საქართველოს დემოგრაფიული ვითარება და დემოსტატისტიკური აღრიცხვის სრულყოფის ზოგიერთი მიმართულებები
თეიმურაზ ბერიძე, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, ალექსანდრე ვადაჭკორია
საქართველოში შექმნილმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ წინა პლანზე წამოაყენა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ქვეყნის დემოგრაფიული სურათის შექმნა და მისი გაუმჯობესების გზების ძიება. დემოგრაფიული სტატისტიკის მომხმარებელთა წრე მეტად ფართოა, სახელმწიფო სტრუქტურებიდან კერძო მომხმარებლამდე და დღითიდღე მატულობს მოთხოვნები შესაბამისი მონაცემების ხარისხისა და მრავალფეროვნების კუთხით, ამდენად, მით უფრო ფასეული ხდება უტყუარი და სანდო მიმდინარე დემო-სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება.
ქვეყანამ, დღემდე დემოგრაფიული განვითარების გრძელი გზა განვლო. დღეისათვის საქართველო იმყოფება მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის იმ სტადიაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია შობადობის შემცირება დაბალ, მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის არასაკმარის დონემდე. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ გარემიგრაციული პროცესები, მართალია 90-იან წლებთან შედარებით, კლების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რის გამოც 2001 წელს გრძელდებოდა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია, თუმცა 1990-იანი წლების პერიოდთან შედარებით ნაკლები ინტენსივობით. მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ნეგატიური ტენდენციების (შობადობის შემცირება, მიგრანტთა შორის რეპროდუქტიული ასაკის მოსახლეობის მაღალი ხვედრითი წილი) შედეგად დარღვეული დემოგრაფიული სტრუქტურის გამო კიდევ უფრო გაიზარდა დემოგრაფიული დაბერების მაჩვენებელი და 65 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობის წილმა მთელ მოსახლეობაში 2002 წლის იანვრისათვის 14,1% შეადგინა, მაშინ როდესაც 1995 წელს 11,5% იყო.
2001 წელს შობადობოს გარკვეული ზრდისა და მოკვდაობის მცირედი კლების შედეგად, წინა წელთან შედარებით ადგილი ჰქონდა ბუნებრივ მატებას (0,3 პრომილე) და მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის შემცირების ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად კვლავ გარე მიგრაცია დარჩა.
2001 წელს დაბადებულ ბავშვთა რიცხოვნობის რამდენადმე ზრდის მიუხედავად, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი (1,4) ისევ ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის მარტივი კვლავწარმოებისათვის საჭირო დონეს (ერთ ქალზე 2,1 ბავშვი). აღსანიშნავია, რომ 2001 წლის შობადობის დონემ 1990 წლის დონის მხოლოდ 51%-ი შეადგინა. ამასთან, დაბადებულთა საერთო რაოდენობაში კიდევ უფრო გაიზარდა რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების წილი. ქორწინების გარეშე შობადობის ზრდა საქართველოში ძირითადად განპირობებულია არარეგისტრირებული ქორწინებით, მაშინ, როდესაც მხოლოდ დედის განცხადებით რეგისტრირებული დაბადებული ბავშვის წილი 10 წლის წინანდელ დონეზეა. შეიცვალა დაბადებულთა სტრუქტურა დაბადების რიგითობის მიხედვით – რიგით მესამე და შემდგომ დაბადებულ ბავშვთა რიცხოვნობა 1995 წელთან შედარებით თითქმის 2000 ბავშვამდე შემცირდა. ეს კი მიგვანიშნებს მცირეშვილიანი ოჯახების მომრავლებაზე.
ქორწინებები, ე. ი. ახალი ოჯახების შექმნა 1995-2001 წლებში 1,6 ჯერ შემცირდა (21,5 ათასიდან 12,5 ათასამდე). ამავე პერიოდში, ყოველწლიურად დაახლოებით 21 ათასი ბავშვი შეეძინათ იმ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამას თან ერთვის საეკლესიო წესით ქორწინებები, რომელთა პარალელური დაფიქსირება არ ხდება შესაბამის ორგანოებში.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული ქორწინებისა და განქორწინების დონე საქართველოში ძალიან დაბალია. ეს მაჩვენებლები 2001 წელს 3,0 და 0,4. პრომილეს შეადგენდნენ (1990 წელს, შესაბამისად 6,7 და 1,4).
განქორწინებების ყველაზე მაღალი ალბათობა მოდის 35 წლამდე ასაკის ადამიანებზე, რომელთა შორის განქორწინებათა რიცხვმა 0,4 პრომილე შეადგინა.
2001 წელს 2000 წელთან შედარებით მოკვდაობა მოსახლეობის 1000 სულზე უმნიშვნელოდ შემცირდა, განსაკუთრებით 1 წლამდე ასაკში.
დემოგრაფიულ სტატისტიკაში პირველადი აღრიცხვის (დაბადებისა და გარდაცვალების ნაწილში) შემდგომი მოწესრიგებისა და სრულყოფის მიზნით 2002 წლის იანვრიდან დაიწყო შერჩეულ პილოტურ რეგიონებში (თბილისის ორი რაიონი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი) მედპერსონალის ტრენინგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა მსოფლიო კლასიფიკატორის მე-10 გადასინჯვის მიხედვით, რომლითაც პირველ ეტაპზე მომზადდა 385 ექიმი, ხოლო მეორე ეტაპზე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით – 1115 ექიმი.
მომზადებულმა სამედიცინო პერსონალმა, 2003 წლიდან ახალი სამედიცინო ფორმების მიხედვით დაბადებისა და გარდაცვალების აღრიცხავა დაიწყო. ფორმები თითოეული შემთხვევისათვის ორ ეგზემპლარად ივსება, საიდანაც ერთს მოქალაქე წარადგენს “სარ”-ის ორგანოში მეტრიკის ან გარდაცვალების მოწმობის მისაღებად და მეორე ეგზემპლარს სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის სამხარეო თუ საქალაქო ორგანიზაციის მეშვეობით წარადგენს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც თავს იყრის როგორც “სარ”-ის ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია ასევე ჯანდაცვის ობიექტებიდან შემოსული მონაცემები. მონაცემთა დაგროვების გარკვეულ ეტაპზე (თვეების მიხედვით) ხდება ორი წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედარება. მოქალაქეები სხვადასხვა მიზეზთა გამო თავს არიდებენ მეტრიკის და გარდაცვალების მოწმობის აღებას, ამდენად “სარ”-ის ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია სრულად ვერ ასახავს მიმდინარე პროცესებს. ამდენად, ახალი სისტემის დანერგვა და შემდგომი ამოქმედება ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობით წარმოებს.
როგორც ზემოთ იყო ნახსენები, აქამდე პილოტური კვლევითი სამუშაო სამ რეგიონში ჩატარდა. პირველივე თვის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ახალი სისტემით მიღებული დაბადებების რაოდენობა მხოლოდ თბილისში 400 ერთეულით აღემატება “სარ”-ის ორგანოებიდან მიღებულ მონაცემებს. საბოლოო ჯამში, პილოტური რეგიონების შედეგების შედარება “სარ”-ის ინფორმაციასთან შემდეგ სურათს გვაძლევს. ახალი სისტემით აღრიცხული დაბადებები 23,4%-ით აღემატება “სარ”-დან მიღებულს, გარდაცვალებები კი – 7,3%-ით. უშუალოდ საველე სამუშაოებს, პილოტურ რეგიონებში, წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი, რომლის დროსაც შეიქმნა დაბადებისა და გარდაცვალების ახალი სამედიცინო ცნობები, რომლებმაც გაიარეს სხადასხვა სპეციალობის ექიმების სათანადო ექსპერტიზა, ფორმები შეთანხმდა იქნა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან, რის შემდეგაც იგი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა.
ამავე პერიოდში დაიბეჭდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მსოფლიო კლასიფიკატორის მე-10 გადასინჯვის II – ტომის 1500 ეგზემპლარი, სიკვდილის და დაბადების ცნობების შევსების ინსტრუქცია თითოეული 1500-იანი ტირაჟით და ეს თვალსაჩინო მასალა დაურიგდა ექიმებს, რომლებმაც ამ პროგრამით გაიარეს ტრენინგი. ტრენინგებს ატარებდნენ ჯანდაცვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები: კლინიცისტი, გინეკოლოგი და პათანატომი. სტატისტიკურ ნაწილს და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ხასიათის საკითხებს მსმენელებს პროექტის ხელმძღვანელი აცნობდა.
ამჟამად მიმდინარეობს პილოტური რეგიონებიდან შემოსული მონაცემების დამუშავება. შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, 2002 წელს განხორციელდა ქვეყნის სხვა რეგიონებში აღრიცხვიანობის ახალი სისტემის დანერგვა. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩატარდა პროექტში მონაწილე ექიმების ანკეტური გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო დადგენილიყო სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება ახალ სააღრიცხვო ფორმებთან და მთლიანად სისტემის ფუნქციონირებასთან. ექიმების 96% თვლის, რომ მათი საქმიანობა ამით უფრო პასუხსაგები და მნიშვნელოვანი გახდა, სისტემამ არ გაართულა მათი მუშაობა, ფორმები არ არის ძნელად შესავსები და ნათლად ასახავს მოვლენას.
რაც შეეხება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სააღრიცხვო ფორმების დამუშავებას და მათ კომპიუტერში შეტანის პროცესს, შემოსული ფორმა ექვემდებარება ლოგიკურ კონტროლს, მას ენიჭება გარდაცვალების უშუალო (ძირითადი) მიზეზის კოდი ხელით (მე-10 გადასინჯვის კლასიფიკატორის მიხედვით), ამ პროცესის სიზუსტეს შერჩევით ამოწმებს მოწვეული ექიმი და ამის შემდეგ ინფორმაცია შედის კომპიუტერში – იქმნება მონაცემთა ბაზა. მონაცემთა დამუშავება წარმოებს დსკ-ს მე-10 ვერსიით, ქვემოთ მოვიტანთ სისტემის თანმიმდევრული მუშაობის თავისებურ “ტექნოლკოგიურ ციკლს”.
1. დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების ახალი სააღრიცხვო ფორმების შესაბამისი მონაცემების შეტანა ლოგიკური ბაზებში.
2. ცალკეული ოპერატორების მიერ ლოკალურ ბაზაში შეტანილი მონაცემების გადაგზავნა ერთიან ძირითად ბაზაში ლოკალური კონტროლის შემდეგ.
3. როგორც ლოკალურ, ასევე ძირითად ბაზაში შეტანილი მონაცემების გამოძახება და დათვალიერება გადამოწმების მიზნით.
4. გარდაცვალებისა და დაბადების ტაბელებისათვის უზრუნველყოფილია მცდარი ინფორმაციის გასწორებისა და ხელახალის შენახვის მექანიზმი.
5. ნებისმიერი ტაბელისათვის, ნებისმიერი მახასიათებლის სიხშირეების დათვლა ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.
6. პროგრამის ამჟამინდელ ვერსიაში ავტომატურად ხორციელდება ისეთი მონაცემების სისწორის შემოწება, როგორიცაა:
ა) დედის ასაკი
ბ) ბავშვის მასა (ახალდაბადებული)
გ) ბავშვის სიგრძე (ახალდაბადებული)
დ) ბავშვის სქესის განსაზღვრა
7. ამ ეტაპზე ხორციელდება ფილტრაციის პროცედურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამოვირჩიოთ მხოლოდ ის ჩანაწერები, სადაც შესამოწმებელი პარამეტრის მნიშვნელობა იქნება მითითებული შეცდომით (ეს საჭიროა აღმოჩენილი შეცდომების გასასწორებლად, ვინაიდან სხვანაირად რამოდენიმე ათას ჩანაწერში შეცდომის მოძებნა შეუძლებელია).
არსებული შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ აუცილებელია ჩატარებული სამუშაოების გაღრმავება. კერძოდ, სტატისტიკური მონაცემების სისრულისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ არსებული ფაქტების (დაბადება, გარდაცვალება და სხვა) აღრიცხვა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ავადობისა და სიკვდილის მიზეზების ურთიერთკავშირისას, ქვეყნის ნოზოპროფილის განსაზღვრას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია მონიტორინგის სრული და ამომწურავი სისტემის შექმნა და განხორციელება, რაზედაც უკვე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობასთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად.
საბოლოო ჯამში, შემუშავებულმა დემოგრაფიულმა პოლიტიკამ პირველ ეტაპზე როგორც მინიმუმი უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის მარტივი აღწარმოება და ქვეყნის დემოგრაფიული, ინტელექტუალური და შრომითი პოტენციალის შენარჩუნება, აქედან გამომდინარე დემო-სოციალური პოლიტიკის ძირითად მიზნად მიჩნეული უნდა იყოს დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი უარყოფითი ტენდენციის შეჩერება და უახლოეს წლებში მისი შემობრუნება პოზიტიური მიმართულებით.