საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარეობით BSCEE ჯგუფის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბანკო ზედამხედველების BSCEE (Banking Supervisors from Central and Eastern Europe) ჯგუფის 2018 წლის თავმჯდომარემ, BSCEE ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 24 ქვეყანას აერთიანებს. ჯგუფის წესების თანახმად, მისი წევრებისაგან ყოველწლიურად აირჩევა ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა. 2018 წლისათვის საქართველო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად იქნა არჩეული და მიმდინარე წლის მანძილზე ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია იკავებს.
თბილისში გამართული კონფერენცია ბაზელ III-ის რეფორმის დასრულებას, სტრეს-ტესტების მეთოდოლოგიას და ჭარბვალიანობის რისკების შემცირების მიზნით, გადახდისუნარიანობის ანალიზის საკითხებს მიეძღვნა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებული თავიანთი პრაქტიკა და მოესმინათ წევრი ქვეყნების გამოცდილება.
კონფერენციაში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 18 ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო ზედამხედველობის ორგანოების 32 წარმომადგენელი მონაწილეობდა და მას BSCEE ჯგუფის თავმჯდომარე – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციას მოწვეულ მომხსენებლად საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის გენერალური მდივნის წარმომადგენელი ტოშიო ცუიკი ესწრებოდა. მან თავის გამოსვლაში მონაწილეებს ბაზელ III-ის დასრულებული ჩარჩოს საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები გააცნო.