საწვავი ძვირდება, ქართველ იმპორტიორებს დაბალ მოგებაზე მოუწევთ მუშაობა
სოფიკო სიჭინავა
ნავთობზე ფასებმა წლის დასაწყისიდანვე ზრდა დაიწყო. ამ პროცესის ძირითადი მასტიმულირებელი იანვრის პირველივე კვირაში ოპეკის ხელმძღვანლობის განაცხადი გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ კარტელი ნავთობის წარმოების მოცულობის ცვლილებას ფიქრობს. ოპეკმა ფიქრი რეალობად აქცია და გადაწყვეტილება მიიღო დღე-ღამის განმავლობაში მოპოვების კვოტა ერთიდან 23,5 მლნ ბარელამდე შეემცირებინა.
23 თებერვალს ლონდონის ნავთობის საერთაშორისო ბირჟის დახურულ ვაჭრობებზე, აპრილის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულება “ბრენტის” მარკის ნავთობზე (ბარელი) 30,81 დოლარის ოდენობით დაფიქსირდა, რაც ორი დღით ადრე დაფიქსირებულ ფასზე 12 ცენტით მაღალია.
თუმცა, ლათინური ამერიკის ნავთობისა და გაზის მონოპოლიის პრეზიდენტის, ალი როდრიგეს-არაკესის განცხადებით, რომელიც წლების მანძილზე ოპეკის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა, მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე სიტუაცია მას შემდეგ დარეგულირდება, რაც მოპოვების კვოტა და ნედლი ნავთობის ექსპორტი ალჟირის კონფერენციის შეთანხმების ჩარჩოებში მოექცევა, რაც, თავის მხრივ, დააბალანსებს “შავ ოქროზე” მოთხოვნა-მიწოდებას და ბირჟებს ვოლუნტარისტებისა და სპეკულინტებისგან გაათავისუფლებს. მისივე განცხადებით, მეორე კვარტალში ნედლ ნავთობსა და საწვავ-საზეთ მასალებზე მოთხოვნა ტრადიციულად იკლებს და აქედან გამომდინარე, ნედლი ნავთობის ექსპორტსა და იმპორტს ერთმანეთთან “სრულ ჰარმონიაში” მოიყვანს, რამაც შეუძლებელია ნახშირწყალბადის ნედლეულის ფასზე გავლენა არ მოახდინოს.
ჯერჯერობით, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასები მაღლა იწევს, გარდა ამისა, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ოპეკი მოპოვების კიდევ ერთ შემცირებაზე წავიდეს. ამასთან დაკავშირებით ვენესუელის ენერგეტიკის მინისტრმა, რაფაელ რამისრესმა განცხადება გააკეთა. 31 მარტს, ვენაში ოპეკის მინისტრების შეხვედრა იგეგმება – სიტუაციის გაანალიზების შემთხვევაში, თუკი მივედით დასკვნამდე, რომ კიდევ ერთხელ საჭიროა მოპოვების შემცირება, ამას ალბათ, განვახორციელებთ, ახლა არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ოპეკმა 10 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს”, – განაცხადა რამირესმა.
ოპეკის პრეზიდენტიც – პურნომო იუსგიანტორო, ვარაუდს გამოთქვამს, რომ მოთხოვნის 2,3-2,4 მლნ ბარელამდე დაწევის გამო, მარტის შუა რიცხვებისთვის ნავთობის ფასი დაეცემა. თუკი 1 აპრილის შემდეგ ვერ მოხერხდა ნავთობზე ფასის ბარელზე 22-28 დოლარის ფარგლებში შენარჩუნება, კიდევ ერთი შემცირება გარდაუვალია.
თებერვლის ბოლო რიცხვებისთვის ნავთობზე უჩვეულო მოთხოვნის უკან, როგორც ვარაუდობენ, საკმაოდ გრძელვადიანი ტენდენციები დევს. პირველ რიგში ეს დაკავშირებულია მოთხოვნა-მიწოდებას შორის არამდგრად ბალანსზე, როცა აშშ-სა და ჩინეთში საწვავზე მოთხოვნილების ზრდა დაიწყო.
ამ ეტაპზე მსოფლიოს უამრავ კომპანიაში ნავთობის მარაგების დონე უჩვეულოდ დაბალია, რაც ბაზარზე ბევრ მოთამაშეს იძულებულს ხდის მოკლევადიან კონტრაქტებზე იმუშავოს. შედეგად, ნოიუ-იორკის ბირჟაზე უკვე ორი თვეა ფასი ბარელ ნავთობზე 32 დოლარის ნიშნულიდან არ ჩამოდის. ამას ემატება ოპეკის უკვე მიღებული და ჯერ კიდევ მოსალოდნელი გადაწყვეტილება, საიდანაც სპეციალისტები დასკვნას აკეთებენ, რომ საწვავზე მაღალი ფასები შესაძლოა, ზაფხულშიც შენარჩუნდეს.
რაც შეეხება რუსეთს, იგი არ აპირებს მოპოვების შემცირებას. ასეთი განცხადებები გააკეთეს “ლუკოილისა” და “სიბნეფტის” წარმომადგენლებმა. ამ უკანასკნელმა კი განმარტა, რომ კომპანიას თავის ბიუჯეტში შეტანილი აქვს რუსეთის ბიუჯეტში 2004 წელს გათვალისწინებულის შესაბამისი ფასი ნავთობზე, ეს არის, ურალისის მარკის ნავთობზე (ბარელი) 22 დოლარი. რუსულმა ნავთობკომპანიებმა უარი განაცხადეს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მოსალოდნელი ფასების პროგნოზი გაეკეთებინათ. თუმცა, რუსეთში ამბობენ, რომ ისინი ნავთობის ბაზარზე შექმნილი სიტუაციით არ დაზარალდებიან, პირიქით, მათ ხელს აძლვთ ოპეკის გადაწყვეტილება მოპოვების შემცირების შესახებ, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რუსული ნავთობისთვის მეტი ადგილი იქნება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოპეკს ხელს აძლევს ბაზარზე შექმნილი კონიუქტურა. თუკი გუშინ ოპეკის წევრი ქვეყნების Pღ-ში მოჩვენებითი წუხილი იგრძნობოდა ნავთობის მაღალ ფასებთან დაკავშირებით, დღეს უკვე პროპაგანდას ხელს უწყობს აშშ-ს დოლარის არასტაბილურობაც. ამითი ოპეკი მხოლოდ თავისი დაკარგული დაგეგმილი შემოსავლების კომპენსირებას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ღირებულება ტრადიციულად ამერიკულ დოლარში იანგარიშება, როცა თავის გამართლებაზეა საუბარი, ის, შესაძლოა, ევროშიც იანგარიშო და კმაყოფილებით აღნიშნო, რომ ნავთობი არც ისე ძვირია და მისი ფასის ზრდა არც ისე მაღალი.
თუ რა გავლენას იქონიებს საქართველოზე მსოფლიო სანავთობო ბაზარზე შექმნილი სიტუაცია, ამასთან დაკავშირებით გვესაუბრება ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის, “კანარგოს” პრეზიდენტი, ლევან ფხაკაძე.
იმ მოტივით, რომ ზამთრის სეზონის გასვლამდე ნავთობის ფასი მკვეთრად არ დაცემულიყო, ოპეკმა მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების კვოტა შეემცირებინა, რამაც საგრძნობლად გააძვირა პროდუქცია. რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოზე, ან იქონიებს თუ არა საერთოდ?
ოპეკის გადაწყვეტილებამ, რომელიც გამოიხატება ნავთობის მოპოვების საგრძნობ შემცირებაში, კონკრეტულად კი, ოპეკის წევრი ქვეყნების მიერ ყოველდღიური მოპოვების 17 მლნ ბარელით შემცირებამ, რასაკვირველია, უკვე ჰპოვა ასახვა ნავთობპროდუქტების ფასში, მათ შორის, ბენზინისა და დიზელის საწვავის მკვეთრ ზრდაში. ოპეკი საკმაოდ მონოლითური ორგანიზაციაა, ადვილად იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ყოვეთვის მისი წევრი ქვეყნებისთვისაა სასარგებლო. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელია ამ ორგანიზაციაზე აშშ-ს გავლენის გაძლიერება. მას შემდეგ, რაც ერაყში სიტუაცია სტაბილური გახდება, ნავთობზე ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა შეჩერდება და იგი კლებას დაიწყებს, რაც აშშ-ს პირდაპირ ინტერესებშია, რადგან ეს ქვეყანა ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოზე, რასაკვირველია, იქონიებს და იგი პირდაპირპროპორციული იქნება. ნავთობის იმპორტიორი კომპანიები და მათ შორის ჩვენც იძლულებულები ვიქნებით დაბალ მოგებაზე ვიმუშავოთ, რადგან გასათვალისწინებელია საქართველოს მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა. ბუნებრივია, როგორი ფასიც არ უნდა დავადოთ პროდუქციას, თუ იგი არ გაიყიდა, შემოტანასაც აზრი არ ექნება, ამიტომ, ვცდილობთ, ფასი ყოველთვის შევინარჩუნოთ, რაც ჩვენი მოგების ხარჯზე ხდება.
რომელი წლიდან ხართ საქართველოს ბაზარზე?
ჩვენი კომპანია 2000 წლის აპრილში დაფუძნდა, მისი დამფუძნებლები გახლავთ კანარგო ენერჯი კორპორეიშენი, რომელიც გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი. მას ქვეყანაში 80 მლნ დოლარამდე აქვს ინვესტირებული და დამატებით 26 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს, ძირითადად ნავთობის მოპოვებაში – ეს არის ნინოწმინდის, მანავის, სამგორის, ნორიოსა და სხვა ჭაბურღილები. რაც შეეხება ჩვენს პროექტს, ეს აბსოლუტურად ცალკე დამოუკიდებლად მდგარი პროექტია, რომელიც გულისხმობს ბენზინგასამართი სადგურების ქსელის შექმნას. დაგეგმილი გვაქვს ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გაფართოება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბენზინგასამართი საგდურები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, იმ სტანდარტებით, რომლებსაც ჩვენ ევროპის ქვეყნებში ვხვდებით, გვაქვს აბსოლუტურად დახვეწილი ევროპული სერვისი.
თქვენი გათვლებით, დაახლოებით რა წილი გიჭირავთ ქვეყნის ბაზარზე?
ჩვენი წილი 12-13%-ით განისაზღვრება, ბაზარზე, როგორც იცით, ძალიან ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი და გარდა ამისა, კონტრაბანდული საქონლითაა გაჯერებული.
რა პრობლემებს აწყდებიან ბენზინის იმპორტიორი ქვეყნები საქართველოში და კონკრეტულად, კანარგოს მაგალითზე რა შეგიძლიათ თქვათ?
პრობლემები მრავლად არის და ვიტყოდი, რომ დღემდე უფრო ბევრი იყო. ძალიან ძნელია ისეთ ბაზარზე მუშაობა, სადაც კონტრაბანდის წილი ძალიან მაღალია. ახალი ხელისუფლება დიდი მონდომებით და ძალისხმევით მუშაობს ამ პრობლემატიკის გადასაწყვეტად და ჩვენც ყველანაირად მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ მას ამ საკითხის წარმატებით გადაწყვეტის საქმეში. მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის პრობლემა, რომლის დაძლევას წლები სჭირდება, როგორც ბევრს ეგონა. ამისთვის ნება და კონკრეტული ქმედებებია საჭირო. ძალიან მალე საქართველოში შესაძლებელი იქნება კონტრაბანდული ბენზინის, დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების შემოდინების აღკვეთა, რაც, თავისთავად, სახელმწიფო ბიუჯეტს უზარმაზარ თანხებს მოუტანს.
თქვენი დაკვირვებით, რამდენია საქართველოში ნავთობპროდუქტების მოხმარება წლიურად და რამდენია აქედან კონტრაბანდის წილი?
ჩვენი და არა მარტო ჩვენი გათვლებით, რადგან სხვადასხვა იმპორტიორის, მწარმოებლის თუ ექსპერტის ციფრები ერთმანეთს ემთხვევა, საქართველოში ბენზინის მოხმარება 400-450 ათასი ტონით განისაზღვრება, დიზელის საწვავი – 200-250 ათასი ტონით. კონტრაბანდის პირობებში საკმაოდ რთულია ზუსტად განსაზღვრო, თუ რამდენია მოხმარება. ამ გამოკვლევებს ბევრი უცხოური ორგანიზაცია ატარებდა, რომელთა გათვლებში მოხმარება კიდევ უფრო მაღალია. მოხმარებაში კონტრაბანდის ზუსტი მოცულობა საკმაოდ რთული დასასახელებელია, იგი ძალიან მაღალია. თუმცა საუბარი არ არის მხოლოდ იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო წესების დარღვევით ან მისი გვერდის ავლით შემოდის ქვეყანაში, არამედ, იმაზეც, რომ ბევრია ფალსიფიცირებული პროდუქციის წილიც. საქართველოში 17 თუ 18 ბენზინგამომხდელი თუ გადამამუშავებელი ქარხანა არსებობს, რომლებიც ლიცენზირებულნი არიან. არ მინდა მათი მუშაობა განვიხილო, მაგრამ საოცარია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამდენი ბენზინგადამამუშავებელი ქარხნის არსებობა. იმ ქვეყნებში, რომლებიც ნავთობის მომპოვებლები და გადამამუშავებლებიც არიან, მხოლოდ ორი ან სამი ქარხანა ფუნქციონირებს, რაც ქვეყნის მოხმარებას და ექსპორტს სავსებით აკმაყოფილებს. ასე რომ, კონტრაბანდის გარდა, არის პროდუქცია, რომელიც ფალსიფიცირებულია, თუმცა ორივე შემთხვევაში შედეგი ერთი და იგივეა. ძირითადად, ეს არის ის პრობლემატიკა, რომელიც ამ ბიზნესში არსებობს და ერთობლივი ძალისხმევით მისი გადაჭრა სავსებით შესაძლებელია.
ამ პირობებში, როგორ ინარჩუნებთ ფასს?
ჩვენი ფასი რომ მოსახლეობისთვის აბსოლუტურად მისაღები იყოს, ალბათ, ბაზარზე 12%-იანი წილი არ გვექნებოდა. ჩვენი ფასი მისაღებია მინიმუმ-კონტიგენტისთვის, რამაც ბაზარზე ეს წილი განსაზღვრა. მათ შორის არიან საქართველოში მომუშავე უცხოური ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები, კორპორატიული კლიენტები. ამ უკანასკნელზე გაყიდვები შეადგენს 35%-ს. ეს არის ის ბაზა, რის საფუძველზეც ჩვენ ვდგავართ. პრაქტიკულად, კომპანიას არ წაუგია თითქმის არც ერთი ტენდერი, რომელიც იყო გამოცხადებული, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სტრუქტურებსა თუ უცხოურ ორგანიზაციებში. ვცდილობთ მაქსიმალურად მისაღები ფასი იყოს მომხმარებლისათვისაც, თუმცა ეს ცოტა წარმოუდგენელია იმ პირობებში, როცა შენს გვერდით მუშაობს ფირმა, რომელსაც პროდუქციაზე შენთან შედარებით 25-30%-ით ნაკლები ფასი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ აღებული გვაქვს გეზი იმ მიმართულებით, რომ ბიზნესი არის ლეგალური, თეთრი და მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისი მომავალი შექმნას.