ბიზნესმენებს ახალი “კრიშა” ეყოლებათ
ელისო გამცემლიძე
მარტის დასაწყისში პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს ახალი კანონპროექტი შესთავაზეს – “საქართველოს კანონი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების შესახებ”. ეს ე. წ. ამნისტიაა იმ ბიზნესმენთათვის, რომლებიც შევარდნაძისეულ თამაშის წესებს კარგად ერგებოდნენ და გადასახადების დამალვის წყალობით არც თუ უმნიშვნელოდ ხეირობდნენ. სწორედ ამ ხეირის გამო ბიზნესის დიდი ნაწილი არალეგალურ ზონაში იყო მოქცეული და ამით თითოეული მოქალაქე და ქვეყნის ბიუჯეტი ერთნაირად იყო დაზარალებული.
ვერ გეტყვით, ვინ და რა ვითარებაში უწოდა კანონს, თუ პრეზიდენტის სურვილს “ამნისტია”, მაგრამ ხელისუფალთა განცხადებით, ეს ამნისტია არ არის და კანონპროექტსაც სრულიად განსხვავებული სათაური მოარგეს.
კანონი ერთჯერადი და დროებითი ღონისძიებისათვის იქმნება და უნდა მოაწესრიგოს საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების და შესრულების პირობა და წესი, დაადგინოს საგადასახადო დეკლარირებისაგან თავის არიდებისათვის პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ერთჯერადი გათავისუფლების ზოგადი საფუძვლები.
ბიზნესმენები, რომლებთაც ბოლო 6 წლის განმავლობაში არადეკლარირებული გადასახადები გააჩნდათ, საგადასახადო ორგანოში დეკლარაციებს 2004 წლის 1 ივლისამდე წარადგენენ.
კანონი ეხება იმ პირებს, რომელთაც კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდევინების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 2004 წლის 1 იანვრისა, საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვათ და მათი დეკლარირება არ მოუხდენიათ. კანონპროექტის თანახმად, ქვედა ზღვრად 1 მლნ ლარია განსაზღვრული.
კანონპროექტის მიხედვით, პროცედურა ასეთია:
მოქალაქე საგადასახადო ორგანოში წარადგენს საგადასახადო ვალდებულების დეკლარაციას იმის თაობაზე, რომ მას არ გააჩნია 1 მლნ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო ორგანო ამ განაცხადს გაატარებს რეგისტრაციაში და მას ცნობის მიცემით გამოისტუმრებს. ეს ცნობა გადასახადის დეკლარირების დამადასტურებელი საბუთია. ამის შემდეგ, ბიზნესმენი ვერდიქტის გამოტანას დაელოდება, რომელსაც მას საქართველოს მთავრობა გამოუტანს. ვინ შედის ამ კომისიაში? ეს კანონით არის გათვალისწინებული: რომ საგადასახადო ორგანო დეკლარაციებს და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გადამხდელის შესახებ აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ კომისიას, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები, სახელმწიფო მინისტრი, ფინანსთა, ეკონომიკის, იუსტიციის სამინისტროების, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი და გადაწყვეტილება ფორმდება მისივე ბრძანებით.
ეს კომისია 2004 წლის 1 აგვისტომდე “დეკლარანტს” საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს. დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, დეკლარირების შემდგომ ასე მოხდება:
დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულება, მაგრამ არა უმეტეს 1 მლნ ლარისა ჩამოწერილი იქნება; მოქალაქემ დარჩენილი საგადასახადო ვალდებულების 10% 2004 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაიხადოს. დეკლარირებული გადასახადების დაფარვის პარალელურად, მან უნდა იხადოს მიმდინარე გადასახადებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუქმდება რესტრუქტურიზაციის რეჟიმი და იგი კანონის შესაბამისად დაისჯება.
“ბიზნესმენებს, ვისაც სურს ლეგალური ბიზნესის წარმოება, ეს კანონპროექტი მისაღები უნდა იყოს! – აცხადებს ფინანსთა მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი. მისივე თქმით, ბიზნესმენთა მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია კონფიდენციალური იქნება და ამ საკითხს კანონი დაარეგულირებს: “დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მასზე ვრცელდება გადასახადის გადამხდელთა შესახებ მონაცემთა საიდუმლოების დაცვის შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.”
ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდგომ, დაუკითხავად დეკლარანტის ქონების შემოწმებას ვერ მოახდენს ვერც ერთი ორგანო, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია და მის სიტყვებს კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლიც ამაგრებს: “ცნობის გაცემიდან დეკლარირებულ გადასახადებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე დეკლარირებული პერიოდის საგადასახადო შემოწმება დაუშვებელია, აგრეთვე რომელიმე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოების დაწყება…”
ყოველგვარი ამინისტირების წინააღმდეგ “ილაშქრებს” ლადო პაპავა და აცხადებს, რომ “როგორც კი ერთხელ გააკეთებ ამინისტიას, მერე ყოველ არჩევნებზე უნდა გაიმეორო. თუმცა, კანონპროექტს უკვე სახელი შეუცვალეს და გააკეთილშობილეს, ახალი ვერსია შედარებით უკეთესია, მაგრამ მასში ჩემთვის მიუღებელი საკითხებიც არის, მაგალითად, იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტარები უნდა შევიდნენ. ჩემი აზრით, ასეთ საკითხებში პარლამენტი არ უნდა ერეოდეს, ეს თავიდან ბოლომდე აღმასრულებელი ხელისუფლების პრობლემა და თავსატეხია”.
ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე: უპირველეს ყოვლისა, კანონის შემუშავების მიზეზი იყო ის, რომ სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით ისე იყო აგებული, რომ მეწარმეები, ზოგი ნებით, ზოგი უმეცრებით, უცოდინრობით, ზოგი ძალით ცდილობდა გადასახადებისაგან თავის არიდებას, ზოგს “კრიშა” ჰყავდა და ა. შ. ანუ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი ჩრდილში მოექცა და ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი პრობლემა იყო იმ საქმიანობის ლეგალიზება, რომელსაც ბიზნესი ეწევა. ანუ, ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, რომ მეწარმეებს შეუქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ ისინი აღარ გაურიგდნენ მებაჟეებს, საგადასახადო ინსპექტორებს, სამართალდამცავებს, ანუ მათ, ვისაც არადეკლარირებული გადასახადები ჰქონდა, მოახდინონ მათი დეკლარირება. ეს პროცესი არ არის ამინისტია, შეწყალება. ნაწილი თანხებისა, რომლებიც მათ არ ჰქონდათ დეკლარირებული, დაახლოებით ერთი მლნ ლარი, ეპატიებათ, ჩამოეწერებათ. ხელისუფლება ამბობს, მოდით, წარსულს თავი დავანებოთ, მილიონს ყველა პატარა ფირმას ვპატიობთ, ჩამოეწერებათ მათ ეს დავალიანება, რომლის დეკლარირებასაც გააკეთებს, თუკი არ გააკეთებს დეკლარირებას, მერე შევამოწმებთ და ვაი მას, ვისაც მილიონზე მეტი აქვს არადეკლარირებული: დავუშვათ 10 მლნ, აქედან 1 მლნ ჩამოეწერება, 9 მლნ-ის 10% წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს, 8 მლნ 100 ათასის დაფარვა თანდათანობით მოხდება, ფინანსთა სამინისტროში შეიქმნება კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს.
ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლეგალურ ბიზნესს სახელმწიფოს სახით ახალი კრიშა ეყოლება.
ეს არის ყველაზე კარგი შემთხვევა, როდესაც სწორედაც სახელმწიფო დაკრიშავს იმ ადამიანებს, რომლებიც ლეგალურ ბიზნესს აწარმოებენ, რომლებიც გადასახადებს იხდიან, სამუშაო ადგილებს ქმნიან და ბიუჯეტში ფული შეაქვთ, ამ ადამიანებთან ვერავინ უნდა ბედავდეს შესვლას და თავისი წესების თავს მოხვევას, საგადასახადოს გარდა საწარმოში შესვლის უფლება არავის ექნება, ფინანსური პოლიცია მხოლოდ განსაკუთღებულ შემთხვევებში და განსაკუთრებული მიზნებით მიაკითხავს საწარმოს.
თქვენი აზრით, რა ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს ეს კანონი, როგორია გათვლები, თქვენი აზრით, ექნება თუ არა ხელისუფლებას ნდობის მანდატი მსხვილი ბიზნესმენების მხრიდან?
ეს კანონი ბიუჯეტის შევსების წყარო არ არის, მთავარი მიზანი და აქცენტი ბიზნესის ლეგალიზაციაზეა გადატანილი. თუ ბიზნესი იქნება ლეგალური, თანმდევი გადასახადები ყოველთვის იქნება.
თუ ბიზნესი იქნება ლეგალურიო, ამბობთ, მაგრამ თუკი არ მოხდება საგადასახადო კოდექსის გამარტივება?
მოხდება. საგადასახადო კოდექსის ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ის ყველასათვის არ არის კოდექსი.
ანუ კანონი არ კანონობს?
ვისაც ძლიერი კრიშა ჰყავდა, ის გაცილებით ნაკლებს იხდიდა: ერთ მესამედს ბიუჯეტში იხდიდა, მეორეს საგადასახადოში, მესამეს თავად იტოვებდა. მას რომ 100% გადაეხადა, ნაკლები დარჩებოდა. კანონი ძალაში სავარაუდოდ მაისში შევა, საგადასახადო კოდექსის ცვლილებები ზაფხულისთვის იქნება მზად.
ექსპერტთა ნაწილი კანონპროექტის ხარვეზებზე საუბრობს, მაგრამ წინასაარჩევნოდ ხმამაღალ განცხადებებს მაინც ერიდებიან. ასევე მორიდებულები არიან ბიზნესმენები და ჩურჩულით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას: მომავალ შეხვედრამდე მეხუთე იზოლატორში…
ბიზნესმენები, ვერ ვიტყვით, რომ აღფრთოვანდნენ ამ კანონპროექტით, მაგრამ მშვიდი ძილი და გენპროკურორთან საქმის დაჭერის სურვილი რომ ბევრს არა აქვს, ესეც ფაქტია. ამიტომ, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებს უნდა დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქვეყნოდ დასჯილი ცნობილი სახეების ბედსაც გაიზიარებენ. გადამხდელთა აზრით, და, ალბათ, ასეც მოიქცევიან, საჭიროა შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც კანონპროექტის დახვეწაში ხელისუფლებას მოეხმარება.