ლადო პაპავა: ერთი კაციც ვერ ვნახე, ვინც სასიკეთოს იტყოდა სსფ-ს მისამართით
ეკა ლომიძე
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, შემადგენლობით: ლადო პაპავა, არჩილ გეგეშიძე და ეკა მეტრეველი ამერიკის შეერთებულ შტატებში სტერფორდის უნივერსიტეტში გაემგზავრა. ორკვირიანი ვიზიტი აღნიშნულ ფონდსა და სტერფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა, რომელიც პედაგოგ-მასწავლებლების, პროფესორებისა და მეცნიერების გაცვლას გულისხმობს.
ვიზიტი შერეულ ხასიათს ატარებდა. ის მოიცავდა, როგორც ლექციების წაკითხვას, ასევე მუშაობას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე და მონაწილეობას სხვადასხვა სემინარებში. საქართველოდან სამივე წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა ორი ლექცია წაეკითხა.
არჩილ გეგეშიძის ლექციები “ვარდების რევოლუციის” წინა ისტორიას და ქვეყნის შემდგომ პოლიტიკურ განვითარებას ეხებოდა; ეკა მეტრეველის ლექციები – საქართველოში კონფლიქტების არსებობას, მათი გადაწყვეტის გზებს და შესაძლო კონფლიქტების წარმოშობას, რომელიც შეიძლება საქართველოში წამოიჭრას; ლადო პაპავას ლექციები კი – გარდამავალი პერიოდის ეკონომიკას საქართველოს მაგალითზე. გვესაუბრება ლადო პაპავა:
თითოეული ჩვენთაგანის ლექციამ სტერფორდის უნივერსიტეტში ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს იცნობენ არა როგორც ადრე, სტალინით და შევარდნაძით, არამედ ქვეყანას, რომელიც არის დემოკრატიული გარდაქმნების მებაირახტრე სამხრეთ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. შედგა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა, გამოვყოფდი შეხვედრას ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან, რომელიც ამავე დროს გახლდათ ჩამოსული სტერფორდის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად თემაზე, სამხედრო ოპერაციების შესახებ, რომელიც ამერიკელებმა ანტიტერორისტული კამპანიის კონტექსტში ავღანეთსა და ერაყში განახორციელეს. როგორც ქართველი კაცი, იგი ჩვენით დაინტერესდა და თბილი შეხვედრა მოგვიწყო. ცალკე მინდა გამოვყო ჩემი შეხვედრა ნობელის პრემიის ლაურეატთან ეკონომიკის დარგში, პროფესორ, კენეტ ეროუსთან, რომელიც ნობელის პრემია ჯერ კიდევ 1972 წელს მიიღო. დღეს ის 80 წელს გადაცილებული, საკმაოდ ცნობილი მეცნიერია და ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. სტერფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტები დიდი ყურადღებით ეცნობოდნენ ჩემს მიერ იქ ჩატანილ მასალებს საქართველოს ეკონომიკის შესახებ და წიგნებს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ეხება. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემმა წიგნმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ შარშან აშშ-ში გამოიცა. ყველაზე დიდი დისკუსი სწორედ ამ წიგნს ხვდა წილად. სტერფორდში შევხვდი არაერთ სახელოვან ეკონომისტს, რომელთა შორის ერთი კაციც ვერ ვნახე, რომელიც თუნდაც ერთ სასიკეთო სიტყვას იტყოდა სავალუტო ფონდის მიმართ. მართალია, ისინი არ იგინებოდნენ და არ იფურთხებოდნენ, როგორც მარქსისტები, მწვანეები ან სხვა ჯურის აგრესიულად განწყობილი ანტიგლობალისტები, მაგრამ მეცნიერულ დონეზე საკმაოდ კრიტიკულად აფიქსირებდნენ უარყოფით დამოკიდებულებას სსფ-სა და მისი პროგრამების მიმართ. ამ კუთხით ყველაზე დიდი დაინტერესება საქართველოს გამოცდილების გაზიარებამ ჰპოვა. მივიღე კიდეც თხოვნა, რომ ეს წიგნი ქუვერის ბიბლიოთეკასა და არქივში გამეგზავნა.
მომავალში ეს პროექტი გაგრძელდება და უკვე შემოდგომაზე სტერფორდის უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორს თბილისში ველით. მათთვის ვამზადებთ პროგრამას, რომლითაც ისინი ახალგაზრდების წინაშე წარსდგებიან, ასევე მოვამზადებთ შეხვედრებს სხვადასხვა სპეციალისტებთან, პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან. ასეთი პროექტის არსებობა ქართულ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია.
სტერფორდის უნივერსიტეტში თითქმის ყოველდღე იმართება რამდენიმე ძალიან საინტერესო ლექცია, რომელსაც გინდა დაესწრო, მაგრამ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. აქ, პრაქტიკულად, მელი მსოფლიოა წარმოდგენილი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიყავი იქ, რასაც ჰქვია მეცნიერების მექა. მეცნიერი კაცისთვის ასეთ გარემოცვაში მოხვედრა მომავალი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ პროექტის გაგრძელების შესაძლებლობა გვექნება. პროექტი ორწლიანია. თუ ის წარმატებულად განხორციელდა, გვაქვს ჩანაფიქრი, რომელიც ერთობლივი სამეცნიერო კვლევის ჩატარებას ეხება. სტერფორდის უნივერსიტეტს დისტანციური სწავლების მეთოდი აქვს, ანუ, როდესაც სტერფორდი დისტანციაზე სწავლებას ამ პროგრამის პაკეტით უზრუნველყოფს. ვფიქრობთ, საქართველოში ამის რეალიზაციის დაწყებასაც. ყოველ შემთხვევაში, არსებობს საყურადღებო მოსაზრებები და ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებთ.
თქვენი ლექცია ძირითადად რას ეხებოდა?
მათ აინტერესებდათ, რა არის საქართველო ეკონომიკურად, რა მოხდა აქ, იცოდნენ, რომ შევარდნაძე – ეს არის წარმატებული პოლიტიკოსი. სხვათა შორის, აშშ-ში მას დღესაც ძალიან დიდი სახელი და ავტორიტეტი აქვს. ამავე დროს, ისინი ხედავენ, რომ ექს-პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ბოლო წლებში ქვეყნის რეალურად მართვა. მათ აინტერესებთ, რა მოხდა საქართველოს ეკონომიკაში, ანუ რა იყო დადებითი, რა – უარყოფითი, რას მივაღწიეთ, რა ვერ დაიძლია, რა შეცდომები იყო დაშვებული, რა იყო მიზეზი იმ კორუფციული გარემოს არსებობისა, რომლის მსხვერპლიც თვითონ შევარდნაძე შეიქმნა, რომელმაც თავად შექმნა ეს გარემო და რომლის მიერაც შეიწირა. რა ნიადგაზე მოვიდა ახალი ხელისუფლება, რა შეხედულებები აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, რომელმაც უნდა წაიყვანოს ქვეყანაში ეკონომიკა. აინტერესებთ, რატომ არის შეფერხებული საქართველოში ეკონომიკური რეფორმები, რას ვაპირებთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ეს ლექცია არ იყო მხოლოდ ასე მარტივად ინფორმაციული და თხრობითი, არამედ იმ ფაქტების ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებული, რასაც რეალურად აქვს ჩვენთან ადგილი და გაანალიზებული იყო, როგორც უშუალოდ საქართველოს მთავრობის მიერ განხორცილებეული ნაბიჯები, ისევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ასევე აინტერესებდათ, სად იყო შეცდომები, რომელ წელს რა ვერ გაკეთდა და საბოლოო ჯამში, რამ გამოიწვია “ვარდების რევოლუცია” ეკონომიკური თვალსაზრისით და რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქვეყანა. ამ კუთხით მსმენელბს ძალიან დეტალურად აინტერესებდათ ჩვენს შესახებ ინფორმაციის მიღება. ლექციები იყო საკმაოდ ღია აუდიტორიაში. ესწრებოდნენ, როგორც სტუდენტები, თუ ასპირანტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები. ყოველი ლექცია მთავრდებოდა დაახლოებით ერთსაათიანი მსჯელობით. ეს იყო, როგორც კითხვები, ასევე აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ხშირ შემთხვევაში, ოფიციალურად, ან ლექციის დასრულების შემდეგ უკვე დერეფანში გრძელდებოდა დაწყებული დისკუსია. დღეს საქართველოს მიმართ დაინტერესება დიდია, სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ისინი ამბიციურს უწოდებენ, რადგან მათი აზრით, ის, რაც ქართველებმა ნოემბერში გააკეთეს, მხოლოდ ამბიციურ ერს შეუძლია, რათა ქვეყანაში დემოკრატია დაამყაროს. ისინი საქართველოს სახით გარკვეულ პოზიტიურ მოდელს ხედავენ, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს პოსტსაბჭოური სივრცის განვითარება. რამდენად გავრცელდება სხვა ქვეყნებში ეს მოდელი, ეს არც მე შემიძლია ვთქვა და არც მათ გაუკეთებიათ აქცენტი, მაგრამ თვითონ საქართველო ფიქრისთვის საკმაოდ ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.