საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები და მათი სისტემური შეზღუდვები გლობალიზაციის პირობებში
ალექსანდრე ფულარია
საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის სტატუსის ჩამოყალიბება საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის პირობებში უნდა განხორციელდეს. ამ პროცესში პირველ რიგში მიმდინარეობს ქვეყნის ფაქტორული პოტენციალის აღდგენა და შემდგომ მისი განვითარება. ფაქტორული პოტენციალის აღდგენა დღევანდელი ობიექტურად არსებული შესაძლებლობების საზღვრებში, ფაქტობრივად, მოხერხდა.
ახლა მნიშვნელოვანია არსებული შესაძლებლობების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფა. ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის მთავარ მიმართულებებს უნდა წარმოადგენდეს: უცხოური კაპიტალის მოზიდვა, საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონულ გაერთიანებებში აქტიური მონაწილეობა. სამწუხაროდ, როგორც ეს დღეს ჩანს, ჩვენმა ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება ვერ შესძლო, ეკონომიკის სწრაფი ტრანსფორმაციისა და განვითარების სწრაფი შესაძლებლობა (როგორც ეს შესძლეს აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა) ხელიდან გავუშვით. ცხადია, ამ მდგომარეობას (არაფერი რომ არ ვთქვათ სუბიექტურ მიზეზებზე) ობიექტური მიზეზები გააჩნია. ქართველი მეცნიერები ხშირად მიუთითებენ საქართველოს მომგებიან გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, მაგრამ, ფაქტიურად, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ კავკასიის საზღვრებში გააჩნია ეს უპირატესობა, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის კონკურენტულ შესაძლებლობებს, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონებთან და ცენტრებთან სიახლოვე, რომლებსაც ჩვენ საკმაოდ მოშორებული ვართ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, მისი ფაქტორული პოტენციალი შეზღუდულია და კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბების სტადიაშია. მსოფლიო ეკონომიკის მასშტაბით საქართველოს ეკონომიკა მიკროსკოპულია. მისი ხვედრითი წონა მსოფლიო მშპ-ში უკანასკნელ წლებში 0,015%-ს შეადგენდა. და უახლოეს პერიოდში ლარის რეალური კურსის ზრდის გათვალისწინებითაც კი, ალბათ, არ გადააჭარბებს 0,016%-ს. საქართველოს წილი მსოფლიო ექსპორტში 0,009%-ს არ აღემატება, მსოფლიო იმპორტში 0,018%-ა, ხოლო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 0,012%-ს შეადგენს.
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები ხაზგასმით მიუთითებენ უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად აუცილებელ საგადასახადო შეღავათების დადებით ეფექტებზე. ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ასეთმა ღონისძიებებმა შესაძლებელია არც გვიშველოს, რადგან ზემოთ აღნიშნული ობიექტური მიზეზების გამო ჩვენს ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი, გადამამუშავებელ მრეწველობაში ფართო მასშტაბური საინვესტიციო პროექტების (მზარდი მასშტაბის ეფექტზე ორიენტირებული) განხორციელების შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია. ხოლო, რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს, აქ უცხოელი ინვესტორებისათვის საგრძნობი საგადასახადო შეღავათების მიცემამ შესაძლებელია ეროვნულ ინვესტორთა ინტერესები მნიშვნელოვნად დააზარალოს. მით უმეტეს, რომ 1996-2001 წწ-ში შიგა ინვესტიციების ფარდობითი ოდენობა შედარებით უფრო სტაბილურად იზრდებოდა, ვიდრე უცხოურისა. საქართველოს კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბებისათვის ეროვნულ ინვესტორთა ინტერესების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სხვა ბევრი პრობლემის გადაჭრასთან ერთად ჩვენმა ხელისუფლებამ ეროვნული კაპიტალის საზღვარგარეთ გადინების საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესების სტიმულირება უნდა მოახერხოს.
ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბებისათვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების განთავსების ფორმასა და მიმართულებებს. ამ მხრივ საქართველოში, როგორც კორუფციის მაღალი დონის მქონე ქვეყანაში, განხორციელებული უცხოური ინვესტიციების ყველაზე პოპულარულ ფორმას ჯერ კიდევ ერთობლივი საწარმოები წარმოადგენენ2, რაც დაბალი ხარისხის ეფექტით ხასიათდება. უცხოურ ინვესტიციათა შედეგიანობა, ეკონომიკის კონკურენტულობის გაძლიერების თვალსაზრისით პირდაპირ უკავშირდება მათი განთავსების სფეროებს. საქართველოში მიმდინარე პრივატიზაცია თვით საწარმოო ინფრასტრუქტურის დარგებზეც გავრცელდა (ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი), რომლებიც ადრე ვითარდებოდნენ, როგორც უშუალო სახელმწიფოებრივი რეგულირების სფერო (ამ დარგების საწარმოები სტრატეგიულ ობიექტებად იწოდებიან). აღმოჩნდა, რომ საბაზრო თერაპია განსაკუთრებით აუცილებელია სწორედ ამ დარგებისათვის – “ბუნებრივი მონოპოლიებისთვის”. საქართველოს ეკონომიკის კონკურენტულობის ამაღლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ მონოპოლიათა რეფორმას (უ.ყ. მათ პრივატიზაციას), რაც საშუალებას იძლევა გაიხსნას კაპიტალის ბაზრები და სტიმულირდეს კონკურენცია ელექტროენერგიისა და გაზის წარმოებისა და მოხმარების სფეროში, აგრეთვე სატრანსპორტო გადაზიდვათა სფეროში. მაგრამ, სწორედ ამ პროცესში ქვეყნის ხელისუფლებას და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ უცხოელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების საფუძველზე გატარებული რეფორმა ყოველთვის როდი უკავშირდება ბუნებრივ მონოპოლიათა ცალკეული (კონკურენტული) სტრუქტურების პრივატიზაციას. პრივატიზება მოხდა არაკონკურენტული სეგმენტების იმ საწარმოებისა, რომლებზეც კონკურენციის საბაზრო ძალები და პროცესები ძალზე სუსტად რეაგირებენ, ან საერთოდ ვერ მოქმედებენ. ამას ადასტურებს 1998-2001 წწ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის სახეობების მიხედვით განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები. ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების საწარმოთა ძირითად კაპიტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი საქართველოში მათ საერთო მოცულობაში შეადგენდა: 1998 წ.-18%-ს, 1999 წ. – 29,3%, 2000 წ. – 6,3%-ს, ხოლო 2001 წელს 42%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ტრანსპორტს, კავშირგაბმულობასა და სასაწყობო მეურნეობას, აქ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განთავსების კლებადი ტენდენცია შეინიშნება: 1998 წ. – 67,9%, 1999 წ. – 55%, 2000 წ – 41%, და 2001 წ – 24,5%. ჩვენი შეხედულებით, ასეთი განსხვავებული ტენდენციები ძირითადად ორი მიზეზით აიხსნება: პირველ და მთავარ მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ელექტროენერგიის გაზისა და წყალმომარაგების, როგორც ბუნებრივი მონოპოლიების არაკონკურენტული სეგმენტების საწარმოებში განთავსების შესაძლებლობა. მეორე მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სასაწყობო მეურნეობის დარგებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განთავსება კონკურენტული სეგმენტების საწარმოებში, რომლებიც ეროვნულ ბაზარზე ერთმანეთთან კონკურირებენ. მაგალითად, კავშირგაბმულობის ბაზარზე წარმატებით კონკურირებენ: “ულტრაკომი”, “ტელეკომი”, “მაგთი GSM”, “ჯეოსელი”, და სხვა. ამ ბაზარზე იწყებს საქმიანობას კომპანია “აიეტი”, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც თავის კლიენტებს კავშირგაბმულობის დარგში მომსახურებას სთავაზობს.
საქართველოს კონკურენტული სტატუსის ჩამოყალიბება მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ტრანსპორტის გადამამუშავებელი მრეწველობისა და მომსახურების სფეროს დარგებში უცხოური კაპიტალის მოზიდვაზე. ჩვენს ქვეყანაში “TRACECA”-ს პროექტის ნელი ტემპებით განხორციელება მნიშვნელოვნად “აგრილებს” უცხოური კაპიტალის ინტერესს ამ დარგებისადმი. აღსანიშნავია, რომ ამ დარგებში საზღვარგარეთიდან კაპიტალის მოდინების კლების ტენდენცია. იგივე არ შეიძლება ვთქვათ მომსახურების სფეროს ისეთ კონკურენტულ სეგმენტზე მოქმედ დარგებზე, როგორიცაა: სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი და დაზღვევა. რაც შეეხება დაზღვევის დარგს, მასში 1998-2001 წწ უცხოური ინვესტიციების მოდინება განუხრელად იზრდება. უცხოელ ინვესტორთა ინტერესს, დააბანდონ კაპიტალი საქართველოს ეკონომიკის დარგებში (რაც აუცილებლად გამოიწვევს ამ დარგთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას) მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყნის სპეციალიზაცია შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, რაც ზოგადად ჩვენი ქვეყნის მიერ კავკასიის რეგიონის ენერგორესურსებისა და მათი ტრანსპორტირების დერეფნის ფუნქციების შესრულებაში გამოიხატება.
ყოველივეს განხორციელებას საქართველო შესძლებს ევროკავშირთან, აშშ-თან, და განსაკუთრებით, რუსეთთან უფრო ფართო და მრავალმხრივი ურთიერთობების დამყარების საფუძველზე. საქართველოს კონკურენტული სტატუსის განმსაზღვრელ ფაქტორთა შორის, რომლებიც აყალიბებენ ქვეყნის სპეციალიზაციას შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, როგორც აღვნიშნეთ, მთავარი ფაქტორი კავკასიის რეგიონში მისი გეოპოლიტიკური მდებარეობაა. ამ ფაქტორის კონკურენტუნარიანობის ხარისხი მიზეზ-შედეგობრივად დამოკიდებულია დანარჩენ ფაქტორებზე.
უცხოურ ინვესტიციებთან ერთად მნიშვნელოვან კონკურენტულ ფაქტორს მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის საგარეო ვაჭრობა წარმოადგენს. საქართველოს საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, გაფართოება და სტრუქტურა დღეს უკვე გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია საქართველოში ვმო-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში პერმანენტულად ხორციელდება. ვმო-ში გაწევრიანების შემდეგ აშშ-მ საქართველოს ვაჭრობაში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი მიანიჭა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფო არის იაპონიის, ევროკავშირისა და შვეიცარიის პრეფერენციების სისტემის ბენეფიციარი ქვეყანა. ბოლო პერიოდში საქართველოს პრეფერენციული ვაჭრობის რეჟიმი თურქეთმაც მიანიჭა, მაგრამ მიუხედავად ამდენი შეღავათისა, ჯერჯერობით მაინც ვერ ხერხდება ქართველი მეწარმეობის მიერ ევროკავშირის მხრიდან მინიჭებული საფეიქრო მრეწველობის საექსპორტო ქვოტების გამოყენება. ქართველი ბიზნესმენები და ექსპორტიორები არ იცნობენ პრეფერენციულ სავაჭრო რეჟიმში მყოფ საქონელთა ნუსხას (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნუსხაში ძირითადად საქართველოში დეფიციტური და სპეციფიკური ფაქტორების გამოყენებით წარმოებული პროდუქციაა მოხვედრილი). ყოველივეს გათვალისწინებით, საგარეო ვაჭრობის ზრდის ტემპების ამაღლებაა საჭირო. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება რეგიონულ გაერთიანებებთან, რომელთა წევრიც არის ჩვენი ქვეყანა. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს აქტიურ მონაწილეობას დსთ-ში, BშEჩ-სა და სუუამ-ში. დანანებით უნდა აღვნიშნოთ, რომ დსთ-ში გაწევრიანებას ქვეყნისთვის არავითარი ეკონომიკური და პოლიტიკური დივიდენდები არ მოუტანია. საქართველოს კონკურენტუნარიანობის სტატუსის ჩამოყალიბებისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია რუსეთთან ფართო ხელშეკრულების გაფორმება. საგარეო ვაჭრობის გაფართოებას BშEჩ-ის ქვეყნებთან მზარდი ტენდენცია ახასიათებს (ყოველწლიური საშუალო ზრდის ტემპია 3%), მაგრამ “თღAჩEჩA”-ს პროექტის ფორსირებული ტემპებით განხორციელებამდე, ამ რეგიონული გაერთიანების როლი ჩვენი ქვეყნის საგარეო ვაჭრობის გაფართოების მიმართებით ძალზე დაბალია. სხვაგვარად გვესახება სუუამ-ის, როგორც რეგიონული გაერთიანების მნიშვნელობა, ვფიქრობთ, რომ წევრი ქვეყნებისათვის მის ფართო მასშტაბით ამოქმედებას დიდი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია, რადგან ამ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული პოლიტიკური და ეკონომიკური წინააღმდეგობები არ არსებობს და პირიქით, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ეკონომიკური ინტერესებით, რომელთა რეალიზაცია უშუალოდ განაპირობებს ამ ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბებასა და შემდგომ გაძლიერებას. ამ მიზნით ეუთო-ს სუუამ-ის ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობაში დახმარების გაწევა სთხოვეს. ყველაზე მაღალი ტემპებით იზრდება ვაჭრობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის (ყოველწლიურად საშუალოდ 36%)3. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ინტერესს საქართველოს ეკონომიკის იმ დარგებისადმი, რომლებიც განაპირობებენ ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობასა და მის სპეციალიზაციას შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს განეკუთვნებიან ჩვენი ჩრდილოელი და სამხრეთელი მეზობლები: რუსეთი და თურქეთი. ამ ორ ქვეყანაზე 2001 წ. მოდიოდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 28%, მათ შორის ექსპორტზე – 50%, ხოლო იმპორტზე – 34%. საგარეო ვაჭრობაში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვა, ამასთანავე იმპორტი და ექსპორტი თანაბარი ტემპებით იზრდება (სასურველია, ექსპორტის უპირატესი ზრდის ტემპები გვქონდეს). საინტერესოა, რომ 1999-2002წწ საქართველოს 10 უმსხვილესი ფირმის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ექსპორტირებულია 403,125 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. ამ ფირმების მიერ ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების წილი საქართველოს ექსპორტის მთლიან ღირებულებაში განუხრელად იზრდებოდა და 2002 წელს 44%-ს მიაღწია. როგორც ვხედავთ, სახეზეა მსხვილი ფირმების (ცხადია, მცირე ქვეყნის მასშტაბებში) წარმოქმნის ტენდენცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და მოგების რეინვესტირების თვალსაზრისით. ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბებისათვის ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია, რადგან, კონკურენტული მცირე და საშუალო ფირმების კოოპერირება სწორედ მსხვილი მწარმოებლების გარშემო ხორციელდება. 1999-2002წწ. 10 უმსხვილეს ქართულ ექსპორტიორ საწარმოს შორის გამოირჩევა სამი: “თბილავიამშენი”, “ექსი” და “კვარციტი”. ამ საწარმოთაგან “თბილავიამშენი”, რომელმაც 2001-2002 წლებში წარმატებით გააფართოვა თავისი საექსპორტო პოტენციალი, ექსპორტში ყიდის მაღალტექნოლოგიურ პროდუქციასა და მომსახურებას. ჩვენს ქვეყანაში, მართალია, ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც ჩნდება გლობალური დარგის პროდუქციის კონკურენტულობის ზრდის ტენდენცია, რაც მომავალში მაღალკვალიფიცირებული ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმების საშუალებას მოგვცემს. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი შეფარდებითი უპირატესობების (მინერალური წყლებისა და ღვინის წარმოების) საფუძველზე წარმოქმნილი კონკურენტულობის რეალიზაციის შესაძლებლობების ამაღლება. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ მ. პორტერის მიერ შემუშავებულ თეორიას, საქართველო იმყოფება კონკურენციული უპირატესობების ჩამოყალიბების პირველ სტადიაზე, როდესაც მთავარ როლს საწარმოო ფაქტორების განვითარების დონე თამაშობს.
ინოვაციათა ხარჯზე კონკურენტუნარიანობის განმტკიცების სტადიაზე ეროვნული ეკონომიკური სუბიექტები არა მარტო იყენებენ და აუმჯობესებენ საზღვარგარეთულ ტექნიკას, არამედ საკუთარი ძალებით ქმნიან ახალსაც. რასაკვირველია, ქართულ კომპანიებსა და ფირმებს, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ჯერ არ ძალუძთ კონკურენტუნარიანობის ახალ, საკმაოდ კაპიტალტევად სტადიებზე გადასვლა. ჩვენი აზრით, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა შეფარდებითი ეროვნული უპირტესობებისა და ფასობრივი კონკურენციის მექანიზმის გამოყენებას ეფუძნება. ამასთან, საქართველოს კონკურენტული პოტენციალის ანალიზი ააშკარავებს იმას, რომ დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობაშიც კი, ქვეყანას გააჩნია მთელი რიგი სხვა კონკურენტული უპირატესობებისა, მაგრამ მათი სტრატეგიული ღირებულება სხვადასხვაგვარია.
ამჟამად საქართველოში არსებობს მთელი სისტემა შეზღუდვებისა, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბებისა და ამაღლების გრძელვადიანი სტრატეგიის რეალიზაციას. ამ შეზღუდვათა მოხსნის აუცილებლობა უნდა განსაზღვრავდეს ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების ძირითად მიმართულებებს. აღნიშნულ სისტემურ შეზღუდვებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: სახელმწიფოსა და ეკონომიკის ოლიგარქიულ-ბიუროკრატიული ხასიათი, პრობლემები საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობაში, რომლებიც უკავშირდება: საგარეო ვალის მომსახურებას; დაფინანსების საგარეო წყაროების მოზიდვასა და კაპიტალის გადინებას; მცირე ინოვაციური მეწარმეობის განვითარების არასაკმარის სტიმულირებას და ვენჩურული დაფინანსების განვითარებული, ინოვაციებზე ორიენტირებული სისტემის არარსებობას.
ამჟამად საქართველოს ეკონომიკის კონკურენტულ უპირატესობათა ჩამოყალიბება და განვითარება უშუალოდ უკავშირდება ბაზრის ინსტიტუტთა ჩამოყალიბებასა და კონკურენტული გარემოს ფორმირებას, რაც შეიძლება მიღწეული იყო მხოლოდ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მცდელობის შედეგად. ამასთან, საქართველოს პოზიციები განსაკუთრებული სისუსტით სწორედ ამ სფეროში გამოირჩევა. ამგვარ პირობებში საქართველოსთვის ოპტიმალურ სტრატეგიას წარმოადგენს იმ ახალ შესაძლებლობათა გამოყენება, რომელთაც გზას უხსნის და ასტიმულირებს გლობალიზაციის პროცესები, ცხადია, ამ უკანასკნელთა ნეგატიური შედეგების მინიმიზაციით.