გერმანელი ქალის ჯანსაღი ეგოიზმი

ნინო არველაძე 

22 ნოემბერს ირლანდიამ ევროკავშირს დახმარება ოფიციალურად სთხოვა, მსოფლიო კრიზისის ახალი ეპიზოდი გრძელდება. გაზაფხულზე ევროკავშირის მიერ (გერმანიის დაჟინებული თხოვნით) გაღებული დახმარების სანაცვლოდ საბერძნეთს ხმელთაშუა ზღვის კუნძულების დათმობა მოუწევს, ანგელა მერკელის მიზნები კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა. 

      ახალ მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგში გერმანია ევროპის ფინანსური მომსახურების ცენტრის უფლების მოსაპოვებლად იბრძვის და ამ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კაპიტალს ენიჭება. მსოფლიოს ახალი ეკონომიკური წესრიგი ჩამოყალიბების პროცესშია, გერმანია სეულის დიდი ოცეულის სამიტზე მკვეთრად დაუპირისპირდა აშშ-ის პოლიტიკას – სახელმწიფო ობლიგაციების მასობრივ გამოსყიდვას, რაც დოლარის გაცვლითი კურსის დაცემას ასტიმულირებს და ამერიკული საქონლის ექსპორტს აიაფებს, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ახალი ბუშტის ჩამოყალიბება არავის ინტერესებში არ შედის და ყველამ უნდა იზრუნოს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მდგრადობაზე. 
      და აი, ყველაფერი თავიდან დაიწყო. ჯერ საბერძნეთის ცნობილი დახმარებიდან სრული ექვსი თვეც არ გასულა, ეკონომიკური ცის კაბადონზე კი კვლავ ნაცნობი სურათი იკვეთება. ინვესტორები ერთ პატარა ევროპულ ქვეყანაზე ნერვიულობენ, რომლის ვალების ბუშტიც უფრო და უფრო იბერება და ბუნდოვანი პერსპექტივები იკვეთება, ამიტომ ისინი ფასიან ქაღალდებს ჰყიდიან. ფასიანი ქაღალდების გაყიდვების ასეთი მოზღვავება სხვა ქვეყნებისთვის გადამდებია. ეჭვებს აძლიერებს ადგილობრივი გარემოება – დონეგალში დამატებითი არჩევნები. სხვადასხვა ხასიათის გზავნილები და გერმანიის პოლიტიკურ ფლანგზე ცუდი სიტუაცია აშკარა საშიშროებას ქმნის და ჩნდება სამი საშიშად ნაცნობი კითხვა. ვინ არის დამნაშავე ამ არეულობაში? რაშია გამოსავალი? რას ნიშნავს მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის რეგიონის საერთო ვალუტისთვის განვითარებული მოვლენები? თუმცა, საბერძნეთთან პარალელების გავლებისას შეზღუდვები არსებობს: ირლანდიას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ისეთი ზრდა გამოიმუშაოს, რომელიც ერთ დღესაც მისი ვალების მომსახურების შესაძლებლობას მისცემს. 
      ახირებული, 
      გადახდისუნარიანი და მარცხი 
      პირველი კითხვის პასუხში ცოდვის ჩასახვა ირლანდიის კისერზეა. მართალია, კელტური ვეფხვი ღრიალებს, მაგრამ მან არასათანადო ყურადღება მიაქცია მეტისმეტად ოპტიმისტურად განწყობილ ბანკებსა და აქტივების ბაზარს. საკუთრების ბუშტი გაიბერა და ირლანდია მისგან წარმოქმნილ შემოსავლებზე სახიფათოდ დამოკიდებული გახდა. ქვეყნის ფინანსურმა მარეგულირებლებმა არნახული არაკომპეტენტურობა გამოამჟღავნეს და საშიშროების პირველი ნიშანი გახდა მთავრობის შეცდომა – მან ბანკების ვალებისათვის გარანტიები გამოუშვა, რაც ახლა იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელები კატასტროფულ დანაკარგებს განიცდიან ანგლო-ირლანდიური ბანკისა და სხვების მიერ საკუთრებაზე გარიგებების დადებისას, ხოლო ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი კი მშპ-ის 32%-ს მიუახლოვდა. 
      უნდა ითქვას, რომ ირლანდია სკმაოდ დიდხანს ეფლირტავებოდა თავისივე დავალიანების კრიზისს, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ევროზონის სხვა წევრებმა ქვეყანას დახმარება არ აღმოუჩინეს. მდგომარეობის შესწავლა საბერძნეთის ნიმუშიდან უნდა უნდა დაიწყოს, რომელიც უხეში ნამუშევარი იყო: უკანასკნელი დასკვნით, ის ვერასოდეს შეძლებს ვალების დროულად გადახდას და დროებითი მხარდაჭერის სქემით მოკირწყლული ქუჩები დანარჩენ ევროზონის ქვეყნებში დაიბზარა. ასეთ შემაშფოთებელ გარემოში ანგელა მერკელის მცდელობა, სიტუაცია გამოესწორებინა, თვალსაჩინო მოუქნელობის გამოხატულება იყო. 
      მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის სამიტზე გერმანიის კანცლერმა მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ევროზონის მიერ მომავალში განხორციელებული გადარჩენის ყველა სქემა უნდა შეიცავდეს სახელმწიფო დავალიანების შეუსრულებლობის მექანიზმს. პრინციპი აბსოლუტურად მართალია: თუ მოსალოდნელი არ არის ვალდებულების შეუსრულებლობა, ფასიანი ქაღალდების ინვესტორებს არ აქვთ მიზეზი გამოყონ კარგი და ცუდი კრედიტები. მაგრამ ის, თუ რაში მდგომარეობდა სახელმწიფო დავალიანების გამწვავებისას ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის ზარალის მიყენება, ბუნდოვანი იყო, იმიტომ, რომ არ საზღვრავდა მისი გამოყენების დროს,  მომენტსა და გამოყენების გზას. უაღრესად საკვირველია, მაგრამ გერმანელებმა ვერ შეძლეს სამიტზე დეტალური წინადადების წარდგენა. 
      მდგომარეობა კი გაუარესდა ირლანდიასთან, საბერძნეთთან და პორტუგალიასთან დაკავშირებით, რომლებიც ცდილობდნენ 2011 წლისათვის მკაცრი ბიუჯეტი წარედგინათ. ფასიანი ქაღალდების ინვესტორები უფრო საშიშ სანახაობაზე მიიწვიეს: ირლანდია გაქცევას ცდილობდა, საბერძნეთი და ევროზონის სხვა წევრები კი ნემსებზე ისხდნენ. ირლანდიური პრობლემა ელვის სისწრაფით გადაიქცა ევროზონის პრობლემად და ბრიტანეთის თავის ტკივილად. 
      მეორე კითხვა – გამოსავალი – აჩვენებს დიდ სხვაობას ირლანდიასა და საბერძნეთს შორის, რომელიც იცავდა ფულს ქალბატონი მერკელისაგან. ახლა ირლანდიელები იმაზე კამათობენ, თუ ვინ იყო ის, ვინც დარწმუნებით აცხადებდა, რომ ირლანდიას საერთაშორისო დახმარება არ სჭირდებოდა და გაცხარებული ირლანდიელები მიდიან დასკვნამდე, რომ ასეთი დახმარება უნდა გაიღოს ევროზონის იმ მსხვილმა ქვეყნებმა, რომლებიც მათ ამ დახმარების არააუცილებლობაში არწმუნებდნენ. 
      ორივე მხარე არაგულწრფელია. ირლანდიელები მართლები არიან, რომ ახლა მათ საკმარისი ფული აქვთ იმისათვის, რათა მომავალი წლის შუა პერიოდამდე მიაღწიონ (მათ ხაზინაში 20 მლრდ ევროა), მაგრამ შესაძლებელია ირლანდიამ მომავალი წლის შუა პერიოდამდე საბანკო სექტორის კრახი განიცადოს. 
      მეორე მხრივ, ირლანდიელები იმაშიც მართლები არიან, რომ ბრიუსელისა და ბერლინის განზრახვებში ეჭვი შეაქვთ. ევროკავშირის ბევრი მოტივაცია და მისწრაფება, რომელიც ეხება კოპრორაციული პროფილებიდან მაღალკონკურენტუნარიანი 12,5% საგადასახადო განაკვეთის ზრდას, რაც უცხოურ ფირმებს განსაკუთრებით იზიდავს, სხვა არაფერი იქნებოდა თუ არა სიგიჟე. მომავალი წლისათვის ირლანდია საბიუჯეტო შემცირებას და მშპ-ის 3,8%-მდე დარეგულირებას გეგმავს, ყველა ეკონომისტი აუცილებლად გაილაშქრებდა ამ თავქარიანობის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა იმედს ფონად უცხოელების ქვეყანაში შესვლა უდევს სარჩულად. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელზეც აშენდა 1990-იანი წლების კეთილდღეობა, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ირლანდიური სააგენტო IDA Iრელანდ, რომელიც ასეთ ინვესტორებს სწავლობს, აცხადებს, რომ 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საუკეთესოა. ფირმების ახალი თაობა ქვეყანაში შედის, ხოლო ირლანდიის სამუშაო ძალა ახალგაზრდაა, უნარ-ჩვევები გამომუშავებული აქვს და ადვილად შემგუებელნი არიან, იჯარის ფასები კი ხელფასებზე სწრაფი ტემპებით მცირდება. 
      თუ ორივე მხარე პოზიორობას თავს დაანებებს, ისინი შეთანხმდებიან, რომ ევროპული ხსნის ფონდი უნდა გამოიყენონ ირლანდიის საბანკო სექტორის სტაბილიზაციისათვის, სამაგიეროდ კი უნდა მოხდეს განსაზღვრული ბიუჯეტის შესრულებაზე ორიენტირება. ასეთი შეთანხმება ირლანდიის ევროზონელ პარტნიორებს დააკმაყოფილებდათ, რომლებსაც გაურკვევლობის დასრულება სურთ და ასევე მისაღები იქნებოდა ევროპის ცენტრალური ბანკისათვის, რომელზეც ირლანდია ზედმეტადაა დამოკიდებული თანხების მიღების კუთხით. ბრძნული იქნებოდა იგივე სქემის პორტუგალიისათვის შეთავაზება, რომლის ბანკებიც ევროპის ცენტრალურ ბანკზეა დამოკიდებული. მაგრამ შესთავაზებენ თუ არა ქვეყანას უკიდურეს დაძაბულობამდე ამ ჭკვიანურ სქემას, არავინ იცის. 
      დარჩა მესამე კითხვა: ევრო. აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, რომ ევრო ვერ გაუძლებს სახელმწიფო დავალიანების კრიზისს. მიუხედავად სირთულეებისა, მის პერიფერიულ დაფარვის ზონებში, მდიდარი ქვეყნის სტანდარტებით, სახელმწიფო ვალების მოცულობა ევროზონაში არც თუ ისე მაღალია. რეალურ პრობლემას ქმნის სანდო გეგმის არარსებობა, რომელიც გაჭირვებაში არსებულ ქვეყნებს დაეხმარებოდა. სტრუქტურული დისბალანსი გერმანიასა და ნაკლებად კონკურენტულ სამხრეთელ წევრებს შორის, ღარიბი ქვეყნების ძალაინ დაბალი ეკონომიკური ზრდა და სუსტი სამხრეთელები სურათს უფრო ამუქებენ, როდესაც ფისკალური ხარჯების შემცირებით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას. დევალვაციის შესაძლებლობის უარყოფამდე, ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპით გამორჩეულმა პორტუგალიამ და ესპანეთმა უნდა შეიმუშაონ სტრუქტურული რეფორმები, რომელიც მათი სამუშაო ძალის ფასებს შეამცირებს, საწარმოებს განავითარებს და კონკურენტუნარიანობას აამაღლებს. 
      როგორც სჩანს, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მაგივრად ამ ზრდას ირლანდია იპოვნის,  მაგრამ ეს ვერ იქნება ბოდიში საბანკო სისტემაში მომხდარი არეულობისათვის. ახლა ევროპისათვის საჭირბოროტო საკითხია, ნამდვილად სურს თუ არა მას საბერძნეთისა და ირლანდიის გადარჩენა, თუ ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებისკენ გააგრძელებს სვლას. 
      ფიქრის ობიექტი სწორად არ არის არჩეული 
      ევროზონის პერიფერიებში ეკონომიკური პრობლემები ერთიანი ვალუტის მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. მთავრობა კვლავ ფინანსური რეაგირებით პასუხობს შექმნილ სიტუაციებს და წარმოების განვითარების სფეროში სტრატეგიული გადაწყვეტილება კვლავ არ აქვს. 
      სახელმწიფო დავალიანების ახლი კრიზისის გამო ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიამ ევროზონის 16 ქვეყნის ფინანსთა მინისტრების ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ევროზონა ამ კრიზისს ვერ გაუძლებს, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თვით ევროკავშირის გადარჩენა. სამიტი სასწრაფო წესით ირლანდიის პრობლემების გამო ევროს რისკებთან დაკავშირებით მოიწვიეს. ბოლო პერიოდში დუბლინის ვალების მომსახურების ღირებულება ინვესტორების ნდობის დაკარგვის გამო მკვეთრად გაიზარდა. შედეგად კი, ევროსაბჭომ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ირლანდიის დახმარებაზე უარი თქვან ისე, როგორც ეს 2010 წლის მაისში საბერძნეთთან დაკავშირებით გააკეთეს, როდესაც ქვეყანა გაბანკროტების ზღვარზე აღმოჩნდა. ბრიუსელსა და დუბლინში გამართული მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოა, უარყოფილია ირლანდიისათვის 80-100 მლრდ ევროს გამოყოფა გაზაფხულზე შექმნილი ევროპის ფინანსური სტაბილიზაციის ფონდიდან და კეთდება განცხადებები, რომ ირლანდიას შეუძლია შექმნილ სიტუაციასთან დამოუკიდებლად გამკლავება. ირლანდიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ დახმარება აუცილებელია. 
      ევროზონის პარტნიორი ქვეყნები და, უპირველეს ყოვლისა, გერმანია და საფრანგეთი სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ სირთულის დაძლევა გარედან ჩარევის გარეშე შეუძლებელია. მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ ევროპულ პერიფერიაში გაურკვევლობამ დომინოს ეფექტის რისკის საშიშროება შექმნა – ინვესტორებმა შეიძლება ევროს დაფარვის ზონის სხვა ქვეყნების მიმართაც დაკარგონ ნდობა, მათ შორისაა ესპანეთი და პორტუგალია, რაც მთლიანად ევროზონაში სტაბილიზაციას უქმნის საფრთხეს. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ მისი ნებისმიერი წევრის დეფოლტი ახალ ფინანსურ კრიზისს გამოწვევს და ევროპის ეკონომიკური ზრდის ტემპის აღდგენის პერსპექტივას დაასამარებს. 
      ასეთი სცენარით არ გამოირიცხება ევროზინიდან სუსტი ქვეყნების გაყვანა, ამიტომ ევროპელი ლიდერები ცდილობენ მსგავსი მოვლენის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას. 
      იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომდევნო რამდენიმე კვირაში ევროპა მოახერხებს დომინოს ეფექტის თავიდან აცილებას, სტაბილიზაციის დამკვიდრება მაინც შორეული მომავლის საქმე იქნება. სახელმწიფო დავალიანების მქონე ქვეყნებთან დაკავშირებული საფინანსო ბაზრები მომდევნო წლებში მხოლოდ დავალიანების ზრდის გამო გაიზრდებიან. ფინანსთა მინისტრები და პოლიტიკოსები პერიფერიის ზონებში კვლავ ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. მათი ყურადღების ცენტრში რჩება მიმდინარე ლიკვიდურობის პრობლემა და არა გრძელვადიანი გადახდისუნარიანობა, რომელიც მხოლოდ ეკონომიკის ზრდის მყარი ტემპის პირობებში იქნება შესაძლებელი, ხოლო მისი პერსპექტივები კი რამდენიმე ევროპული ქვეყნისთვის ბურუსითაა მოცული. 
      ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპულმა პერიფერიამ (განსაკუთრებით ევროს შემოღების შემდეგ) კონკურენტუნარიანობის სერიოზული ნაწილი დაკარგა. სანამ საბერძნეთი, ირლანდია ან პორტუგალია ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროს არ იპოვნიან მანმადე ევროზონის არასტაბილურობა შენარჩუნდება. 
      მთავრობა თუ ბანკები 
      ირლანდიის ხელისუფლება რამდენიმე კვირის განმავლობაში დაჟინებით აცხადებდა, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარება არ სჭირდებოდა. საბერძნეთისგან განსხვავებით, რომელიც 2010 წლის მაისში იძულებული იყო საბიუჯეტო კრიზისის გამო დახმარება ეთხოვა, ირლანდიის ხაზინაში ნამდვილად არის 2011 წლის გაზაფხულამდე სამყოფი ფული. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბრაიან ქაუენი აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებული ზომები კარგად მუშაობს – შემცირებულია სახელმწიფო დანახარჯები და გაზრდილია საშემოსავლო გადასახადი. პრემიერი აცხადებს, რომ გარდაუვალი კრიზისის საფრთხე, რომელშიც ირლანდიის სახელმწიფო ეხვევა, რეალობას არ შეესაბამება, მისი აზრით, თუ სახელმწიფო უახლოეს ოთხ წელიწადში ხარჯებს 15 მლრდ ევროთი შეამცირებს, შესაძლებელი იქნება საბიუჯეტო კრიზისთან გამკლავება. 
      ევროპელი პარტნიორები დუბლინის გეგმებს სკეპტიკურად აფასებენ და აცხადებენ, რომ დღესაც კი ირლანდიას გადაუდებელი ფინანსური დახმარება სჭირდება. 
      მხარეების ასეთი განსხვავებული შეხედულებები შესაძლებელია აიხსნას ირლანდიის კრიზისის სპეციფიურობით. ეკონომიკური ბუმის პერიოდში ქვეყნის ბანკები აქტიურად აფინანსებდნენ მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორებს, გლობალური კრიზისის გამო უძრავ ქონებაზე ფასების 50%-იანმა ვარდნამ ბანკები გაბანკროტების ზღვარზე მიიყვანა. შედეგად კი, სახელმწიფომ ბანკებს ასპროცენტიანი გარანტიები მისცა და შემდეგ ნაწილობრივ მათი ნაციონალიზაცია მოახდინა. 
      ეკონომისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედება ორი მიზეზის გამო მოხდა. პირველი, სახელმწიფოს სუვერენული რეიტინგის ბანკების ვალებზე გავრცელება, რაც კრიზისის დაძლევის ყველაზე უბრალო გზაა, იგივე გზა აირჩიეს ბრიტანეთმა და აშშ-მაც. მეორე, რაც ბანკების კრედიტორების ზარალს აუვლიდა გვერდს. შედეგად, ირლანდიის სუვერენული რისკი ოდნავ თუ განსხვავდება მისი პრობლემური ბანკების ვალებისგან. ირლანდიის საბანკო სექტორის არამდგრადობა უკვე დიდი ხანია ევროპის ცენტრალური ბანკის თავის ტკივილი გახდა. თუმცა, მისი ოფიციალური მიზანი, ევროზონაში ფასების სტაბილიზაციის მხარდაჭერაა, 2007 წელს კრიზისის დაწყებასთან ერთად კი ევროპის ცენტრალური ბანკი ფინანსური ინსტიტუტებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნების გადარჩენის უკანასკნელ ინსტანციად გადაიქცა. 
      2010 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ირლანდიის ბანკებისთვის გაცემული იაფი კრედიტების მოცულობა ირლანდიის მშპ-სთან მიმართებაში 78%-ია, ამ გზით ირლანდიის ფინანსური სისტემა ევროპის ცენტრალურ ბანკის დაფინანსებაზე საბერძნეთსა და პორტუგალიაზე მეტად გახდა დამოკიდებული (40 და 29%). ევროზონის ზომების მიხედვით, ევროპის ცენტრალური ბანკების მიერ გაღებული კრედიტების 25% ირლანდიაზე მოდის. ცენტრალური ბანკის მიერ ბანკების დაფინანსება ნორმალური მოვლენაა, მაგრამ როდესაც მისი დონე 10%-ს აჭარბებს, დაფინანსება სუბსიდირებაში გადადის, ირლანდიის შემთხვევაში კი ეს სიცოცხლის ხელოვნურ შენარჩუნებას გავდა. ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, ირლანდიის ბანკებს აღარ შეეძლებათ აქტივობის დამოუკიდებლად გაგრძელება. სახელმწიფო დავალიანების რესტრუქტურიზაციას კი ბანკებისთვის ირლანდიის მთავრობის მიერ გაცემული გარანტიები ართულებს. ერთადერთ ვარიანტად რჩება სახელმწიფოს მიერ ბანკების კრედიტორებისთვის მხარდაჭერის უარყოფა. 
      ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ჟან-კლოდ ტრიშე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, რომელიც მხარს უჭერს ირლანდიის ევროპის ფინანსური სტაბილიზაციის ფონდის საშუალებით დახმარებას, რომელსაც ქვეყნების დაკრედიტების შესაძლებლობა აქვს – ევროზონის ქვეყნებისათვის 750 მლრდ დოლარი. პოზიციას ბრიუსელშიც ემხრობიან. ევროპის საბჭოს კომისარი ეკონომიკისა და მონეტარულ საკითხებში, ოლი რენი აცხადებს, რომ დუბლინთან ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ირლანდიის საბანკო სექტორი სტაბილური და მყარი უნდა გახდეს, რაც რეორგანიზაციასა და რესტრუქტურიზაციას მოითხოვს. 
      მართალია, ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები ქმნის სურათს, რომ ირლანდია იძულებული იქნება ევროზონის პარტნიორი ქვეყნებისგან დახმარება მიეღო, მაგრამ დუბლინში ამ გეგმას საკმაოდ უარყოფითად აფასებდნენ. ბრაიან ქაუენის მთავრობა დაბალი რეიტინგით სარგებლობს, ამიტომ ევროპელ პარტნიორებთან გარიგებამ შესაძლებელია მის მომავალ პერქსპექტივას ჯვარი დაუსვას. ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, ბრაიან ლენიჰენი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების არსებობის ფაქტი არ ნიშნავს ევროპული კრედიტის მიღებაზე თანხმობას. ფინანსური დახმარების იდეა ლიდერებს შორის არაპოპულარულია, რადგანაც საზოგადო აზრი მას სუვერენიტეტის დაკარგვას უკავშირებს, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1922 წელს მოიპოვა და ირლანდიელებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და მიიჩნევენ, რომ, როდესაც საბერძნეთი დათანხმდა ევროზონის ქვეყნების მიერ ფინანსური დახმარების მიღებას, ის ფაქტიურად ევროკავშირის პროტექტორატი გახდა. 
      მართლაც, დახმარების მიღებაზე თანხმობით ათენელებმა საკუთარ თავზე აიღეს სახელმწიფო ფინანსების მოწესრიგება, დანახარჯების შემცირება და გადასახადების ზრდის პასუხისმგებლობა. პროგრამის შესრულების ხარისხს კი ევროზონის ქვეყნები აკვირდებიან და ყოველთვის კმაყოფილები არ არიან. მაგალითად, ნოემბრის შუა რიცხვებში ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა, იოზეფ პრელმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ბიუჯეტთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულ ციფრებს ელის მომდევნო ტრანშის გამოყოფამდე, რომელიც 2011 წელს უნდა გასცეს. დუბლინში ფრთხილობდენ, რომ დახმარების სანაცვლოდ ევროზონის ქვეყნები ირლანდიას გადასახადების ზრდას მოსთხოვენ. ირლანდიაში მოგების გადასახადი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია (12,5%), რისი წყალობითაც 2009 წელს კრიზისის დროსაც კი ქვეყანამ პირდაპირი საზღვარგარეთული ინვესტიციებიდან 35 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ირლანდიული მთავრობისათვის საკუთარი სახის შენარჩუნების შესაძლებლობად შეიძლება გადაიქცეს ევროპული სახსრების ირლანდიის ბანკების რესტრუქტურიზაციისათვის მოხმარება, რაც პოლიტიკურ დაძაბულობას შეამცირებს, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირი გზით მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაწევასთან. თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ირლანდიის დახმარება ბევრად უფრო წესიერი იქნება საბერძნეთის დახმარებასთან შედარებით, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბოლო წუთებში მიიღებოდა. ამას გარდა, ირლანდიას შეიძლება დახმარება აღმოუჩინოს ევროზონის არაწევრმა სახემწიფომ, დიდმა ბრიტანეთმა. თვის დასაწყისში ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ირლანდიას 8-12 მლრდ ევროს მოცულობის კრედიტი ბრიუსელის გავლით, დახმარების პაკეტისგან დამოუკიდებლად გამოუყოს, რადგანაც ირლანდია მისი ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 
      მსგავსმა სქემამ შესაძლებელია დააწყნაროს ევროზინის პერიფერიის სახელმწიფოები, რომლებიც ბერლინის განცხადებების გამო შეშფოთებულნი არიან. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა ევროკავშირის შეთანხმებების ხელახალი გადაწერის აუცილებლობის შესახებ, რომელშიც ჩაერთვება ევროზონის წევრი ქვეყნების გაბანკროტებისგან გადარჩენის სქემა, მერკელი დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროზონის წევრი სახელმწიფოების “თანმიმდევრული გაბანკროტების” შემთხვევაში, სახელმწიფო ობლიგაციების კერძო ინვესტორები მზად იყვნენ ნაწილობრივი ზარალისთვის. მერკელის პოზიციამ ობლიგაციების ბაზარზე პანიკა გამოიწვია, ამიტომ ირლანდიის, საბერძნეთისა და ესპანეთის დავალიანების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. კრიტიკოსების აზრით, კანცლერმა მისი ევროპელი პარტნიორების რთულ მდგომარეობაში ჩაყენება იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ გერმანელ გადასახადის გადამხდელებს შორის პოლიტიკური პოზიციები აღიდგინოს. ბერლინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მერკელის განცხადებები ევროზონის სტაბილიზაციის დონის ამაღლებას ემსახურება, რადგანაც მყარი სახელმწიფო ფინანსების ქვეყნები (გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრია და ა.შ) იძულებულნი არიან დააფინანსონ ცუდი ფინანსური მენეჯმენტის მქონე ქვეყნები. გაზაფხულზე შექმნილ ევროპის ფინანსური სტაბილიზაციის ფონდს კი მხოლოდ სამწლიანი მანდატი აქვს, ანგელა მერკელს კი ამ დროებითი მექანიზმის მუდმივობაში გადაყვანა სურს. 
      მერკელის ინიციატივამ ევროპის სხვა დედაქალაქებში ნერვიული რეაქცია გამოიწვია. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, გეორგის პაპანდრეუ აცხადებს, რომ გერმანიის დაჟინებულმა მოთხოვნამ კერძო ინვესტორების მხრიდან ზარალის მიმართ შემგუებლობის შესახებ სახელმწიფო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია ევროკავშირის ეკონომიკის “ხერხემალი გადატეხოს” და “ზოგიერთ ეკონომიკას გაბანკროტებისკენ უბიძგოს”. ბერძენი პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში გერმანიაც დაზარალდება, რადგანაც ქვეყნის ბანკებში ევროპის პერიფერიული სახელმწიფოების სახელმწიფო ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება. 
      შექმნილ ვითარებას ვერც ბრიუსელი აუვლიდა გვერდს. კომისარმა ოლი რენმა გააკეთა მოწოდება ევროპის ერთიანობის შეგრძნების აღდგენის შესახებ და დასძინა, რომ საპირისპირო აზრთა გამომწვევი დებატები უნდა დასრულდეს. გამორიცხული არ არის, რომ კომისარის ჩარევამ ირლანდიის პოზიციაზეც მოახდინა გავლენა – ირლანდიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი არ გამორიცხავდა მისი ქვეყნის მიერ დახმარების თხოვნის შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ ირლანდიის ოფიციალური თხოვნით დასრულდა. 
      დღევანდელი დღით 
      კრიზისის ახალმა ეპიზოდმა კიდევ ერთხელ მოახდინა ევროზონის სტრუქტურული პრობლემების დემონსტრაცია. 1999 წელს ევროს შემოღების მიზანი იყო, როგორც ეკონომიკური, ასევე შიდაეკონომიკური პოლიტიკური მიზნების მიღწევა. საფრანგეთისა და სხვა გერმანული მარკის დაფარვის ზონის ქვეყნებისთვის (მაგალითად ნიდერლანდებისათვის) სავალუტო ინტეგრაცია ნიშნავდა ბუნდესბანკის პოზიციების შერყევას და საპროცენტო განაკვეთებზე ევროპის ცენტრალური ბანკის საშუალებით კონტროლის დამყარებას. ევროკავშირში გერმანიის გაწევრიანების შემდეგ ბევრი ქვეყანა ყველაზე მსხვილი ეკონომიკის გავლენას უფრთხოდა, ამიტომ ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღება ქვეყნებს ამ შიშების დაძლევაში დაეხმარა. პატარა სიდიდის ქვეყნებს (საბერძნეთი, ირლანდია, ფინეთი და ა.შ) უბრალოდ არ სურდათ ევროპული ინტეგრაციის კიდეზე აღმოჩენილიყვნენ. 
      ევროკავშირის წევრებისგან ელოდნენ რამდენიმე ძირითადი წესის დაცვას. პირველ რიგში, საკმარისი მოქნილობა უნდა გამოევლინათ სამუშაო ძალის ბაზრებს იმისათვის, რომ ხელფასებს სწრაფად აესახათ მოთხოვნა-მიწოდების ცვლილება. მწარმოებლურობის ზრდის არარსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში უნდა დაცემულიყო რეალური ხელფასები კონკურენტუნარიანობის რღვევის თავიდან აცილების მიზნით. მეორე, სამუშაო ძალის ბაზრებს უნდა შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები ახალ სექტორებში, რისთვისაც მნიშვნელოვანი მოქნილობაა საჭირო წარმოებასა და მომსახურების სფეროში კომპანიებს შორის კონკურენციის მაღალი დონის თანხლებით. მესამე, ევროზონის ეკონომიკები უნდა ყოფილიყვნენ მთლიანად ინტეგრირებულნი, არა მხოლოდ სასაქონლო ვაჭრობაში, არამედ მომსახურების სფეროში, სამუშაო ძალისა და კაპიტალის კუთხითაც. მეოთხე, ეკონომიკებს უნდა მოეხდინათ დივერსიფიკაცია და არ უნდა გამხდარიყვნენ ცალკეულ სექტორებზე დამოკიდებულნი, მეხუთე, ფისკალური პოლიტიკა უნდა ყოფილიყო მყარი, სერიოზული დეფიციტებისა და ვალების გარეშე. და ბოლოს, მეექვსე, ევროზინის ქვეყნებში ნავარაუდევი იყო საკმაოდ სწრაფი ზრდის ტემპი, რადგან კავშირის ფარგლებში სახელმწიფოებს შეუძლიათ საკუთარი კონკურენტუნარიანობის მწარმოებლურობის ხარჯზე შენარჩუნება. 
      სინამდვილეში კი ყველაფერი სხვა სცენარით განვითარდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროზონის შექმნის მომენტში ბევრი ეკონომიკა ვერ აკმაყოფილებდა ერთიანი ვალუტის შემოღებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. მაგრამ მაშინ, სავალუტო კავშირის წევრი სახელმწიფოები ვარაუდობდნენ, რომ ევროს შემოღების შემდეგ საკმაოდ სწარაფად იქნებოდა შესაძლებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ამ პროგნოზს ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, მიიჩნევდნენ, რომ ევროს შემოღების შემდეგ მთავრობებს უბრალოდ არ დარჩებოდათ სხვა გამოსავალი თუ არა მათი ეკონომიკებისთვის უფრო მეტი მოქნილობის მინიჭება ევროზონის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ პრაქტიკაში სავალუტო კავშირში გაწევრიანებამ სტრუქტურული რეფორმები არ მოიტანა. ევროს შემოღებამ არა თუ სტიმული მისცა პერიფერიის ქვეყნებს განევითარებინათ წარმოება, არამედ ყველანაირი სტიმული დაუკარგა. ევროკავშირში ინტეგრაციით შესაძლებელი იქნებოდა იაფი სესხების მოპოვება – ევრო საკმაოდ საიმედო ვალუტაა ნაციონალურ ვალუტებთან შედარებით, მთავრობები კრედიტებისა და სოციალური დანახარჯების მოზიდვამ გაიტაცა, რაც განსაკუთრებით აისახა ევროზონის სამხრეთ პერიფერიაზე – საბერძნეთზე, პოტრუგალიაზე, ესპანეთსა და ნაწილობრივ იტალიაზე. 2000-იანი წლების პირველ ნახევარში გერმანიამ რეალური ხელფასების შემცირება და წარმოების ზრდა დაიწყო. ევროზონის სხვა ქვეყნებში რეალური ხელფასების ზრდის ფონზე გერმანული პროდუქცია ძალიან კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა. სამხრეთ პერიფერიის ქვეყნებში კი არ იზრდებოდა სამუშაო ძალის წარმოება, ხოლო ხელფასები ევროს შემოღების შემდეგ გაიზარდა. ევროპის ეკონომიკის ზრდის წლებში მათ გლობალიზაციისა და ევროკავშირის გაფართოების გამო კონკურენტუნარიანობის უპირატესობა დაკარგეს (მით უმეტეს, რომ მრავალი წარმოება აზიის ქვეყნებში გადავიდა), ევროპულმა კომპანიებმა არჩიეს წარმოებები ჩინეთში ან ევროკავშირის აღმოსავლეთში განეთავსებინათ და არა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. პორტუგალია და საბერძნეთი სამუშაო ძალის წარმოებით პოლონეთსა და სლოვაკეთს ჩამორჩნენ, იგივე მდგომარეობა შეიქმნა ესპანეთის ბევრ და იტალიის რამდენიმე რეგიონში. 
      ბოლო ათწლეულის განმავლობაში ირლანდიაში მწარმოებლურობა იზრდებოდა, თუმცა იზრდებოდა ხელფასებიც. მას შემდეგ, რაც იაფი კრედიტებითა და უძრავ ქონებაზე ფასების ზრდით გამოკვებილი “კელტური ვეფხვი” გარდაიცვალა ქვეყანაში აღარ აღმოჩნდა ზრდის ახალი წყარო. 
      ევროზონის პერიფერიის ქვეყნებმა ხელიდან გაუშვეს მომგებიანი ეკონომიკური პირობების დროს სტრუქტურული რეფორმების გატარების მომენტი, რაც მათი სამუშაო ბაზრის მოქნილობის დონესა და წარმოებას გაზრდიდა, აღმოაჩენდა ახალ კონკურენტუნარიან სექტორებს. კრიზისის დროს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კი უაღრესად რთული დასაძლევი პრობლემაა. ეკონომიკის ახალი ზრდის უზრუნველსაყოფი პროგრამა ჯერ არც ერთ ქვეყანას წარმოუდგენია. მთავრობები დღევანდელი დღის პრობლემების გადაჭრის საკითხებით არიან დაკავებულნი – ბიუჯეტის დაბალანსებით და დავალიანების კრიზისის დაძლევით. 
      უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამოცანები უდავოდ გადაუდებელია – 2010 წელს საბერძნეთის სახელმწიფო დავალიანება მშპ-ის 144%-ს შეადგენს (ჯერ კიდევ გაზაფხულზე დასახელებული ციფრი იყო 122%), 2013 წლისათვის კი ირლანდიის სახელმწიფო დავალიანება მშპ-ის 150% იქნება. მაგრამ ამ პრობლემებზე კონცენტრაცია არ ხსნის, თუ რის ხარჯზე იცხოვრებენ ეს ქვეყნები მომავალში და კიდევ ერთხელ ყალიბდება შეკითხვა – შეძლებს თუ არა ევროზონა დღევანდელი დღის სახის შენარჩუნებას? 
      კაპიტალი კლანჭებში 
      ევროპის ეკონომიკური განვითარების ასპექტში ირლანდია მრავალი წლის განმავლობაში ლიდერ ქვეყნებს შორის იკავებდა ადგილს, ახლა კი უკვე მეორე წელია მსოფლიო კრიზისის დაძლევას ვერ ახერხებს და წარუმატებელი ქვეყნებს შორისაც ლიდერის პოზიცია დაიკავა – 2009 წელს მნიშვნელოვნად, 7,6%-ით შემცირდა ქვეყნის მშპ, ბიუჯეტის დეფიციტმა კი რეკორდულ მაჩვენებელს მშპ-ის 14,2%-ს მიაღწია, 2010 წელს კი 17,7%-ს. 
      მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ მოახერხა “კელტურმა ვეფხვმა” ასეთ მდგომარეობაში საკუთარი თავის ჩაყენება და აქედან გამომდინარე, რა შეუსაბამობაში მოდის დღევანდელ მსოფლიოში დომინირებული შეხედულება კარგ და ცუდ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ რეალობასთან? 
      ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ირლანდია საკუთარი წარმატების მძევალი აღმოჩნდა. 1990-იან წლების მეორე ნახევარში ირლანდია აშშ-სა და ევროპის კავშირს შორის ეკონომიკიური კონტრაქტების მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი გახდა. წამყვანმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მსხვილი კლასტერი ჩამოაყალიბეს, ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, რომელიც გამოირჩეოდა დაბალი ფასებით და გადასახადებით მკვეთრი ნახტომი გააკეთა და რაღაც მომენტში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის კუთხით დიდ ბრიტანეთსაც კი გაუსწრო. ქვეყანას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სამუშაო ძალის მომმარაგებლის როლს თამაშობდა, უცებ შრომითი მიგრანტები გაუჩნდა. შემდეგ კი კაპიტალის შედინებამ საკმაოდ ლიბერალური რეგულირების ფონზე კლასიკური ბუშტის წარმოქმნა პირველად უძრავი ქონების ბაზარზე დაიწყო. მთავრობა გაიტაცა ევროს იაფმა სესხებმა, სოციალურმა პროგრამებმა, რამაც შედეგად განვითარების ზიანი მოიტანა. ფინანსური მაჩვენებლები, ფინანსური ოპერაციები, ფინანსური ფასადი, აი რა დომინირებს საინფორმაციო სივრცეში, რაც პრაქტიკულად სდევნის საზოგადო დისკუსიიდან ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან შემადგენელ ასპექტებს. დღეს ბევრს ბჭობენ, თუ რამდენი ევრო დასჭირდება საბერძნეთის, პორტუგალიისა და ირლანდიის გადარჩენას, მაგრამ არავინ საუბრობს წარმოების იმ სექტორებზე, რომლებიც ამ ქვეყნებს ფინანსურ ბაზრებზე კრიტიკული დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს და ეს გასაგებიცაა, რადგან ლიდერ ქვეყნებს სურთ, რომ ჩამორჩენილმა ქვეყნებმა წარმოების პოტენციალი განავითარონ და მოწინავე ქვეყნებთან ამ მხრივ არსებული ნაპრალი შეამცირონ. 
      გერმანელებმა საკმაოდ მკაცრი სახეცვლილების გზა აირჩიეს მწარმოებელი კომპანიების პოზიციების გასამყარებლად და სამრეწველო სექტორის ექსპორტის მოცულობის ზრდის მიზნით, რათა შეენარჩუნებინათ დასაქმებულებისა და სოციალური ფენების დანახარჯების ზრდის ტენდენცია, ისინი არ რეაგირებენ ევროკავშირის სხვა ქვეყნების კრიტიკაზე, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში საპირისპირო გზით მიდიოდნენ და სესხებზე ცხოვრების შესაძლებლობით ტკბებოდნენ, რადგან ევროს შემოღებამ სესხები გააიაფა. გერმანელები ხელფასებისა და სოციალური დახმარებების ზრდას ამუხრუჭებდნენ (საფრანგეთმა გერმანიას სახელფასო დემპინგში დასდო ბრალი), სხვა ქვეყნები კი, პირიქით, სწრაფად ზრდიდნენ. ამ წლების განმავლობაში არც ერთ გერმანელ პოლიტიკოსს პორტუგალიის ან ესპანეთისათვის არ ჩაუტარებია აგიტაცია მათი წარმოების გაფართოების აუცილებლობის შესახებ. ახლა კი, ძალიან მოკლე დროში, ბერძნებს ვალების დასაფარად ხმელთაშუა ზღვის კუნძულების გაყიდვას შესთავაზებენ და არაფრით არ დათანხმდებიან გერმანული ექსპორტის შეზღუდვაზე. 
      ფრანკფურტში EuroFinance Week-ის კონფერენციაზე გერმანელი ბანკირები გულღიად აცხადებდნენ, რომ მსოფლიო ეკონომიკის დისბალანსები, რომლის დამღუპლევობის ხარისხსზეც ასე ბევრს საუბრობდნენ G20-ის სეულის სამიტზე, სინამდვილეში გერმანული მრეწველობისა და ბანკებისათვის მომგებიანია, ერთი სიტყვით გერმანელები ჯანსაღი ეგოიზმით არიან შეპყრობილნი.