ინტერნეტ-ცნობარი ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექსპორტიორებისათვის

რედაქციისაგან

2004 წლის თებერვალში ევროკავშირმა აამოქმედა ინტერნეტ-ცნობარი – EU export hekp-desk(http://exporthelp.europa.eu/), რომლითაც მესამე ქვეყნების ექსპორტიორებს ევროკავშირის ბაზარზე შეღწევისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვნად გაუადვილა.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული ინტერნეტ-ცნობარი მესამე ქვეყნების ექსპორტიორებისთვისაა განკუთვნილი. იგი ამომწურავ ინფორმაციას იძლევა ევროკავშირის საბაჟო ტარიფების, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი სააქციზო და დამატებითი ღირებულების გადასახადების, ევროკავშირში იმპორტის დროს აუცილებელი საბაჟო დოკუმენტაციის და მეწარმეებისათვის სასარგებლო სავაჭრო სტატისტიკის შესახებ. ინტერნეტ-ცნობარის გამოყენებით მესამე ქვეყნების ექსპორტიორებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, ვრცელდება თუ არა (და თუ ვრცელდება, რა ოდენობით) მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ევროკავშირის სავაჭრო შეღავათები. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა განვითარებადმა ქვეყნებმა უკეთ შეძლონ ევროკავშირის სავაჭრო შეღავათებით სარგებლობა. აღსანიშნავია, რომ არსებული სტატისტიკით, დღესდღეობით, განვითარებად ქვეყნებში წარმოებული იმ საქონლის სრული მოცულობიდან, რომელზეც ევროკავშირის სავაჭრო შეღავათები ვრცელდება, ევროკავშირის ბაზარზე მხოლოდ 52 %-ის ექსპორტირება ხდება.
ინტერნეტ-ცნობარი დროთა განმავლობაში ვითარდება და სულ უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს. მისი ფუნქციონირების პირველ ეტაპზე, ინტერნეტ-ცნობარი იძლეოდა ინფორმაციას ევროკავშირის საიმპორტო ტარიფებთან, მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებული საქონლის მოცულობასთან, მის წარმოშობასთან, საბაჟო შეღავათებთან და საბაჟო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ვაჭრობის სტატისტიკას.
შემდგომ ეტაპზე, ინტერნეტ-ცნობარზე ამოქმედდა სადისკუსიო ფორუმი, რომლის საშუალებითაც, მესამე ქვეყნების ექსპორტიორებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმპორტიორებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე, აზრთა ურთიერთგაცვლა შეუძლიათ. მოგვიანებით, ინტერნეტ-ცნობარის საინფორმაციო ბაზა კიდევ უფრო გამდიდრდა და ამჟამად შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, როგორიცაა ევროკავშირის ბაზარზე მესამე ქვეყნების საქონლის იმპორტირებისათვის აუცილებელი ტექნიკური და სანიტარული მოთხოვნები, პროდუქციის მარკირების წესები და სხვა. ქვემოთ მოცემულია მთელი რიგი სასარგებლო განმარტებები, ინტერნეტ-ცნობარის საშუალებით ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით:
ინფორმაცია ევროკავშირის საიმპორტო მოთხოვნებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა გადასახადებზე
(დამატებითი ღირებულების და სააქციზო გადასახადები)
შეიძლება მოძიებული იქნას ინტერნეტ-ცნობარის განყოფილებაში – ღექუირემენტს ანდ თახეს. ინფორმაციის მოსაპოვებლად უნდა მიუთითოთ კომბინირებული ნომენკლატურით მინიჭებული სასაქონლო კოდი, საქონლის წარმოშობის ქვეყანა, ასევე ევროკავშირის წევრი ის ქვეყანა, რომელშიც ხსენებული საქონლის ექსპორტი ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო კოდი უცნობია, ინტერნეტ-ცნობარის აღნიშნული განყოფილება იძლევა საშუალებას საქონლის სახეობის (მაგალითად, “ხორცი”) მითითების გზით, მოიძებნოს მისი ორთანრიგიანი, ოთხთანრიგიანი, ექვსთანრიგიანი და რვათანრიგიანი კოდი, მაგალითად: ხორცის პროდუქციას მინიჭებული აქვს კოდი 02. საქონლის ხორცის კატეგორიას “ახალი” მინიჭებულიაქვს კოდი 0201. შემდეგ ქვეჯგუფს უკვე ექვსნიშნა კოდები გააჩნია – “საქონლის ახალი ძვლიანი ხორცი” – 020120. როგორც წინა თავებში იქნა აღნიშნული, ეს ქვეჯგუფიც კომბინირებული ნომენკლატურის რვათანრიგიანი კოდის მქონე პროდუქციის ქვეჯგუფად შეიძლება დაიყოს.
სასაქონლო კოდის დადგენის შემდეგ, ინტერნეტ-ცნობარი იმპორტიორებისათვის საჭირო ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. მაგალითისათვის, განვიხილოთ საქართველოდან “საქონლის ახალი ძვლიანი ხორცის” ბელგიის სამეფოში ექსპორტის შემთხვევა. შესაბამისი კოდის მითითებით, ინტერნეტ-ცნობარი იძლევა ყველა იმ მოთხოვნების ჩამონათვალს, რომელიც უნდა სრულდებოდეს საქართველოდან ბელგიის სამეფოში ხსენებული პროდუქციის იმპორტირებისას:
– უნდა ახლდეს ექსპორტირებული ხორცის პროდუქციის ჯანმრთელობის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
– 200 კგ-ზე მეტი პროდუქციის ექსპორტის შემთხვევაში უნდა ახლდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საიმპორტო ლიცენზია;
– დაცული უნდა იყოს სასურსათო პროდუქციის მარკირების შესაბამისი წესები;
– საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს ორგანული პროდუქტების შესახებ ევროკავშირის მოთხოვნებს და ა. შ.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, როგორც უკვე იყო ნახსენები, ინტერნეტ-ცნობარი იძლევა ინფორმაციას ექსპორტირებულ საქონელზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების (ჩვენს შემთხვევაში ბელგიის სამეფოს) მიერ დაწესებულ გადასახადებთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, საქართველოდან “საქონლის ახალი ძვლიანი ხორცის” ბელგიის სამეფოში იმპორტის შემთხვევაში დამატებითი ღირებულების გადასახადი 6%, ხოლო სააქციზო გადასახადი 0% იქნებოდა.
დამატებით ინტერნეტ-ცნობარი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვრცელ ინფორმაციას, ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყანაში (ჩვენ შემთხვევაში ბელგიის სამეფოში) იმპორტირებული ნებისმიერი პროდუქციის ტრანსპორტირების, დაზღვევის, საბაჟო პროცედურების და დამატებითი ღირებულებისა და სააქციზო გადასახადების შესახებ.
ინფორმაცია ევროკავშირის საიმპორტო ტარიფებზე შეიძლება მოძიებული იქნას ინტერნეტ-ცნობარის განყოფილებაში Import Tariffs. ამჯერად უნდა მოხდეს პროდუქციის ათთანრიგიანი TARIC-ის კოდის გამოყენება და მითითებული უნდა იქნას საქონლის წარმოშობის ქვეყანა.
ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში – ბელგიის სამეფოში საქართველოდან იმპორტირებული “საქონლის ახალი ძვლიანი ხორცის” ქვეჯგუფისთვის “მაღალი ხარისხის საქონლისა და ხბოს ხორცი” (კოდი 0201100010) საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის საბაჟო ღირებულების 12%-ს დამატებული 176,8 ევრო/100 კგ. საქონელზე.
ინფორმაცია ევროკავშირის საიმპორტო შეღავათებზე შეიძლება მოპოვებული იქნას ინტერნეტ-ცნობარის განყოფილებაში Customs Documents. აქ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც ევროკავშირში იმპორტირებულ საქონელს უნდა ახლდეს, რათა მასზე შესაბამისი საიმპორტო შეღავათები გავრცელდეს. შევნიშნავთ, რომ ხსენებული შეღავათები ქვეყანათა სამ ჯგუფზე ვრცელდება. ესენია:
– ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადოებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნები;
– აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები, რომელთაც სპეციალური შეღავათები 2000 წელს მიენიჭათ;
– ქვეყნები, რომელთანაც ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვთ გაფორმებული.
ინფორმაციას პროდუქციის წარმოშობის იმ ნორმების შესახებ, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა ხსენებული საქონლის ევროკავშირში იმპორტირებისას, მასზე შეღავათიანი საიმპორტო ტარიფები გავრცელდეს, ინტერნეტ-ცნობარის განყოფილება ღულეს ოფ Oრიგინ იძლევა.
მარკეტინგული თვალსაზრისით სასარგებლო სტატისტიკურ ინფორმაციას, მაგალითად, სხვადასხვა სახეობის საქონლის ევროკავშირში იმპორტის მოცულობის შესახებ, იძლევა ინტერნეტ-ცნობარის განყოფილება თრადე შტატისტიცს. მონაცემთა ბაზა შედგენილია ნებისმიერი მესამე ქვეყნიდან იმპორტისათვის როგორც მთლიანად ევროკავშირის ბაზარზე, ასევე მის ცალკეულ წევრ ქვეყნებში, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ასე მაგალითად, 2007 წელს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ხორცის ექსპორტი არ განუხორციელებია, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანმა 2007 წელს ევროკავშირის ბაზარზე 104,1 ტონა საქონლის ხორცი შეიტანა. იმის გასარკვევად, თუ მარკეტინგული თვალსაზრისით რამდენად ხელსაყრელია ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში საქონლის ამა თუ იმ სახეობის ექსპორტის განხორციელება, შეიძლება შემოწმდეს ინტერნეტ-ცნობარის განყოფილებაში – Market Place.

ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან იმპორტირებული ზოგიერთი საქონლის საბაჟო, დამატებითი ღირებულების და სააქციზო გადასახადით დაბეგვრის კონკრეტული მაგალითები
მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე საქონლის იმპორტი ძირითადად სამი სახის – საბაჟო, დამატებითი ღირებულებისა და სააქციზო გადასახადით იბეგრება. აღინიშნა ისიც, რომ სხვადასხვა პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე სხვადასხვანაირად იბეგრება და, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადასახადები საქონლის სახეობის მიხედვით იცვლება. უფრო მეტიც, თუ საქონლის ერთ კონკრეტულ სახეობაზე საბაჟო გადასახადი ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში ერთნაირია, დამატებითი ღირებულებისა და სააქციზო გადასახადების ოდენობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სხვადასხვა ოდენობით არის დაწესებული. ამ ფონზე, იმისათვის, რომ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის დაბეგვრის პირობები უფრო იოლად დაადგინონ, დეტალურად იქნა აღწერილი ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყნების ექსპორტიორებისათვის შექმნილი ინტერნეტ-ცნობარის ფუნქციონირების სპეციფიკა. ნაჩვენები იქნა, თუ როგორ და რა სახის ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ, საბაჟო, დამატებითი ღირებულებისა და სააქციზო გადასახადების ტარიფებთან დაკავშირებით.
მოცემული ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენების სადემონსტრაციოდ, ქვემოთ, წარმოდგენილია ცხრილები, რომლებშიც მოცემულია, თუ როგორ იბეგრება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული ზოგიერთი სახეობის საქონელის იმპორტი საბაჟო, დამატებითი ღირებულებისა და სააქციზო გადასახადებით. აღნიშნული ცხრილები ევროკავშირის წევრი ოცდაშვიდივე ქვეყნის მიხედვით არის შედგენილი. საქონლის თითოეული სახეობისათვის შედგენილ ცხრილს თან ახლავს საქონლის ამ სახეობის ერთგვარი აღწერა, ჰარმონიზებული სისტემის, კომბინირებული ნომენკლატურისა და TARIC-ის კოდების გამოყენებით. აღნიშნული აღწერა ასევე შეიცავს ინფორმაციას, საქონლის ამ კონკრეტული სახეობის ევროკავშირში იმპორტისას არსებული საბაჟო შეღავათებისა და სატარიფო ქვოტების შესახებ.

ახალი ყურძნისაგან დაწურული ღვინო (იხ. ცხრილი #1)
პროდუქტის კლასიფიკაცია:
– 22 – HS თავი – “ალკოჰოლური სასმელები, სპირტები და ძმარი”;
– 2204 – HS ჯგუფი – “ახალი ყურძნისაგან დაწურული ღვინო, შემაგრებული ღვინის ჩათვლით”;
– 2204 29 – HS ქვეჯგუფი – “სხვა” (იგულისხმება შუშხუნა ღვინისაგან – კოდი 220410, დამატებითი სპირტით შემაგრებული ღვინისაგან – კოდი 220421 განსხვავებული ღვინოები);
– 2204 29 75 – კომბინირებული ნომენკლატურის ქვეჯგუფი “სხვა” (იგულისხმება 2204 29 კოდის მქონე ღვინოების ჩამონათვალისაგან – ბორდო, ბურგონი, ტოკაი და ა.შ. – განსხვავებული ღვინოები);
– 2204 29 75 10 – TARIC-ის ქვეჯგუფი “ახალი ყურძნისაგან დაწურული ღვინო”;
– მესამე ქვეყნებისათვის დაწესებული ტარიფი – 9,9 ევრო ჰექტოლიტრზე (1 ჰექტოლიტრი – 1000 ლიტრი);
– სატარიფო შეღავათი (მათ შორის GSP-ს ფარგლებში) გათვალისწინებული არ არის;
– სატარიფო ქვოტა 20 000 ჰექტოლიტრამდე პროდუქციის იმპორტზე – 8 ევრო ჰექტოლიტრზე.
გაურჩეველი თხილი (იხ. ცხრილი #2)
პროდუქტის კლასიფიკაცია:
– 08 – HS თავი – საჭმელი ხილი და თხილოვანი ნაყოფი”;
– 0802 – HS ჯგუფი – “სხვა თხილოვანი ნაყოფი” (იგულისხმება ქოქოსის კაკლის, ბრაზილიური თხილისაგან და სხვა თხილოვანი ნაყოფისაგან (კოდით 0801) განსხვავებული სახეობა);
– 0802 21 – HS ქვეჯგუფი “თხილი”;
– 0802 21 00 – კომბინირებული ნომენკლატურის ქვეჯგუფი “გაურჩეველი თხილი”;
– საბაჟო ტარიფი მესამე ქვეყნებისათვის – 3,2 %;
– საქართველო, როგორც ევროკავშირის GSP+-ის ბენეფიციარი ქვეყანა, სარგებლობს სპეციალური შეღავათით და ქართველი ექსპორტიორისათვის ევროკავშირის ბაზარზე თხილის იმპორტზე საბაჟო გადასახადი 0-ის ტოლია;
– ამ პროდუქციის იმპორტზე სატარიფო ქვოტა არ არის დაწესებული.

ოხრახუში (იხ. ცხრილი #3)
პროდუქტის კლასიფიკაცია:
– 07 – HS თავი – “საკვები ბოსტნეული”;
– 0709 – HS ჯგუფი – “სხვა ახალი ბოსტნეული” (იგულისხმება კარტოფილის – კოდი 0701, პამიდორის – კოდი 0702, ხახვის – კოდი 0703 და ბოსტნეულის სხვა სახეობებისაგან განსხვავებული პროდუქტები);
– 0709 90 – HS ქვეჯგუფი – “სხვა” (იგულისხმება ასპარაგუსისაგან – კოდი 070920, ისპანახისაგან – კოდი 070970, სოკოსაგან – კოდი 070951 და ა.შ. განსხვავებული სახეობა);
– 0709 90 90 – კომბინირებული ნომენკლატურის ქვეჯგუფი “სხვა” (იგულისხმება ზეთისხილისაგან – კოდი 07099031, თალგამისაგან – 07099050, ყაბაყისაგან – კოდი 07099070 და სხვა, განსხვავებული სახეობა);
– 0709 90 90 40 – TARIC-ის ქვეჯგუფი “ოხრახუში”;
– მესამე ქვეყნებისათვის დაწესებული საბაჟო ტარიფი – 12,8 %;
– საქართველო,როგორც ევროკავშირის GSP+-ის ბენეფიციარი ქვეყანა, სარგებლობს სპეციალური შეღავათით და ქართველი ექსპორტიორისათვის ევროკავშირის ბაზარზე ოხრახუშის იმპორტზე საბაჟო გადასახადი 0-ის ტოლია;
– ამ სახის საქონლის იმპორტზე სატარიფო ქვოტა დაწესებული არ არის.
ვაშლის პიურე, კომპოტის ჩათვლით (იხ. ცხრილი #4)
პროდუქტის კლასიფიკაცია:
– 20 – HS თავი – “ბოსტნეულის, ხილის, თხილეულის ნაწარმი”;
– 2007 – HS ჯგუფი – “ჯემები, ხილის ჟელეები, ხილისა და თხილეულის პიურე”;
– 2007 99 – HS – ქვეჯგუფი “სხვა” (იგულისხმება ტროპიკული ხილისა და ციტრუსის ნაწარმისაგან განსხვავებული პროდუქტები);
– 2007 99 50 – კომბინირებული ნომენკლატურის ქვეჯგუფი “ნაწარმი, რომელშიც შაქრის შემცველობა აღემატება ნაწარმის საერთო მასის 13%-ს და არ აღემატება ნაწარმის საერთო მასის 30%-ს”;
– 2007 99 50 20 – TARIC-ის ქვეჯგუფი “ვაშლის პიურე, კომპოტის ჩათვლით”;
– საბაჟო ტარიფი მესამე ქვეყნებისათვის – საბაჟო ღირებულების 24 % + 4,2 ევრო/100 კგ-ზე;
– საქართველო,როგორც ევროკავშირის GSP+-ის ბენეფიციარი ქვეყანა, სარგებლობს სპეციალური შეღავათით და ქართველი ექსპორტიორისათვის ევროკავშირის ბაზარზე ვაშლის პიურესა და კომპოტის იმპორტზე საბაჟო გადასახადი უდრის 4,2 ევროს 100 კგ-ზე;
– ამ საქონლის იმპორტზე სატარიფო ქვოტა არ არის დაწესებული.