ბაღდადის ვირები და ვაშინგტონის სპილოები
მოამზადა ლინა ეოიშევამ
ამ თვის მსოფლიო მოვლენებიდან აღსანიშნავია ჰუსეინის მიმართვა ერაყელებისადმი. ალ-ქაიდამ გააფრთხილა იაპონია შესაძლო თავდასხმის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი თავის სამხედრო კონტინგენტს ერაყში გააგზავნის. სტამბოლში მოხდა აფეთქებები, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ცხადია, ფინანსური ბაზრების რეაქცია ამ მოვლენებზე ძალზე მგრძნობიარე იქნებოდა. ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახა ნიკეის და ტოკიოს ბირჟის ინდექსებზე. აგრეთვე დაეცა იენა და სხვა აზიურ-წყნაროკეანური რეგიონის ვალუტის კურსი, განსაკუთრებით კი, ავსტრალიური დოლარი.
ბაზრებმა, როგორც ჩანს, ასეთი მოვლენების მიმართ იმუნიტეტი შეიმუშავეს: თურქეთში ახალი აფეთქებების შემდეგ, რომლის შედეგად დაზარალდა ბრიტანეთის საკონსულო და ლონდონის HSBC ბანკი, ფინანსური თანამეგობრობის რეაქცია არც ისე დრამატული იყო.
საერთო ჯამში, მდგომარეობა სამხედრო-პოლიტიკურ ფრონტებზე სტაბილური არ იყო. ერაყში ძალადობის ესკალაცია გრძელდება: ამერიკული ობიექტებისა და საპოლიციო პუნქტების აფეთქებები, თავდასხმა ოკუპაციურ ჯარებზე სულ უფრო ხშირი ხდება. ამერიკელებმა მოვლენების ასეთ განვითარებაზე ჩვეული პასუხი მონახეს – მათ უბრალოდ დამალეს ზუსტი ინფორმაცია ერაყში მდგომარეობის შესახებ და მიიღეს ზომები ჟურნალისტების წინააღმდეგ (დაპატიმრების, ცემის და გადასახლების ჩათვლით). მაგრამ, ბოლო ხანს თავდასხმები დიდი ქალაქების ხალხმრავალ ადგილას ხდება, ასე რომ, ინფორმაციის დამალვა არც ისე ადვილია. ფედერალური უსაფრთხოების ბიურო, რა თქმა უნდა, მზადყოფნაშია. ის დროს არ კარგავს და აშშ-ის შიგნით ანტიმილიტარული აქტივისტების შესახებ დოსიეს აგროვებს.
პროპაგანდიული თვალსაზრისით, ყველაზე დიდი დარტყმა ამერიკულ ხელისუფლებას ერაყელმა პარტიზანებმა მიაყენეს. უპირველეს ყოვლისა, მათ თავდასხმა მოაწყვეს ქალაქ კირკუკში მდებარე ნავთობის სერვის-კომპანიაზე, “ჰალიბურტონზე”. როგორც ცნობილია, ამ კომპანიას ფლობს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჩეინი. საერთოდ, ერაყელები სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს სხვადასხვა ამერიკულ ობიექტებს, მაგრამ ყველაზე მეტად შტატების ხელისუფლებას ის ფაქტი აწუხებს, რომ სარაკეტო დანადგარების პლატფორმებისთვის პარტიზანები ვირებით შებმულ ოთხთვალებს იყენებენ. იმის გარდა, რომ ერაყელები ულტრათანამედროვე ჯარებთან ბრძოლაში წარღვნამდელ საშუალებებს წარმატებულად იყენებენ, ამერიკული ადმინისტრაციის იდეოლოგები ამაში პირდაპირ შეურაცხყოფასაც ხედავენ: როგორც ცნობილია, ვირი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სიმბოლოს წარმოადგენს. მომავალ წელს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები შედგება. ბოროტი ენები უკვე ურჩევენ ბუშს, რომ ერაყში სასწრაფოდ გაგზავნოს სპილოების ბატალიონი (სპილო რესპუბლიკური პარტიის სიმბოლოა), რადგან მაშინ საომარი მოქმედებები არჩევნების რეპეტიციაში გადაიზრდება.
სამხედრო-პოლიტიკურმა ფაქტორებმა არაერთხელ გააოცა ფინანსური ბაზრების მონაწილეები. ისინი შოკირებულნი იყვნენ ინფორმაციით საჰაერო თავდასხმის საშიშროებისა და თეთრი სახლის თანამშრომლების ევაკუაციის გამო. მოგვიანებით გაირკვა, რომ პანიკის მიზეზი იყო რადარის შეცდომა, რომელმაც არარსებული თვითმფრინავი შეამჩნია. ეს შემთხვევა ნათლად ასახავს ბაზრის მონაწილეების განწყობას, რომლებსაც ნებისმიერი ოდნავ სერიოზული ინციდენტებისაც კი ეშინიათ.
ბაზრების მთავარი გმირი გახდა ოქრო. მისმა ფასმა საკვანძო დონეს – ტროის უნციაზე 400 დოლარს მიაღწია, შემდგომ კი, კვლავ გაიზარდა (მაქსიმალური ფასი იყო 400.70 დოლარი უნციაზე). ასეთი რამ 1996 წლის მარტის შემდეგ პირველად მოხდა. ოქროზე ფასის ზრდა გამოწვეული იყო საუდის არაბეთში და შემდგომ ერაყში იტალიური ბაზის აფეთქებით. როგორც ცნობილია, ოქრო კონსერვატიულ აქტივად ითვლება, რომელიც სახსრებს ნებისმიერ შერყევებისაგან იცავს.
ოქროს ბაზის ტრეიდერები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ერაყის მდგმარეობას. ამ ქვეყნის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისათვის მომზადებისა და ომის მსვლელობის დროს ოქროს კოტირება თითქმის 15%-ით გაიზარდა და აპრილში ერთ უნციაზე 381 დოლარს აღწევდა. ახლა ერაყის მდგომარეობა საინვესტიციო თანამეგობრობისათვის ნაკლებად საშიშია, ვიდრე ომის დასაწყისში, მაგრამ ოქროზე ფასი მაინც მაღალია. საქმე იმაშია, რომ მისი კოტირება აშშ-ის დოლარებში დგინდება, მაშასადამე, დოლარის კურსის ვარდნა ავტომატურად იწვევს მის გაძვირებას. ოქროს ბაზარზე გლობალური აღმავლობა 2001 წლიდან, აშშ-ის ვალუტის დასუსტებასთან ერთად დაიწყო (260 დოლარი ერთ უნციაზე). დოლარის კურსის ცვლილება ოქროს ღირებულებაში უფრო ნათლად აისახება, ვიდრე სხვა ვალუტებთან მიმართებაში დოლარის საკურსო მაჩვენებელში. როგორც ცნობილია, ევროპასა და აშშ-ში სააღრიცხვო განაკვეთები და ფულის ფასი მრავალწლიან მინიმუმზე იმყოფება.
ოქროს მიერ 7,5-წლიანი რეკორდის მიღწევა იმის მანიშნებელია, რომ ერაყის მძაფრი მდგომარეობით გამოწვეული დოლარის სისუსტემ თავის პიკს მიაღწია. უახლოეს დროში ტენდენციის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
როგორც იქნა, მსოფლიო საფონდო ბირჟებმა არასახარბიელო მონაცემებზე რეაგირება მოახდინეს. ბაზრებზე უმნიშვნელო ვარდნა აღინიშნებოდა – რუსეთის ბაზარზე ეცემოდა ფასები, მაგრამ ახლა სულ სხვა მდგომარეობაა – არჩევნებამდე ბაზრის მონაწილეები სიფრხილეს იჩენენ. ამის გამო, ბაზარი მოდუნებულია, ხოლო ვაჭრობის მოცულობა ნაკლებია, ვიდრე შემოდგომაზე იყო. რუსეთში და მთელ მსოფლიოშიც ობლიგაციების კურსი არ შეცვლილა. ბოლო სხდომაზე ინგლისის ბანკის კენჭისყრის შედეგმა გაურკვევლობა უფრო მეტად გააძლიერა: მოლოდინების საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების ზრდის შესახებ ერთსულოვნად არ იყო მიღებული – კომიტეტის ერთ-ერთმა მონაწილემ საპროცენტო განაკვეთების შეუცვლელ დონეზე შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. ახლა დამკვირვებლები დარწმუნებულნი არ არიან იმაში, რომ დეკემბერში განაკვეთები კვლავ გაიზრდება. ამის გამო, ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდაც შეჩერებულია.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მრავალფეროვნებით არც მაკროეკონომიკური მონაცემები გამოირჩეოდა. აშშ-ში მზა პროდუქციის მარაგი გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების ფონზე აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტმა 2003 წლის საბიუჯეტო წლისათვის რეკორდულ დონეს – 455 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2004 წელს ის 500 მილიარდს გადააჭარბებს. ჯორჯ ბუშმა წარმატებულად გაზარდა სახელმწიფო ვალიც, რომელიც დაახლოებით 6,8 ტრილიონს დოლარს (მშპ-ის 63%) შეადგენს. ბევრ ანალიტიკოსს აწუხებს არა ის ციფრი, არამედ მისი ზრდის ტემპები. ამასთან, ამერიკის სახელმწიფო ვალი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მშპ, მაგრამ აშშ მაინც რჩება წუნდაუდებელი საკრედიტო ისტორიის მქონე ქვეყნად, ხოლო აშშ-ის ხაზინის “ცისფერი ქვები” მსოფლიო საფინანსო ბაზარზე ყველაზე საიმედო ინსტრუმენტადაა აღიარებული. ამიტომ, მსოფლიო აგრძელებს ამერიკულ იმიჯში ფულის დაბანდებას, ი.ე. ვალს აძლევს აშშ-ს.
იმ დროს, როცა ევროკავშირი შესძლებს ზრდას კონკურენტუნარანი ექსპორტის ხარჯზე, ხოლო აშშ – წუნდაუდებელი ფინანსური რეპუტაციის ხარჯზე, რუსეთის მშპ-ის ძირითად წყაროდ ენერგომატარებლები რჩება.
რუსეთის მთავრობა თვლის, რომ 2004 წელს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. განვითარების ცენტრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 28 ანალიტიკურმა ინსტიტუტმა და საინვეტიციო კომპანიამ, რუსეთის მშპ-ის ზრდა 2004 წლისათვის 4,9%-ს შეადგენს. პროგნოზში ნათქვამია, რომ “რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება, რომელიც 2003 წლის მე-3 კვარტალში დაიწყო, გაგრძელდება”.
ზრდის ტემპის ვარდნის მიზეზი 2004 წლისათვის ნავთობის ფასების ერთ ბარელზე 22,9 დოლარამდე შემცირების პროგნოზია. გამოკვლევის თანახმად, “შიდა მოთხოვნა საკმაოდ სწრაფად გაიზრდება, მაგრამ ექსპორტის ბუმის დამთავრებისა და კაპიტალის საზღვარგარეთ გაქცევის ახალი ტალღის გამო მშპ-ის ზრდა “შეიზღუდება”. გამოკვლევის მონაწილეების თანახმად, რუსეთის ეკონომიკის დაჩქარების შესაძლებლობა საგარეო მოთხოვნის ხარჯზე ამოწურულია. ანალიტიკოსების აზრით, 2004 წელს შიდა მოთხოვნა რუსეთის ეკონომიკის ზრდის ძირითადი წყარო გახდება (დიაგრამა – ნავთობის ფასების ზეგავლება რუსეთის მშპ-ზე).
რაც შეეხება სავალუტო ბაზარს, დოლარის სწრაფი ვარდნა აქ კვლავაც აღინიშნება.
სავალუტო ბაზრის მონაწილეების პროგნოზები გამართლდა. დოლარის გაძლიერება ევროსთან მიმართებაში მხოლოდ მოკლევადიანი თამაში აღმოჩნდა. ევროს კურსი 1,2 დოლარამდე გაიზარდა (მაქსიმალური დონე ბოლო სამი კვირის განმავლობაში). აღსანიშნავია, რომ ევროს ოფიციალური შემოღების დღიდან ეს ყველაზე მაღალი კურსია.
ტერაქტები ერაყში ამერიკული ვალუტის კურსის ვარდნაზე თამაშის ფორმალური მიზეზი გახდა. ამ რეგიონში მდგომარეობის გაუარესება დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ამასთან, ხარჯების დიდ წილს, მიუხედავად გიგანტური საბიუჯეტო დეფიციტისა, აშშ ფარავს. ბიუჯეტის რეფინანსირებისათვის საჭიროა ახალი სესხი, რომლის შედეგად ფულის ფასი ვარდება. სავალუტო ტრეიდერებს ნაკლებად აწუხებთ აშშ-ის საგარეო სავაჭრო დეფიციტი, სადაც ვალუტის დასუსტების მიუხედავად, მნიშვნელოვანი შემცირების ნიშნები ჯერ არ შეინიშნება. ბაზრის მონაწილეები ელოდებიან, რომ წლის ბოლოსთვის ევროსთან მიმართებაში დოლარის კურსის მოძრაობა 1,14-1,2-ის დიაპაზონში შენარჩუნდება (დიაგრამა – ევროს კურსის დინამიკა 2003 წელს).
რაც ეხება დანარჩენ ვალუტებს, ავსტრალიურმა დოლარმა ახალი 6-წლიანი მაქსიმუმი – 0.7250 აჩვენა, იენამ 1.0760-ს მიაღწია, მაგრამ შემდგომ, იაპონიის ბანკის ინტერვენციების გამო კვლავ დაეცა. რუბლიც გაიზრდებოდა, მაგრამ რუსეთის ბანკი ამის საშუალებას არ იძლევა.
ევროპელები შეწუხებულნი იყვნენ დოლარის კურსის ვარდნით. ოქტომბერში ევროპული ცენტრალური ბანკის მეთაურმა, ვიმ დაიზენბერგმა განაცხადა, რომ ევრო-ფინანსისტები მაშინ “შეწუხდებიან”, როცა ევრო 1.21-ს მიაღწევს. ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა: გერმანიის კანცლერმა, შრედერმა გამოთქვა იმედი იმის შესახებ, რომ დოლარი გაძვირდება, რადგან “ეს ამერიკის და ევროპის ინტერესებშია”. ეს გასაგებიც არის: მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტალში გერმანიის მშპ გაიზარდა, შიდა მოთხოვნა მაინც დაეცა, ასე რომ, ზრდა ექსპორტის ხარჯზეა მიღწეული, ხოლო ძვირი ევრო ევროპულ ექსპორტს უშლის ხელს.
ამასობაში, ფაქტორები, რომლებიც დოლარის ვარდნის პროვოცირებას იწვევენ (უპირველეს ყოვლისა, საპროცენტო განაკვეთების სხვაობა), აგრძელებენ მოქმედებას. მით უმეტეს, რომ ფედის ჩინოვნიკები ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მოსალოდნელია დეფლაცია და ამიტომ არ ღირს სახაზინო ობლიგაციების გაყიდვა.
დაბოლოს, გამოჩნდა ახალი ფაქტორი. ამერიკის ხაზინის მონაცემებით, სექტემბერში უცხოელების მიერ შტატების ბონდების შესყიდვის მოცულობა აგვისტოსთან შედარებით 12-ჯერ დაეცა. უცხოური დანაზოგების ნაკადი ოთხი თვის განმავლობაში ეცემოდა მიუხედავად იმისა, რომ ცენტრობანკები ყველანაირად ცდილობდნენ ვარდნა შეეჩერებინათ: მესამე კვარტალში აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების ემისიის ნახევარზე მეტი ჩინეთის და იაპონიის ბანკების მიერ იყო შესყიდული. კერძო კომპანიები თავს იკავებენ შტატების ობლიგაციებში ფულის დაბანდებისაგან, რადგან აქ შემოსავლიანობა დაბალი იყო, თანაც დოლარი სულ უფრო ეცემოდა. თავის მხრივ, საზღვარგარეთიდან ფულის ნაკადის შენელება დოლარის შემდგომ ვარდნას იწვევს, რადგან ახლა საგადასახადო ბალანსის მიმდინარე ოპერაციების კოლოსალური დეფიციტი არ კომპენსირდება.
გასულ თვეს შეშფოთება გამოიწვია კომერციის ამრიკული დეპარტამენტის განცხადებამ იმაზე, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ჩინეთის ტექსტილზე 7%-იანი საბაჟო ტარიფის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. ეს მოხდა ხაზინის მეთაურის, ჯონ სნოუს გამოსვლის შემდეგ, სადაც მან კატეგორიულად განაცხადა, რომ აშშ არ მიმართავს პროტექციონისტურ ზომებს საკუთარი ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად.
ამის საპასუხოდ, ჩინეთმა აღშფოთება გამოთქვა და დაემუქრა აშშ-ს, რომ ამერიკულ ტანსაცმელსა და სხვა საქონელზე საპასუხო ზომებს შემოიღებს. ჩინელების პოზიციაც გასაგებია: ახლახან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ფულადი ტარიფის საქმე და აიძულა აშშ, ეს ტარიფი გაეუქმებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპულ კავშირს, იაპონიას და ჩინეთს უფლება ჰქონდათ ამერიკულ საქონელზე საპასუხო ბეგარა შემოეღოთ. იაპონიამ უკვე განაცხადა, რომ მზად არის შემოიღოს 30%-იანი ტარიფი ამერიკულ ფოლადზე და აგრეთვე დამატებითი ტარიფი ამავე წარმოების ტანსაცმელზე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ სთხოვა ჩინეთს, არ შემოეღო საპასუხო ზომები და კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტა. ჩინელები უნებურად დათანხმდნენ: მათი დელეგაცია, რომელიც შტატებში იყო და განიხილავდა ჩინელების მიერ ამერიკული საქონლის შესყიდვის საკითხს, უკან გაიწვიეს, ხოლო აშშ-ში თვით ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა.
მსოფლიო ეკონომიკის ასეთი ვეშაპების სავაჭრო ომის შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. დოლარის სწრაფმა დევალვაციამ და პროტექციონისტურმა ზომებმა შეიძლება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკა დეფლაციურ კოლაფსამდე მიიყვანოს. ამან, თავის მხრივ, შესაძლოა ამერიკული ფინანსური სისტემის ვარდნა გამოიწვიოს: შტატების სახაზინო ობლიგაციებს (800 მლრდ დოლარის ფარგლებში) მხოლოდ აზიური ცენტრობანკები ფლობენ. ამასთან ერთად, მათ აქვთ ამერიკული იპოთეკური სააგენტოების ობლიგაციები (დაახლოებით 200 მლრდ დოლარის ფარგლებში). ბევრ ამერიკულ აქტივებს ფლობენ აზიის მსხვილი კერძო მეანაბრეებიც, უპირველეს ყოვლისა, ბანკები. დეპრესია იაპონიის ეკონომიკაში გამოიწვევს იმას, რომ ბანკები იძულებული გახდებიან შტატების ობლიგაციების გარკვეული რაოდენობა თავიდან მოიცილონ, რათა უცხოური აქტივების იენაში კონვერტირება და მათი ბალანსებში ხვრელების შესავსებად დაბრუნება მოახდინონ. ასეთი რამ, თუმცა მცირე მასშტაბით, 1998 წლის ოქტომბერში მოხდა: მაშინ იაპონელებმა აშშ-დან რამდენიმე მილიარდი დოლარი გამოიტანეს. შედეგი მძიმე იყო: სამ დღეში დოლარის კურსი იენასთან მიმართებაში თითქმის 20%-ით დაეცა. ბაზარზე კი არეულობა სუფევდა: იაპონელების მუქარა დოლარის წინააღმდეგ ინტერვენციის შესახებ ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს გაისმა, ხოლო ორი დღის შემდეგ ისინი, პირიქით, ცდილობდნენ იენის კურსი დაეწიათ. მაშინ ბაზარზე პანიკის აღმოსაფხვრელად ალან გრინსპანის ჩარევა გახდა საჭირო. მან განაცხადა, რომ ამერიკა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გარეშე ვერ შესძლებს უზარმაზარი საგადასახადო ბალანსის დეფიციტის აღმოფხვრას, რომ საჭიროა პროტექციონიზმთან ბრძოლა და რომ აშშ-ში გადასახადების შემცირებამ მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი გამოიწვია. იგი თვლის, რომ ახლანდელი ეკონომიკური ზრდა, ალბათ, შენელდება, თუმცა “მოწინავე ეკონომიკის ქვეყნები შესძლებენ რეცესიის გადალახვას”. ალან გრინსპანის ასეთმა გულახდილმა მოსაზრებამ დამკვირვებლები გააოცა და იმ აზრამდე მიიყვანა, რომ უდიდესი ამერიკული კლანების ომი რეალურად იწყება. ის ფაქტი, რომ ეს ომი უკვე მიმდინარეობს, არავითარ ეჭვს არ იწვევს. “პატრიოტების პარტიამ”, ანუ პურიტანელმა ფუნდამენტალისტებმა (ბუშმა, რამსფელდმა, პერლმა) პირველი დარტყმა მაშინ განახორციელეს, როცა დოლარის კურსი დაეცა – ეს აწყობდა ამერიკელ მწარმოებლებს, მაგრამ არა ფინანსურ ოლიგარქიას, რომლის ინტერესებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა წარმოადგენს. ოლიგარქებმა მიიღეს საპასუხო ზომები, მაგრამ არც პატრიოტები დარჩნენ ვალში: ამერიკულმა ხელისუფლებამ უდიდესი ნავთობ-კომპანიის, “ექსონ მობილის” “საგადასახადო მაქინაციების” გამოძიების პროვოცირება მოახდინა. ყველაფერი ზუსტად რუსეთის სცენარის მიხედვით მოხდა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ “ექსონ მობილის” მეპატრონე და მსოფლიო ოლიგარქიის ნათლიმამა, დევიდ როკფელერი ხოდორკოვსკი არ არის, მისი დაპატიმრება და გასამართლება არ ისე ადვილია. ახლა კი საქმეში ჩართულია თვით გრინსპანი, ასე რომ, ახლა აშშ-ის ადმინისტრაციის საპასუხო ზომებს ელოდებიან.
სხვა საქმეა, რომ ამერიკულ ეკონომიკას ახლა ვერც “პატრიოტები” და ვერც ოლიგარქები დაეხმარებიან, რადგან მისი მანკი ფუნდამენტალური და განუკურნებელია. აშშ იმეორებს ესპანეთის გზას XVI საუკუნეში, როცა კოლონიებიდან ოქროს კოლოსოლურმა ნაკადმა ესპანეთი მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნად აქცია, მაგრამ ერთდროულად ბოლო მოუღო ეროვნულ წარმოებას, რადგან ოქროს დიდი მარაგის გამო შესაძლებელი გახდა ნებისმიერი იმპორტული საქონლის შეძენა. ასეთივე სურათი შეიქმნა უფრო ადრე რომის იმპერიაშიც III-IV საუკუნეში, როცა იმპერატორები ძლევამოსილი სიძუნწის დაკმაყოფილების გამო მონეტების გაყალბებით იყვნენ დაკავებულნი. იგივე გააკეთეს აშშ-იც 1970 წწ., როცა გაანადგურეს ფიქსირებული სავალუტო კურსების ბრეტონ-ვუდის სისტემა. მას შემდეგ ფულის მასა 10%-იანი სიჩქარით იზრდებოდა და სამრეწველო ინფლაცია ამ დონეს ყველაზე უარეს დროშიც კი არ აღემატებოდა. ამან ამერიკელებს შეუქმნა “სიმდიდრის ეფექტი”, როცა ფულს არ თვლი და ყიდულობ ყველაფერს, რაც ცუდად დევს. ამით ეროვნული წარმოება დაზარალდა და სწრაფად მხოლოდ ეკონომიკის პარაზიტული სექტორები (ფინანსური, უსარგებლო მაღალ-ტექნოლოგიური სექტორები) იზრდებოდა. ახლა კი, საგარეო ექსპანსიის რეზერვებიც ამოიწურა და “ფართო” ფულადი მასის ვარდნა დაიწყო.