იქნება თუ არა პურის ბუნტი?
სოფიკო სიჭინავა
საქართველოს ხელისუფლების დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არსებული პურის ფასი შენარჩუნდეს, მისი მომატება გარდაუვალია. მსოფლიოში აშკარად შეინიშნება ხორბლის დეფიციტი და მისი ფასი, არსებულთან შედარებით, ფაქტობრივად, გასამმაგდა. პური ძვირდება ევროპის ბეღლებში: რუსეთსა და უკრაინაში, ყაზახეთში კი, სადაც მოხმარებაზე 5 მლნ ტონით მეტი მოსავალი მიიღეს, პური მაინც გაძვირდა.
ასეთ სიტუაციაში, საქართველოში პურის ფასის ხელოვნურად დაჭერაზე საუბარი, სხვა თუ არაფერი, ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხისადმი არაკომპეტენტური მიდგომაა, რადგან თუკი საჭირო ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად არ გადაიდგა, ადვილი მოსალოდნელია, ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. შექმნილ სიტუაციას ასეთ შეფასებას აძლევენ ექსპერტები. სახელმწიფო პოლიტიკა სავსებით გასაგებია, მოსახლეობის სოციალური ინტერესების დაცვას ასეთი პოლიტიკა სჭირდება, მაგრამ არაპოპულარული პროცესების თავიდან აცილებას ვერანაირ პირობებში ვერ შევძლებთ.
საქართველო, წლიურად ფქვილსა და ხორბალს ერთად, ხორბალზე გადაყვანილს, 700 ათას ტონას მოიხმარს. საუკეთესო შემთხვევაში, ადგილობრივად შესაძლებელია მხოლოდ 80-100 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, დანარჩენი 600 ათასი ბიზნესმა უნდა დააბალანსოს, გნებავთ რუსეთიდან, ან ამერიკიდან შემოტანილი ხორბლით, ამერიკა ჰუმანიტარული დახმარების სახით, ყოველწლიურად, საშუალოდ, 35 ათას ხორბალს გვაწვდის, მაგრამ მას ის დანიშნულებაც აქვს, რომ კარგი ხარისხისაა და ამით ქართული ხორბალი უნდა გააკეთილშობილოს. დღეს საქართველოში აღრიცხულია მხოლოდ ეს, ჰუმანიტარული დახმარებით შემოსული ხორბალი, დარჩენილი 500 ათასი მთლიანად კონტრაბანდული გზით შემოტანილია.
ამჟამად ქვეყნის შიდა ბაზარზე ხორბლის რესურსი 40 ათას ტონას შეადგენს, ხოლო ხორბლისა და ფქვილის რესურსი ერთად, ხორბალზე გადაყვანით, 60 ათ. ტონას, რაც საქართველოში თვენახევრის მარაგია (კონტრაბანდის პირობებში). მათ შორის, 30 ათასი ტონა აშშ-ს ხორბალი და ქვეყნის სხვადასხვა წისქვილ-ქარხნებში არსებული 8-10 ათ. ტონა რუსული და ყაზახური კომერციული ხორბალი. რაც შეეხება კომერციული ხორბლის იმპორტს, იგი შეზღუდულია ბევრი ფაქტორის გამო: რეგიონში აშკარად შეინიშნება რესურსების კლების ტენდენცია, აქედან გამომდინარე, იზრდება ფასები და იმპორტისთვის შექმნილია არაერთი ხელოვნური ხელისშემშლელი ფაქტორი. რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე დააწესა საექსპორტო ბეგარა ტონაზე 25 ევროს ოდენობით, ხოლო ყაზახეთმა არაოფიციალურად აკრძალა ხორბლის ექსპორტი, უკრაინა კი, წლევანდელი მცირე მოსავლის გამო თვითონ ყიდულობს ხორბალს. თურქეთის ხორბალი ტრადიციულად სუსტი და საშუალო ხარისხისაა, მაღალი ხარისხისა კი, მთლანად იმპორტზეა დამოკიდებული.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს, საუკეთესო შემთხვევაში, 80-100 ათასი ტონა ხორბლის მოყვანა შეუძლია, დეფიციტი ტრადიციულად უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან ივსება, ამას ემატება ჰუმანიტარული დახმარებით შემოტანილი ხორბალიც. ძირითადი დონორია ამერიკის შეერთებული შტატები. 1996 წლიდან მოყოლებული, მიღებული გვაქვს 500 ათას ტონაზე მეტი ხორბალი.
მოსალოდნელი კრიზისის უფრო ნათლად წარმოსადგენად რეგიონის შემადგენელ თითოეული ქვეყნის მდგომარეობას სათითაოდ განვიხილავთ.
რუსეთში ამ სეზონზე მარცვლეულის მოსავალმა 67,2 მლნ ტონა შეადგინა, მათ შორის, ხორბალი 34 მლნ. რუსეთში შექმნილი დეფიციტი აშკარაა. როგორც აღვნიშნეთ, მან საექსპორტო ბეგარა შემოიღო, ეს შეზღუდვა 1 იანვრიდან შევიდა ძალაში და 1 მაისამდე იმოქმედებს. ეს ნაბიჯი მიმართულია ექსპორტის შემცირებისა და ბაზარზე არსებული ფასების სტაბილიზაციისკენ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, გასულ თვეებთან შედარებით, იანვრიდან გაცილებით შემცირდა ექსპორტის ტემპები. რუსეთის მთავრობის განცხადებით, თუკი 2004 წლის მოსავალი კარგი არ იქნა, ბეგარა 25 ევროს ოდენობით შემდეგ წელსაც გაგრძელდება.
იმ ზომების მიუხედავად, რაც რუსეთის მთავრობამ მიიღო ქვეყანაში ისევ გრძელდება ხორბალზე ფასების მატება. 10 იანვრისთვის შიდა ბაზარზე ფასმა 185 აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე ძვირდება პური და პურპროდუქტები.
რაც შეეხება უკრაინას, მარცვლეულის მოსავალი აქაც მწირი იყო, ხორბლის მოსავლის მაჩვენებელს თუ გავითვალისწინებთ, იგი 4,4,5 მლნ ტონაა, გასულ სეზონზე კი ეს მაჩვენებელი 20, 5 მლნ ტონა იყო. უკრაინა აგრძელებს ხორბლის იმპორტს, მარტო 6 თვის (ივლისი-დეკემბერი) განმავლობაში მან 2,4 მლნ ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა. მთავრობამ 2004 წლის ივლისამდე იმპორტის სტიმულირებისთვის მოხსნა ხორბლის იმპორტზე არსებული საბაჟო გადასახადი და იმპორტისას დღგ-ს გადახდა 180 დღით გადაავადა. უკრაინელები მარტი-აპრილის მოსალოდნელი კრიზისისთვისაც ემზადებიან. სახელმწიფო მარაგების გასაზრდელად უკრაინის რადამ მატერიალური სახელმწიფო რეზერვების დეპარტამენტს უცხოური წარმოშობის ხორბლის შესყიდვაზე დართო ნება. აქამდე მხოლოდ ადგილობრივის შესყიდვის უფლება ჰქონდათ. ამჟამად სასურსათო ხორბლის ფასი იგივეა, რაც დეკემბერში – ტონაზე 240-250 დოლარი, როგორც ექსერტები აცხადებენ, ფასების ზრდის შეჩერება ბაზარზე არსებული მცირე აქტიურობით არის გამოწვეული.
ყაზახეთისთვის 2003-2004 წლის სეზონი უხვი იყო. მარცვლეულის მოსავალი 14,8 მლნ ტონაა, ხორბალი – 12 მლნ ტონა. ყაზახეთმა წელს 40 ქვეყანაში 5,6 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განახორციელა. თუმცა, ზომაზე მეტი ექსპორტის გამო ქვეყანაში შეშფოთებულები არიან. ყაზახეთის მთავრობა ცდილობს ხორბლის ქვეყნიდან გადინება ხელოვნურად შეაჩეროს და აპირებს სახელმწიფო რეზერვების შევსებას, ხორბალზე საექსპორტო კვოტის დაწესებას (არაოფიციალური ინფორმაციით, კვოტა ხორბალზე იანვარში იქნება შემოღებული 2,5 მლნ ტონის ოდენობით და ამ წლის აგვისტომდე დარჩება ძალაში) და სახელმწიფო კომპანიებისთვის ექსპორტის დროებით აკრძალვას.
რაც შეეხება ფასებს, ამ პერიოდისთვის 1 ტონა სასურსათო ხორბლის ფასი ყაზახეთში 150-160 აშშ დოლარს შეადგენს.
მსოფლიოში კი არსებულმა ხორბლის ბალანსმა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად დაიწია, შემცირდა გარდამავალი ნაშთები: თუ 2001-02 სეზონზე 201 მლნ ტონა იყო, 2002-03 წელს – 165 მლნ ტონა იყო, ხოლო 2003-04 წელს – 127 მლნ ტონაა. ასევე საგრძნობლად დაიწია მსოფლიოში ხორბლის წარმოებამაც: 2001-02 – 581 მლნ, 2002-03 – 566 მლნ, ხოლო 2003-04 – 550 მლნ ტონა. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია ლოგიკურად ჩამოყალიბდა.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილეს, დავით გრიგოლიას ვესაუბრეთ:
რამდენად რეალურია პურზე ფასების მოსალოდნელი ზრდა და რა რეზერვი გააჩნია ქვეყანას იმისთვის, რომ გაზაფხულის ყველაზე მშიერი თვეები არ დავრჩეთ ხორბლის გარეშე?
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასებმა შარშანდელთან შედარებით თითქმის ორჯერ მოიმატა, რაც, რა თქმა უნდა, აისახა ფქვილისა და პურის ფასზეც. ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში, რომლების ევროპის ბეღლებს წარმოადგენენ, პური უკვე გაძვირდა – თავად ამ ქვეყნებს შეექმნათ დეფიციტის პრობლემა. რაც შეეხება საქართველოს, გახსოვთ, ალბათ, შარშან ნოემბრის თვეში ადგილი ჰქონდა ფასების მცირეოდენ რყევას, რაც დროებითი მოვლენა იყო და ბაზარზე სიტუაცია მალევე დარეგულირდა. მაშინ ჩვენ საკუთარი მოსავალი გვქონდა, ასევე ამერიკიდან მიღებული საჩუქარი 50 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი, რომელიც დღემდე იყიდება ბირჟაზე. ამას ემატება კომერციული ხორბალი და ფქვილი, რომელიც კერძო სექტორს შემოაქვს. ამაჟამად, საქართველოში დაახლოებით 60 ათასი ტონა აღრიცხული მარაგებია, რაც დაახლოებით 1,5-2 თვე გვეყოფა. ქვეყნის ხორბლითა და ფქვილით მომარაგების უწყვეტობის უზარუნველსაყოფად მთავრობა უკვე კარგა ხანია მუშაობს. გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან, ზურაბ ჟვანისთან, რომელზეც კონკრეტული ღონისძიებები დაისახა. კერძოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო გამოყოფს დამატებით სახსრებს ხორბლის მარაგების შესავსებად, რაც სახსრების უქნლობის გამო წლების განმავლობაში პრობლემა იყო. მას ემატება ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მათვრობასთან უკვე მიღწეულია პრინციპული შეთანხმება დამატებითი 50 ათსი ტონა ხორბლის საჩუქრად გადმოცემაზე, რომელიც საქართველოში გაზაფხულზე შემოვა. ასევე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ფინკა” უახლოეს მომავალში გეგმავს 15 ათასი ტონა ხორბლის იმპორტს. ამდენად, მარაგებთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება, ხოლო ნედლეულის მოწოდების უწყვეტობა დაცული იქნება. რაც შეეხება ფასს, ამას ბაზარი განსაზღვრავს და ის, რომ ამ წლების განმავლობაში პურზე ფასები სტაბილური იყო, სწორედ კონკურენტული ბაზრის დამსახურებაა. ყოველ შემთხვევაში მეწარმეებთან, ექსპერტებთან მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად და ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში პურის ფასის ნახტომისებური ზრდა მოსალოდნელი არ არის.
რამდენ ხორბალს მოიხმარს საქართველო წლიურად, როგორც საფურაჟე, ასევე სასურსათოს და აქედან წილობრივად როგორ ივსება რეზერვი?
საქართველო ხორბალზე გადაანგარიშებით წელიწადში დაახლოებით 700 ათას ტონა სასურსათო ხორბალს მოიხმარს. ადგილობრივი მოსავლის წილი ყველაზე კარგ შემთხვევაში, 15-20%-ს არ აღემატება, დანარჩენი 75-80% იმპორტზე მოდის.
რამდენად დაცულია ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება, ხორბლის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც ცნობილია, არც ისე სწრაფად არის შესაძლებელი მომწოდებელი ქვეყნის ჩანაცვლება. თანაც, ისიც ცნობილია, რომ ხორბლითა და შესაბამისად, ფქვილით უზრუნველყოფა, ძირითადად, რუსეთის ფედერაციიდან (მას თვითონ სერიოზული დეფიციტი აქვს) არაკანონიერი და მოკლევადიანი გარიგებების საფუძველზე წარმოებს.
მართლაც, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტია. ამის თაობაზე ვისაუბრეთ კიდეც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი სიტუაცია ჩვენს მოსახლეობას ნაკლებად შეეხოს. მოგეხსენებათ, 2003 წლის 31 დეკემბერს პარლამეტმა მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს ხორბლის იმპორტის გათავისუფლებას 12%-იანი საბაჟო გადასახადისაგან. შეგახსენებთ, რომ ამ გადასახადისაგან გათავისუფლებული იყო დსთ-ს სივრციდან შემოტანილი ხორბალი. Aამ გადაწყვეტილებით კი, იმპორტიორებს გაუფართოვდათ არეალი. ანუ, ახლა უკვე ქვეყანა აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე, უკრაინაზე ან ყაზახეთზე, იმპორტიორებს გაუჩნდათ მოტივაცია იმუშავონ აშშ-დან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან ხორბლის იმპორტზე. თუმცა, აქვე მინდა განვმარტო, რომ ეს საკმარისი არ არის. კვლავ პრობლემად რჩება საზღვარზე 20%-იანი დღგ, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს იმპორტიორს და თითქმის შეუძლებელს ხდის ხორბლის დიდ პარტიებად შემოტანას, ხოლო პატარა პარტიებად იმპორტი, მოგეხსენებათ, ნაკლებად მომგებიანია. რა თქმა უნდა, ეს საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს საბოლოო პროდუქტის, პურის ფასშიც. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში სერიოზული რეზერვების შესაქმნელად აუცილებელია ეს გადასახადი გადავიდეს საზღვრიდან ეკონომიკურ სივრცეში და უკვე ფქვილი დაიბეგროს, მით უმეტეს, რომ საზღვარზე დამატებული ღირებულება არ იქმნება, თანაც ვფიქრობთ, არსებული დღგ-ს ტარიფი 20%-დან 7-10%-მდე შემცირდეს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს ადგილობრივი მეხორბლეების ინტერესები და ალოობისას, როცა ჩვენი ხორბალი გვექნება, სეზონური გადასახადები შემოვიღოთ, რათა ჩვენი ფერმერების ინტერესები დავიცვათ და მათ შეძლონ ღირსეულად აინაზღაურონ ნაშრომი. არ დაგიმალავთ, ამ პოზიციას ყველა არ იზიარებს, რადგან მოგეხსენებათ, საზღვარზე დღგ-ს გადახდა ბევრად აადვილებს ადმინისტრირებას და სხვა. თუმცა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივალთ საერთო ნიშნულამდე.
რა რესურსი გააჩნია ადგილობრივ წარმოებას, პროცენტულად რა ნიშნულამდე შეიძლება მისი წილის გაზრდა მთლიან მოხმარებაში და რა კეთდება ამ რესურსის მთლიანად ამოქმედებისთვის?
რა თქმა უნდა, ქვეყანაში სულად არ არის ამოქმედებული ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს სოფლის მეურნეობას გაააჩნია, მაგრამ ეტაპობრივად ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ სეროზული ნაბიჯებია გადადგმული და წარმატებებიც გვაქვს. სამინისტროს მოვალეობაც სწორედ ეს არის, რომ შექნას ისეთი გარემო და გაატაროს ის პოლიტიკა, რომელიც ფერმერს, მექანიზატორს თუ პურის მცხობელს შეუქმნის ნორმალურ, კონკურენტულ გარემოს, დაიცავს შიდა ბაზარს და გაუჩენს მოტივაციას, შექმნას მაღალკონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქცია. A
ქვეყანა ვერ იქნება მუდმივად დონორების შემყურე და ჩვენ ეტაპობრივად გადავდივართ სურსათით დახმარების პროგრამებიდან წარმოების განვითარების პროგრამებზე. ვფიქრობთ, საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას დონორების კეთილგანწყობა და მათი დახმარებით უნდა შეძლოს ისეთი მნიშვნელოვანი დარგის აღორძინება, როგორიც სოფლის მეურნეობაა.
რასაკვირველია, დონორების შემყურე ვერ ვიქნებით. თუ გადავხედავთ ამ სეგმენტში შექმნილ სიტუაციას, ვნახავთ, რომ დეფიციტი ამერიკის მოწოდებულ ხორბალსა და მოსაწოდებელ ხორბალს შორის იქმნება, ქართული ბიზნესი კი, აქ საერთოდ არ განიხილება. ექსპერტები ხორბალთან დაკავშირებულ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლების ოპტიმიზმს ვერ იზიარებენ. გვესაუბრება გელა ხანიშვილი (შპს “აგროსისტემები”):
“დღევანდელი რეალური სურათი, რბილად რომ ვთქვათ, მეტად დაძაბულია.
იმდენად, რამდენადაც არსებული რესურსი ხორბლის მარაგის სახით, პრაქტიკულად, უზრუნველყოფს თვე-თვენახევრის განმავლობაში ბაზრის გარკვეულ სტაბილურობას. ის მოლოდინი, რომელიც არსებობს ქვეყანაში ამერიკის მიერ დამატებით 50 ათასი ტონა ხორბლის მოწოდებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არსებობს, მაგრამ ეს 50 ათასი ტონა ხორბალი საქართველოში მოწოდებული იქნება ბევრად უფრო გვიან, ვიდრე თვე-თვენახევარია, რადგანაც ეს არის გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული, მას აქვს თავისი ტექნოლოგია და ა.შ. რაც შეეხება “ფინკას” 15 ათას ტონა ხორბალს, ზუსტად არც ეს ვიცით, როდის იქნება ქვეყანაში მოწოდებული. სამწუხაროდ, ძალზე ზუსტად ვიცით, როგორი პრობლემები შეიძლება შეგვექმნას თვენახევრის შემდეგ. საუბარია ეკონონომიკის განვითარების ისეთ მოდელზე, როდესაც სახელმწიფო ბაზარზე ინტერვენციას აწარმოებს, ინტერვენციის ქვეშ იგულისხმება დაბალი ფასი და ხორბლის ის რაოდენობა, რაც ბაზარს, გარკვეულწილად, დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ, რამდემდენადაც სოციალური დაცვის თვალსაზრისით ინტერვენცია ნამდვილად კეთილშობილური საქმეა, იმდენად წინააღმდეგობაში მოდის ბაზრის განვითარების ზოგად კანონზომიერებასთან. ბაზარზე იმიტომაც არის ასეთი შეზღუდული რაოდენობის ხორბალი, რომ ინტერვენციის პირობებში, ფაქტობრივად, აზრი დაკარგა ბიზნენსის განვითარებამ, ყველა ის მეწარმე, რომელიც ამ სეგმენტში მუშაობდა, პრაქტიკულად, გაჩერებულია. მეორე პრობლემა ის არის, რომ ამ სეგმენტში ადამიანები, პრაქტიკულად, კონტრაბანდისტები და არალეგალურად მომუშავე ადამიანები არიან. ერთი მხრივ, ზოგადად მსოფლიოში ფასების გაძვირება, მეორე მხრივ, ლეგალიზაციის მასშტაბების გაზრდის მოთხოვნა და ამ ფონზე ბაზარზე ინტერვენციის განხორციელება, დამღუპველია. დღევანდელი გადასახედიდან ჯერ კიდევ არსებობს ის საშუალებები, რომ სახელმწიფო არხებით შეძენილი იქნას ხორბლის გარკვეული რაოდენობა უკვე კომერციულ საწყისებზე, რომელიც მიწოდებული იქნება ბაზარზე და შეავსებს იმ ფანჯარას, რომელიც ბუნებრივად ჩნდება არსებული რეზერვების ამოწურვისა და ამერიკული დახმარების შემოსვლის შუალედში.
სოფლის მეორნეუბისა და სურსათის სამინისტრო, რომელიც არის ქვეყანაში არსებული ხორბლის მარაგების მესაკუთრე და ამავე დროს გვევლინება ძირითადი სტრატეგიის განმსაზღვრელად, ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომ ფიზიკურად დეფიციტის პრობლემა ქვეყანაში გადაწყდეს, მაგრამ ისევე, როგორც ჩვენ, სამინისტროს ძალისხმევა, ჯერჯერობით, შედეგის მომტანი არ არის. ჩვენ გვქონდა საშუალება სწორად განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში შემოდგომაზე (ნოემბერი-დეკემბერი) ფოთში ჩამოტანილი ხორბალი 200 დოლარის ფარგლებში შეგვეძინა, დღეს ეს ფასი 240 დოლარმადე ავიდა. აქ მარტო ფასის ზრდაზე არ არის საუბარი, არამედ სირთულეებზე, რომელიც ამ ხორბლის შეძენის დატვირთვასა და ჩამოტანასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ერთდროულად დავკარგეთ ხელსაყრელი კომერციული გარიგებები და ბაზარზე შევქმენით საფრთხე იმისა, რომ მოხდეს წყვეტა. არაფრით არ შემიძლია მადლობის სიტყვები არ ვუთხრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ ასევე არ შემიძლია საყვედური და შეშფოთება არ გამოვთქვა იმ უწყებების მისამართით, რომელთაც ხელეწიფებათ ფინასური რესურსის მობილიზება და სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღება – თუ როგრი გზით უნდა განვითარდეს ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი სეგმენტი.
12%-იანი საბაჟო განაკვეთის გაუქმება – ეს არის ძალზე წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მიმდინარე პრობლემების დარეგულირებაში მას აბსოლუტურად არ შეუძლია რაიმე როლი ითამაშოს. როცა ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, იქ რა თქმა, უნდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას ყველა ბიზნეს-სუბიექტისათვის, ამ შემთხვევაში, ამ ნაბიჯმა თანაბარ სივცეში ჩააყენა, როგორც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში მყოფი, ისე დანარჩენები ქვეყნები, მაგრამ დღევანდელი სიტუაციაში, ეს უკან მიდევნებული ლამფის როლს ასრულებს მხოლოდ. 2001 წელი საქართველოსთვის და ხორბლის ბიზნესისთვის იყო იდეალური წელი, როცა მსოფლიოში ხორბლის ჭარბწარმოება იყო და ლეგალიზაციის თვალსაზრისით, ეს იყო საკუთესო პირობები და მოსახლეობისთვის აბსოლუტურად უმტკივნეულო იქნებოდა ხორბალში ნებისმიერი საგადასახადო ტვირთის ატანა, ჩამოყალიბდებოდა და იმუშავებდა ლეგალური სეგმენტი. ჩვენ, პრაქტიკულად, სამი წელი დაგვჭირდა საგადასახადო კოდექსის იმ ცვლილებების ნაწილის მისაღებად, როელზედაც 2001 წლიდან ვსაუბრობთ და ეს ნაწილი, ვერ ვიტყვით, რომ არაფერს ნიშნავს, მაგრამ სტრატეგიული განვითარების კუთხით ძლიან მცირეა.
ამ ცვლილებების მეორე ნაწილში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ მომხდარიყო დღგ-ს წანაცვლება სივრცეში. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს წისქვილკომბინატების ამოქმედებას და ხორბლის გადამამუშავებელი სეგმენტის განვითარებას. ჩვენი კომპლექსური მიდგომა ასეთი იყო, რომ საბაჟო სივრცე ყველასთვის თანაბარი ყოფილიყო, ფქვილისთვის ბარიერად დარჩენილიყო საზღვარზე გადასახდილი დღგ, წისქვილებისთვის მომხდარიყო დღგ-ს წანაცვლება სივრცეში, რაც, გარკვეულწილად, იაფ რესურსთან ერთად ქმნიდა ფიზიკური რესურსის პირობებში მეტი ხორბლის შემოტანის გარემოს და ამავე დროს სეზონურად ფქვილისთვის ბარიერი დაწესებულიყო.
ამ ცვლილებების პაკეტი სრულადაც რომ მიგვეღო, 2 და 3 თვეში ხორბლის იმპორტის ლეგალურ სექტორში გადაყვანა შეძულებელი იქნებოდა. ჩვენი ბიზნეს-სტრუქტურის გარდა (თავის ქებაში ნუ ჩამოგვართმევთ) არ არსებობს სხვა ორგანიზაცია, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვს კონტრაქტების დადების, ხორბლის გადატვირთვის, გემის დაფრახტვის და იმ კონტროლის მექანიზმების, რაც ნაკისრი ვალდებულების შესრულებას სჭირდება. დღეს საქართველოში ხორბლის შემოთავაზების უამრავი კონტრაქტი არსებობს, მაგრამ ეს არის ხორბლის აფერა. დღეს საქართველოში შეგიძლიათ გაიგონოთ, რომ ხორბალი სადღაც 130 დოლარად იყიდება, ეს სრული სიყალბეა. ჩვენ კი, ურთიერთობა გვაქვს მსოფლიო ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციებთან, რომლებიც ბაზრის 80%-ს აკონტროლებენ, მათ ასეთ ფასებზე ვერც დაელაპარაკები, ერთი დოლარის დაკლებაზე შესაძლოა ერთკვირიანმა ვაჭრობამ მოგიწიოთ.
დღევანდელი სიტუაცია ასეთია – თუკი ამ კვირაში 240 დოლარად კონტრაქტი არ გავაფორმეთ, შემდეგ კვირაში მას კიდევ უფრო ძვირი ფასი ექნება.
იანვარში მსოფლიო უკვე აფიქსირებს სეზონზე მოსალოდნელ მოსავალს. აქაც არ არის დამაიმედებელი მაჩვენებელი. დღეს, როგორც მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი, ვდგავართ არა მარტო იმ საშიშროების წინაშე, რომ წლევანდელ წელს დეფიციტი გვაქვს, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მომავალშიც ასე გაგრძელდეს.
ამიტომ, ამ პირობებში, ყოველი ოპერატიულად მიღებული გადაწყვეტილება, დროის იმ მონაკვეთში, როცა შესაძლებელია, უფრო იაფად, ჩვენი მწირი რესურსების პირობებში ვიყიდოთ ხორბალი, ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოში, საბედნიეროდ, საკმაოდ განვითარებულია პურის ცხობის ბიზნესი. ეს მცირე საწარმოები ქმნიან იმდენად კონკურენტუნარიან გარემოს, რომ ამ პროცესს სახელმწიფოს პირდაპირი ინტერვენციების გარეშეც შესანიშნავად დაარეგულრებდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს უნდა შეეწყო ხელი, რომ ბიზნეს-სტრუქტურების დაინტერესება ამ სეგმენტით დროულად მომხდარიყო. დღეს ვინმეს რომ ესაუბრო ფიუჩერსულ გარიგებებზე, სასაცილოდ არ ეყოფა, მაგრამ ამის დროც დადგება. არც ერთი წისქვილი კონტრაბანდული ხორბლის დიდ რაოდენობას არ შეინახავს, რადგან ეს დანაშაულია, ასევეა საცხობიც. ამიტომ, ასეთი პრაქტიკა იყო – პროდუქცია ერგნეთიდან შემოდიოდა და იყიდებოდა. დღეს უცბად დადგა დღის წერიგში ლეგალიზების საკითხი, რაც ასე უბრალოდ არ წყდება – წავალ და განვაბაჟებ! – ეს მთელი სისტემის, აზროვნების გადაწყობას ნიშნავს.
1998 წლამდე, როცა რუსეთში ცნობილი ინფლაციური პროცესები განვითარდა, საქართველოში ერთი ერთეული პური თუ 40 ცენტი ღირდა, 2000 წლისთვის ეს ფასი 25 ცენტამდე ჩამოვიდა. ანუ, მოსახლეობისთვის არსებობდა ზღვარი, სადამდე მიახლოვებაც მისთვის უმტკივნეულო გახდებოდა. ბიზნესისთვის ეს იქნებოდა სერიოზული გარანტია, რომ ფასი ობიექტურად გაძვირდებოდა. მოსალოდნელი პროცესები მაინც განვითარდა, მაგრამ დინამიურად და არა ნახტომისებურად, რაშიც სახლწიფოს თავისი წვლილი მიუძღვის, მაგრამ სახელმწიფოზე მეტად იმ ფაქტორს მიუძღვის წვლილი, რომ ადგილობრივმა მოსავალმა მოგვისწრო. გაზაფხულზე დეფიციტი შეიქმნა, რაც ფქვილზე ფასის აწევაში გამოიხატა, მაგრამ ეს მომენტი ადგილობრივმა მოსავალმა შეასუსტა, შემდგომ კი, ეს დინამიკა ისევ განვითარდა. სწორედ აქ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა ისე, რომ პროცესები საკანონმდებლო ბაზით და ბიზნეს-ინტერესების ხელშეწყობით, თანდათანობით განვითარებულიყო.
თუკი, ჩვენ დღეს ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ რესურსის სიმცირის პირობებში მაინც არის მოსაძებნი გადაწყვეტილებები ფინანსების გამოყოფის, გნებავთ, საგადასახადო პოლიტიკის თვალსაზრისით, რა გვიშლიდა ხელს, რომ მაშინ მიგვეღო გადაწყვეტილებები, როცა ეს ყველაზე ხელსაყრელი იყო, რათა პროცესები ყოფილიყი უფრო რბილი, უმტკივნეულო, გამართული. პანიკის საფუძველიც ნაკლებად იარსებებდა. დღეს თუ საქართველოში არ არის პანიკა, პირველ რიგში, დავით კირვალიძის დამსახურებაა, თუმცა არ მინდა ჩვენი ორგანიზაციის როლი დავაკნინო, მაგრამ კირვალიძის პირადმა დამოკიდებულებამ ამერიკის საელჩოსთან და კერძოდ, ელჩთან განაპირობა ის, რომ უპრეცენდენტო დროში, 2 თვეში ამერიკამ ხელი მოაწერა და მოგვაწოდა კიდეც ამერიკული ხორბალი. ეს ის 50 ათასი ტონა ხორბალია, რომელიც დომინირებს, იგი არ გახლავთ სახელმწიფო რესურსი, არამედ მონეტიზებისთვის მოცემული ხორბალი, საიდანაც მეტი ამონაგები უნდა მიგვეღო, რომელიც იყო არა ბიუჯეტის შევსების, არამედ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების წყარო, მაგრამ ამას ვიყენებთ, როგორც სახელმწიფო რესურს და ბაზარზე ინტერვენციის საშუალებას. მადლობა ამისთვის დავით კირვალიძეს და ამერიკას, მაგრამ ხვალ რა იქნება?”
დაბოლოს, ასეთი მარტივი არითმეტიკული გაანგარიშება: თუკი წლიურად საქართველოს 700 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება და ტონას 100 დოლარად ვიანგარიშებთ, გადამრავლებისას 70 მილიონ დოლარს მივიღებთ. 70 მლნ დოლარს ზემოთ გაძვირებული ხორბლის კომპენსირება სახელმწიფომ რომ მოახდინოს, გასამმაგების პირობებში 140 მლნ დოლარი გამოვა. ანუ, 70 მლნ-ს გადაიხდის ბიზნეს-სექტორი, მაგრამ აქვს კი საქართველოს ბიუჯეტს ამ დანარჩენი 140 მლნ დოლარის კომპენსაციის უნარი?