„Check in Georgia“-ს პროექტის ფარგლებში საქართველოს მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან
„ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში მუდმივად იმართებოდეს საინტერესო ღონისძიებები იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნის ცნობადობა და ტურისტული მიმზიდველობა“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ახალი მასტაბური პროექტის „Check in Georgia“-ს დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა. პროექტის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ვიცე-პრემიერთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პროექტი „საქართველო მსოფლიოს კალენდარზე,“ რომელსაც ინგლისურად „Check in Georgia“ ეწოდა, პრაქტიკულად, მთელ საქართველოს მოიცავს. ეს იქნება კონცერტების და ღონისძიებების სერია, რომლის ძირითადი ამოცანაა, რომ საქართველო რეგიონის კულტურული ცენტრი გახდეს. Check in Georgia მასტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პრესკონფერენიაზე დაანონსდა, რომ წელს ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავების – ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, „Maroon 5“-ისა და ხოე კარერასის მონაწილეობით.
„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტურიზმია. შარშან ტურიზმმა საქართველოს 1 935 000 მლნ დოლარის შემოსავალი შემოუტანა, რაც 2014 წელთან შედარებით 148 მლნ. დოლარით მეტია. წლევანდელი პირველი სამი თვე გვაჩვენებს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რამდენიმე გამოკვლევის მიხედვით, საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი. პირველ 3 თვეში ტურიზმმა საქართველოს დამატებით 84 მლნ ლარის შემოსავალი მოუტანა და გვაქვს 14%-იანი ზრდა. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 144 000-ით გაიზარდა, მთლიანად კი 1 100 000-ს გადააჭარბა. კონცერტები და ღონისძიებები მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია, რომელიც ტურიზმს ეხმარება და ზრდის საქართველოს ცნობადობას“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროექტის შედეგები და ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. „იმ დანახარჯებს, რასაც გავწევთ დაანონსებული ღონისძიებებისთვის, თუ გადავიყვანთ ციფრებზე, მხოლოდ 55 000-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რომ შემოვიდეს ქვეყანაში, ეს დაფარავს პრაქტიკულად ამ დანახარჯებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სარეკლამო კონტაქტების რაოდენობა. მაგალითად, რობი უილიამსის ფეისბუქის გვერდს, სადაც მომღერალმა დადო აფიშა, ჰყავს 4 მილიონი მნახველი და მარტო დაანონსება, რომ უილიამსი საქართველოში ჩამოდის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, იქნება სარეკლამო კონტაქტების ძალიან დიდი რაოდენობის საფუძველი. ჯამში ეს ყველაფერი ფული ღირს“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გარდა მსოფლიოს ვარსკვლავების მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებებისა, პროექტის ფარგლებში საქართველოს 19 ქალაქში გაიმართება კონცერტები და და ფესტივალები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. გარდა ამისა, დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები, ღვინისა და ყველის ფესტივალები, ასევე ველო-ტურები და ლაშქრობები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და ა.შ.
„შიდა ტურიზმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნების ეკონომიკაში შიდა ტურიზმი აგენერირებს უფრო მეტ მთლიან შიდა პროდუქტს, ვიდრე გარედან შესული ტურისტები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დაანონსებული ღონისძიებები მოიცავს არამარტო თბილისს, არამედ მთელ საქართველოს, მათ შორის ბათუმს და ქუთაისს. მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებთან ერთად დანარჩენი ღონისძიებებიც, მათ შორის 35-ზე მეტი ფესტივალი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ასევე შიდა ტურიზმის განვითარებას“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„Check in Georgia“ მიმდინარე წლის 24 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტით გაიხსნება.