არჩევანის ჟამი
სოფიკო სიჭინავა
თუკი გასული, 2003 წელი დიდი ომის პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ, რომლის მსვლელობამ და შედეგებმა მთლიანად შეცვალა სამყარო, ახალი წელს თავისუფლად შევიძლია ვუწოდოთ დიდი არჩევნების წელი. ახალ ლიდერებს ირჩევენ უზარმაზარი სახელმწიფოები: რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ამ წელს ახალი პრეზიდენტი აირჩია საქართველომ, სხვათა შორის, გასული წლის ნოემბრის თვიდან იაპონიასაც ახალი პარლამენტი ჰყავს, ივლისში კი, ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევნებია მოსალოდნელი, სადაც გაფართოებული ევროკავშირის 25 სახელმწიფოს მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას.
ჩამოთვლილ არჩევნებს შორის ყველაზე ნათელი დასასრული მარტში მოსალოდნელ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ექნება. თუკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან, ხოლო ევროპარლამენტის არჩევნები საკმაო ხნის განმავლობაში საინტერესო მოვლენებს გვპირდება, პუტინს ერთი პრობლემა აქვს – თავის საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც შეიძლება მეტი ალტერნატიულობის ელფერი მისცეს. სამწუხაროდ, როგორც რუსეთში მიიჩნევენ, ეს არ იქნება დემოკრატიული არჩევნები, არამედ კულისებს მიღმა ბრძოლა, რომლის რეზულტატს მოსახლეობას წარუდგენენ. რუსეთში დღეს ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა ელოდება ამ ქვეყანას პუტინის ხელმეორე არჩევისას, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პრეზიდენტი პუტინი მართლაც მოისურვებს გამოცხადებულ სერიოზულ რეფორმებს ხელი მოჰკიდოს და ბოლომდე მიიყვანოს, დრო იმდენად ცოტა ექნება, რომ ვერაფერს შესძლებს, რადგან 2008 წლისთვის, როცა კონსტიტუციით პუტინმა კრემლი უკვე უნდა დატოვოს, სხვადასხვა ჯგუფებისა და კლანების ბრძოლა ხელისუფებისათვის იმდენად სასტიკი იქნება, რომ რეფორმებისთვის არავის ეცლება.
თეთრი სახლის პატრონს საქმე ცოტა რთულად აქვს. მას მამამისის გამოცდილება კარგად ახსოვს, როცა წარმატებით დაგვირგვინებული “უდაბნოს ქარიშხლის” ოპერაციის შემდეგ 2 წელიწადში არჩევნები წააგო. თუმცა, ტერორიზმთან ბრძოლა ბუში უმცროსის თანამოქალაქეებს ნამდვილად აღელვებთ, მით უფრო, რომ სადამ ჰუსეინი პატიმრის როლში საზოგადოებრიობას უკვე წარუდგინეს, ასევე ლიბიის პოლკოვნიკმა, კადაფმა კაპიტულაცია გამოაცხადა და ნებაყოფილობით დათანხმდა, უარი ეთქვა მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავების პროექტზე. რაც შეეხება ამერიკის ბიუჯეტის უზარმაზარ დეფიციტს, რასაც დემოკრატები შეუწყვეტლად ახსენებენ თეთრ სახლს, მოსახლეობას, ჯერჯერობით, ძალიან არ აღელვებს: 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკელები მზად არიან უსაფრთხოებისთვის გადაიხადონ, მაგრამ პრეზიდენტ ბუშს საქმე ასე იოლადაც არ აქვს.
კითხების გადააწყვეტა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მოუწევს. დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, თუ ვინ უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ახლანდელი თავკაცი, რომანო პროდი, მიიჩნევა, რომ საუკეთესი ხელმძღვანელი არ არის (ესეც რბილი ნათქვამია). შემოდგომაზე იგი თანამდებობას დატოვებს და იტალიის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება, როგორც ამბობენ, მას ერთი სული აქვს, მის მთავარი ანტაგონისტი სილვიო ბერლუსკონი ბრძოლაში გამოიწვიოს.
ისევ ამერიკას დავუბრუნდეთ. როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებიან, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით, ჯორჯ ბუშის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. თუკი ამერიკელების დამოკიდებულება მის მიმართ უკეთესისკენ არ შეიცვალა, ადვილი მოსალოდნელია, ნოემბერში აშშ-ს პრეზიდენტად დემოკრატი აირჩიონ. ჟურნალ “NEჭშჭEEK”-ის გამოკითხვის მიხედვით, გაპრეზიდენტების შანსი ყველაზე მეტად მასაჩუსეტის შტატის სენატორს, ჯონ კერის აქვს, რომელმაც რეიტინგით ბუშს პირველად გაუსწრო 3%-ით. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბუშის პოპულარობამ პირველად ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, ანუ იმ ნიშნულს ქვემოთ დაიწია, რომელსაც მისთვის პრეზიდენტობა უნდა მოეტანა. აღმოჩნდა, რომ ბუშს ახლა მოწინააღმდეგეები მეტი ჰყავს, ვიდრე მომხრეები. რესპოდენტების 52% მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა ბუში მეორედ არ გამხდარიყო პრეზიდენტი, ხოლო წარმატებას არჩევნებში მხოლოდ 44% უსურვებს. იყო სხვა გამოკითხვაც – კმაყოფილნი არიან თუ არა ამერიკელები იმით, რაც 11 სექტემბრის შემდეგ ხდება ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ არსებული მდგომარეობა გამოკითხულთა 52%-ს არ მოსწონს, შესაბამისად, 43%-ს კი მოსწონს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აპრილში ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებით მოსახლეობა კმაყოფილი იყო, მაშინ სოციოლოგებს დადებითი პასუხი 50%-მა გასცა, როგორც ჩანს, ახლა ერაყული კამპანია ბუშის საწინააღმდეგოდ თამაშობს. მართალია, ჯონ კერი, ჯერჯერობით, რეიტინგის მიხედვით, ბუშის ყველაზე რეალური მოწინაამდეგე, მხარს უჭერდა ამ პოლიტიკას, მაგრამ დღეს წინასარჩევნო კამპანიისას იგი აკრიტიკებს მას იმის გამო, რომ პრეზიდენტმა თავისი თანამოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა. ეს იმ ფაქტს ეხება თითქოს სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებდა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები ჯერ კიდევ არ არის მოპოვებული.
როგორც ამერიკელი მიმომხილველები ამბობენ, ბუშისთვის სავალალო მარტო ის კი არ არის, რომ იგი თანამემამულეებს ნაკლებად მოსწონთ, არამედ ის, რომ მისი კონკურენტები ამერიკელებს განსაკუთრებით შეუყვარდათ.
მართალია, რეიტინგით კერი ასე წინ არის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სწორედ ის გახდება ახლანდელი პრეზიდენტის მთავარი ოპონენტი. თუ ვის კანდიდატურას წამოაყენებენ დემოკრატები, ამას პრაიმერიზი (წინასწარი არჩევნები) გადაწყვეტს. კერიმ აიოვას შტატში არჩევნები უკვე მოიგო, მაგრამ წინ არის ყველაზე დიდ შტატებში – ნიუ-იორკში, ოჰაიოსა და კალიფორნიაში მოსალოდნელი წინასწარი არჩევნები. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ბუშის ყველაზე სეროზული კონკურენტები იქნებოდნენ დემოკრატების სხვა ლიდერები: ჰოვარდ დინი, რომელსაც მხარი დაუჭირა წინა არჩევნებში დამარცხებულმა ელ გორმა და გენერალი უესლი კლარკი, მაგრამ ისინი რეიტინგში ბუშს ჩამორჩებიან, თუმცა არც ისე სავალალო ნიშნულით.
ბუშის წინააღმდეგ ისევ გამოდის ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, ჯორჯ სოროსი, მისი განცხდებით, ამერიკა ექსტრემისტების ჯგუფის ხელშია. პირველ რიგში, სოროსი ამერიკის ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ 11 სექტემბერის ფაქტორს ხალხის მხარდასაჭერად იყენებენ და რომ ერაყში შეჭრა გაუმართლებელი იყო 11 სექტემბრის მოვლენებთან კავშირისა და მასობრივი განადგურების იარაღის დანამდვილებით არსებობის უტყუარი მტკიცებულებების გარეშე. სოროსი იმის შესახებ წუხს, რომ ამ შეცდომების გამო ამერიკა მთელს დანარჩენ მსოფლიოზე გავლენას დაკარგავს. ამერიკამ უარი თქვა ლიდერის პოზიციაზე მაშინ, როცა ნაციონალურ სტრატეგიად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა, “ასეთი სახელმწიფო შიშით შეპყრობილი არ უნდა იყოს” – მიაჩნია მილიარდერს.
კონგრესში გამოსვლაც ვერ გახდა ისეთი პომპეზური და რეიტინგის მომტანი, რისი იმედიც რესპუბლიკელებს ჰქონდათ. ბუშს დაახლოებით 54 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ სრულად გადმოეცა აშშ-ის მდგომარეობა. ჩNN-ის ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ბუშის გამოსვლის “სუფთა დრომ” 45 წუთი შეადგინა, ხოლო 9 წუთი აპლოდისმენტებზე დაიხარჯა.
პრეზიდენტმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომ მხარი დაუჭირონ მას ტერორიზმთან ბრძოლაში, რომ მის მიერ არჩეული “ძალის, დიპლომატიისა და დარწმუნების სტრატეგია” სწორია: ძალის გამოყენებით მოხდა ერაყში ჰუსეინის დიქტატურის ჩამოგდება, დიპლომატიის მეშვეობით ჩრდილოეთ კორეამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, ხოლო დარწმუნების მეშვეობით ლიბიამ უარი თქვა აკრძალული იარაღის გამოყენებაზე. პრეზიდენტის თქმით, ლიბიამ ასეთი გადაწყვეტილება ერაყის ომის შთაბეჭდილების ქვეშ მიიღო.
ბუშის თქმით, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და წარმატებულად მიმდინარეობს. ამის დამადასტურებელია ის, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ის ტერიტორიაზე არ მომხდარა არც ერთი ტერორისტული აქტი. ბუშმა აღნიშნა, რომ ამერიკა ხელმძღვანელობს ტერორთან ბრძოლას და სურს, რომ “მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს”, თან დასძინა, რომ აშშ-ს არ გააჩნია იმპერიული ამბიციები.
წინა წლის სხდომაზე ბუშმა ისაუბრა ერაყის შეიარაღების საშიშროებაზე, მაგრამ, რადგან ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი აღმოჩენილი არ იყო, ამჯერად პრეზიდენტმა ფრთხილად აღნიშნა, რომ ექსპერტებმა დაადასტურეს ერაყში მასობრივი იარაღისა და სპეციალური აღჭურვილობის შექმნის პროგრამების არსებობა. რაც შეეხება საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და ჩინეთის პროტესტებს ერაყის ომის წინააღმდეგ, ბუშმა განაცხადა: “ამერიკა არასდროს ითხოვს ნებართვას, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები”.
ბუშის გამოსვლის მეორე ნაწილი ეხებოდა ქვეყნის საშინაო პრობლემებს. ძირითადი აქცენტი ეკონომიკაზე გაკეთდა. ბუშის თქმით, აღინიშნება ეკონომიკის აღდგენის ნიშნები მას შემდეგ, რაც ერაყში საომარი მოქმედებები დასრულდა. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა ამერიკელები იმაში, რომ მის მიერ შეთავაზებულმა გადასახადების შემცირების პროგრამამ ეკონომიკური ვარდნა შეაჩერა. მან მოუწოდა კონგრესს, მხარი დაეჭირათ ადმინისტრაციის გადასახადების შემცირების პროგრამისათვის. ბუშმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიუჯეტის მზარდი დეფიციტის შემცირება შესაძლებელია უახლეს ხუთი წელიწადში. ალბათ, მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის გამო ბუშმა თავის გამოსვლაში არ ახსენა მთვარის ათვისებისა და მარსზე ექსპედიციის მომზადების ძვირადღირებული ინიციატივა, რომლის დაფინანსებაც ტრილიონ დოლარს მოითხოვს.
საზოგადოებრიობის პირველი რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელების უმეტესობა პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა. ჩNN-ის მოწინავე სოციოლოგმა, ბილ შნაიდერმა განაცახადა, რომ ბუშის გამოსვლა დადებითად შეაფასა ამერიკის მაცხოვრებლების მხოლოდ 45%-მა.
ამერიკელთა უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ ჯორჯ ბუშმა დიდი ყურადღება დაუთმო ერაყს და ტერორიზმს, მისგან კი საფუძვლიან გამოსვლას ელოდნენ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის საშინაო მდგომარეობის საკითხზე. დემოკრატთა ლიდერი სენატში ტომ დეშლი თვლის, რომ ბუშმა არ გამოთქვა რაიმე სერიოზული ინიციატივები ეკონომიკის დარგში, მან უბრალოდ გაიმეორა თავისი მოწოდება, რომ 10-წლიანი გადასახადების შემცირების პროგრამა შეუქცევადი იყოს. ყველაფერი დანარჩენი ლოკალური წინადადებების პაკეტამდე იყო დაყვანილი. ეკონომიკის გამყარების მაჩვენებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ქვეყნის მშპ, არამედ დასაქმების ზრდაც.
რასაკვირველია, დემოკრატების შეფასებები ამით არ დამთავრებულა, მათი აზრით, ახლანდელმა ადმინისტრაციამ ამერიკა, თავის ისტორიაში უპრეცენდენტო ომში ჩაითრია, რამაც ეს ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, გაიღო უდიდესი მსხვერპლი და კოლოსალური რესურსები. ბუშის მცდელობა, შეექმნა რეალური საერთაშორისო კოალიცია ომისათვის, ფაქტობრივად, კრახით დასრულდა. დემოკრატებმა ბუში დაადანაშაულეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლისა და ჩრდილოეთ კორეიდან ატომური იარაღის შექმნის მზარდი საშიშროების წარმოქმნაში. დემოკრატების განცხადებით, სასურველი იქნებოდა ნაციონალური უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ბუში რეალური ამოცანების გადაწყვეტით დაკავებულიყო, იმის ნაცვლად, რომ ტერორიზმთან ბრძოლის სახელით, ამერიკელების სამოქალაქო თავისუფლება შეეზღუდა.
რუსეთში დუმის არჩევნების შემდეგ ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე პუტინს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა, აქედან გამომდინარე, ისეთი საინტერესო მოვლენა, როგორიც პრეზიდენტის არჩევნებია, არასაინტერესო გახდა, მაგრამ ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მოსალოდნელმა ბოიკოტმა უკანა პლანზე გადაიწია და პრეზიდენტობის კანდიდატების სია შესამჩნევად დაგრძელდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს რუსეთში რომელიმე მათგანს პუტინისთვის რეალური ოპონირების გაწევა შეუძლია. საქმე სხვა რამეშია, 7 დეკემბრის საპარლამენტო არჩვენებმა წერტილი დაუსვა 90-იანი წლების პოსტსაბჭოური რუსეთის პოლიტიკურ კონსტრუქციას. მემარჯვენეები საერთოდ ვერ მოხვდნენ დუმაში, კომუნისტები პატარა ფრაქციით არიან წარმოდგენილები, მემარცხენე პატრიოტებმა და ნაციონალებმა 5%-იანი ბარიერი “ბარაქიანად” გადალახეს, რაც არჩევნების დასაწყისში ვერავის წარმოედგინა, ხოლო პროპუტინისეულმა, ცენტრისტულმა “ედინაია როსსიამ” ამომრჩეველთა იმდენი ხმა მიიღო, რამდენიც ხელისუფლებაში მოსულ არც ერთ პარტიას არ მიუღია და დუმაში საკონსტიტუცო უმრავლესობა მოაგროვა. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოების განწყობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამასთან ერთად, ქვეყანაში შემქნილ ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე მხოლოდ 7 დეკემბრის არჩევნების მიხედვით მსჯელობა, ალბათ არასწორი იქნებოდა. მაგალითად, მემარჯვენეები დუმაში ვერ მოხვდნენ საკუთარი მთელი რიგი შეცდომების წყალობით, რუსეთში ნარჩუნდება საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფენა მოსახლეობისა, ვისთვისაც ლიბერალური ფასეულობები ახლოს არის. მემარჯვენეებს თავიანთი პროგრამა ერთმანეთის განადგურების იდეით რომ არ აეგოთ, სიტუაცია დღეს სხვაგვარი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში ირინა ხაკამადას რეზულტატი, რომლითაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლებელია მემარჯვენეთა პერსპექტივების გამოკვეთა. NIN და “?AEIEI” თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ თავიანთ კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში არ წამოაყენებდნენ, მაგრამ ირინა ხაკამადამ დამოუკიდებლად მაინც წამოაყენა თავისი კანდიდატურა, მისი განცხადებით, ამის მიზეზი მემარცხენეების არჩევნების ბოიკოტირებაზე უარის თქმა გახდა.
“- დავიღალე ამ დაუსრულებელი ინტრიგით დემოკრატიულ ელიტაში, იგი ხალხს მოწყდა, ჩემი გადაწყვეტილება ეს არის ნაბიჯი დემოკრატიული ძალების გარეშე ხალხთან პირისპირ საუბრისა, ეს არის საშუალება, ვანახოთ პრეზიდენტს და კრემლს, რომ ცოცხლები ვართ, ჩვენ ამომრჩეველი გვაყავს და ბრძოლისთვის მზად ვართ. რეიტინგი არ მაღელვებს, ვფიქრობ, ჩემი მისიაა კავშირი მქონდეს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებთან”, – განაცხადა ხაკამადამ. თვითონ მემარჯვენეებს ამ ნაბიჯის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და აცხადებენ, რომ იგი ხაკამადას პირადი გადაწყვეტილება იყო, ძალიან ბევრ საორგანიზაციო სირთულეებს ხედავენ, მაგრამ მას წარმატებას და არჩეულ გზაზე სიმამაცეს უსურვებენ. სხვათა შორის, ბევრი თვლის, რომ შექმნილ სიტუაციაში ხაკამადა მოიქცა, როგორც ერთად-ერთი ნამდვილი მამაკაცი NIN-ში, რადგან, როცა პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს, რაღაც დროის შემდეგ იგი, როგორც პოლიტიკური ერთეული ქრება, ელექტორატი მიდის და როგორც წესი, აღარ ბრუნდება. ასე რომ, რუსეთში დადებითად აფასებენ ხაკამადას გადაწყვეტილებას. ეს ნაბიჯი ექსპერიმენტს უფრო სუფთად და წარმატებით ჩაატარებს. რუსეთში მიიჩნევენ, რომ ხაკამადა ამ არჩევნებზე ლიბერალური იდეის სიმბოლო იქნება, რომელსაც არ დაამძიმებს NIN-სა და “?AEIEI”-ს ძველი მოღვაწეობა და თუკი ხაკამადა ხმების მნიშვნელოვან პროცენტს მიიღებს (იმ 30%-იდან, რომელიც პუტინმა თავიანთ კანდიდატებს დაუტოვა), თავისთავად იხსნება დღის წესრიგიდან კითხვა, რომელი ფიგურის გარშემო უნდა გააერთიანონ მემარჯვენეებმა თავიანთი პოტენციური ელექტორატი, რასაც თავისთავად მოჰყვება ახალი პარტიის მშენებლობა და კონკურენტული პროგრამები და ლოზუნგები.
მეორე ინტრიგა მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნებისა გახლავთ მემარცხენე ფლანგზე მოთამაშე გლაზაევისა და ხარიტონოვის ურთიერთქმედება და რეზულტატები, რის შედეგადაც ანალოგიურად გაირკვევა, რომელი მათგანია პერსპექტიული მემარცხენეების შემდგომში გაერთიანების პროცესებისას.
ეს არჩევნები სასარგებლო იქნება EAI’-ის ნამდვილი რეიტინგის გამოსავლენად, ანუ ჟირინოვსკის გარეშე, როგორც პარტიის. იგი ყოველ არჩევნებზე ან პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ან ბლოკს ხელმძღვანელობდა, ახლა კი, როგორც იქნა, ცხადი გახდება, თუ ელექტორატის რამდენი პროცენტი უჭერს მას მხარს.
ასე რომ, 2004 წლის არჩევნები პასუხს გასცემს კითხვას, რა მიმართულებით მოხდება უახლოეს მომავალში იმ პოლიტიკური ფრთის განვითარება, რომელიც პუტინს არ აქვს დაკავებული. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საბუთების წარდგენის ბოლო დღეს ანზორ ავკსენტიევმა (კიკალიშვილი) და ვლადიმერ ბრინცალოვმა უარი განაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და აქედან გამომდინარე 9 კანდიდატიდან 7 დარჩა, როგორც რუსეთში ხუმრობენ, პუტინი და ექვსეული.
ისევე, როგორც საქართველოში, ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე, რუსეთშიც პოსპუტინისეულ პერიოდს ელოდებიან, ბევრი პოლიტიკოსი საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი ამ არჩევნების მიმართ და 2008 წლისთვის იწყებს მზადებას. ამისთვის მთელი რიგი რუსი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ და ჩამოაყალიბეს “კომიტეტი-2008”, ამ კომიტეტის მთავარი ამოცანა გახლავთ სამოქალაქო პრეზიდენტის არჩევა და არა იმ მემკვიდრის, რომელსაც პუტინი დაასახელებს. ამ კომიტეტის შემადგენლობაში შევიდნენ ბორის ნემცოვი, გარი კასპაროვი, სერგეი პარხომენკო, ბორის ნადეჟდინი, ევგენი კისილიოვი, ვიქტორ შენდეროვიჩი და სხვები. კომიტეტს კასპაროვი ხელმძღვანელობს. თუმცა, კომიტეტის წევრები ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებენ, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ განხილულნი, როგორც ანტიპუტინისტები.
არჩევნებამდე რუსეთი და ამერიკა თანამშრომლობას განაგრძობენ. იანვრის ბოლოს რუსეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი სტუმრობდა. მთელი საზოგადოებრიობა, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაძაბულად ელოდა შეხვედრის დასასრულს. პაუელმა დღის წესრიგში რუსეთისთვის არც თუ სასურველი თემები დააყენა, ეს გახლდათ საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანისა და რუსეთში იმ სახის დემოკრატიის არსებობა, რომელიც ვაშინგტონში შეშფოთების საფუძველს იძლევა. მართალია, ჟურნალისტების წინაშე პაუელი და პუტინი შეხმატკბილებულები ჩანდნენ, მაგრამ პუტინთან შეხვედრამდე პაუელს ოთხსაათიანი შეხვედრა ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან, იგორ ივანოვთან. ეს უპრეცედენტოდ გრძელი შეხვედრა იმის არაპირდაპირი დასტურია, რომ საუბარი უკიდურესად დაძაბული იყო. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა აშშ-სთან მიმართებაში სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება.
საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე რუსეთისთვის სამწუხაროდ, ამერიკა საკმაოდ ერთმნიშვნელოვან პოზიციას აფიქსირებს, რომ თუ საქმე მხოლოდ ფინანსებშია, რაც ბაზების გაყვანისთვისაა საჭირო, ამერიკა მზად არის იგი გაიღოს. საქართველო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში ერთგვარი აქილევსის ქუსლია, რუსეთმა მხედველობაში მიიღო აშშ-ს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ აპირებს თავისი სამხედრო ბაზები განალაგოს საქართველოს ტერიტორიაზე: “აშშ არ აპირებს მთელი მსოფლიოს თავისი სამხედრო ბაზებით მოფენას, ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს” – განაცხადა პაუელმა. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა განპირობებულია მხოლოდ საერთაშორისო ტერორიზმტან ბრძოლის მიზნით და, რომ რუსეთისა და ამერიკის ინტერესებშია, დაეხმარონ საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.
რაც შეეხება დემოკრატიას, ამერიკელებს მაინცდამაინც არც რუსული დემოკრატია მოსწონთ. პაუელი აფიქსირებს, რომ ამ მხრივ გარკვეული სირთულეები არსებობს, კონკრეტულად კი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების არც თუ სასურველი დამოუკიდებლობა, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობა, პოლიტიკური ხელისუფლება “მთლიანად ვერ არის სამართლებრივ ნორმებთან” ახლოს და ა.შ.
ამ განცხადებამ საბოლოოდ დაარწმუნა საზოგადოებრიობა, რომ დიპლომატიური ღიმილი საკმაოდ დაძაბულ შეხვედრას მალავდა, როგორც პრეზიდენტთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან. საერთო ჯამში, ბოლომდე მაინც უცნობი დარჩა კონკრეტულად რა თემებთან დაკავშირებით მოხდა, ან ვერ მოხდა მოსკოვში შეთანხმების მიღწევა.
2004 წელს საქართველო ახალი პრეზიდენტით და ახალი იმედებით შეხვდა, ამ იმედების გამართლება დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორ განვითარდება მსოფლიოში მოვლენები, როგორც ყოველთვის, ჩვენ დიდი სახელმწიფოების ინტერესების ობიექტად ვრჩებით. ამ ეტაპზე მთავარი, ალბათ, ის არის, რომ საქართველომ საბოლოოდ მოიპოვა დემოკრატიული სამყაროს კეთილგანწყობა. ახალი პრეზიდენტის პომპეზური ინაუგურაცია, საკმაოდ წარმომადგენლობითი სტუმრებით, სწორედ ამის დასტურია. “- საქართველოს შეუქცევადი კურსი ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია იქნება, დროა ევროპამ საბოლოოდ დაინახოს საქართველო, შეაფასოს და შემხვედრი ნაბიჯები გააკეთოს”, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოლო წლებში აღმოჩენილი დახმარების გამო და იქვე დასძინა, რომ საქართველოს რუსეთი არ სჭირდება, როგორც მტერი, არამედ, როგორც მეგობარი, მოკავშირე და ძლიერი პარტნიორი. საქართველოზე საუბრისას რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მართალია, გარკვეული სუსხი იგრძნობა, მაგრამ მთლიანობაში ისინიც ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სამხრეთელ მეზობელთან შევარდნაძის პოლიტიკური არენიდან წასვლის შემდეგ, ახალი ტიპის ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს. რუსეთში იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ხელისუფლება აღარ გაიმეორებს ძველ შეცდომებს და ადგილი აღარ ექნება ძველ წყენასა და ამბიციებს. თუმცა სტრატეგიულ ინტერესებთან ერთად რუსეთი საქართველოს ყოფით პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. აი, რას წერს საქართველოსა და სააკაშვილის შესახებ რუსეთის პრესა: “თუკი საქართველოს ხელისუფლება შესძლებს საერთო ენა გამონახოს ბუშის ადმინისტრაციასთან და მათ მართლაც გადაწყვიტეს ეს პატარა, მთიანი ქვეყანა 53-ე შტატად გადააქციონ, გამორიცხული არ არის საქართველო ისეთ სახელმწიფოდ შედგეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავიანთი ფეხით მივიდნენ მასთან. მიუხედავად ამისა, თვითონ ამერიკაში საღად მოაზროვნე ადამიანები აღნიშნავენ, რომ მართალია, ქართული პოლიტიკური ელიტა დასავლეთზეა ორიენტირებული, მაგრამ ეს ქვეყანა იძულებულია ურთიერთობა მოაგვაროს მოსკოვთან. ამის მიზეზი მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ საქართველო რუსეთზე ენერგეტიკულად არის დამოკიდებული, პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთის ფედერაციაში. აშშ ხელს უწყობს საქართველოს რუსეთისგან უფრო მეტ დამოუკიდებლობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამერიკას მოუწევს თბილისს ენერგორესურსების ალტერნატიული წყარო შესთავაზოს, რაც წარმოუდგენელია, მით უმეტეს, ასეულ ათასობით ვიზა გასცეს საქართველოს მოქალაქეების სახელზე, რომ მათ აშშ-ში ცხოვრება, მუშაობა და სწავლა შეძლონ. ასე რომ, სააკაშვილს, როგორც მის წინამორბედს მოუწევს აშშ-სა და რუსეთს შორის ლავირება მოახდინოს და მუდმივი კომპრომისი ეძიოს”.
სასურველია გამართლდეს და დიპლომატიის ნიმუშად არ დარჩეს კოლინ პაუელის განცხადება – საქართველოს ტერიტორია არ უნდა გახდეს ამერიკისა და რუსეთის კონკურენციის არენა, პირიქით, იგი საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითად უნდა იქცეს.