მსოფლიო მალე ნავთობის გარეშე დარჩება
მოამზადა მარი წიკლაურმა
მსოფლიო მალე ნავთობის გარეშე დარჩება ჯერ კიდევ 1998 წლის მარტში ჟურნალ “საინტიფიკ ამერიკენ”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დოქტორები – კოლინ კემპბელი და ჯინ ლახარერე წერდნენ: “- ნავთობის მარაგი მსოფლიოში ჯერ არ ამოიწურება, ყოველი შემთხვევისათვის, ეს ახლო მომავალში არ მოხდება. კაცობრიობა წააწყდა იაფფასიანი ნავთობის ამოწურვის პრობლემას, რომელზეც ყველა განვითარებული ქვეყანაა დამოკიდებული”.
მათი განცხადებით, კაცობრიობას საერთო ჯამში, დაახლოებით 1 ტრილიონი ბარელი ნავთობის წარმოება შეუძლია, თუმცა ამერიკულმა გეოლოგიურმა საზოგადოებამ 2000 წელს სხვა ციფრი (3 ტრილიონი) ბარელი დაასახელა.
დღეს მსოფლიო დღეში დაახლოებით 75 მლნ ბარელს აწარმოებს.
კონსერვატიული (პესიმისტურად განწყობილი) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყველა შესაძლებელი წყაროდან ნავთობის მოპოვების პიკი 2015 წელზე მოვა და დღეში 90 მლნ ბარელს მიაღწევს. ეს პროგნოზი ნავთობის მომხმარებლის მოთხოვნის საკმაოდ ზომიერ ზრდას ითვალისწინებს.
კემპბელის და ლახერერეს პროგნოზით, ნავთობის მოხმარების ეს დონე დაახლოებით 30 წელი შენარჩუნდება და სერიოზული ცვლილებები მხოლოდ 2030 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი იქნება. საკმარისია იმის თქმაც, რომ მსოფლიოში ტრანსპორტის 90% დამოკიდებულია ნავთობზე.
უკიდურესად პესიმისტურად განწყობილი ექსპერტები მოგვიწოდებენ, ახლავე ვთქვათ უარი ნავთობის ტრანსპორტისათვის გამოყენებაზე და ამ ნედლეულის სხვა, შედარებით სერიოზული მიზნებისათვის დატოვებას გვირჩევენ. საქმე იმაშია, რომ იმ წვრილმანების უმრავლესობა: ავეჯი, მედიკამენტები, კავშირგაბმულობის საშუალებებიც კი, რომელთა გარეშე დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია, მზადდება ქიმიასა და პლასტიკატზე, ანუ ნავთობის გარეშე მათი წარმოება წარმოუდგენელია.
2003 წლის მაისში ნავთობისა და გაზის მარაგის შემცირების შემსწავლელი ასოციაციამ (Aspo), რომელიც კოლინ კემპბელის მიერ არის დაფუძნებული, პარიზში კონფერენცია ჩაატარა. ამ კონფერენციაზე გამოსულ მომხსენებელთა შორის იყო ცნობილი ბანკირი, მეტიუ სიმონსი, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი.
“- ნებისმიერი სერიოზული ანალიზი დღეს მოწმობს, რომ ნავთობი დსთ-ისა და ოპეკ-ის ფარგლებს გარეთ აშკარად იწურება და მისი მოპოვების პიკი, როგორც ჩანს, წარსულში დარჩა. ჩემი აზრით, იმ დღის ზუსტი გამოთვლა, როდესაც ნავთობის მარაგი ამოიწურება, შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ ამას თვალნათლივ არ დავინახავთ. და ეს აუცილებლად მოხდება, თანაც საკმაოდ მალე, შესაძლებელია სულ რამდენიმე წელიწადშიც კი. იმ შემთხვევაში თუ მე მართალი აღმოვჩნდი, – აგრძელებს სიმონსი, – ამ ფაქტის შედეგები შეიძლება ძალზე მოულოდნელი და შემზარავი აღმოჩნდეს”.
თუ მსოფლიო ნავთობის მარაგი ამოიწურება, მსოფლიო სრულიად შეიცვლება. ჯერჯერობით არ არსებობს ენერგეტიკული პრობლემის გადაწყვეტის არც ერთი მისაღები გეგმა, რომელიც ნავთობიდან გაზზე და საწვავის სხვა ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის პროცესის გადატანის საშუალებას მოგვცემდა. ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც დღეს გაგვაჩნია, ჩვენი ეკონომიკების შემცირებაა”.
Aspo-ს მიაჩნია, რომ საკვანძო თარიღად მიჩნეული უნდა იყოს არა ის დღე, როდესაც ნავთობის მარაგი სავსებით იქნება ამოწურული, არამედ დრო, როდესაც მისი მოპოვება პიკს მიაღწევს, ანუ დაახლოებით 2010 წელი.
ფუნდამენტალური ცვლილებები კატასტროფული სისწრაფით ახლოვდება და, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის გარკვეული რაოდენობა მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს, უმჯობესი იქნება ის ჯერჯერობით ხელშეუხებელი დარჩეს.
გარდა ამისა, მეცნიერები ადამიანის მოღვაწეობის შედეგად ატმოსფეროში მოხვედრილი სასათბურო აირებისა და ნახშირმჟავების რაოდენობის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ. კლიმატური პირობების მკვეთრი შეცვლის თავიდან ასაცილებლად, მიმდინარე საუკუნის 50-60 წლებისთვის მათი რაოდენობა სულ მცირე 60%-ით უნდა შემცირდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნავთობის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდება და შესაბამისად, მისი მოპოვების დონე არ გაიზრდება. არსებობს ენერგიის სხვა წყაროებიც. მათი უმრავლესობა სწრაფად იაფდება და უახლოეს მომავალში მოხერხებულობით თუ არა, ნავთობს ღირებულებით მაინც გაუწევს რეალურ კონკურენციას ნავთობს.
ამგვარად, არსებობს ძალზე სერიოზული პრობლემა, რომლის გადასაწყვეტად აუცილებელია დავგეგმოთ ჩვენი “პოსტნავთობური” მომავალი. ჩვენი წინაპრები ნავთობის გარეშე ცხოვრობდნენ და ამის გამო თავს უხერხულად სულაც არ გრძნობდნენ. ალბათ, მალე ჩვენც მოგვიწევს ასე ცხოვრება, ასე რომ, საჭიროა, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადასვლის პროცესი რბილი და უმტკივნეულო და პრობლემის მოგვარება დღეიდანვე დავიწყოთ.