უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
ი. კოღუა
1. ფულის გათეთრების ცნება, სოციალური საშიშროება
XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე “ჭუჭყიანი” ფულის გათეთრება იქცა მრავალი კრიმინალური საქმიანობის განუყოფელ ნაწილად და ყოველი ეკონომიკური დანაშაულის ძირითად რგოლად. ამ დანაშაულთან ბრძოლის პირველ მცდელობას ადგილი ჰქონდა აშშ-ში 60-იან წლებში. კერძოდ, ამერიკის კონგრესმა ორგანიზებული დანაშაულის სიცოცხლისუნარიანობის ძირითად მიზეზად მიიჩნია ნაღდი ფულადი სახსრების უკონტროლო მიმოქცევა. ამ საკითხის მოწესრიგების მიზნით, 1970 წელს კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე ქვეყანაში დაიწყო ფულადი სახსრებისა და სავალუტო ანგარიშების გაკონტროლების პროცესი. ამ კანონმა აშშ-ში დასაბამი დაუდო ფულის გათეთრებასთან ბრძოლის გაძლიერების პროცესს.1
ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულის მაღალშემოსავლიან და ეფექტურ “წარმოებად” ჩამოყალიბების დასრულებით ფაზას და, აქედან გამომდინარე, მსოფლიო განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ითვლება ორგანიზებული დანაშაულის საქმიანობის ძირითად მიმართულებად.
FATF-is Financial Action Task Forse – ის (ევროსაბჭოს ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 500 მილიარდიდან 1,5 ტრილიონ აშშ დოლარამდე “შავი” ფული თეთრდება.2
ლეგალიზაციის პროცესის, მისი სოციალური საშიშროების სწორად შეფასებისათვის, საჭიროა კარგად გავერკვეთ ფულის გათეთრების ცნებაში.
ერთი შეხედვით, ფულის გათეთრება იმდაგვარ დანაშაულს განეკუთვნება, რომელიც პირდაპირ არ არის ასოცირებული მსხვერპლთან და ცალკეულ პიროვნებათა ფსიქიკაშიც შესაძლოა მძიმე დანაშაულის კვალს არ ტოვებდეს, რადგან ფულის გათეთრება არის პოსტდანაშაულებრივი ქმედება.
გერმანიაში ფულის გათეთრება დანაშაულად ითვლება გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკების გაერთიანების შემდეგ. საფრანგეთში ფულის გათეთრება ითვლება იმ დონის დანაშაულად, როგორიც სიგარეტის მოწევა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მაგრამ არც ერთ მათგანზე რაიმე კონკრეტული იურიდიული სანქცია განსაზღვრული არ არის. იტალიაში ფულის გათეთრება იმ შემთხვევაში ითვლება სამართალდარღვევად, თუ ქმედება დაკავშირებულია მძევლად ხელში ჩაგდებასთან ან დიდი ოდენობის თანხით გამოძალვასთან. ლუქსემბურგში ფულის გათეთრება როგორც დანაშაული კვალიფიცირდება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.3
უნდა აღინიშნოს, რომ ფულის გათეთრების მეცნიერულ-პრაქტიკულ შესწავლას დიდი ხნის ისტორია არ გააჩნია. ეს ახალი მოვლენაა, რომელსაც დასაბამი ამერიკაში ჩაეყარა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ჩიკაგოს დანაშაულებრივი დაჯგუფებები, უკანონო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, ფულს სპეციალურად გახსნილ სამრეცხაოებში აბარებდნენ.
თავად ტერმინი – “ფულის გათეთრება”, პირველად 1973 წელს “უოტერგეიტის სკანდალთან” დაკავშირებით გაჩნდა ამერიკულ პრესაში. საკანონმდებლო კონტექსტში იგი მოიხსენიება 1982 წლიდან აშშ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში და ნიშნავს არალეგალურად მიღებული მოგების ლეგალურ სახსრებში გარდაქმნას.4
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ 1985 წელს შეიმუშავა ფულის გათეთრების განმარტება, რომლის მიხედვით “ფულის გათეთრება წარმოადგენს პროცესს, სადაც იმალება არსებობა, უკანონო შემოსავლის წყარო, ხორციელდება წყაროს შემდგომი “შენიღბვა” და მისთვის იძულებით კანონიერი სახის მიცემა”.5
ამერიკელი სპეციალისტი კლიფფორდ ლ. კარჩერი ამ მოვლენას ასეთ განმარტებას აძლევს: “ფულის გათეთრება – ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ პროცესის აღწერისათვის, რომლის დროს იმალება ნაღდი ფულადი სახსრების კონვერტირება სხვა სახის საგადასახადო საშუალებებში და რომლის მიზანია ამ სახსრების წარმოშობის დამახინჯების გზით არალეგალურიდან მისი ლეგალურში გადაყვანა”.6
გერმანელი მეცნიერი ჰ.ჰ. კერნერი ფულის გათეთრებად მიიჩნევს “ყველა იმ ოპერაციას, რომლის მიზანია პირველ სტადიაზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ნივთიერ ფასეულობათა არსებობის, წარმოშობის, მიზნობრივი დანიშნულების გასაიდუმლოება და გადამალვა, რათა მეორე სტადიაზე მისგან შესაძლებელი გახდეს შემოსავლების მიღება”.7
პროფესორი ბ. ვოლ’ენკინი ფულადი სახსრების ან სხვა ქონების ლეგალიზაციის (გათეთრების) ქვეშ გულისხმობს “მრავალ სხვადასხვა მოქმედებას (საფინანსო ოპერაციებს, გარიგებებს), რომლის მიზანია ქონების წარმოშობის წყაროს ან მისი არსებობის გადამალვა, რათა შემდგომში მისგან შესაძლებელი გახდეს მოგების მიღება”.8
საერთაშორისო სამართალში ფულის გათეთრების პირველი დეფინიცია მიღებულია გაეროს 1988 წლის ვენის “ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის განვითარებაში (მუხლი მესამე).
ვენის კონვენციამ დანაშაულად აღიარა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვიდან მიღებული “შავი” ფულის გათეთრება, თუმცა სრულიად ცხადია, რომ უკანონო ფულადი სახსრები არამხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობისაგან შეიძლება იყოს მიღებული. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ორგანიზებული დანაშაულის ისეთი სახეები, როგორიცაა: საერთაშორისო ტერორიზმი, იარაღით უკანონო ვაჭრობა, ადამიანთა ტრეფიკინგი შრომითი და კომერციული, აგრეთვე, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით და სხვა.
ევროკავშირის სტრასბურგის (1990 წ. 8 Xშ) კონვენციის დებულებების (რომელსაც საქართველო შეუერთდა 2004 წლის 17 თებერვალს) და სპეციალური ფინანსური კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, ფულადი სახსრების ან სხვა ქონების გათეთრება წარმოადგენს პროცესს: “რა დროსაც მიმდინარეობს უკანონო სახსრების მითვისება, გადარიცხვა, ან სხვა გზით მისი საფინანსო-საკრედიტო სისტემაში გატარება, ან ამ სახსრებით სხვა რაიმე ქონების შეძენა, ან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, რომლის მეშვეობით სახსრები მის მფლობელს უბრუნდება განახლებული ფორმით, კანონიერი შემოსავლის სახით, იმავდროულად შესაძლებელი ხდება უკანონო ქმედებათა ინიციატორისა და უკანონო შემოსავლის წყაროს შენიღბვა”.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზანი მოცემული ფორმულირების მიხედვით არის:
1. უკანონო გზით მიღებული შემოსავლის კვალის გაქრობა.
2. მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა.
3. იმ პირთა გასაიდუმლოება, რომლებიც ღებულობენ უკანონო შემოსავალს და გამოდიან ამ პროცესის ინიციატორებად.
4. გადასახადისაგან თავის არიდება.
5. არალეგალური წყაროებიდან მიღებული ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უსაფრთხო და კომფორტული გამოყენების პირობების შექმნა.
6. ლეგალურ ბიზნესში უსაფრთხო ინვესტირების პირობების შექმნა.
ფულის გათეთრების ცნების სამუშაო ვარიანტი ეკუთვნის ინტერპოლს. 1995 წელს, ინტერპოლის გენერალური სეკრეტარიატის ასამბლეის გადაწყვეტილებით, ფულის გათეთრებად მიიჩნიეს “ქმედება ან ასეთის მცდელობა, რომლის მიზანია უკანონო შემოსავლის დამალვის ან შენიღბვის გზით მისი შემოსავლის ლეგიტიმურ წყაროსთან გაიგივება”.9
ჩვენი აზრით, ფულის ან სხვა ქონების გათეთრების არსი გამოიხატება სამოქალაქო კანონმდებლობით დარეგულირებული უფლებების (კერძოდ საკუთრების უფლების) დაწესების მცდელობაში, სამოქალაქო კანონმდებლობის ნებისმიერ (კანონით ნებადართულის გარდა) ობიექტზე, რომელიც მოპოვებულია დანაშაულებრივი გზით.
მაშ, რაში მდგომარეობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სოციალური საშიშროება?
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის სირთულე იმით არის განპირობებული, რომ დანაშაულებრივი ქმედებებით წარმოშობილი მატერიალური ზიანის მაღალი ვიქტიმურ-ანონიმურობის გამო შედეგი ყოველთვის უცნობია და, გამომდინარე აქედან, ძნელია დადგინდეს მიყენებული ზიანის მასშტაბი და ხარისხი, მაგრამ ამ დანაშაულით მიყენებული ზიანი ბუნებაში რეალურად არსებობს და მასზე პირველ რიგში მეტყველებს კანონმდებლის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების ფაქტი.
რუსი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ “ფულის გათეთრების მასშტაბების და მიყენებული ზიანის ხარისხის დადგენის სირთულე განპირობებულია მსხვერპლის პერსონიფიცირების შეუძლებლობით და იმითაც, რომ ეს ზიანი დევს სოციალური, ეკონომიკური და ზოგჯერ არამატერიალურ თვისებათა მქონე მოვლენათა სიღრმეში”.10
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესში, დანაშაულებრივ ქმედებათა გამო, კანონით დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მიმდინარეობს ცვლილებები, რომელიც მატერიალურ, პოლიტიკურ და ზნეობრივ ზიანს აყენებს ამ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ზიანის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მას გააჩნია დიალექტურ კავშირში მყოფი ორი მხარე – ეკონომიკური და იურიდიული.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხე და საზოგადოებრივი საშიშროების ეკონომიკური მხარე იმაში მდგომარეობს, რომ იწვევს მრავალ უარყოფით პროცესს, როგორიცაა: ეკონომიკურ პოლიტიკაზე კონტროლის დაკარგვა და ეკონომიკის დეფორმაცია, ლეგალური საფინანსო ბაზრის მთლიანობის რღვევა და კერძო სექტორის შერყევა და ა.შ.
მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ იმ შემთხვევაში, “თუ ყველაზე უზრუნველყოფილი მოსახლეობის 10%-ის შემოსავალი 8 ან მეტჯერ აღემატება 10%-ის ყველაზე დაბალი უზრუნველყოფის მქონე მოსახლეობის შემოსავლის ოდენობას (ე.წ. “დეცილური კოეფიციენტი”), ქვეყანაში წარმოიშვება სოციალურ-პოლიტიკური არასტაბილურობა11, ხოლო ევოლუციის ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების ჯამი წარმოშობს არაინსტიტუციონალურ ახალ სოციალურ წარმონაქმნს ჩრდილოვან- კრიმინალურ ეკონომიკას.
სპეციალისტების აზრით, ჩრდილოვანი ეკონომიკა არის “ყოველი ეკონომიკური აქტიურობა, რომელიც არ არის დარეგისტრირებული უფლებამოსილი ორგანოების მიერ. ეს ისეთი ეკონომიკური ურთიერთობაა, რომელიც ყალიბდება საზოგადოებაში მოქმედი კანონებისა და სამეურნეო საქმიანობის წესების საპირისპიროდ.12
მრეწველობის ლეგალური სფეროს მნიშვნელოვანი შემცირება და ამის ხარჯზე ჩრდილოვანი სექტორის ზრდა იწვევს საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტის გაკოტრებას. დროის გარკვეულ მომენტში სახელმწიფოს მიერ აკრეფილი გადასახადები არ აძლევს მას საშუალებას, შეასრულოს საშინაო და საგარეო ფუნქციები.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საზოგადოებრივი საშიშროების იურიდიული მხარე იმაში მდგომარეობს, რომ აღწევს რა თავისი ფინანსური და ორგანიზებული განვითარების მწვერვალს, ბოროტმოქმედთა ობიექტურ მოთხოვნილებად ხდება თავისი ექსპანსიისა და მოქმედების ცენტრის გადატანა კრიმინალური სისტემის გარეთ – კანონმორჩილ საზოგადოებაზე. საკუთარი დიქტატისადმი საზოგადოების დამორჩილება იქცევა კორპორაციული მონსტრის მთავარ სასიცოცხლო მოთხოვნილებად.
ფულისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შედეგად მიმდინარეობს მოსახლეობის რადიკალური დიფერენციაცია, ჩრდილოვანი სტრუქტურები ცდილობენ დაეუფლონ განათლებისა და მეცნიერების სფეროს, ნერგავენ ქცევის ახალ სტანდარტებს და ა.შ.
ერთის მხრივ – დიპლომები და მაღალი სამეცნიერო ხარისხები სარგებლობდნენ დიდი მოთხოვნილებით, რადგან ისინი წარმოადგენდნენ კრიმინალური ელემენტებისათვის ძალზე ეფექტურ სოციალურ თავშესაფარს.
მეორეს მხრივ – შემოსავლის ოდენობა, განათლების დონე, მენეჯერული საქმიანობა და ა.შ. არის პრესტი’ისა და სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ნაციონალური ელიტის, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური ელიტების ჩამოყალიბება. ე.ი. კრიმინალურ ელემენტებს უჩნდებათ რეალური საშუალება, შეაღწიონ ელიტის სხვადასხვა ჯგუფებში, რომელიც შემდგომში ღებულობს საშიშ კლანურ ფორმას. ნაციონალური და “ფსევდო” ელიტის ჩამოყალიბების საკითხის გამოკვლევა მით უფრო აქტუალურია დღეს, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ფასეულობათა და სოციალური ნორმების ტრანსფორმირებასთან და ჯანსაღ ელიტაზეა დამოკიდებული საზოგადოებრივი ვექტორის სწორი განვითარება. აქ, პირველყოვლისა, უნდა ვიგულისხმოთ კორუფციასთან ბრძოლის პრობლემა, რადგან როგორც ცნობილია, “კორუფცია ძირითადად არის სახელმწიფო – მმართველობითი ელიტის დანაშაულებრივი ქმედებები”.13
ამის გათვალისწინებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლა ტრადიციულად ითვლება კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად.
როგორც მსოფლიო პრაქტიკიდან ჩანს (მათ შორის ამერიკის გამოცდილებიდან – ბუტლუგერების კაპიტალის ლეგალიზაციის დროს; საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ – ჩრდილოვანი კაპიტალის ამნისტიის პროცესში), როდესაც უკანონო შემოსავლის მოცულობა აღწევს წარმოებული შიდა პროდუქტის ნახევარს, იწყება მოვლენები, რომლის პროცესში რაოდენობრივი მაჩვენებელი გადადის ხარისხობრივში. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს არა მხოლოდ უკანონო შემოსავლების ზრდის ძლიერ ბიძგს, “არამედ კრიმინალიზირებული ბიზნესის სტრუქტურების ლეგიტიმაციას”.14
2. საერთაშორისო თანამეგობრობა და უკანონო შემოსავალთან ბრძოლა
მაშ ასე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრობლემა ატარებს საყოველთაო ხასიათს და პირდაპირ არის დაკავშირებული ისეთ საშიშ მოვლენასთან, როგორიც არის ორგანიზებული დანაშაული.
მსოფლიო თანამეგობრობის განვითარების ამ ეტაპზე, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია შესაძლებელია, ძირითადად, ტრანსნაციონალური ფინანსური ოპერაციებით, გათეთრებული კაპიტალის სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გატანის გზით. აქედან გამომდინარე, ამ სახის დანაშაულთან ბრძოლის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული ეფექტიან საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რადგან ნაციონალური კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს კრიმინალური კაპიტალის ქვეყნის შიგნით ბლოკირების ამოცანას. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესს, სრულიად გასაგები ხდება, რატომ არის პრიორიტეტული საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, მოდელური კანონების მომზადება, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
მსოფლიოში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შექმნილია მრავალი სპეციალური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, “ქცევის სტანდარტის” შემოღების გზით, აწესებენ საფინანსო სფეროში მომუშავე იურიდიულ და ფიზიკურ პირთა პასუხისმგებლობის პრინციპებს:
– საერთაშორისო საბანკო საზოგადოების წესებისა და კონტროლის
კომიტეტის 1988 წ. “ბაზელის დეკლარაცია”, რომელშიც შედიან “ათთა ჯგუფის ( აშშ, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია) ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. დეკლარაცია მოიცავს რეკომენდაციებს კლიენტების იდენტიფიკაციის აუცილებლობის შესახებ, ანონიმური ანგარიშების წარმოებაზე უარის თქმის მოთხოვნას, მოუწოდებს ბანკის ხელმძღვანელობას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისაკენ;
– “ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 1988 წლის 9 დეკემბრის ვენის კონვენცია. ამ კონვენციაში, როგორც აღინიშნა, პირველად ჩამოყალიბდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ცნება. გაეროს ნორმატიული აქტი დანაშაულად აცხადებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. ეს დოკუმენტი სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა ყველა ქვეყანაში, რომლებიც მიერთებულნი არიან ამ კონვენციას (დოკუმენტი რატიფიცირებულია 100-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ).
– “ფულის გათეთრების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლის მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ” ევროკავშირის სტრასბურგის კონვენცია (1990 წლის 8 ნოემბერი). კონვენციამ დანაშაულად აღიარა არა მხოლოდ ნარკოტიკების, არამედ სხვა სახის დანაშაულიდან მიღებული ფულის ლეგალიზაციაც. ამდენად, სტრასბურგის კონვენცია ვენის კონვენციისაგან განსხვავებით, აწესებს პასუხისმგებლობას არა მარტო ნარკობიზნესის, არამედ ნებისმიერი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ლეგალიზაციისათვის. კონვენცია ასევე უფლებას აძლევს წევრ ქვეყნებს, იმსჯელოს პირთა პასუხისმგებლობის შესახებ იმ შემთხვევაშიც, თუ ძირითადი დანაშაული ჩადენილია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
– “ფულის გათეთრების აღკვეთა და დანაშაულებრივი საქმიანობით
მიღებული შემოსავლის გამოყენებასთან ბრძოლა: გლობალური მიდგომა” (1992 წლის 19-20 ივნისი, კურმაიორი, იტალია) გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ანგარიში და რეკომენდაციები, რომელმაც განსაზღვრა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ეფექტური 7 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება (ფულის გათეთრების კრიმინალიზაცია, საბანკო საქმიანობის საიდუმლოების ხარისხის შემცირება, ანონიმური და წარმდგენზე ანაბრების გაუქმება, პირის აუცილებელი იდენტიფიკაცია და საეჭვო ოპერაციების შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, უკანონო შემოსავლის კონფისკაცია, ქმედითი საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმის შექმნა). აღნიშნულმა რეკომენდაციებმა ასახვა პოვეს მრავალი ქვეყნის ნაციონალურ კანონმდებლობაში.15
– ევროპის საბჭოს დირექტივა “ფულის გათეთრების მიზნით საფინანსო სისტემის გამოყენების შესახებ” (დირექტივა I91#308#UUEE, 14 თებერვალი 1991 წ.). ამ დირექტივამ სრულყო სტრასბურგის კონვენცია და წევრ ქვეყნებიდან მოითხოვს სპეციალური სტრუქტურების ჩამოყალიბებას, რომელთა მოვალეობა იქნება საეჭვო გარიგებების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება.
– გაეროს 1993 წლის ნოემბრის მოდელური კანონი “ნარკოტიკებიდან მიღებული ფულის გათეთრების შესახებ”. კანონი ეყრდნობა მრავალი ქვეყნის პრაქტიკას და შეიცავს რეკომენდაციებს ნარკობიზნესიდან მიღებული თანხების გამოვლენისა და კონფისკაციის შესახებ.
– კერძო საბანკო სექტორში შემოსავლის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული საყოველთაო დირექტივები – “ვოლსბერგის პრინციპები” (შემუშავებულია 7 მოწინავე სახელმწიფოს 11 წამყვანი კომერციული ბანკების მიერ 2000 წლის 30 ოქტომბერს). ამ დირექტივებმა საბანკო საქმიანობაში განამტკიცეს პრინციპი – “იცნობდე შენს კლიენტს”.
– საერთაშორისო ფინანსურ მოქმედებათა ჯგუფი – GAFI შეიქმნა 1989 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ინიციატივით, აერთიანებს მსოფლიოს 26 წამყვან სახელმწიფოს, მათ შორის, ევრო კომისიას და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგების შეფასება.
– FATF-ი, ევროსაბჭოს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსურ მოქმედებათა სპეციალური ჯგუფი, შეიქმნა 1989 წელს. 1990 წელს შეიუშავა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის 40 რეკომენდაცია და დღეისათვის ითვლება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მექანიზმად, მოიცავს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ძირითად სქემებს და თავისი არსით უნივერსალურია. 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა მიიღეს ახალი კანონი, ხოლო FAთF-მა შეიმუშავა ახალი რეკომენდაციები, რომელიც დაკავშირებულია ანტიტერორისტულ მოძრაობასთან და მიზნად ისახავს გლობალური ანტიტერორისტული მოძრაობის ჩამოყალიბებას.
როგორც დაგროვილი გამოცდილებიდან ჩანს, მრავალ ქვეყანაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ბრძოლა ხორციელდება არსებულ სამართალდამცავ ორგანოთა ძალის გამოყენებით. მაგრამ მონაცემების აქტიურად შეგროვების, შეფასების, საეჭვო გარიგებათა გამოვლენის აუცილებლობა, ლოგიკურად მოითხოვს და გარდაუვალს ხდის ამ საქმიანობის ერთი უწყების ხელში თავმოყრას. ამ პროცესებს მოჰყვა სპეციალური საფინანსო დაზვერვის სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც უკვე მოქმედებს მსოფლიოს 94 ქვეყანაში. 1995 წლიდან საფინანსო დაზვერვის ქვედანაყოფები გაერთიანდნენ “ეგმონტის” სახელწოდებით ცნობილ ჯგუფში (პირველი გაერთიანებული შეკრება შედგა ბრიუსელის “Egmont-Arenberg” -ის სასახლეში).
“ეგმონტის” ჯგუფის მიზანია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ფინანსური დაზვერვის ქვედანაყოფების თანამშრომლობა, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მათი სისტემატიზაცია, დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. “ეგმონტის” ჯგუფს ეკუთვნის საფინანსო დაზვერვის სტანდარტის ზოგადი ცნების ჩამოყალიბება. ამის მიხედვით, საფინანსო დაზვერვის ქვედანაყოფად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის ცენტრალური უწყება, რომლის მოვალეობას წარმოადგენს ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაგზავნა.
საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს შორის, რომლის ფუნქცია არის ფულის უკანონო ლეგალიზაციასთან ბრძოლა, უნდა გამოვყოთ:
ინტერპოლი – სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია, – ახორციელებს მონაწილე 178 სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებათა კოორდინაციას ფულის გათეთრების პრევენციისა და გამოძიების საქმეში.
ევროპოლი – შეიქმნა გერმანიის ინიციატივით 1992 წლის, 1995 წლის ხელშეკრულებით. ის აერთიანებს დასავლეთ ევროპის 15 წამყვან ქვეყანას. მისი მთავარი ფუნქციაა ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ამ ქვეყნებში პოლიციური ოპერაციების ჩატარება, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ხელშეწყობა. მისივე დამაარსებელთა აზრით, “ევროპოლი” უნდა გახდეს ნარკობიზნესთან ბრძოლის რეგიონალურ ცენტრად.
კრიმინალური შემოსავლების კონტროლის პროგრამის რეალიზაციისათვის მხოლოდ კანონმდებლობის სრულყოფა როდი არის საკმარისი. საჭიროა ამ კანონმდებლობის მოთხოვნათა ზუსტად და ხარისხიანად შესრულება, რაც, მრავალი მიზეზის გამო, ხშირად შეუძლებელი ხდება. ამ გარემოებამ დღის წესრიგში დააყენა სპეციალური ავტომატიზირებული სისტემის შექმნა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წელს შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული სამსახური FinCen-ის სახელით. ის აერთიანებს და კოორდინაციას უწევს საბა’ო, საგადასახადო, საფოსტო სამსახურის, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, საიდუმლო სამსახურის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის სამმართველოს, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს, სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და გამოკვლევების ბიუროს და რაც მნიშვნელოვანია, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობას. 1996 წელს მწყობრში ჩადგა სადეპოზიტო ანგარიშების მოძრაობის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა და ბოლოს, სულ რამდენიმე წლის წინ ამუშავდა ლოს-ალამოსის საიდუმლო ბირთვულ ლაბორატორიაში შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მქონე პოლიციელი-რობოტი, რომელსაც ასევე “ხელოვნურ დაზვერვას” უწოდებენ. Fინჩენ-ის სახელით ცნობილ ამ აპარატს და რობოტს შესწევს უნარი გააანალიზოს, შეაფასოს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ყველა საფინანსო ოპერაციის კანონიერების საკითხი. ამერიკის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მათ მიერ ამ კუთხით გაწეული ხარჯები წარმოადგენს მაღალრენტაბელობის მქონე ინვესტიციას.16
3. ფულის გათეთრების სტრუქტურა, მოდელები და ხერხები
დანაშაულებრივი კაპიტალის ლეგალიზაცია კოლოსალურ ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას, სახელმწიფო წყობის საფუძვლებს. როგორც აღინიშნა, 80-იანი წლების დასაწყისიდან, მსოფლიო თანამეგობრობა აწარმოებს აქტიურ ბრძოლას ამ საშიშ მოვლენასთან.
პასუხად ამისა, კრიმინალური დაჯგუფებები უკანონო კაპიტალის ლეგალიზაციისათვის იყენებენ მრავალრიცხოვან სქემებს, სხვადასხვა ხერხს. ჰყავთ ამაში ჩართული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ბიზნესის მენეჯერები, იურისტები, აუდიტორები, ხშირად დანაშაულებრივი ჯგუფების პარტნიორებად გვევლინებიან კომერციული და სააუდიტორო კომპანიები, ცნობილი იურიდიული ფირმები, ბანკები, სხვა საკრედიტო ორგანიზაციები და ა.შ.
ფულის გათეთრების პროცესის სტრუქტურა ძალზე რთულია და წარმოადგენს სხვადასხვა ოპერაციების კომბინაციას.
უცხოელი მეცნიერები და პრაქტიკოსები გამოყოფენ ფულის გათეთრების რამდენიმე მოდელს. მათ შორის ერთი-ერთი პოპულარულია სამფაზიანი მოდელი, რომელიც სამი სტადიისაგან შედგება და მეტად დინამიურ პროცესს წარმოადგენს:
– პირველი სტადია – ( placement ) განთავსება, ანუ თანხების დანაშაულებრივი საქმიანობის ადგილიდან გატანა;
– მეორე სტადია – ( layering ) განშრევება, რომლის მიზანია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გადამალვა;
– მესამე სტადია – ( integration ) ინტეგრირება, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ხდება მოქმედი მისი გეოგრაფიული წარმოშობის მიუხედავად.
განთავსების სტადია – ეს არის ნაღდი ფულადი სახსრების ფიზიკური განთავსება მობილურ ფინანსურ ინსტიტუტებში და მათი ტერიტორიული მოცილება წარმოშობის ადგილიდან.
განთავსება წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესის ყველაზე სუსტ რგოლს, ამ ეტაპზე შედარებით იოლად შეიძლება უკანონო შემოსავლის გამოვლენა. განთავსების ცნობილი მეთოდები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაირად:
1. განთავსება – ტრადიციულ საფინანსო უწყებებში;
2. განთავსება – არატრადიციულ საფინანსო უწყებებში;
3. განთავსება – არასაფინანსო სექტორის მეშვეობით;
4. განთავსება – ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანის გზით.
ტრადიციულ საფინანსო უწყებებს განეკუთვნება კომერციული, შემნახველი ბანკები და ასოციაციები, საკრედიტო კავშირები, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო და საფინანსო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება სახელმწიფოს მიერ.
განვიხილოთ განთავსების ზოგიერთი მეთოდი:
– ნაღდი ფულის სტრუქტურირება (schtroumpfage-ანაბრის “დაფასოების” ტექნიკა), რომლის არსი შემდეგში გამოიხატება: ერთი დიდი თანხა დაიყოფა წვრილმან თანხებად (აშშ ათი ათას დოლარზე ნაკლებ თანხად, ვინაიდან ამაზე მეტი თანხა ექვემდებარება ფინანსურ კონტროლს) და გადაირიცხება სხვა ქვეყანაში;
– ბანკთა შორის საკორესპონდენტო ურთიერთობების გამოყენება – დაკავშირებულია უკანონო შემოსავლის გადაგზავნასთან საკორესპონდენტო ბანკის ანგარიშზე და ღებულობს ბანკთა შორის გადარიცხვის ფორმას. ამ გზით ბოროტმოქმედები ახერხებენ მსხვილი თანხების გადაადგილებას;
– ცრუ კვალის შექმნა, ანუ ყალბი საბუთების გამიზნულად გამოყენება, შემოსავლის წარმოშობის ან რეალური მესაკუთრის ადგილსამყოფელის შენიღბვის მიზნით. ამისათვის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ხშირად იქმნება კონტროლირებადი, ცრუმაგიერი კომპანიები. ამ კომპანიების ბუღალტერია მიუღწეველია შემოსავლის წარმოშობის ხელისუფლებისათვის, ვინაიდან ის განლაგებულია ექსტერიტორიულ ზონაში;
– უკანონოდ მიღებული შემოსავლის უცხოეთში გადაგზავნა – ამის განხორციელებისათვის გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის საფოსტო გზავნილები, ჩეკები, აკრედიტივები და ვექსელები;
– კოლექტიური” ანგარიშების გამოყენება. ამ მეთოდით სარგებლობენ ემიგრანტები აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან. მათ ერთ ანგარიშზე შეაქვთ წვრილმანი თანხები, რომელიც შემდგომში გადაირიცხება უცხოეთში;
– სესხის გარანტიით გაცემის მექანიზმი. იგი ძირითადად გამოიყენება ნაღდი ფულის კონტრაბანდის მიზნით. ამ მეთოდის თანახმად, უკანონო შემოსავალი ჯერ გადაირიცხება სხვა ქვეყანაში, ხოლო შემდგომ გამოიყენება საბანკო სესხის გაცემის გარანტიად და ბრუნდება “ჭუჭყიანი” ფულის წარმოშობის ქვეყანაში;
– არატრადიციულ საფინანსო უწყებებს უწოდებენ სავალუტო ბირ’ებს, ძვირფასი მეტალებისა და ქაღალდების ბროკერებს, ნედლეულის ბროკერებს, ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ სატელეფონო და საფოსტო მომსახურებას და ჩეკების ნაღდ ფულზე გაცვლას, კაზინოს.
მრავალ მეთოდებს შორის, რომლებიც გამოიყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნებისათვის, გამოირჩევა უკანონო და კანონიერი ფონდების შერწყმა, ნაღდი ფულით ქონების შეძენა, ვალუტის უკანონოდ გატანა.
არასაფინანსო სექტორს განეკუთვნება გართობის ინდუსტრიასთან, საავტომობილო ბიზნესთან დაკავშირებული უწყებები, საცალო ვაჭრობა, ანტიკვარული მაღაზიები, მომსახურების სფეროს საწარმოები და ა.შ.
უკანონო შემოსავლის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა ხდება ფიზიკურად, ოფიციალური უწყების გვერდის ავლით.
– განშრევება – ეს არის ქსელი, რომლის მიზანია თანხების წარმოშობის დაფარვა. იგი ლეგალიზაციის ციკლის ყველაზე რთული ეტაპია და თავისი ბუნებით გლობალური და ინტერნაციონალურია. თუ თანხების განთავსება წარმატებით განხორციელდა, ფულის გათეთრების პროცესის შემდგომი გაკონტროლება უფრო მეტად რთული ხდება. ამ მიზნით, მრავალი სახის საფინანსო ოპერაციების გამოყენებით, იწყება განშრევების პროცესი, რაც შეუძლებელს ხდის უკანონო კაპიტალის კვალის მიგნებას.
განშრევების სტადიის ყველაზე ცნობილი მეთოდებია: ნაღდი ფულის ფულად ინსტრუმენტებში (ჩეკები, ობლიგაციები, აქციები) გადაყვანა&ლოწასტ; ფულის სხვა ფირმების ანგარიშზე ჩარიცხვა, ფულის ელექტრონული საშუალებებით გადარიცხვა, რომელიც ბოროტმოქმედებს ანიჭებს სისწრაფის მაღალ ხარისხს, ანონიმურობას და ტოვებს მინიმალურ კვალს.
მეორე სტადიის ოპერაციების წარმატებით დასრულებისათვის მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ოფშორულ ზონებს, სადაც რბილი საგადასახადო რეჟიმი და სუსტი საფინანსო კონტროლი მოქმედებს. ოფშორული ზონებისა და ე.წ. “ოფშორული ბიზნესის” მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს ნაციონალური რეგულირების პროცესიდან გამოჰყავთ კაპიტალის მძლავრი ნაკადი. ინგლისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე “Offshore-2000” აღინიშნა, რომ ოფშორული მაქინაციების მასშტაბები ბალანსის დარღვევით ემუქრება მსოფლიოს საფინანსო სისტემას. ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მონაცემებით, მსოფლიოს ძირითადი ოფშორული ცენტრების ბანკებში და საინვესტიციო კომპანიებში ინახება თანხა, რომლის ოდენობა შეადგენს 5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს და რომლის დიდ ნაწილს გააჩნია კრიმინალური წარსული. ამ კონფერენციაზე პირველად გაისმა ოფშორული “ყურეების” მიმართ მკაცრი გაფრთხილება.17
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ გაფრთხილებამ დადებითი შედეგი გამოიღოს, რადგან საკითხი უკავშირდება ნაციონალური სუვერენიტეტის პრობლემას, ამასთან, საუბარი რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ზედმეტია, თუ ფინანსური კონტროლი არ მიიღებს საყოველთაო ხასიათს, მსოფლიო მასშტაბს და საერთოდ არ იქნება ლიკვიდირებული ოფშორული ზონები.
ამის ნათელი მაგალითია სეიშელის კუნძულების კანონმდებლობა. ამ ქვეყნის 1995 წელს მიღებული კანონი განუზომელ პირად და ქონებრივ იმუნიტეტს ანიჭებს ყველა იმ პირს, ვინც ქვეყნის ეკონომიკაში განახორციელებს არანაკლებ 10 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას. ამ სუბიექტების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაიდენენ ძალადობას ან ნარკოტიკების კონტრაბანდას.
ამდენად, ინდოეთის ოკეანის ამ კუნძულებზე მშვიდად ბინადრობენ ბოროტმოქმედები და მათ მიერ უკანონოდ მოპოვებული კაპიტალი18.
ფულის გათეთრების უკანასკნელი სტადია ინტეგრირებაა, ამ დროს ხდება თანხების მთლიანი ასიმილირება, შერწყმა ლეგალურ ეკონომიკასთან.
განშრევების პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, გათეთრებულ ფულს, წარმოშობის ახსნის მიზნით, აუცილებლად უნდა მიეცეს კანონიერი ფულის გარეგნული სახე. ინტეგრაციის სტადიაზე გათეთრებულ ფულს, კანონიერი შემოსავლის სახით, ათავსებენ საბანკო სისტემაში. ამ სტადიის შემდეგ უკანონო შემოსავლის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ფარული აგენტურული და ოპერაციული საქმიანობის გზით.
ინტეგრაციის პროცესის განხორციელებისათვის გამოიყენება ისეთი გავრცელებული მეთოდები, როგორიც არის: უძრავი ქონების გაყიდვა, გარიგების ფასების დამახინჯება (ხელოვნურად დაწევისა და გაზრდის კუთხით) “ტრანსფერპრაისინგი” – გამოიყენება ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელების პროცესში, რომლის დროს დგება ორი – ფიქტიური და ფაქტიური ხელშეკრულება, ფიქტიური კომპანიების შექმნა და საკრედიტო საქმიანობა, კაზინო და ლატარიები, სადაც ხდება ფულის დეკლარირება და ა.შ.
შედარებით ნაკლები ინტენსივობით გამოიყენება ფულის გათეთრების შემდეგი მოდელები:
1. ოთხფაზიანი მოდელი. უკანონო შემოსავლის გათეთრების პროცესის სტრუქტურირების აღნიშნული მოდელი ძირითადად გამოიყოფა გაეროს ექსპერტების მიერ.
– პირველი სტადია – ნაღდი ფულისაგან განთავისუფლება და ცრუმაგიერი პირის ანგარიშზე გადარიცხვა. ასეთ პირებად გვევლინებიან საბანკო ანგარიშების მქონე ბოროტმოქმედთა ნათესავები;
– მეორე სტადია – ნაღდი ფულის განაწილება. ამ სტადიის რეალიზაციის პროცესში მიმდინარეობს საბანკო ვალდებულებათა საბუთებისა და ფასიანი ქაღალდების შესყიდვა. ხშირად ამისათვის ასევე გამოიყენება ვალუტის გაცვლის პუნქტები, კაზინო და ღამის კლუბები;
– მესამე სტადია – ჩადენილი დანაშაულის შენიღბვა. ამ სტადიაზე ბოროტმოქმედი ყოველ ზომას ხმარობს, რათა გარეშე პირებისათვის არ გახდეს ცნობილი ფულის წარმოშობის წყარო და მისი განაწილების მექანიზმი;
– მეოთხე სტადია – ფულის მასის ინვესტირება. ამ სტადიაზე ხდება ლეგალიზებული კაპიტალის ინვესტირება მაღალშემოსავლიან ბიზნესში.
2. ორფაზიანი მოდელი – ფულის გათეთრების ორი ხარისხით:
– პირველი ხარისხი – ამ დროს ხდება უშუალოდ ჩადენილი დანაშაულიდან მიღებული ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება ხორციელდება ფულის ნიშნების სხვა კუპიურაზე ან სხვა ვალუტაზე გაცვლით. ეს ქმედებები ძირითადად ხორციელდება მოკლევადიანი ოპერაციების სახით;
– მეორე ხარისხი – წარმოდგენილია საშუალო და გრძელვადიანი ოპერაციებით, რომლის მეშვეობით, აწ უკვე გათეთრებულ ფულს ეძლევა კანონიერი სახე და შედის ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. ამ მოდელის შიგნით გამოყოფენ ორ ერთეულს – ძირითადი დანაშაულის ჩადენის ქვეყანას და ფულის გათეთრების ქვეყანას.
3. ოთხსექტორიანი მოდელი – ამ მოდელის ჩარჩოებში გამოყოფენ სექტორებს და მასთან დაკავშირებულ ფულის გათეთრების სტადიებს. გამოყოფის კრიტერიუმად ითვლება განსახორციელებელი ოპერაციების ლეგალობა – არალეგალობა და ქვეყანა, სადაც ჩადენილია ძირითადი დანაშაული ან განხორციელდა ფულის გათეთრების ოპერაცია.
– პირველი სექტორი – ძირითადი დანაშაულის ჩადენის ქვეყანა (ლეგალობა). ამ სექტორში ხდება წინასწარი, ქვეყნის შიგნით ფულის გათეთრების ოპერაცია;
– მეორე სექტორი – ძირითადი დანაშაულის ჩადენის ქვეყანა (არალეგალობა). ამ სექტორში ხდება ფულის შეგროვება და მისი კონტრაბანდისათვის მომზადება;
– მესამე სექტორი – ფულის გათეთრების ქვეყანა (არალეგალობა). ამ სექტორში მიმდინარეობს ლეგალურ საფინანსო სისტემაში ფულის მასის შეყვანის სამზადისი;
– მეოთხე სექტორი – ფულის გათეთრების ქვეყანა ( ლეგალობა). ამ სექტორში ხორციელდება შენიღბვითი ღონისძიებები, გადარიცხვებისა და ინვესტიციების სახით.
ბოროტმოქმედთა არსენალში მყოფი ფულის გათეთრების მრავალი ტექნოლოგიური ხერხები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაირად:
ა) ფულისა და ფასეულობათა გადაგზავნა არაკომერციული ორგანიზაციათა სისტემის გამოყენებით. ეს ხერხი ძირითადად გამოიყენება დანაშაულებრივი ორგანიზაციების მიერ ტერორისტული აქციების დაფინანსებისათვის. როგორც ცნობილია, არაკომერციული და საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა მოიცავს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს: განათლებას, სპორტს, კულტურას, ხელოვნებას და ა.შ. ასეთი არაკომერციული ორგანიზაციის სახელზე საქველმოქმედო საქმიანობისათვის ჩარიცხული თანხები შეიძლება მოხვდეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელში ისე, რომ სპონსორებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ.
ბ) ფულისა და ფასეულობათა გადაგზავნა არაფორმალური სისტემის გამოყენებით. აღნიშნული სისტემა ჩვეულებრივი საბანკო ან ფულის გადაგზავნის სხვა მექანიზმებს მიღმა არსებობს. სხვადასხვა ქვეყნებში მას იცნობენ არასაბანკო გზავნილების, პარალელური საბანკო სისტემის, havala, fundi, black market peso exchange სახელით. ამ სისტემის არსი შემდეგშია: ფული კლიენტის ადგილსამყოფელის მიხედვით გადაეცემა ოპერატორს და მისი, ნების შესაბამისად, იგზავნება სხვა რეგიონში მიმღების სახელზე. სისტემის ოპერატორი ტელეფონის, ფაქსის ან ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდება თავის კოლეგას მიმღებისათვის საჭირო თანხის გაცემის შესახებ. როგორც წესი, ოპერატორის საქმიანობა ეფუძნება ნდობას და აგებულია ეთნიკურ, ნათესაურ კავშირებზე.
გარდა ამისა, მსოფლიოში არსებობს მრავალი სხვა კარგად აპრობირებული ვალუტის, ეროვნული ფულადი ნიშნის, ნარკობიზნესიდან მიღებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სქემები.