შავი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება
ალექსანდრე მიქელაძე
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
lx.mikeladze@gmail.com
ანოტაცია: აღნიშნული სტატიის მიზანია შავი ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ინსტიტუტების და მათი სამართლებრივი ნორმებისა თუ სტანდარტების მიმოხილვა და მათი შემდგომი ანალიზი. ასევე, საქართველოში ფულის გათეთრების აღმკვეთი საკანონმდებლო ბაზის შესწავლა. აღნიშნული საკითხების დეტალური განხილვის საფუძველზე შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც ზედამხედველ ორგანოებს, ისე კერძო სექტორის თანამშრომლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების უკეთ აღკვეთაში.
Abstract: The aim of this article is to review and analyze international institutions and their legitimate norms or standards with a specific end goal to prevent money-laundering cases. In addition, we will outline a legislative basis for money laundering in Georgia. Based on the nitty gritty overview of these issues, there are proposed recommendations in order to assist the supervisory bodies and private sector employees in better preventing the legalization (laundering) of incomes obtained in a criminal way.
შესავალი: შავი ფულის გათეთრების პრობლემამ XX საუკუნის 80_იანი წლებიდან საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებმა გააიოლა კონტაქტი საზღვარგარეთელ პარტნიორებთან, რამაც ახალი სტიმული მისცა როგორც კანონიერ სამეწარმეო, ასევე დანაშაულებრივ საქმიანობას. სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწრაფი და გააზრებული რეაგირება, რათა ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს. აღნიშნული მიზანი ქმნის საჭიროებას, შევიმუშაოთ თანამედროვე მიდგომები და სხვადასხვა ღონისძიებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელიც დაეყრდნობა კვლევას და იქნება უფრო ეფექტიანი აღნიშნული პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და მისი შემდგომი აღმოფხვრისათვის. შავი ფულის გათეთრების პრობლემა საქართველოში სრულყოფილად არ არის გამოკვლეული. მის შესწავლას მიეკუთვნება მხოლოდ რამდენიმე მეცნიერის – ს.ასანიძის[1], გ.ღლონტის, გ.მოსულიშვის, მ.დაუთაშვილის [2] შრომები. შავი ფულის გათეთრებაზე არსებულმა ლიტერატურულმა ანალიზმა ნათლად დაგვანახა, რომ აღინიშნება ნაშრომების სიმწირე, რაც ზრდის ამ მიმართულებით კვლევების განხორციელების საჭიროებას.
შავი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილება
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუძემდებლური დოკუმენტია 1988 წლის 20 დეკემბრის “ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაეროს ვენის კონვენცია, რომელშიც დაისვა ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი [3, გვ.4]. კონვენციაში დიდი ყურადღება ეთმობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზების საკითხებს. კონვენციის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება, მიიღონ შესაბამისი საკანონმდებლო ზომები, რომლის თანახმადაც კომპეტენტურ ორგანოებს უფლება ექნებათ გასცენ განკარგულება საბანკო, საფინანსო ან სხვა კომერციული დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
1989 წელს პარიზში „დიდი შვიდეულის“ წარმომადგენელი ქვეყნების შეხვედრაზე შეიქმნა შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი, Financial Action Task Force on Money Laundering (FATF), რომელიც მოიცავს 35 სახელმწიფოს და ორ რეგიონულ ორგანიზაციას – ევროკომისიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს [4]. FATF_ის ოფისი განთავსებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, The Organisation for Economic Co-operation and Development (OECD) შენობაში პარიზში [5]. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი თავისი საქმიანობის კოორდინირებას ახდენს გაეროსთან, ევროსაბჭოსთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ინტერპოლთან, საერთაშორისო თანამშრომლობის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან [6, გვ.2-4]. 1990 წლის თებერვალში FATF_მა შეიმუშავა 40 სპეციალური რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების პროცესის აღკვეთის ხელშეწყობას [7, გვ.11-31].
2000 წელს პალერმოში, გაეროს სამიტზე მიღებულ იქნა გაეროს კონვენცია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ [8]. კონვენციით გათვალისწინებულია საკუთრების კონფისკაცია, როდესაც ქონება მოპოვებულია დანაშაულებრივი გზით, აგრეთვე საბანკო საიდუმლოების უგულებელყოფის აუცილებლობა თუ თანხები ან ფინანსური ოპერაცია დაკავშირებულია არალეგალური კაპიტალის ლეგალიზებასთან.
განსაკუთრებით საინტერესოა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მებრძოლი ევრაზიის ჯგუფი, რომელთა საქმიანობაშიც მონაწილეობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ევრაზიის ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა, რომლის ძირითადი ამოცანები მოიცავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების გავრცელებას, ფინანსური დაზვერვის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის შეფასებას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის პროგრამის კოორდინაციას.
ასევე, აუცილებელია შევეხოთ შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც მოცემულია ქვეყნების მიხედვით:
ამერიკის შეერთებულ შტატებში The Financial Crimes Enforcement Network (FinCEN) 1990 წელს შეიქმნა, რომლის მიზანია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე ზეწოლის მოხდენა და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაანალიზება [9]. აშშ_მ ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით გააძლიერა სავალუტო გარიგებათა აღრიცხვის სისტემა და გააუმჯობესა სხვა ქვეყნების სამთავრობო ფინანსურ რგოლებთან შავი ფულის გათეთრების აღკვეთის სფეროში თანამშრომლობა.
ბელგიაში გამოიკვეთა შავი ფულის გათეთრების შემდეგი ძირითადი მეთოდები: ვალუტის გადაცვლა, სართაშორისო გადარიცხვები, საბანკო ანგარიშებზე ფულის ჩარიცხვები. ბელგიამ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში გაითვალისწინა საერთაშორისო გამოცდილება შავი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებში და 1990 წლის 17 ივლისის აქტით შეიტანა დამატება, რომლის საფუძველზეც შავი ფულის გათეთრების მფარველ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. 1993, 1994 და 1995 წლის აქტებით შევიდა დამატებები, რომელიც მიზნად ისახავდა ფინანსურ სისტემაში შავი ფულის გათეთრების აღკვეთას და ფინანსურ ინსტიტუტებს სპეციალურ მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობას ავალებდა [10, გვ.4-8].
გერმანიაში დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დიდი თანხები შეედინება, რომელთა წარმომავლობაც უმეტეს შემთხვევებში გაურკვეველია. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით 30,000 გერმანელ მარკაზე, იგივე 16,700 აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია კონტროლს ექვემდებარება [10, გვ.20-23].
დანია ნარკოტიკებით მოვაჭრე მსხვილ ქვეყანას არ წარმოადგენს, მაგრამ აღნიშნული საქმიანობის შედეგად ამოღებული თანხები მაინც სოლიდური მასშტაბებისაა. დანიაში შავი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემა, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად ორიენტირებულია კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და კონტროლის სისტემაზეც. 1993 წლის 1 ივლისიდან ძალაში შესული საკანონმდებლო აქტით, რომელიც ძირითადად ევროგაერთიანების დირექტივას ასახავდა, ფინანსური სექტორისათვის საბაზისო ღონისძიებები განსაზღვრავდა ოპერაციების განმახორციელებელი პირების იდენტიფიკაციას, გადარიცხვებს და სხვა სახის ოპერაციებზე დოკუმენტაციის წარმოების აუცილებლობას. აღნიშნული საკანონმდებლო აქტით, შეიქმნა ფულის გათეთრების აღკვეთის ოფისი, რომელიც მთელი ინფორმაციის აკუმულირებასა და მონიტორინგს ახორციელებს [10, გვ.9-11].
იტალიაში ბოლო პერიოდში ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის მიერ შავი ფულის გათეთრება უფრო რთული მეთოდების საშუალებით ხორციელდებოდა, მათ შორის კვალიფიციური კონსულტანტების ან დამოუკიდებელი ორგანიზაციების დახმარებით. შავი ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით იტალიაში მთელი რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები განხორციელდა. 1993 წელს მიღებული „ შავი ფულის აღკვეთის შესახებ“ კანონით და 1997 წლის ცვლილებებით შეიქმნა სპეციალური ორგანო სახელწოდებით Ufficio Italiano dei Cambi, რომელსაც იტალიის ეროვნული ბანკი თავმჯდომარეობს. შავი ფულის გათეთრების აღკვეთისათვის აღნიშნულ ორგანოს შესაბამისი ღონისძიებების გატარებისა და ადმინისტრაციული კონტროლის უფლებამოსილებანი მიენიჭა [10, გვ.38-41].
ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ 1997 წლის 18 დეკემბერს მიიღო კანონი „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების პრევენციის შესახებ“, რომელიც 1998 წლის 1 იანვრიდან შევიდა მოქმედებაში. აღნიშნული კანონით, ფულადი სახით განხორციელებული ყველა გარიგება, რომელიც 15,700 აშშ დოლარს აღემატება კონტროლს ექვემდებარება [10, გვ.102-106].
ნიდერლანდებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია და მოხმარება სამართლებრივად მოწესრიგებულია. ბოლო მონაცემებით, ნიდერლანდების სამეფოში უკანონო შემოსავლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, დაახლებით 5 მილიარდი დოლარია გენერირებული. შავი ფულის გათეთრება ხორციელდება მეწარმეების მიერ სხვა ქვეყნებთან უნაღდო ანგარიშსწორების სახით. შავი ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით, ნიდერლანდების სამეფოში გასატარებელ ღონისძიებათა შორის პრიორიტეტი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლაა. ამ ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოს იუსტიციის სამინისტრს MOT (Meldpunt Ongebruikelijke Transacties) წარმოადგენს [10, გვ.46-50].
პორტუგალიაში უკანონო შემოსავლის ძირითად წყაროს ნარკოტიკებიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს. შავი ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით პირველი ღონისძიებები 1993 წელს გატარდა, 1998 წელს კი გაამკაცრეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შემოიღეს სავალდებულო კონტროლისა და უკანონო შემოსავლის კონფისკაციის შესაძლებლობა [10, გვ.56-58].
რუსეთში სათათბირო ორგანომ – დუმამ „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის გათეთრების აღკვეთის შესახებ“ კანონი მიიღო, რითაც ფინანსური მონიტორინგის კომიტეტის მიერ აუცილებელი გახდა კონტროლი დადგენილ ლიმიტზე, ფულად ან სხვა მოძრავ ქონებაზე 500,000, ხოლო უძრავ ქონებაზე 25,000,000 რუსულ მანეთზე მეტი ღირებულების ოპერაციაზე [11].
საბერძნეთში ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. შავი ფულის გათეთრების აღკვეთის კანონმდებლობა მიღებულ იქნა 1995 წელს, რომელიც ადმინისტრაციულ მეთოდებთან ერთად მოიცავს კონფისკაციის პროცედურებს და თანამშრომლობას სხვა ქვეყნის შავი ფულის გათეთრების აღკვეთის მწარმოებელ ორგანოებთან [12, გვ.24-28].
საფრანგეთი ეკონომიკური სტაბილურობის, პოლიტიკური ადგილმდებარეობისა და მყარი ვალუტის არსებობის პირობებში, შავი ფულის გათეთრების მსურველთათვის მიმზიდველ სახელმწიფოს წარმოადგენს. პარიზში ჩაეყარა საფუძველი სპეციალურ საერთაშორისო ორგანიზაციის FATF-ის შექმნას [12, გვ.15-19].
ფინეთში შავი ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ღონისძიებები გატარდა. 1998 წლის 1 მარტიდან ძალაში შესული საკანონმდებლო აქტით, გამოძიებათა ეროვნულ ბიუროში შეიქმნა ფულის გათეთრების აღკვეთის საანგარიშსწორებო პალატა Money Laundering Clearing House (MLCH), რომელსაც გაფართოებული უფლებები მიეცა [12, გვ.12-14].
შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურება საქართველოში
საქართველოში სპეციალიზებულ სტრუქტურას, რომელიც ახორციელებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას განეკუთვნება ფინანსთა სამინისტროში გამოძიების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველო, რომლის მთავარი ამოცანაა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და გამოძიების ჩატარება [13, გვ.2]. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის თვალსაზრისით, აღსანიშნავია ანტიკორუფციული დეპარტამენტის საქმიანობა, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება, საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება და სხვ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამის აქტებს, რომლებიც განსაზღვრავენ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესს. მონიტორინგს ექვემდებარება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული გარკვეული კატეგორიის გარიგებები, თუ თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ყველა საეჭვო გარიგება, მიუხედავად თანხის ოდენობისა [14, გვ.7]. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში მონაწილეობის მიმღები ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით [15, გვ.1-2].
მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტთან, MONEYVAL და ფინანსური ქმედების სპეციალურ ჯგუფთან FATF მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2004 წლიდან გაწევრიანებულია ეგმონტის ჯგუფში, რომელიც მსოფლიოს 116 სახელმწიფოს ანალოგიურ სამსახურს აერთიანებს [16, გვ.36].
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მუდმივად აანალიზებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. ზედამხედველობა ხორციელდება ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მათ შორის:
საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისთვის, სადაზღვევო და არასახელმწიფო საპენსიო კომპანიების დამფუძნებლებისთვის [17];
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირებისთვის, ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარების გამცემი პირებისათვის;
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის [18];
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია – იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას, საზედამხედველო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ვალდებულებების შესრულების შემოწმებისათვის, განსაზღვრული წესითა და პროცედურით. თუ საზედამხედველო ორგანომ აღმოაჩინა, რომ გარიგება ექვემდებარებოდა მონიტორინგს და ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო გაგზავნილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, ან დაირღვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მოთხოვნები, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და დამრღვევ პირს დააკისროს შესაბამისი სანქცია.
2006 წელს საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლის და შეფასების მიზნით MONEYVAL_ის მიერ განხორციელდა შემოწმება [19]. სხდომაზე განხილული საქართველოს შეფასების ანგარიში შეიცავდა შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელი იყო შესაბამისი ნორმატიული ბაზისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკული მექანიზმების ჰარმონიზაციის მიზნით. საბოლოო ჯამში, ანგარიში კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა. ასევე, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ნოვაცია, რომლის მიხედვით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატა მუხლი საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ.
დასკვნა
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებებს. ფულის გათეთრების ერთ-ერთ მასტიმულირებელი ფაქტორი ტექნოლოგიური პროგრესია, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობა კი არ უნდა ჩამორჩეს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ბაზრისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზების ტემპს და ეს ახალი პროდუქტები არ უნდა იქნას გამოყენებული კრიმინალების მიერ დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად. მიზანშეწონილია დაინერგოს უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვადასხვა სტრუქტურების მონაცემების საფუძველზე შეიქმნას ერთიანი ბაზა. სხვა ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ ფინანსურ ტრანზაქციებზე დაწესებული ლიმიტები და ინფორმაციის ორგანიზებული გაცვლა მკვეთრად ზრდის ფულის გათეთრების აღმკვეთი სამუშაოების ეფექტიანობას.
გამოყენებული ლიტერატურა
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) კრიმინოლოგიური დახასიათება, სოფიო ასანიძე, 2011
2. კორუფცია, ღლონტი გ., მოსულიშვილი მ., დაუთაშვილი პ., 2009, თბილისი
3. United Nations Convention Against Illicit Traffic In Narcotic Drugs And Psychotropic Substances, United Nations, 1988
4. Financial Action Task Force (FATF), web-site: http://www.fatf-gafi.org/faq/membercountriesandobservers/
5. The Organization for Economic Co-operation and Development (OECD), web-site: https://www.oecd.org/cleangovbiz/toolkit/moneylaundering.htm
6. Setting and Implementing Global Standards against Money Laundering and Terrorist Financing, Institute of International and European Affairs, Dublin, Ireland, February, 2014
7. International Standards On Combating Money Laundering And The Financing Of Terrorism & Proliferation, The FATF Recommendations, February, 2012
8. United Nations Office on Drugs and Crime, United Nations Convention against Transnational Organized Crime and the Protocols Thereto, 2017
9. Financial Crimes Enforcement Network, website: https://www.treasury.gov/about/history/Pages/fincen.aspx
10. European Banking Federation, Money Laundering Legislation, National Measures, Fraud Working Group, 2002
11. Federal Law, No. 115-Fz Of August 7, 2001, On Countering The Legalization Of Illegal Earnings (Money Laundering) And The Financing Of Terrorism (With The Amendments And Additions Of July 25, October 30, 2002, July 28, 2004, November 16, 2005, July 27, 2006, April 12, July 19, 24, November 28, 2007, July 17, 2009) Adopted By The State Duma On July 13, 2001, Approved By The Federation Council On July 20, 2001
12. European Banking Federation, Money Laundering Legislation, National Measures, Fraud Working Group, 2002
13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N64, 2015 წლის 13 თებერვალი, ქ. თბილისი
14. საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
15. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანი გოგბერაშვილი, 2012
16. Egmont, Annual Report, 15 Years of Trust and Confidence, 2010
17. საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის შესახებ. website: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=130
18. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამინისტროს შესახებ. website: http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/390
19. საქართველოს ეროვნული ბანკი, სიახლე, პრესრელიზები, საქართველოს ეროვნულ ბანკში 2006 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა, 2007, website: www.nbg.gov.ge