ღია ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
ავტორის სტილი დაცულია
გურამ აბულაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Gurami.Abulashvili012@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
სტატიაში განხილულია ღია ეკონომიკის მოდელი და მასთან დაკავშირებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ ღია ეკონომიკას ჰყავს მოწინააღმდეგეები, იგი გრძელვადიანი განვითარების აუცილებელი კომპონენტია. მოცემულ ნაშრომში განვიხილავ მასთან დაკავშირებულ დადებით და უარყოფით საკითხებს, რომლებიც ხშირად ხდება კამათის საფუძველი. ასევე განვიხილავ საქართველოს მაგალითს და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბრებ მის მთავარ პრობლემებზე.
Annotation
The article discusses the open economy model and related macroeconomic policy challenges. Although an open economy has opponents, it is an essential component of long-term development. In this article, I discuss the pros and cons of it, which are often the subject of debate. I will also discuss the example of Georgia and talk about its main problems based on specific facts.
საშინაო ბალანსი
მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ღია ეკონომიკაში განსაკუთრებული მიზნები და ამოცანები გააჩნია, მათგან განსაკუთრებული ყურადღება საშინაო და საგარეო ბალანსის მიღწევას ექცევა.
საშინაო ბალანსი გულისხმობს სრულ დასაქმებასა და ფასის დონის სტაბილურობას. თუ ქვეყნის რესურსები სრულად არის ათვისებული და ფასების დონე სტაბილურია, ამ შემთხვევაში სახელმწიფო აღწევს საშინაო წონასწორობას. რესურსების არასრულ გამოყენებას, ისევე როგორც, ეკონომიკის გადახურებასა და რესურსების ჭარბ გამოყენებას თან ახლავს დანაკარგები და ეფექტურობის შემცირება. მაგალითად, როდესაც მანქნა-დანადგარები ჩვეულებრივზე ინტენსიურად მუშაობენ, უფრო ხშირად ფუჭდება და სწრაფად ცვდება.
ფასების დონის სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება არასრული და ჭარბი დასაქმება, რაც ეკონომიკური ეფექტიანობის შემცირებასა და გადაწყვეტილებების მიღების შეფერხებას იწვევს. ფასის არასტაბილური დონის მთავარი უარყოფითი შედეგია მისი გავლენა საკრედიტო კონტრაქტების რეალურ ღირებულებაზე, ფასის დონის მოულოდნელი ცვლილებები იწვევს შემოსავლის გადანაწილებას დებიტორებსა და კრედიტორებს შორის. მაგალითად, საქართველოში ფასის დონის მოულოდნელი მატება გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას, ვისაც სესხი ლარში აქვს აღებული, რადგან ფული რომელიც მათ კრედიტორებს უნდა გადაუხადონ, ნაკლები ღირს საქონლისა და მომსახურების შესყიდვის თვალსაზრისით, შესაბამისად კრედიტორების მდგომარეობა გაუარესდება.
საგარეო ბალანსი
საგარეო ბალანსის ზუსტი განმარტება, როგორც ეს საშინაო ბალანსის დროს გვაქვს არ არსებობს. მას არ გააჩნია ისეთი მაჩვენებლები, (მაგ: სრული დასაქმება) რომლებიც ეკონომიკის საგარეო ტრანზაქციებთან დაკავშირებით იქნებოდა გამოყენებული.ზოგიერთ შემთხვევაში საგარეო ბალანსს, მიმდინარე ანგარიშების ბალანსთან აიგივებენ. საგარეო ბალანსი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თავად ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და მისი ურთიერთობა უცხო ქვეყნებთან.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ხშირად პრობლემასთან ასოცირდება, რომელიც მთავრობის არასწორი პოლიტიკიდან ან ეკონომიკაში არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს. თუ ის პროექტები, რომლებშიც განხორციელდა უცხოური ინვესტიციები არასწორად იყო დაგეგმილი და შეფასებული, ასეთი მდგომარეობა მთავრობას უცხიელებისათვის ვალის დაბრუნების პრობლემის წინაშე დააყენებს. როდესაც ქვეყნებს აღებული კრედიტების გასტუმრების პრობლემა აქვთ, უცხოელი კრედიტორები მათთვის ახალი კრედიტის გაცემაზე უარს ამბობენ და შესაძლოა დაუყოვნებლივი დაფარვაც მოითხოვონ. ასევე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ინვესტორების ქვეყნისადმი ნდობას ამცირებს. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები როდესაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პრობლემას არ ქმნის, მაგალითად, თუ ნასესხები თანხებით სწორად შერჩეული პროექტები დაფინანსდება, ამ შემთხვევაში უცხოური კრედიტების გასტუმრება პრობლემას არ შექმნის. [1]
მიმდინარე ანგარიშის ჭარბი პროფიციტი გულისხმობს, რომ ქვეყანა უცხოეთში განთავსებულ აქტივებს აგროვებს, ეს კი სამამულო ინვესტიციების ხარჯზე ხორციელდება. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დიდი პროფიციტი, ხშირად ასახავს იმას, რომ უცხოელებმა მისგან დიდი თანხები ისესხეს, თუ უცხოელები აღმოაჩენენ, რომ ნასესხები თანხის გადახდა არ შეუძლიათ, შესაძლოა ქვეყანამ გასესხებული თანხა უკან ვერ დაიბრუნოს. დიდი პროფიციტის მქონე ქვეყნები, დისკრიმინაციული იმპორტის ბარიერების მსხვერლი ხდებიან, ასეთი სიტუაცია იყო ამერიკასა და იაპონიას შორის, დღეს კი ამერიკასა და ჩინეთს შორის. ორივე შემთხვევაში იაპონია და ჩინეთი გამოირჩეოდნენ მიმდინარე ანგარიშების ჭარბი პროფიციტით.
ზემოთ განხილულ შემთხვევებთან პირდაპირ კავშირშია წმინდა ექსპორტი. უფრო კონკრეტულად, ღია ეკონომიკაში წარმოებული პროდუქცია იყოფა 4 კომპონენტად, ესენია : 1) სამამულო საქონლისა და მომსახურების მოხმარება- Cd 2) სამამულო საქონელსა და მომსახურებაზე საინვესტიციო ხარჯები- Id 3) სამამულო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები – Gd 4) ქვეყნის შიგნით წარმოებული საქონლისა და მომსახურების ექსპორტი- EX. თუ გავითვალისწინებთ საზღვარგარეთ წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ადგილობრივ დანახარჯებს მაშინ ეს ყველაფერი ჩაიწერება შემდეგი სახით. Y=C + I + G + EX – IM სადაც IM არის იმპორტზე გაწეული დანახარჯების სიდიდე, EX – IM არის წმინდა ესქსპორტი (NX). იმ შემთხვევაში თუ Y(წარმოების მოცულობის სიდიდე) აჭარბებს შიდა დანახარჯებს ( C + I+G) ამ დროს წმინდა ექსპორტის სიდიდე დადებითია, თუ არ აჭარბებს უარყოფითი. [2] [3]
სპეკულაციური კაპიტალი და შეტევა ვალუტაზე
მსოფლიოში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, ფინანსური ნაკადები სულ უფრო მეტად მობილური ხდება და ამის ფონზე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და პროფიციტი დამატებით მნიშვნელობას იძენს. თუ ქვეყანას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვს დეფიციტი, მოსალოდნელია რომ მისი ვალუტა გაუფასურდება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნას სერიოზული კრიზისი, მაგალითად განვიხილოთ საქართველოს შემთხვევა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ლარი გაუფასურდება მისი მფლობელები გადაწყვეტენ რომ უცხოურ ვალუტაში გადაცვალონ, შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ ბანკს მოუწევს გაცვლითი კურსის შესანარჩუნებლად მოუწევს ამ უცხოური ვალუტის მიწოდება იმ პირებისთვის ვისაც მისი ფლობა სურს. თუ უცხოური რეზერვის დანაკარგი დიდი მოცულობის იქნება, ეს გამოიწვევს გაუფასურებას რადგან საჭირო რეზერვების გარეშე დარჩება ცენტრალური ბანკი.
ანალოგიურად, მიმდინარე ანგარიშის დიდი პროფიციტის დროს, თუ გაჩნდა ვალუტის გამყარების მოლოდინი, ცენტრალური ბანკი რეზერვებით გადაივსება და ლარის მიწოდების უკონტროლო ზრდის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც გაზრდის ფასების დონეს. [3]
საქართველოს საშინაო ბალანსი
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საშინაო ბალანსი გულისხმობს სრულ დასაქმებასა და ფასის დონის სტაბილურობას. რესურსების აუთვისებლობა აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას და ეს ყველაფერი ნათლად ჩანს საქართველოს მაგალითზე.
საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. უმუშევრობის დონე, რომელიც საქსტატის მიერ უმუშევრად ჩათვლილი მოსახლეობის სამუშაო ძალასთან ფარდობით გამოითვლება, 2018 წელს 12.7% იყო, 2019 წელს კი – 11.6%. უნდა ითქვას რომ ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 73 ათასი ადამიანი სამუშაო ძალიდან გავიდა და აღარ ეძებს სამსახურს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირე უმუშევართა რაოდენობა. ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. ამ ცვლილების შედეგად 2019 წლის მაჩვენებელი გაიზარდა და 17,6% შიადგინა. თვითდასაქმებულები მოიცავს სოფელში საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, ტაქსის მძღოლებს, რეპეტიტორებს, ბაზრობებზე და გარევაჭრობაში დასაქმებულებს და ა.შ. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ეკონომიკური კრიზისის გამო დასაქმებულთა რაოდენობა რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანით შემცირდა, რაც დამატებით პრობლემას უქმნის ისედაც რთულ სიტუაციაში არსებულ ეკონომიკას. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2018-2020 კვარტლების მიხედვით, ასევე ნაჩვენებია დასაქმების დონე მეორე ნახაზზე.
წყარო : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
ნახ.1
წყარო : : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
ნახ.2
არასრული დასაქმება თავის კვალს ტოვებს ფასების დონის სტაბილურობაზე. საქართველოში ძალიან აქტუალურია სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა (ინფლაცია) და ლარის გაუფასურება. 2012 წლის ბოლოსთან შედარებით 2019 წლის ბოლოს სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 29.2%-ით იყო გაზრდილი. საშუალო წლიური ინფლაცია 3.8% იყო. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ფასები კიდევ 2.5%-ით გაიზარდა და 2012 წლის შემდეგ ჯამურმა მატებამ 32.4% შეადგინა. [3] [4]
2012 წლის ბოლოს ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 1.66 იყო, 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე კი ლარი 100%-ით გაუფასურდა, ანუ ერთი დოლარი ახლა 2-ჯერ მეტი ღირს. ლარის გაუფასურება და კურსის მაღალი მერყეობა ბოლო წლების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რადგან მოსახლეობას გაუძვირა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხები, მთავრობასა და კერძო სექტორსაც გაუძვირა უცხოურ ვალუტაში აღებული საგარეო სესხები, ხელი შეუწყო ფასების ზრდას, ბიზნესში შექმნა არასტაბილურობისა და გაურკვევლობის მოლოდინი.
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia
ნახ.3
საქართველოს საგარეო ბალანსი
დღეს საქართველოში არსებობს ბიზნესის კეთების სიმარტივეზე ორიენტირებული ღია ეკონომიკა, სადაც პრიორიტეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა, ასევე აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, ასევე ფინანსური კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას. საშინაო ბალანსის მსგავსად, საქართველოს საგარეო ბალანსიც არასახარბიელოდ გამოიყურება და ქვეყანა უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პრობლემა აქვს. სწრაფად იზრდება საგარე ვალი და ქვეყნის მიმართ უცხოელი ინვესტორების ნდობა იკლებს, ეს ყველაფერი კი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ სიტუაციაზე.
2012 წელს საქართველოს ექსპორტი 2.4 მილიარდი დოლარი იყო. 2013-2014 წლებში ნახევარი მილიარდით გაიზარდა, საიდანაც 227 მლნ დოლარი რუსეთზე მოდიოდა, 271 მლნ კი – ევროკავშირზე.
2015 წლიდან რუსეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ექსპორტმა შემცირება დაიწყო, თუმცა 2017 წლიდან ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა და 2019 წელს 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2013-2019 წლებში ყველაზე მაღალი ზრდა შემდეგ ქვეყნებზე მოდის: ევროკავშირი – 466 მლნ დოლარი, რუსეთი – 450 მლნ დოლარი, ჩინეთი – 197 მლნ დოლარი, სომხეთი – 174 მლნ დოლარი. მნიშვნელოვანი კლება კი ორ ქვეყანასთანაა, აზერბაიჯანთან ექსპორტი 118 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო აშშ- თან 94 მლნ დოლარით. [5]
2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2015-2020 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
წყარო : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/112/metadata-sagareo-vachroba
ნახ.4
წყარო : : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/112/metadata-sagareo-vachroba
ნახ.5
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ქვეყანას გააჩნია საკმაოდ დიდი დეფიციტი და მისი დაფინანსების ერთადერთი წყარო ვალების აღებაა. 2012 წლის ბოლოს საქართველოს 13.4 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი ჰქონდა. აქ იგულისხმება მთავრობისა და კერძო სექტორის საგარეო ვალების ჯამი. 2019 წლის ბოლოს კი საგარეო ვალი 18.6 მილიარდი დოლარი იყო, 7 წელიწადში 5.2 მილიარდით გაიზარდა. მათ შორის, მთავრობის ვალი 1.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო კომპანიების – 400 მლნ დოლარით. 2 მილიარდით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალდებულებები და დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა დანარჩენი კერძო კომპანიების საგარეო ვალი.
საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომელიც მთავრობისა და ეროვნული ბანკის ვალებს მოიცავს, 2012 წლის ბოლოს 8.4 მილიარდი ლარი იყო, მშპ-ის მიმართ 30.8%. 2019 წლის ბოლოს კი 20.7 მილიარდი ლარი იყო, მშპ-ის მიმართ 42%. პანდემიის გამო ვალების ზრდის ტემპი გაიზარდა. 2020 წლის 10 თვეში საშინაო სახელმწიფო ვალი 1.7 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო საგარეო – 1.3 მილიარდი დოლარით. ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 58%-ს მიაღწია. [6] [7]
წყარო : : https://www.geostat.ge/
ნახ.6
დასკვნა
ამრიგად, ღია ეკონომიკას გააჩნია საკუთარი გამოწვევები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან. ზოგიერთი ადამიანი უარყოფითად არის განწყობილი ამ მოდელის მიმართ და უნდა ითქვას რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტებიც გააჩნიათ. თუმცა დღეს განვითარების ერთადერთი წყარო სწორედ აღნიშნული მოდელია და მას ალტერნატივა არ აქვს. ისტორიას არ ახსოვს ჩაკეტილი ეკონომიკა, რომელიც იძლეოდეს განვითარების საშუალებას ისე როგორც ამას ღია ეკონომიკის მოდელი ახერხებს, მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც ვნახეთ მას საკმაოდ ცუდი პოზიციები აქვს ამ მხრივ და არსებულ ვითარებას მსოფლიოში შექმნილი კრიზისი უფრო მეტად ამწვავებს, ამიტომ კარგი იქნება თუ გამოსწორდება არსებული სიტუაცია და ეს აისახება უმუშევრობის დონესა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე. ჩვენ გვაქვს აუთვისებელი რესურსები, რომელთა გამოყენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ეს კი მნიშვნელოვნად აფერხებს განვითარებას.
გამოყენებული ლიტერატურა
- „ეკონომიკის სახელმწფიო რეგულირება“ (ნ.ხადური, ნ.კაკულია , მ.ჩიქობავა)
- „ ეკონომიკური ზრდა“ ( ნ.კაკულია, მ.ჩიქობავა)
- „macroeconomics” (Olivier Blanchard)
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/112/metadata-sagareo-vachroba
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
- : https://www.geostat.ge/
- https://www.mof.ge/centraluri_xelisuflebis_vali