სასაქონლო ბირჟის ჩამოყალიბების პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები
ერეკლე უგრელიძე
საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა პოლიტიკურმა ძვრებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების შესაძლებლობა, რასაც უეჭველად უნდა მოჰყვეს ინვესტორთა მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის გაძლიერება და შესაბამისად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარება. ასეთ სიტუაციაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მზადყოფნისა და ინვესტორებისათვის ეფექტური და საიმედო მოქმედების არეალის შექმნას.
საქართველოში საბაზრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესი ბოლო 15 წლის განმავლობაში საკმაოდ წინააღმდეგობრივად წარიმართა. ერთი მხრივ, ქვეყანაში შეიქმნა კერძო სამეწარმეო სტრუქტურები, დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, ჩამოყალიბდა საბაზრო ეკონომიკისათვის საჭირო ინსტიტუტები, ხოლო მეორე მხრივ, ყოველივე ამას არ მოჰყოლია სათანადო საკანონმდებლო ბაზისა და ეფექტური მართვის სისტემის ჩამოყალიბება. შედეგად, მივიღეთ ნათესაურ-კლანური ეკონომიკა, რომელშიც წარმატების მიღწევა სამთავრობო კლანებთან გარიგების გარეშე, არა თუ უცხო ქვეყნის, არამედ ადგილობრივ ინვესტორებისა და მეწარმეებისთვისაც შეუძლებელი გახდა.
აღნიშნულ პირობებში, საბაზრო ინფრასტრუქტურის ინსტიტუტთა ნაწილმა შეძლო არსებობის შენარჩუნება, მაგრამ, ცხადია, დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია, ამის ნათელი მაგალითია ისეთი უნიკალური ორგანიზაცია, როგორიცაა საფონდო ბირჟა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ აბსოლუტურად სრულყოფილი და თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პირობებში, ამ ორგანიზაციის დღიური ბრუნვა 500-600 ლარს არ აღემატება, რის ძირითად მიზეზსაც ბაზარზე საინტერესო ფასიანი ქაღალდების არარსებობა წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საივესტიციო გარემოს შეცვლის შემთხვევაში, საფონდო ბირჟას მასთან არსებულ ინსტიტუტებთან ერთად ძალიან სწრაფად შეუძლია რეალიზება გაუკეთოს ინსტიტუციონალურ მზაობას და ამოქმედდეს მთელი დატვირთვით.
სამწუხაროდ, განსხვავებული მდგომარეობაა საქონელმიმოქცევის სფეროს ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით. საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინსტიტუტებისაგან განსხვავებით საქონელმიმოქცევის სფეროში ვერ მოხერხდა, არა თუ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტრუქტურების ჩამოყალიბება, არამედ საბაზრო ეკონომიკის გარიჟრაჟზე შექმნილი ინსტიტუტების შენარჩუნებაც კი. ეს მით უმეტეს დასანანია, რომ 10-12 წლის წინ საქართველოში 2 სასაქონლო ბირჟა ფუნქციონირებდა, კერძოდ, “კავკასიის ბირჟა” და “ღვინისა და ჩაის ბირჟა”. მართალია, ამ უკანასკნელმა რამოდენიმე საბირჟო ვაჭრობის ჩატარების შემდეგ, ფაქტობრივად, შეწყვიტა ფუნქციონირება, მაგრამ “კავკასიის ბირჟამ” საბირჟო ვაჭრობების ფორმების სრულყოფისა და მოცულობითი მასშტაბების თვალსაზრისით სერიოზულ წარმატებებს მიაღწია.
გამოცდილება, რომელიც დაგროვდა “კავკასიის ბირჟის” 1991-1994 წლებში ჩატარებული საბირჟო ვაჭრობების შედეგად, თვალნათლივ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში, როგორც საბირჟო შუამავლების კვალიფიკაციის, ასევე ორგანიზებული ვაჭრობის ტექნოლოგიების თვალსაზრისით, პრობლემა არ შექმნილა, მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოურ საზოგადოებაში რაიმე საბირჟო ვაჭრობის უნარ-ჩვევები არ არსებობდა. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან სწრაფად, საბროკერო საქმიანობისა და საბირჟო ოპერაციების საფუძვლები სულ ორიოდ თვეში შეითვისა. შედეგად, დაფუძნებიდან სამ თვეში ბირჟამ პირველი ვაჭრობების ჩატარება დაიწყო და ერთ წელიწადში გარიგებების რაოდენობითა და მოცულობით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბირჟად გადაიქცა.
კავკასიის ბირჟის მაგალითზე კარგად გამოჩნდა, თუ როგორ შეიძლება ბაზარზე შემზღუდავი ფაქტორების არარსებობის პირობებში ახლადჩამოყალიბებულმა ბირჟამ სულ რამდენიმე წელიწადში განვლოს ტრანსფორმაციის ის ეტაპები, რაც უბრალოდ კოლექტიური ვაჭრობის ადგილს ორგანიზებულ საბირჟო ბაზრად გადააქცევს. Fაქტიურად, საქმიანობის პირველივე წლის ბოლოს კავკასიის ბირჟაზე გაჩნდა ცივილიზებული ბირჟისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნები, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი:
1. ჩამოყალიბდა პროფესიონალ საბირჟო შუამავალთა ფენა საბროკერო კომპანიების სახით, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოცდილებასაც იძენენ და თანდათანობით სულ უფრო კვალიფიცირებული ბროკერებით ივსებოდნენ, რასაც უდაოდ ხელი შეუწყო ბირჟაზე დაფუძნებისთანავე ორი სასწავლო დაწესებულების – კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და საბირჟო სკოლის შექმნამ. ამასთან, საბროკერო კომპანიების საქმიანობის მასშტაბების ზრდამ ხელი შეუწყო მათ შორის სპეციალიზაციის გაძლიერებას, რასაც საბროკერო კომპანიების რიცხვის ზრდა მოჰყვა შედეგად და 1993 წლისათვის “კავკასიის ბირჟის” საბროკერო კომპანიათა რაოდენობამ ექვსასს გადააჭარბა, რამაც თავის მხრივ გაზარდა კონკურენციის ფაქტორი და საბირჟო ფასწარმოქმნის პროცესისა და ბაზრის ლიკვიდურობის სრულყოფას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, შეიქმნა თვითრეგულირების პირველი მაგალითები, როდესაც ბირჟის მართვასთან დაკავშირებული საკითხებისა და მასზე ოპერაციების განხორციელების ყველა წესებისა და პროცედურების განხილვა-დამტკიცება სწორედ საბროკერო კომპანიათა საერთო კრებაზე ხდებოდა, რაც ერთი მხრივ ხელს უწყობდა ამ წესებისა და პროცედურების მოხერხებულობას, ხოლო მეორე მხრივ ზრდიდა საბროკერო კომპანიათა პასუხისმგებლობას მათ მიერვე დამტკიცებული დოკუმენტებით განსაზღრული ვალდებულებების შესრულებაზე.
2. გაჩნდა მიწოდება-მოთხოვნის კონცენტრირების შესაძლებლობა “კავკასიის ბირჟის” საოპერიციო დარბაზში საბირჟო სესიის პერიოდში, რასაც თან მოჰყვა საზოგადოების ფართო ფენებისა და ეკონომიკური სტრუქტურებისათვის მაჩვენებელთა სისტემის ჩამოყალიბებისა და კორექტირებისათვის აუცილებელი ოპერატიული ინფორმაციის გაჩენა და მუდმივად განახლების შესაძლებლობა. საზოგადოებამ, ხელისუფლებამ და ინვესტორთა ფართო ფენებმა მიიღეს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სამომხმარებლო ფასების დინამიკისა და ინფლაციური პროცესების შესახებ.
3. ჩამოყალიბდა საბირჟო საქონლის ცნება და ამ ნიშნით მოხდა საბირჟო ბაზრის დაყოფა დამოუკიდებელ სექციებად. 1993 წლისათვის “კავკასიის ბირჟაზე” სასაქონლო ნიშნის მიხედვით, საბროკერო კომპანიათა სპეციალიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 4 სავაჭრო სექცია: ა) სამრეწველო საქონლის სექცია; ბ) სასურსათო საქონლის სექცია; გ) საფონდო სექცია; დ) სავალუტო სექცია. შეიძლება ითქვას, რომ “კავკასიის ბირჟის” ბაზაზე, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა 4 ბირჟა, თავისი განსხვავებული სავაჭრო წესებითა და პროცედურებით, სავაჭრო სესიების ჩატარების განსხვავებული დროით. უნდა აღინიშნოს, რომ სასაქონლო ნიშნის მიხედვით, ბირჟების სპეციალიზაცია აბსოლუტურად კანონზომიერი პროცესია და მსოფლიოს არც ერთი წამყვანი ბირჟა არ წარმოადგენს უნივერსალურს. “კავკასიის ბირჟის”ს ოთხ სექციად დაყოფა სწორედ ამ სპეციალიზაციის პროცესის დასაწყისს წარმოადგენდა.
4. ჩამოყალიბდა საბირჟო ოპერაციების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ინსტიტუტები. აქ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიგულისხმოთ საკლირინგო-საანგარიშსწორებო ბანკი, რომელმაც ბირჟის განვითარების პირველ ეტაპზე საანგარიშსწორებო პროცედურების გამარტივებისა და უნიფიცირების გზით უდიდესი როლი შეასრულა. საბროკერო კომპანიებსა და მათ კლიენტებს გაუჩნდათ დამატებითი მექანიზმი ფულადი სახსრების ლოკალური საანგარიშსწორებო ქსელის მეშვეობით გადარიცხვისა და იმ პერიოდში მიმდინარე ინფლაციის პროცესებისაგან მათი მაქსიმალურად დაცვისათვის. სამწუხაროდ, ძირითადად სუბიექტური მიზეზების გამო, ზემოაღნიშნული ბანკი წმინდა საბირჟო ბანკიდან თანდათანობით ჩვეულებრივ კომერციულ ბანკად გარდაიქმნა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია არა მხოლოდ მისი, არამედ მთლიანად ბირჟის ფუნქციონირების შეწყვეტა.
როგორც ზემოაღნიშნულიდან თვალნათლივ შეგვეძლო დაგვენახა, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ბირჟის ფუნქციონირების არც თუ ცუდი საფუძვლები არსებობდა მით უფრო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმ დროისათვის მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ყოველგვარი პირდაპირი ეკონომიკური კავშირურთიერთობანი ამ ქვეყნების სამეურნეო სუბიექტებს შორის, ფაქტიურად, შეწყვეტილი იყო და ასეთ პირობებში საქართველოში რეგიონული ბირჟის მეშვეობით ამ კავშირურთიეთობების განხორციელება მიზანშეწონილი აღმოჩნდებოდა, როგორც მათთვის, ასევე საქართველოსთვისაც. მიუხედავად ამისა, საქართველოში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა და ეკონომიკის მართვაში ადმინისტრირების მეთოდების მომძლავრებამ, ფაქტიურად, ფუჭად აქცია ყველა ზემოაღნიშნული დადებითი მომენტის მნიშვნელობა და საბოლოოდ, 21-ე საუკუნის დამდეგისათვის საქართველოში სასაქონლო ბირჟა საერთოდ არ არსებობდა, ხოლო სავალუტო და საფონდო ბირჟებზე ვაჭრობებმა ფორმალური ხასიათი მიიღო.
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ტერიტორიული მდებარეობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები კვლავაც შესაძლებელს ხდის ქვეყანაში სასაქონლო ბირჟის ჩამოყალიბებას. აღნიშნულ ფაქტორთაგან უმნიშნელოვანესს წარმოადგენს ტრანსკავკასიური დერეფნის მნიშვნელობის გაძლიერება და მასთან დაკავშირებული საყოველთაოდ ცნობილი პროექტების განხორციელება. ევროაზიული სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური მნიშვნელობა განუზომლად იზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი უსაფრთხოებითა და სტაბილურობით, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა წამყვანი პოლიტიკური სუბიექტია დაინტერესებული. სტაბილურ პოლიტიკურ გარემოში კი, ეკონომიკური სტრუქტურების განვითარება გაცილებით სწრაფად და ეფექტურად ხორციელდება, ვიდრე ცალკე აღებულ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.
ევრო-აზიური სატრანსპორტო დერეფნის ფაქტორის გამოყენებას აძლიერებს ის ფაქტორიც, რომ კავკასიის რეგიონში კვლავაც არ არსებობს რაიმე სასაქონლო ბირჟა და საქართველოში მისი შექმნის შემთხვევაში ძნელად სავარაუდოა, რომ მას არ მიეცეს რეგიონული სასაქონლო ბირჟის დატვირთვა. ამავე დროს, საქარველოზე გამავალი მილსადენების პრაქტიკულად ამოქმედება უცილობელად დააყენებს დღის წესრიგში ენერგო მატარებლების რეგიონული ბირჟის შექმნის შესაძლებლობას, ამდენად, სასაქონლო ბირჟის ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, მხოლოდ დააჩქარებს რეგიონში ორგანიზებული სასაქონლო ბაზრის ჩამოყალიბების პროცესს.
სასაქონლო ბირჟის საჭირო ინფრასტრუქტურაში უპირველეს ყოვლისა მოიაზრება სახელმწიფო რეგულირებისა და საბირჟო შუამავლების ინსტიტუტის არსებობა. ამ ინსტიტუტების ნაწილი განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობის მიერ, ჩვენის აზრით, შეიცავს ასევე ბევრ ნაკლსა და უზუსტობას. ასე, მაგალითად, სასაქონლო ბირჟების შესახებ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს ცალკე არსებულ მერეგულირებელ უწყებას, როგორც ამას ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემთხვევაში აქვს ადგილი.
ასეთი მარეგულირებელი უწყების გარეშე წარმოუდგენელია სასაქონლო ბირჟების არსებობა და მით უფრო მათი შემდგომი სრულფასოვანი განვითარება, რაშიც თვალნათლივ შეგვიძლია დავრწმუნდეთ გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში მოქმედი სასაქონლო ბირჟების საქმიანობასა და იმ პროცესების ანალიზისას, რომელთა გამო აღარ მოხერხდა სასაქონლო ბირჟების შემდგომი განვითარება და მათ, ფაქტიურად, შეწყვიტეს არსებობა ან გარდაიქმნენ სხვა სახის კომერციულ ორგანიზაციებად.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1991 წელს კანონმდებლობაში არ არსებობდა ბირჟების შესახებ კანონი, ამიტომ იმ დროისათვის დაფუძნებული ბირჟების უმრავლესობა იქმნებოდა, როგორც კომერციული ორგანიზაციები. დაფუძნების პერიოდში ისინი მაღალ დივიდენდებს ჰპირდებოდნენ მომავალ დამფუძნებლებს და ამის გამო შემდგომში მათ მთელი ძალისხმევა საბირჟო ვაჭრობის წესებისა და ფორმების სრულყოფის ნაცვლად მაღალი მოგების მიღებაზე გადაიტანეს, არადა იმ დროისათვის არსებული მდგომარეობა, მთელი რიგი ფაქტორების გამო სასაქონლო ბირჟებისაგან სწორედ საწინააღმდეგოს მოითხოვდა, ანუ ბირჟები ან გარდაქმნილიყვნენ არამომგებიან, უდივიდენდო ორგანიზაციებად და მთელი შემოსავალი წარემართათ საბირჟო ვაჭრობის მომსახურებაზე, ან კომერციული მოგების მიზნით უარი ეთქვათ საბირჟო საქმიანობაზე და გარდაქმნილიყვნენ სავაჭრო სახლებად, ან საინვესტიციო ინსტიტუტებად.
ბირჟების ეს ორიენტაციის გარკვევის პროცესი 1993 წლამდე გაგრძელდა და მხოლოდ “კავკასიის ბირჟამ” შეძლო გარდაქმნილიყო არამომგებიან ორგანიზაციად. დანარჩენი ბირჟებიდან, რომლებიც იმდროისათვის ასე თუ ისე მოქმედებდნენ საქართველოში ან გაუქმდნენ, ან ზოგიერთმა განაგრძო არსებობა, როგორც კომერციულმა საშუამავლო ფირმამ, სამწუხაროდ, სახელწოდება “ბირჟის” შეუცვლელად, რაც ჩვენგან განსხვავებით განვითარებულ ქვეყნებში კანონით აკრძალულია.
რაც შეეხება საქართველოს კანონს “სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ” აშკარად ნაჩქარევია და მოითხოვს სრულყოფას. Mმაგალითად, მე-12 მუხლი, სადაც ვკითხულობთ: “ბირჟის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს ბირჟის წევრთა საერთო კრება, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟისა და მისი წევრების უფლება-მოვალეობათა განხორციელებას”, რაც ჩვენი აზრით, ძალზე ზოგადია, იგი გაცილებით ვრცელი უნდა იყოს, სადაც უფრო კონკრეტულად იქნება მოცემული ის აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც ხელს შეუწყობდა სათანადო საკანონმდებლო ბაზისა და ეფექტური მართვის სისტემის ჩამოყალიბებას.
კიდევ უფრო მეტად საჭიროებს შემდგომ დახვეწას მე-17 მუხლი – “საბირჟო საქმიანობის რეგულირების” შესახებ: “საბირჟო საქმიანობასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებს, მათ შორის საბირჟო შუამავლების აკრედიტაციის წესს ადგენს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო”. მე-17 მუხლში ასევე არაფერია ნათქვამი სასაქონლო ბირჟის თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარებაზე, რომლის გარეშეც სასაქონლო ბირჟა ვერ გადალახავს საქმიანობისას წარმოქმნილ სიძნელეებს.
სასაქონლო ბირჟამ, რომელიც ჩამოყალიბებულია იურიდიულ პირად, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიძლება მოითხოვოს თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარება, როგორც ეს მოცემულია “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტში.
თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სახით, ბირჟის ჩამოყალიბებას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს მისი სწორად ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარებისათვის. თვითრეგულირების წესების საფუძველზე შექმნილი სავაჭრო და საკლირინგო საანგარიშსწორებო სისტემები ქმნის დადებული გარიგებების განსაკუთრებული გარანტიების სისტემას. ამგვარი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:
ა) წესების მომზადება თავისი წევრებისათვის და ამ წესების დაცვისა და შესრულების კონტროლი;
ბ) შინაგანაწესსა და წესებში ან წესდებაში მოცემული სანქციების გამოყენება თავისი წევრების მიმართ ორგანიზაციის წესდების დარღვევის შემთხვევაში;
ყველა წესი, რომელიც თვითრეგულირებადი წევრების მიერ არის მიღებული კოლექტიურად მათი დამრღვევებისათვის, ასევე კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე, უმკაცრეს სანქციებს ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ თვითრეგულირების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ინგლისში გაჩნდა, როდესაც ე. წ. “ნეგოციანტთა სასამართლოებმა” დაიწყეს სავაჭრო გილდიებში გაერთიანებულ წევრთა დავების განხილვა და ინგლისის სამეფო სასამართლო იძულებული გახდა შეგუებოდა ამ ფაქტს. საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობაც ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროშიც ქართული კანონმდებლობა, უკვე იცნობს საკმაოდ დახვეწილ თვითრეგულირების მოთხოვნებსა და მოქმედ პრაქტიკას. დღეისათვის უკვე არსებობს ორი თვითრეგულირებადი ორგანიზაცია, რომელთა წევრების მიერ მიღებულია არა მარტო საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, არამედ კოლექტიური პასუხისმგებლობის გამომხატველი ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: “ეთიკის კოდექსი”, “საარბიტრაჟო წესები”, “ეთიკის ნორმათა დარღვევის საპროცესო კოდექსი” და სხვა.
მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საბირჟო ვაჭრობის პროცედურებთან დაკავშირებული ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ცხადია, საბროკერო კომპანიები სხვადასხვა სასაქონლო ბაზარზე რისკებისაგან თავის დასაზღვევად დაინტერესებულნი იქნებიან არა მხოლოდ სავაჭრო ტექნოლოგიების, არამედ კლირინგისა და ანგარიშსწორების საიმედო პროცედურების არსებობაში. შესაბამისად, ჩვენის აზრით, რეალური პერსპექტივა მხოლოდ სასაქონლო კონტრაქტებით საბირჟო ვაჭრობას გააჩნია.
სასაქონლო კონტრაქტებით ვაჭრობის დაწყებისათვის ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. ლიკვიდურ საქონლად, ჩვენი აზრით, დღეს შეიძლება მოვიაზროთ ის სატრანზიტო ტვირთები, ძირითადად ნავთობპროდუქტებზე, მარცვლეულზე, შაქარზე და მსგავს სასაქონლო ჯგუფებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ან ადგილობრივი მოხმარებისათვის არის განკუთვნილი, ან სატრანზიტო დანიშნულება გააჩნია. აღნიშნული გარემოება ერთის მხრივ ართულებს სასაქონლო კონტრაქტებით საბირჟო ვაჭრობის ორგანიზებას, ხოლო მეორეს მხრივ კარგად ორგანიზებული სასაქონლო ტერმინალების არსებობის პირობებში ქმნის სასაქონლო კონტრაქტების ცენტრალიზებული სისტემის შექმნის საუკეთესო პირობებს.
ჩვენის აზრით, საქართველოში სასაწყობო და სატერმინალო მეურნეობის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად, ორგანიზების პირობებში, შესაძლებელია თანდათანობით ე.წ. სასაქონლო დეპოზიტარების ინსტიტუტის ჩამოყალიბება. სასაქონლო დეპოზიტარების მიერ ამა თუ იმ საქონლის კონკრეტულ რაოდენობასა და ხარისხზე გაცემული დეპოზიტური ხელწერილები თავისი არსით, ფაქტობრივად, წარმოადგენს სასაქონლო კონტრაქტს და რეალურად შესაძლებელია მაღალლიკვიდურ სავაჭრო ინსტრუმენტად გადაიქცეს. ამასთან სასაქონლო დეპოზიტარების მიერ გაცემულ დეპოზიტურ ხელწერილებზე სავსებით შესაძლებელია წარმოებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის საყოველთაოდ ცნობილი მექანიზმების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სასაქონლო საბირჟო ბაზრის, არამედ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასაც. ხშირად ამ ორი ბაზრის სინქრონული განვითარება ორივე მათგანისათვის სერიოზული წარმატების საფუძველი ხდება.