რაზე მოილაპარაკეს ბუშმა და დადოფალმა
მოამზადა ლინა ეოიშევამ
ჯორჯ ბუშის ვიზიტმა ინგლისის მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. დიდ ბრიტანეთში მანამდე ამერიკის სხვა პრეზიდენტებიც ჩამოსულან: 2000 წელს – ბილ კლინტონი, 1989 წელს – ჯორჯ ბუში უფროსი, 1982 წელს – რონალდ რეიგანი და ა.შ., მაგრამ ეს უბრალოდ ოფიციალური ვიზიტები იყო. ახლა უმცროსი ბუშის ვიზიტი სახელმწიფო ხასიათს ატარებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სახელმწიფო ვიზიტის დროს მიღება, პარადი და ცერემონიები უფრო მრავალფეროვანია. 2003 წლის ივნისში ვლადიმირ პუტინი ბრიტანეთს სწორედ სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ბუდრო უილსონი აშშ-ის ბოლო პრეზიდენტი იყო, ვინც ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში სტუმრობდა. ეს 1918 წელს მოხდა.
ამერიკელი პრეზიდენტის გაერთიანებულ სამეფოში ჩამოსვლა მნიშვნე- ლოვანია როგორც ჯორჯ ბუშისთვის, ისე ტონი ბლეერისთვის. უმცროს ბუშს სურს ევროპასთან მიახლოება და რიგ საკითხებში მზად არის კომპრომისზე წავიდეს. მისი ძირითადი მიზანია ზეგავლენა მოახდინოს ევროპის მოსახლეობის საზოგადოებრივ აზრზე. ბუშის რეპუტაცია ევროპაში დედოფალთან დაგეგმილმა შეხვედრამ უნდა გაამყაროს.
ინგლისელ პრემიერ-მინისტრს სურს გამოჩნდეს ისეთ პოლიტიკოსად, რომელიც უბიძგებს ვაშინგტონს ერაყის მიმართ უფრო თავშეკავებული მოქმედებებისკენ და მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლისაკენ. ამით ლონდონი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმომადგენლის პოზიციებს გაამყარებს.
ბუშის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მიღებული იყო უპრეცენდენტო უსაფრთოხების ზომები, რადგან ბრიტანეთის ხელისუფლებას ომის საწინააღმდეგო მანიფესტაციების ეშინოდა. პრეზიდენტ ბუშს 250 შეიარაღებული ჯარისკაცი იცავდა. ლონდონში იმყოფებოდნენ აგრეთვე უსაფრთხოების სამსახურის ამერიკელი სპეციალისტები და წარმომადგენლები. პოლიციამ ამერიკელი ლიდერის შესაძლო ტერორისტებისაგან დასაცავად ლონდონის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უსაფრთხოების ოპერაცია განახორციელა. როგორც ცნობილია, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 1 მილიონი ფუნტი დაიხარჯა და მასში 1300 პოლიციელი მონაწილეობდა.
ვიზიტის დროს ქალაქის ცენტრში ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ 500 ათასი ადამიანის მონაწილეობით საპროტესტო მანიფესტაცია მიმდინარეობდა. ომის მოწინააღმდეგებმა ლონდონში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის პატივსაცემად პოსტამენტიდან ბუშის ქანდაკება ჩამოაგდეს. ბრიტანული გაზეთის, “გარდიანის” თანახმად, ხუთმეტრიანი ქანდაქების ჩამოგდებას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ეს პროცესი მათ ბაღდადის ცენტრში პოსტამენტიდან ჰუსეინის ქანდაკების ჩამოგდებას ახსენებდა.
სახელმწიფო ვიზიტი “დაღონებული” იყო თურქეთში განხორციელებული აფეთქებების გამო, რომლის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბრიტანელი, დაშავდა 450 ადამიანი.
სტამბოლში ტრაგიკულ მოვლენებზე საუბრისას, ჯორჯ ბუშმა და ტონი ბლეერმა პირობა დადეს, რომ ბოლოს მოუღებდნენ ტერორიზმს მთელ მსოფლიოში. “- ტერორისტები ვერ მიაღწევენ წარმატებას. ჩვენ მზად ვართ ვებრძოლოთ ბოროტებას, – განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ბუშმა, – ჩვენ კარგად გვესმის, რა არის ომი ტერორიზმთან. ეს არის ომი ფანატიკოს-ექსტრემისტებსა და ხალხს შორის, რომელთაც სჯერათ თავისუფლების. ეს არიან ფანატიკოსები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ჩამოაგდონ განხეთქილება ხალხში”. ბრიტანელი პრემიერის თქმით, ტერორისტები იმისთვის იბრძოდნენ, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანი და თავისუფალი არ გამხდარიყო.
პრეზიდენტმა ბუშმა დაადასტურა, რომ მომდევნო წელს აპირებს ძალაუფლება ერაყს გადასცეს, მაგრამ მან თავი შეიკავა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვისაგან, რომელიც ამ პროცესის დროს კოალიციურ ჯარზე გახშირებულ თავდასხმებს ეხებოდა. კითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა პატიმრების დაკავება ჰუანტანამოში ადამიანის თავისუფლების და უფლებების პრინციპებს, ბლეერმა განაცხადა, რომ ახლა აშშ-სა და ბრიტანეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ბრიტანელი ქვეშევრდომების ადგილობრივი მართლმსაჯულების ხელში გადაცემის შესახებ, რაც დემოკრატიის დადასტურების ფაქტს წარმოადგენს.
“- რატომ სძულხართ ბევრ ადამიანს?”, – ჰკითხა ბუშს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.
“- არ ვიცი. ვიცი, რომ მშვენიერია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შეგიძლია თავისუფლად გამოთქვა აზრი. ვიცი, რომ ადრე ბაღდადში ხალხს ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა. მესმის, რომ ხალხი არ ეთანხმება ომს, მაგრამ ამასთან ერთად სურთ მშვიდობაში ცხოვრება…მე ვიცავ ჩემს ხალხს”, – თქვა ბუშმა.
ერაყში მყოფი უკმაყოფილო ჯარები არა მხოლოდ ბუშს, არამედ თავის პრემიერ ბლეერსაც ადანაშაულებენ. ბრიტანელი პრემიერი იძულებული გახდა თავი გაემართლებინა იმის გამო, რომ საერთოდ დაპატიჟა ამერიკის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით. ბლეერმა განაცხადა, რომ ახლა შესაფერისი მომენტია იმისათვის, რომ ბრიტანეთი შეერთებულ შტატებს “გვერდზე დაუდგეს”.
პოლიტიკური კორესპონდენტის, ჯონ დევიტის თქმით, ამ ვიზიტის დაგეგმვის დროს (დაახლოებით ერთი წლის უკან), მასში ბრიტანელებისა და ამერიკელების მოკავშირეობის გაძლიერების შესაძლებლობას ხედავდნენ. უკვე მაშინ ტონი ბლეერს მკაცრად აკრიტიკებდნენ პრეზიდენტი ბუშის მხარდაჭერის გამო. ახლა, რაც ერაყში ომი დამთავრდა, პრემიერ მინისტრს სულ უფრო უჭირს პასუხის გაცემა კრიტიკოსებისათვის, ბევრი მათგანი ლეიბორისტული პარტიის ტრადიციული ამომრჩეველია. არიან აგრეთვე ომის მოწინააღმდეგები, რომლებიც პარტიულ ლოიალობასთან არავითარ კავშირში არ არიან, როგორც, მაგალითად, ლიბერალური ინტელიგენცია, ანტი-გლობალისტები, პაციფისტები.
ერთ-ერთი მოწინავე ინგლისელი დრამატურგის, ჰაროლდ პინტერის თქმით, ეს ორი სამხედრო დამნაშავის შეხვედრაა. ბუში და ბლეერი უნდა წარდგნენ საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. მათ მართლა მოკლეს 10 ათასი ადამიანი ერაყში, რომლებიც ახლა არავის ახსენდება. “ის ხალხი დავიწყებულია, მაგრამ ჩვენ არ დაგვავიწყდა ის, რაც მოხდა”, – განაცხადა ჰაროლდ პინტერმა.
როგორც ჩანს, ტონი ბლეერზე მასობრივი პროტესტი არ მოქმედებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯიუტად დგას თავის აზრზე და იმეორებს, რომ აშშ-სთან კავშირის გამყარებასთან ერთად შესაძლებელი იქნება 21 საუკუნის დიდი საშიშროების დაძლევა. პრემიერს სურს, რომ მთელი ყურადღება ერაყში ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენას მიაპყროს, და არა იკამათოს ომზე.
ლეიბორისტებისაგან განსხვავებით, ოპოზიციაში მყოფმა კონსერვატორებმა ერაყის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაუჭირეს მხარი. რას ფიქრობენ ისინი ბუშის ვიზიტზე?
” – ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ფართო დისკუსიას ერაყში სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ, – განაცხადა კონსერვატორმა მაიკლ ანკრამმა, – პრეზიდენტმა თქვა, რომ ერაყში დავრჩებით, მანამ, სანამ საქმე არ გაკეთდება”.
ერაყთან მიმართებაში მხარეები ერთიან ფრონტად გამოდიან, მაგრამ სხვა საკითხებზე მათი აზრი კარდინალურად განსხვავდება. ორ ლიდერს უჭირს ერთმანეთის გაგება იმის გამოც, რომ ისინი სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან მოვიდნენ, ერთი მარჯვენა, ხოლო მეორე მარცხენა სპექტრიდან.
ბლეერის ლეიბორისტები ყოველთვის გრძობდნენ თავს უფრო მოხერხებულად, როცა ვაშინგტონში დემოკრატები იყვნენ. მოლაპარაკებები აშშ-ში ფოლადის იმპორტის ტარიფებზე, ჰუანტანამოს ბაზის ბრიტანელი პატიმრების ბედზე და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან პროცესზე შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს.
პოლიციელებით და გამძვიფრებული დემონსტრანტებით სავსე ლონდონის ქუჩების ფონზე, ბრიტანეთის და აშშ-ის “განსაკუთრებული ურთიერთობების” სურათი არც ისე ნათელი და უღრუბლო ჩანს.