კვების პროდუქტების სამამულო წარმოება და მოთხოვნილების უზრუნველყოფა საქართველოში

სერგო იაკობიძე, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ამჟამად, თანამედროვე საქართველოს საზოგადოების წინაშე მრავალი გადაუჭრელი პრობლემებია, რომელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე უმთავრესად მიჩნეულია სასურსათო პრობლემა.

ცნობილია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად შიმშილით 40 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, ხოლო ერთ მილიარდზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამ მხრივ საქართველოში ზუსტ მონაცემებს ვერავინ მოგვაწვდის, მაგრამ იმის სარწმუნო წყაროები კი არის, რომ გამონაკლისს არც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს, რამდენადაც ბოლო წლების მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარის ქვემოთ ცხოვრობს, რომელთა მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმალური მოთხოვნილების, ანუ ფიზიოლოგიური ნორმის უზრუნველყოფის 79,7 პროცენტს შეადგენს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ სასურსათო პრობლემა მსოფლიოში იმდენად მწვავეა, რომ მისი დადებითად გადაწყვეტა საზოგადოების განვითარების ისტორიის მანძილზე კაცობრიობას ყოველთვის აწუხებდა და დღესაც აწუხებს, რადგანაც მსოფლიოში ერთ მილიარდზე მეტი ადამიანის დღიური კვების რაციონი კრიტიკულ საარსებო მინიმუმზე საგრძნობლად დაბალია. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი შიმშილობს, ნაწილი კი, საარსებო ზღვარზე იმყოფება, არადა, ბევრი ცნობილი მეცნიერის, მათ შორის ინგლისელი მკვლევარის, კოლიმ კლარკის გაანგარიშებით, სადღეისოდ არსებული ტექნიკის, ტექნოლოგიის, აგროკულტურისა და მეცნიერების მიღწევის პრაქტიკულად დანერგვა-გამოყენების შემთხვევაში, დედამიწას შეუძლია ათჯერ მეტი მოსახლეობა გამოკვებოს, ვიდრე ამჟამად ცხოვრობს (6-მილიარდი) მსოფლიოში. ფაქტია, რომ სამამულო წარმოება მოცემულ დროსა და სივრცეში კვების პროდუქტების სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნილებას ვერ უზრუნველყოფს (ვერ ფარავს) და ასევე ხშირად ცვალებადია მისი მიწოდება და მიზნობრივი მოხმარება, რაც ძირითადად, განპირობებულია სასურსათო პროდუქტების არასაკმარისი წარმოებით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იბადება კითხვა: როგორი მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? კერძოდ, როგორია საქართველოში კვების პროდუქტების სამამულო წარმოება, ფაქტობრივი მოხმარების დონე ერთ სულზე გაანგარიშებით? აღნიშნული მაჩვენებლების გაანგარიშებამდე საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონის შესწავლისათვის არსებობს “სამომხმარებლო კალათა”, რომელიც გამოხატავს მოსახლეობის (ცალკეული ადამიანის) მიერ მოხმარების განსაზღვრული დონის უზრუნველმყოფელ სამომხმარებლო დოვლათისა და მომსახურების მთლიანი ნაკრების ღირებულების (ფასს), რომელიც საკმაოდ განსხვავებულია მომხმარებელთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და ფენისათვის. ამიტომ, მინიმალური სამომხმარებლო კალათა და მისი ღირებულება, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრება შრომისუნარიანი მამაკაცისათვის, ხოლო სხვა ჯგუფის მომხმარებლისათვის მისი ღირებულება დამოკიდებულია მათ კატეგორიებზე (ჯგუფების მიხედვით) არსებული ნორმების შესაბამისად. სამომხმარებლო კალათის გაანგარიშების ორი ვარიანტი არსებობს: პირველი გამოხატავს მინიმალურს, მეორე კი – რაციონალურს. მინიმალურ სამომხმარებლო კალათაში იგულისხმება მომხმარებლის მინიმალური დონე, ანუ სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ისეთი მინიმალური ნაკრები, რომელიც ესადაგება მოხმარების ფიზიოლოგიურ მინიმუმს, რომლის დაბლა ყოფნის შემთხვევაში, ადამიანს არ შეუძლია ფიზიკურად არსებობა.

რაციონალურ სამომხმარებლო კალათაში შედის სამომხმარებლო (მატერიალური და სულიერი) დოვლათისა და მომსახურების სრული ნაკრები, რომელიც აუცილებელია ადამიანის ან საშუალო ოჯახის სრულყოფილი მატერიალურ-კულტურული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მსოფლიო პრაქტიკით ცნობილია ისიც, რომ სამომხმარებლო კალათა ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: 1. კვების პროდუქტები და 2. არასასურსათო საქონელი და მომსახურება. ბუნებრივია, მათ შორის მთავარ და ძირითად განმსაზღვრელს კვების პროდუქტები წარმოადგენს. რამდენადაც ადამიანის არსებობა და შრომისუნარიანობა ძირითადად იმ სახის პროდუქტების მოხმარებაზეა დამოკიდებული, უნდა შევნიშნოთ, რომ სასურსათო კალათის პირველ ჯგუფში კვების პროდუქტებში, ძირითადად, შედის: პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზისპროდუქტები, კვერცხი, მცენარეული ზეთი, კარტოფილი, ბოსტნეული-ბაღჩეული, ხილი (კენკრა და ყურძენი), შაქარი და სხვ. მეორე ჯგუფში (არასასურსათო საქონლისა და მომსახურების ჯგუფში) კი, შედის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეული, მედიკამენტები, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვისათვის საჭირო საგნები, საცხოვრებელი ბინა, კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურება, კულტურულ-საგანმანათლებლო, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის მომსახურება და ა.შ. მაგრამ, რამდენადაც ჩვენი შრომის ძირითად მიზანს შეადგენს, გავაანალიზოთ ქვეყანაში რა მდგომარეობაა კვების პროდუქტების ადგილობრივი წარმოების და მოსახლეობის უზრუნველყოფის მხრივ, ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აღვნიშნოთ ძირითადი საკვები პროდუქტების ფიზიოლოგიური ნორმები, რომლებიც რეკომენდებულია (დადგენილია) ერთ სულ მოსახლეზე (ადამიანზე) წლის განმავლობაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დღემდე მოქმედი ფიზიოლოგიური კვების ნორმები დადგენილია ყოფილი სსრკ-ის პერიოდში, როდესაც საქართველო ერთ-ერთ სუვერენულ რესპუბლიკად ითვლებოდა, მაგრამ კვების დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმები ერთ სულზე გაანგარიშებით საგრძნობლად განსხვავდებოდა სხვა სუვერენული რესპუბლიკებისაგან და მათ შორის თუნდაც შესაბამისი რსფსრ-ის ნორმებისაგან.

როგორც არსებული მონაცემებიდან ჩანს, სსრკ-ის პერიოდში საქართველოსა და რსფსრ-ს შორის ცალკეული კვების პროდუქტების მოხმარების რეკომენდებული ფიზიოლოგიური ნორმები საგრძნობლად განსხვავდებოდა, გარდა ერთადერთი გამონაკლისისა (პური) და ისიც ცნობილია, რომ, მიუხედავად საქართველოსათვის პროდუქტების დაწესებული დაბალი ფიზიოლოგიური ნორმებისა, 1985-1990-იან წლებში ნორმა მაინც არ ბალანსდებოდა. უფრო სწორად, საქართველოს კვების პროდუქტებს, გარდა პურისა, ერთიანი საკავშირო ფონდიდან არ გამოუყოფდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთლიანი მოსახლეობისათვის წარმოებული კვების პროდუქტები იმ პერიოდისათვისაც არ იყო საკმარისი. ასე რომ, ერთი შეხედვით, კავშირის მასშტაბით ერთ სულზე ფაქტიური მოხმარება თითქოს ერთ დონეზე იყო, მაშინ, როცა აბსოლუტურ ციფრებში ფაქტობრივი მოხმარება საქართველოსთან შედარებით ორჯერ და უფრო მეტად მაღალი იყო, მაგრამ წინასწარ, გააზრებულად დაწესებული ფიზიოლოგიური ნორმების გამო, ეს არ ჩანდა.

ფაქტია, რომ ასეთი მდგომარეობა საქართველოში ტრადიციულად 1990-იან წლებშიც გრძელდებოდა. კერძოდ, იმ კვების პროდუქტებს, რომლებიც საქართველოში საკმარისი რაოდენობით არ იწარმოებოდა და ერთიანი საკავშირო ფონდიდან ვღებულობდით (ადგილობრივ წარმოებული კი, ძირითადად, ხილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვების პროდუქტები იყო), როგორიცაა: ხორცი, რძე, თევზი, მცენარეული ცხიმები, კარტოფილი და შაქარი, ფაქტობრივად, ერთ სულზე გაანგარიშებით, წელიწადში ერთნახევარჯერ და ორჯერ უფრო ნაკლები მოიხმარებოდა, ვიდრე რსფსრ-ში და რიგ სხვა ცალკეულ რესპუბლიკებში, თუმცა ამის შესახებ იმ პერიოდში ხმამაღლა არც ლაპარაკობდნენ და არც წერდნენ.

ამ მხრივ, რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, XX საუკუნის ბოლო ათწლეულში, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნები და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდი დაიწყო, მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა თანდათანობით გაუარესდა, ქვეყანა კრიზისმა მოიცვა და ყოველწიურად, 1996 წლამდე, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი აგრარული რეფორმის განხორციელების შესახებ, უკუსვლა აღინიშნებოდა. ამით მოსახლეობას საკუთრებაში გადაეცა 930 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი და თითქმის ამდენივე (903 ათასი ჰა) – იჯარით, რომელთა უმეტესი ნაწილი ამჟამად საკვები კულტურების და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისათვის გამოიყენება. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად, ბოლო პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით პროდუქციის ზრდისა, მატება მართალია შეიმჩნევა, მაგრამ მიღწეული დონე ადგილობრივი წარმოებული საკვები პროდუქტებით ჯერ-ჯერობით სანახევროდაც ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას, რის გამოც მოხმარებულ მთლიან საკვებ პროდუქტებში იმპორტირებულის ხვედრითი წილი დღესაც მაღალია, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ეკონომიკას და არ აძლევს საშუალებას, მწვავე კრიზისიდან გამოვიდეს.

ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ საქართველოში 2001 წლის მონაცემებით, სასურსათო პროდუქტების წარმოება და ფაქტიური მოხმარება ერთ სულზე გაანგარიშებით 1990 წლის დონეს კვლავ ჩამორჩება, რის გამოც იმპორტის ხვედრითი წილი მთლიან სასურსათო ბალანსში საგრძნობლად მაღალია. ასე მაგალითად, 1990 წელს სასურსათო მარცვლეულის წარმოებამ სულ 666.3 ათასი ტონა შეადგინა, მომდევნო წლებში (1993-1994 წლებში) ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა (409,5-481,0 ათას ტონამდე) და მხოლოდ 2001 წელს 90-იანი წლების მაჩვენებელს უმნიშვნელოდ გადააჭარბა (713.6 ათასი ტონა). თუმცა, მიღწეულმა დონემ მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილების მკვეთრი გაუმჯობესება სამამულო წარმოების მარცვლეულის პროდუქციით მაინც ვერ განაპირობა. კვლავ დიდია მარცვლეულის იმპორტი, რომელიც შესაბამის წელს 710.0 ათას ტონას უდრის.

თუ რა ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში საკვები კულტურების დაბალი საჰექტარო მოსავლიანობა საერთო რაოდენობაზე, ამ მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ამით ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ნორმალური განვითარების მქონე საზღვარგარეთის ქვეყნის გამოცდილებას თუ მოვიშველიებთ, მთავარი მაინც ისაა, რომ სამეურნეო წლის დასაწყისამდე სწავლული აგრარიკოს-ეკონომისტების მონაწილეობით და სიღრმისეული მეცნიერული დონის მიხედვით, თუ ქვეყანაში ამა თუ იმ საკვებ კულტურაზე მთლიანი მოთხოვნილების საჭირო რაოდენობა გაანგარიშდეს, როგორც მოსახლეობის, ისე მეცხოველეობისთვის და სათესლედ, რის მიხედვითაც, მომავალი წლისთვის სათესი ფართობის, საჰექტარო მოსავლიანობის, მთლიანი პროდუქციის წარმოების დაპროგრამება და ამის შემდეგ შესაბამისი ფონის შექმნა მოხდება (მინერალური და ორგანული სასუქების შეტანის, გაწყლოვანების, მოვლითი სამუშაოების და სხვა), რომლის დაცვა და გათვალისწინებული პროდუქციის მიღება ერთნაირად სავალდებულოა, როგორც მისი მწარმოებლებისათვის, ისე მისი შემსყიდველისათვის, რის საფუძველზეც სახელმწიფოსა და მწარმოებელს შორის იდება ხელშეკრულება (თუ რამდენს შეისყიდის, ან რა ფასად) და შემსყიდველი ფერმერს წლის პირველ კვარტალში ამ ხელშეკრულებისამებრ გათვალისწინებული მთლიანი თანხიდან ავანსის სახით 20-25 პროცენტს წინასწარ უხდის, რათა მწარმოებელს (ბიზნესმენს) გათვალისწინებული პროდუქციის წარმოებაში რაიმე პრობლემა არ შეექმნას. ჩვენდა სამწუხაროდ, აღნიშნული პროცედურის (პრინციპის) გამოყენება ჩვენს სინამდვილეში გასაგები მიზეზების გამო არ ხდება, რასაც ზემოთ ნაწილობრივ შევეხეთ. სწორედ აღნიშნულის და რიგი სხვა მიზეზების შედეგია, რომ საქართველოში ერთწლიანი სამარცვლე კულტურების (და არა მარტო სამარცვლე კულტურების) მოსავლიანობა, თუ საშუალოდ 1990 წელს 25 ცენტნერს შეადგენდა, 2000 წელს საშუალოდ მხოლოდ 13 ცენტნერი იყო, ხოლო 2001 წელს – 19 ცენტნერი, მაშინ, როცა შესაბამისი მაჩვენებლი მთელ რიგ საზღვარგარეთის ქვეყნებში საშუალოდ ჰექტარზე 3-5-ჯერ უფრო მაღალია, მაგალითად: გერმანიაში – 63.7 ცენტნერი, დიდ ბრიტანეთში – 71.7 ცენტნერი, ეგვიპტეში – 74.9ც, იაპონიაში – 62.6ც, იტალიაში – 50.0ც, საფრანგეთში – 72.6ც, ჩინეთში – 47.4 ცენტნერს ღებულობდნენ.

საყურადღებოა, რომ საქართველოში მარცვლეული კულტურებიდან ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობამ 1995 წელს საშუალოდ 12.2 ცენტნერი შეადგინა, 2000 წელს – 8.0, ხოლო 2001 წელს 27 ცენტნერი. ამით იმის აღნიშვნა გვინდა, რომ ამა თუ იმ კულტურის მოვლა-მოყვანისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი კლიმატური პირობები თუ არ იქნა, მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ თავისი უშუალო ჩარევით მაღალი და გარანტირებული მოსავლიანობის მიღებით ქვეყნის მოსახლეობა უზრუნველყოს.

არაფერს ვამბობთ ხორბლის საჰექტარო მაღალი მოსავლიანობის მქონე ქვეყნების შესახებ, სადაც მიღწეული დონე 70-75 ცენტნერს აღწევს და საკმაო რაოდენობით მოიხმარენ და საექსპორტოდ სხვა ქვეყნებშიც გააქვთ. აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მაღალმწარმოებლური ქვეყნების დამსახურების შედეგია, რომ მსოფლიოში წარმოებული ხორბალი საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე 95.2 კგ-ს შეადგენს, საქართველოში კი, მხოლოდ 20 კილოგრამია.

მთელ რიგ ქვეყნებში (არა მარტო მაღალგანვითარებულ, არამედ განვითარებად ქვეყნებშიც) ძალზე მაღალია სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობა. მაგალითად: საფრანგეთში შეადგენს 90.6 ცენტნერს, ესპანეთში – 91.0; იტალიაში – 93.9; პოლონეთში – 60.6; ეგვიპტეში – 87.6; აშშ-ში – 86.0; კანადაში – 62.7, ჩინეთში – 46.7 ცენტნერს და ა.შ. და ამის შედეგია, რომ მსოფლიოში საშუალოდ სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობა ყოველი ნათესი ფართობიდან 42.3 ცენტნერს უდრის, ხოლო საქართველოში – 16.2 ცენტნერს. ყოველივე ამის უშუალო გავლენის შედეგია, რომ მსოფლიოში საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებულია 338 კგ სიმინდის მარცვალი, საქართველოში – მხოლოდ 94კგ, მაშინ, როცა ამ მხრივ შედარებით მაღალი მაჩვენებლი აქვთ პოსტკომუნისტურ სივრცეში მყოფ ქვეყნებს: უკრაინას (483კგ), რუსეთს (439 კგ), ხოლო შესაბამისი მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია კანადაში (1641 კგ), ავსტრალიაში (1596კგ), აშშ-ში (1248 კგ), საფრანგეთში (1122კგ), ასევე რიგ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში: უნგრეთი (982 კგ), პოლონეთი (578 კგ), რუმინეთი (428 კგ), ვიეტნამში (438კგ) და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომელთა უმრავლესობა თავიანთი ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს და მოსავლის თითქმის ნახევარზე მეტი საზღვარგარეთ გააქვთ სარეალიზაციოდ.

საქართველოში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ადგილობრივი წარმოების კარტოფილით უზრუნველყოფის მხრივ, რომელიც ძირითადად აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებების ფიზიოლოგიურ ნორმას. 2000-2001 წლის მონაცემებით, კარტოფილის ადგილობრივმა წარმოებამ 302-415 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა ამავე წლებში კარტოფილის იმპორტმა 71,0-34,0 ათას ტონას გადააჭარბა და მოსახლეობის რეალურმა სამომხმარებლო უზრუნველყოფამ ერთ სულზე გაანგარიშებით ფიზილოგიური ნორმის 94-100 პროცენტი (47-50 კგ) შეადგინა.

ქვეყანაში შედარებით მდგრადი მდგომარეობა აღინიშნება ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ადგილობრივი წარმოების მხრივ. მაგალითად, 1990 წელს საქართველოში ადგილობრივი წარმოების ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოსავალმა სულ 482.0 ათასი ტონა შეადგინა, 1995 წელს – 431.2 ათასი ტონა, ხოლო 2001 წელს – 480.0 ათასი ტონა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ წლიურად მოსახლეობა ერთ სულზე საშუალოდ 83-84 კგ-ს მოიხმარს, რაც, შესაბამისად, მოსახლეობის 83-84 პროცენტით უზრუნველყოფას გამოხატავს (ნიშნავს) და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია ამ კულტურით მთლიანი უზრუნველყოფა უახლოეს წლებში სრულყოფილად მოგვარდეს.

არ შეიძლება სინანულით არ აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სრულიად უყურადღებოდ და თვითდინებაზეა მიტოვებული მცენარეული ცხიმების ადგილობრივი წარმოება, რის გამოც, 2000-2001 წლებში ადგილზე მხოლოდ 1.3-12.8 ათასი ტონა იწარმოებოდა, სამაგიეროდ, შესაბამის წლებში იმპორტი 36.5 – 41.8 ათას ტონამდე გაიზარდა და წლიურმა მოხმარებამ ერთ სულზე 8.1-12.0 კგ შეადგინა, რაშიც ადგილობრივი წარმოების ხვედრითი წილი ძალზე მცირეა (2-8%).

შედარებით სავალალო მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი ადგილობრივი შაქრის წარმოების მხრივ, რაც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოში 1996 წლიდან ქართული შაქარი ფაქტიურად აღარ იწარმოება, რადგან აგარის შაქრის ქარხნის შენობის ფასადზე გაჩნდა წარწერა დიდი შრიფტით: “შაქრის ჭარხალს არ ვღებულობთ”. სწორედ ამის შემდეგ, შეწყდა ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე შაქრის გამოშვება, რომლის წარმოებაზე, მოვლა-მოყვანაზე და გადამუშავებაზე დასაქმებული იყო შიდა ქართლის რეგიონის (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის) და ახალგორის რაიონის მოსახლეობის ასეულობით მშრომელი, რომლებმაც საკმაოდ დიდი შემოსავლის მიღების შანსი დაკარგეს, იმის გამო, რომ აღნიშნულ რაიონებში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შაქარის ჭარხლის მოვლა-მოყვანა და ქარხანაზე მისყიდვა შეწყდა.

ვფიქრობთ, აღნიშნული მდგომარეობა დღემდე მეტად დამაფიქრებელ და საინტერესო ფაქტად რჩება და ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, ვინ წყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს და თუ ვინმე შეუთანხმებლად მაინც წყვეტს, რატომ არ ახდენს სათანადო რეაგირებას ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი და თვით ამ დარგის შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომ შეწყდეს საზღვარგარეთიდან შაქრის წარმოებისათვის შედარებით არასრულფასოვანი ნედლეულის შემოზიდვა, კვლავ აღდგეს ზემოთ ჩამოთვლილ რაიონებში შაქრის ჭარხლის თესვა-მოყვანა და შეთანხმებულ ფასებში ქარხნისთვის მისყიდვა, არა იმ რაოდენობით, როგორც იყო მისი წარმოების ბოლო პერიოდში, არამედ უფრო დიდი რაოდენობით, რამდენადაც, ამის საშუალებები ამჟამად საკმაოდ მეტი გაგვაჩნია, რომ ვაწარმოოთ ადგილზე იმ ოდენობის შაქარი, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და აღნიშნულ პროდუქტზე იმპორტს თანდათანობით შეამცირებს.

ალბათ, ღირს ამ საკითხზე ქვეყნის ხელისუფლების ყურადღების გამახვილება და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, იგი დაუყონებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ამ საკითხის მოგვარება მკვეთრად გააუმჯობესებს რეგიონში მუშახელის დასაქმებას, მათი შემოსავლის გაზრდას და მილიონობით უცხოური ვალუტის დაზოგვას, რომელიც, თავის მხრივ, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას.

თითქმის ანალოგიურია და შეიძლება ითქვას, გამოუსწორებელი შეცდომებია დაშვებული ჩაის მოვლა-პატრონობის საქმეში. მიმდინარე წლის დასაწყისისათვის არსებული მსხმოიარე ჩაის ფართობების 70-80 პროცენტი (ხოლო ცალკეულ რაიონებში უფრო მეტიც) უპატრონოდაა მიტოვებული. მათი უმეტესი ნაწილი გატყევებულია და ეკალ-ბარდითაა დაფარული, ნაწილი დაჭაობებული და ეროზირებულია, რის გამოც, შედეგიც სახეზე გვაქვს. მოსავლიანობა ყოველწლიურად კატასტროფულად კლებულობს. თუ უახლოეს წარსულში მთლიანი მოსავალი 522 ათას ტონას აღემატებოდა, 2001 წელს მხოლოდ 23 ათასი ტონა შეადგინა. თუ ამ კულტურის მოვლა-პატრონობა ასე გააგრძელდა, ალბათ, ქართველ მოსახლეობას უახლოეს პერიოდში სხვა ქვეყნებში წარმოებული ჩაის შესყიდვა-მოხმარება მოუწევს.

თითქმის ასევე არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა შეინიშნება ხილ-კენკრის და ყურძნის ადგილობრივი წარმოებისა და მოხმარების მხრივაც. ამის ნათელსაყოფად ისიც იკმარებს, რომ 1986-1990 წლებში ხილ-კენკრის და ყურძნის წარმოება საშუალოდ 1274.8 ათას ტონას აღწევდა. მათ შორის ხილი და კენკრა იყო 645.3 ათასი ტონა, ყურძენი კი, 629.5 ათასი ტონა. აღნიშნული მაჩვენებლი 1991-1995 წლებში თანდათანობით შემცირდა საშუალოდ 733.7 ათას ტონამდე. აქედან ხილის და კენკრისა უდრიდა 352.6 ათას ტონას, ყურძნისა – 381.1 ათას ტონას. 1996 წელს დაიწყო მოსავლიანობის ზრდა და გარკვეული წინსვლა 1997 წელს აღინიშნა, მაგრამ 1998 წლიდან მოსავლიანობამ კვლავ სისტემატურად იკლო და 2001 წელს სულ (ხილი, კენკრა და ყურძენი) წარმოებული იყო 350.0 ათასი ტონა. აქედან ხილის და კენკრის მთლიანი პროდუქცია 200.0 ათას ტონამდე ჩამოვიდა, ხოლო ყურძნისა – 150.0 ათას ტონამდე.

არაფერს ვამბობთ ციტრუსების წარმოებაზე, რომელთა მოსავლიანობა 1990 წლისათვის 260.0 ათას ტონას აღემატებოდა და 2001 წლისათვის 60.0 ათას ტონამდე ჩამოვიდა, ე.ი. თითქმის ოთხნახევარჯერ შემცირდა.

თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის შრომისუნარიანობისა და მათი ჯანმრთელობისათვის ქვეყანაში მეცხოველეობის, კვების პროდუქტების წარმოებას, მის მოხმარებას და კალორიულობას, ამის განმარტებისაგან თავს შევიკავებდით, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია წარმოვაჩინოთ ეს საკითხი დინამიკაში – თუ რა რაოდენობით იწარმოება სამამულო მეცხოველეობის პროდუქტი სულ ქვეყანაში და მათ შორის ერთ სულზე, რამდენია იმპორტირებული პროდუქცია ცალკეული სახის პროდუქტებისა და რამდენია სულ ფაქტიური მთლიანი მოხმარება ერთ სულზე, ე.ი. რას უდრის რეალური მოხმარების უზრუნველყოფის დონე %-ებში და რა ხვედრით წილს შეადგენს ადგილზე წარმოებული პროდუქცია მთლიან მოხმარებულში.

როგორც ჩანს, საქართველოში მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტების ადგილობრივი წარმოება და მოხმარება დინამიკაში ერთ სულზე გაანგარიშებით, 1990 წელთან შედარებით კვლავ საკმაოდ დაბალია და სანახევროდაც ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების რეკომენდირებულ ნორმებს. თუმცა, 1995 წლის შემდეგ რძისა და კვერცხის წარმოების მხრივ გარკვეული ზრდის ტენდენცია აღინიშნება, ხოლო ხორცის წარმოება და მოხმარება თანდათანობით კლებულობს. მაგალითად: თუ 1990 წელს ხორცის ადგილობრივი წარმოება 170.3 ათას ტონას უდრიდა, 2001 წლისათვის იგი 102.4 ათას ტონამდე შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა ერთ სულზე მოხმარებაც – 31,5 კგ-დან 20.7 კგ-მდე, რამაც გამოიწვია ფიზიოლოგიური ნორმის დაკმაყოფილების დონის შემცირება 57.2 პროცენტიდან 37.6 პროცენტამდე. ასევე, თუ 1990 წელს კვერცხის წარმოება 769.2 მლნ-დან თითქმის სამჯერ შემცირდა (269.4-მლნ-მდე) 1995 წლისათვის და შემდგომ წლებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა და 2001 წლისათვის საერთო წარმოება 395.4 მლნ-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ერთ სულზე რეალური მოხმარება 50-დან 90 ცალამდე (ანუ 33.4 დან 60,0 პროცენტამდე) გაიზარდა. რაც შეეხება შესაბამის წლებში რძის წარმოებას, მართალია, ადგილობრივი წარმოება და მოხმარება ერთ სულზე (122 ლიტრიდან 143.6 ლიტრამდე) ბოლო წლებში გაიზარდა, მაგრამ საკუთარი ადგილობრივი რძით დაკმაყოფიოლების ფიზიოლგიური ნორმის დონე მაინც დაბალია და მხოლოდ 38.7 დან 45.6 პროცენტს აღწევს, ხოლო იმპორტის გათვალისწინებით, 2001 წლისათვის ფიზიოლოგიური ნორმის უზრუნველყოფა 72.3 პროცენტით გახდა შესაძლებელი. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მთლიან მოხმარებულ პროდუქციაში 1990 წელთან შედარებით, 2001 წელს სამამულო წარმოების ხორცის მოხმარება ერთ სულზე 21.6 პროცენტითაა შემცირებული, კვერცხისა – 37.5 პროცენტით, ხოლო რძის წარმოება და მოხმარება გაზრდილია თითქმის 5.0 პროცენტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1990-2001 წლებში მთლიანი მოხმარება ერთ სულზე გაანგარიშებით საშუალოდ ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით შემცირებულია: ხორცისა – 8.2 პროცენტით, კვერცხისა – 2 პროცენტით, ხოლო რძისა გაზრდილია 5.6 პროცენტით.

მეტად საგულისხმო და დამაფიქრებელია, რომ მთლიან მოხმარებულ პროდუქციაში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია საზღვარგარეთიდან იმპორტირებული ხორცის და ხორცპროდუქტების ხვედრითი წილი, რომლის რაოდენობა კი არ კლებულობს, არამედ პირიქით, თანდათანობით იზრდება. მაგალითად, თუ 1990 წელს იმპორტირებული ხორცი მთლიან მოხმარებულში 15.7 პროცენტს უდრიდა, 2001 წელს მან 35.3 პროცენტი შეადგინა. ანალოგიურად, კვერცხის იმპორტი 4,1 პროცენტი იყო და 41.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო რძის – 41.9 პროცენტიდან 37.0 პროცენტამდე (ე.ი თითქმის 5 %-ით) შემცირდა.

როგორც არსებული მონაცემებით ირკვევა, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება და რეალური მოხმარება დინამიკაში ძალზე ცვალებად ხასიათს ატარებს, რაც სათანადო უარყოფით ზეგავლენას ახდენს ამ პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფაზე.

საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის სამამულო წარმოების მეცხოველეობის პროდუქტებით დაკმაყოფილება მთელი რიგი საკითხების მოუგვარებლობასთანაა დაკავშირებული, რომელთა შორის მთავარი და გადამწყვეტია მათი სულადობრივი რაოდენობის სიმცირე, ჯიშობრივი გაუმჯობესებისადმი არასაკმარისი მზრუნველობა და პროდუქტიულობის ძალზე დაბალი დონე.

1990 წლის მონაცემებით ირკვევა, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა სულ 1426.6 ათას სულს შეადგენდა, მათ შორის ფური და ფურ-კამეჩი 537.8 ათასი სული იყო, ღორის საერთო სულადობა – 1027.8 ათასი, ცხვარი და თხა – 1833.5 ათასი, ფრინველი – 21759,7 ათასი ფრთა. 2002 წლის დასაწყისისათვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ შეადგინა 1180.2 ათასი მ.შ. ფური და ფურ-კამეჩი – 678.3 ათასი სული, ღორი – 445.4 ათასი, ცხვარი და თხა – 659.2 ათასი სული, ხოლო ფრინველი – 8434.6 ათასი ფრთა. ე.ი. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მთლიანი სულადობა შესაბამის პერიოდში შემცირებულია 246.4 ათასი სულით, ღორის სულადობა – 582.4 ათასი სულით (თითქმის 1.5-ჯერ), ფრინველი – თითქმის 2-ჯერ (13265.1 ათასი ფრთით), ხოლო ცხვარი და თხის სულადობა – 1174.3 ათასი სულით (თითქმის 2-ჯერ), სამაგიეროდ, ფური და ფურ-კამეჩის სულადობა გაზრდილია 140.5 ათასი სულით.

სწორედ აღნიშნულის უშუალო შედეგია ცხრილ 2-ში მოტანილი მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ 1990 წელთან შედარებით, 2001 წლის ბოლოსათვის ხორცისა და კვერცხის საერთო წარმოების შემცირება გამოწვეულია, როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ისე ღორისა და ფრინველის საერთო რაოდენობის საგრძნობი შემცირებით, ხოლო იმავე პერიოდში რძის წარმოების ზრდა (50.6 ათასი ტონით) გამოწვეულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საერთო სულადობაში ფურისა და ფურ-კამეჩის სულადობის ზრდით, რაც ლოგიკურადაც გამართლებულია. თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ ძალზე დაბალია ქვეყნის სინამდვილეში პროდუქტიულობის მაჩვენებელი ერთ სულზე გაანგარიშებით, როგორც ხორცის ისე რძის წარმოების, დაგოჭიანების, კვერცხმდებლობის თუ ერთ ცხვარზე მატყლის ნაპარსის მიხედვით. აღნიშნულის საილუსტრაციოს ისიც იკმარებს ავღნიშნოთ, რომ ერთ სულ ფურზე საშუალოდ 2000 წელს მიღებული რძე არგენტინაში 4000 კგ-ს შეადგენს, ავსტრიაში – 4706 კგ-ს, ავსტრალიაში – 5154 კგ-ს, აშშ-ში – 8388 კგ-ს, გერმანიაში – 5880 კგ-ს, კანადაში – 7271 კგ-ს, დიდ ბრიტანეთში – 6169 კგ-ს, იაპონიაში – 6641 კგ-ს, იტალიაში – 5499 კგ-ს, ნიდერლანდებში – 7200კგ-ს, შვედეთში -ს7718 კგ-ს და ა.შ., მაშინ, როცა შესაბამისი მაჩვენებლი საქართველოში მხოლოდ 944 კგ-ს უდრის.

რაც შეეხება თევზის და თევზის პროდუქტების საერთო წარმოებას და მოხმარებას ერთ სულზე გაანგარიშებით, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საქართველო ძალზე სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს ერთ სულზე მოხმარება ნაცვლად ფიზიოლოგიური ნორმით გათვალისწინებული 10 კგ-სა, 8 კგ-ს შეადგენდა. შემდგომ პერიოდში იმის გამო, რომ დარგი სრულიად უყურადღებოდ იქნა მიტოვებული, მოიშალა სატბორე თევზსაშენები და შეწყდა ზღვაში თევზჭერა. უსახსრობის გამო შეწყდა იმპორტი. 1994 წელს ერთ სულზე, ფაქტიურად, თევზის და თევზპროდუქტების მოხმარება 0.4 კგ-მდე შემცირდა, შემდგომ პერიოდში, მართალია, თანდათანობით გაიზარდა და საშუალოდ (2000-2001 წელს) 1-1.5 კგ-ს მიაღწია, მაგრამამოხმარება, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე ხდება, ხოლო სამამულო წარმოება იმდენად მცირეა, რომ ერთ სულზე წარმოებულის და მოხმარებულის გაანგარიშებაც კი ვერ ხერხდება, მაშინ, როდესაც იაპონიაში აღნიშნული პროდუქტი ერთ სულზე (წლიურად) საშუალოდ 76 კგ მოიხმარება.

დაბოლოს, როცა აღნიშნულ მონაცემებს ვაანალიზებთ და ჩვენი ქვეყნის დაბალი მაჩვენებლების შესახებ ვამახვილებთ ყურადღებას, სრულებით არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამის შემდეგ, უახლოეს მომავალში “დავეწევით და გავუსწრებთ” მაღალმწარმოებლურ ქვეყნებს ერთ სულ მცხოვრებზე დასახელებული პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების მხრივ, მაგრამ იმის სურვილი და შესაძლებლობა კი ნამდვილად გვაქვს (ბუნებრივ-კლიმატურით, ნიადაგობრივი, გაწყლოვანების თუ მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის გათვალისწინებით), რომ უახლოეს პერიოდში მდგომარეობა საქართველოში ამ მხრივ შესაძლებელია რადიკალურად გაუმჯობესდეს და ხალხის მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონის უზრუნველყოფა დიღითიდღე იზრდებოდეს, თუ მინიმალურად მაინც ამაღლდება საკანონმდებლო, სააღმსრულებო ხელისუფლების, თუ შესაბამისი სამინისტროების პასუხისმგებლობა დარგის სპეციალისტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისადმი, რომლებმაც კარგად უნდა გაითავისონ, რომ დარგის ჩამორჩენილობაზე პასუხისმგებლობა მათ აკისრიათ და ამ შემთხვევაში, პასუხი უნდა მოეთხოვებოდეთ თავიანთი “დამსახურებისამებრ”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დიდხანს ვერ გამოვა არსებული კრიზისიდან და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების უზრუნველყოფა რიგ კვების პროდუქტებზე კვლავ იმავე მდგომარეობაში დარჩება, ხოლო ცალკეულ პროდუქტებზე უფრო გაუარესდება.