ჯორჯ ბუში საგადასახადო კონტროლს აძლიერებს
მოამზადა სოფო გოგოლაძემ
2005 წ თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კონგრესს წარუდგინა ბიუჯეტი 2006 ფინანსური წლისთვის. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტს დამატებითი 500 მლნ დოლარი უნდა გამოეყო საგადასახადო სამსახურის ფინანსირებისთვის. ეს ფული უნდა დაიხარჯოს ფისკალური დისციპლინის გამყარებისთვის, რათა შესრულდეს პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება 2009 წლისთვის ბიუჯეტის ორჯერ შემცირების შესახებ.
ჯორჯ ბუში – უმცროსის პრეზიდენტობის დროს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა (იხ. გრაფიკი). როგორც დასავლელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, ძირითადი მიზეზი იმალება სამხედრო ოპერაციების მასირებულ ფინანსირებაში. კონგრესის მიერ თავდაპირველად დამტკიცებული აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 2005 წელს შეადგენდა 420,7 მლრდ დოლარს. მაგრამ, იგი უკვე გაიზარდა 125 მლრდ დოლარით – კონგრესმა დააკმაყოფილა პრეზიდენტის თხოვნა. სულ მთლიანად კი, ავღანეთსა და ერაყში აშშ-ს სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან, პრეზიდენტმა გამოსთხოვა კონგრესს დამატებით 200 მლრდ “ამერიკელ მეომრებზე ზრუნვისთვის”. ბოლოს, ჯორჯ ბუშმა, “ავღანეთსა და ერაყში სამხედრო საჭიროების ” ფინანსირების გაზრდის თხოვნით, კონგრესს მიმართა 2005 წლის 25 იანვარს. კონგრესმა მას მხარი დაუჭირა და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი ერთ დღეში გაიზარდა 80 მლრდ დოლარით და შეადგინა ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდული თანხა – 427 მლრდ დოლარი (მშპ-ს 3,5%).
კონგრესსა და ექსპერტთა საზოგადოებაში ჯორჯ ბუშის მოქმედება მკაცრ კრიტიკას იწვევს, ხოლო სახელმწიფო ფინანსებთან მის მოპყრობას ხშირად “საშიშსა და უპასუხისმგებლოს” უწოდებენ. აშშ-ს გაბერილი ბიუჯეტის კრიტიკას არ წყვეტენ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მიუთითებენ მასზე, საგადამხდელო ბალანსის უზარმაზარ დეფიციტზეა, როგორც დოლარის დასუსტების ძირითად მიზეზზე. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგია “კომპაქტური მთავრობა მინიმალური ხარჯებით”, ხოლო ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი იყო ბიუჯეტის ორჯერ შემცირება 2009 წლისთვის.
ბიუჯეტის დეფიციტთან ბრძოლას ბუში საგადასახადო ადმინისტრირების გაძლიერებით იწყებს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებით 500 მლნ დოლარს გამოყოფს “გადასახადების აკრეფაზე კონტროლის გასაძლიერებლად”. ეს ფული დაიხარჯება “გადასახადების დაბრუნების შემთხვევების დეტალური ანალიზისათვის, საგადასახადო დავალიანების აგროვების და გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების შემთხვევების გამოძიებისთვის”. “კონტროლის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ ურჩი გადამხდელები და სხვა გადამხდელებს შეუშლის ხელს გადასახადებისგან თავის არიდებაში”, – ნათქვამია აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, ჯონ სნოუს განცხადებაში. ხოლო აშშ-ს საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელმა, მარკ ევერსონმა საგადასახადო კონტროლის გაძლიერებას “ბრძნული გადაწყვეტილება” უწოდა.
ჯორჯ ბუშის მიერ, კონგრესმენების მიმართ, შეთავაზებული ბიუჯეტის დეფიციტთან ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდია სახელმწიფო მოხმარების ზრდის შემცირება. აქ იგულისხმება არააუცილებელი ხარჯების ზრდის საგრძნობი შემცირება (აუცილებლად მიჩნეულია სოციალური პროგრამების და თავდაცვის ფინანსირება). ამ ხარჯების ზრდის ზედა ზღვარი აშშ-ს ბიუჯეტში ჯერ კიდევ შარშან იყო დადგენილი 0,8%-ის დონეზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ 2006 წლისთვის პროგნოზირებული ინფლაციის დონე 2%-ია, გასულ წელთან შედარებით ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად გამოიყურება.
თუმცა, მრავალი დამკვირვებელი სკეპტიკურად აფასებს ადმინისტრაციის მიერ 2009 წლისთვის დეფიციტის ორჯერ შემცირების შესაძლებლობას. რადგან ბიუჯეტის შემცირების გარდა, ბუში ამომრჩევლებს პირდებოდა “სოციალური დაზღვევის სისტემის რადიკალურად შეცვლას” და საშუალო კლასისთვის გადასახადების შემცირებას. მარტო ეს ორი რეფორმა, რომელიც 2009 წლამდე უნდა იყოს განხორციელებული, კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის შეფასებით 3,3-4,3 ტრლნ დოლარი დაჯდება.