმებოდა 50 მეგავატი სიმძლავრის 120 მილიონი კვტ/სთ-ს პოტენციალის მზის ელექტროსადგურის დადგმა. ინვესტიციას უნდა შეედგინა 120$ მილიონი, მაგრამ პროექტი ჩაიშალა. მზის ენერგიას კიდევ უფრო აძვირებს ის გარემოება, რომ სადგური არ მუშაობს საღამოს და ღამის საათებში, შემნახველი ბატარეები კი კომერციული თვალსაზრისით არამომგებიანია. 2016 წელს ამოქმედდა ნეტო აღრიცხვის მეთოდი სადაც მომხმარებელს შეეძლო ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვა. ჯერჯერობით პროექტში ჩართულთა რაოდენობა მიზერულია. უფრო ფართო გამოყენება კი აქვს წყლის გამაცხელებლებს, რომელიც გაცილებით იაფია და ამონაგების გაკეთება უფრო მალე 2 წელშია შესაძლებელი. მსოფლიოში კი ის ქარის ენერგიაზე უფრო სწრაფად ინერგება. ერთიდაიმავე პერიოდში თუ ქარის ენერგიის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 18-ჯერ, მზისა გაიზარდა 144-ჯერ.

განახლებად ენერგიად ასევე მოისაზრება გეოთერმული ენერგია, ბიომასა, მიქცევა-მოქცევის, ტალღის, დედამიწის შინაგანი სიმხურვალის, მყინვარის დნობის, წყალბადის, გოგირდწყალბადი ენერგიები, თუმცა მათი წილი, გეოთერმულისა და ბიომასის გამოკლებით არათუ საქართველოში მსოფლიოშიც კი ამ ეტაპზე მიზერულია.

განახლებადი ენერგია ის დარგია რომელზედაც 100%-იანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ აქვს მომავალი. დიდი სისწრაფით იზრდება ელექტრომობილების რიცხვი. უფრო და უფრო მაღალ ცათამბჯენებს, უფრო და უფრო გრძელ ხიდებსა და გვირაბებს, უფრო და უფრო მასშტაბურ ფუნდამენტალურ კვლევებს ესაჭიროება უფრო და უფრო მეტი ენერგია. მარსზე მისიებისთვის ემზადება NASA-ც და space X_იც. წიაღისეულ საწვავს აღარ გააჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილების რესურსი. ცალკე თემაა გავლენა გარემოზე. ენერგოეფექტურობა მზარდ მოთხოვნას მნიშვნელოვნად აბალანსებს, მაგრამ ვერ აჩერებს ზრდის ტემპს. საქართველოში ფაქტიურად მხოლოდ ჰიდროპოტენციალია ნაწილობრივ ათვისებული. აუთვისებელია სხვა ალტერნატიული წყაროები. ავტოპარკი 1.2 მილიონ ავტომობილს ითვლის, მათგან რეალურად 1 მოძრაობს, მაგრამ ამ 1 მილიონში ელექტრომობილი 100-ც კი არ არის. ენერგოეფექტურობა მხოლოდ ნათურების დონეზეა, ისიც სუსტად განვითარებული. დეველოპერებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს ენერგოეფექტური ბლოკებით მშენებლობა. როგორც ბიზნესისთვის ასევე მომხმარებლისთვის მაღალია საწყისი დანახარჯი, მაგრამ ბევრად მცირე შემდგომი ექსპლუატაციის ხარჯი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლიდან წლამდე ფასები განახლებად ენერგიაზე და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე კლებულობს, სამწუხაროდ საქართველოში ამავე პროპორციით არ მატულობს მომხმარებლის ინფორმაციულობა. რეალურად კი ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მიიღოს წელიწადში დამატებით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ან სულაც 1 მილიარდი ინვესტიცია, ხოლო მომხმარებელს კომუნალური ხარჯების განახევრების, ახალი ბინის შეძენის/აშენების შემთხვევაში კი კიდევ უფრო მეტად შემცირების საშუალება. დაზოგილი თანხით კი გაიზრდება მოხმარება სხვა საქონლისა თუ მომსახურების, რაც მასტიმულირებელი გახდება ეკონომიკის. ესაა შესაძლებლობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ან ვერ ვიყენებთ.

* მოხმარება გამოთვლილია ფორმულით წარმოება+იმპორტი+ტრანზიტი-სასადგურე დანაკარგები-ტრანსპორტირების ხარჯები. რეალურად წმინდა მოხმარება შეადგენს წარმოება+იმპორტი-ექპოსრტი-სასადგურე დანაკარგები-ტრანპორტირების ხარჯები. თუმცა ამის შესახებ 2006 წლამდე ინფორმაცია ფაქტიურად არ მოიპოვება


ბიბლიოგრაფია:
დ. ჩომახიძე-საქართველოს ენერგეტიკა ეკონომიკა, რეგულირება, ტერმინოლოგია, სტატისტიკა. თბილისი 2014

www.geostat.ge
www.energy.gov.ge
www.esco.gewww.worldbank.org