საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიზისი და ახალი პრეზიდენტი
რედაქციისაგან
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალ პრეზიდენტად წარმოშობით ებრაელი, 58 წლის საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი დომენიკ შტრაუს-კანი აირჩია. საფრანგეთში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტობის შეთავაზებით ნიკოლას სარკოზიმ მთავარი მეტოქე ჩამოიშორა. დომენიკ შტრაუს-კანი წარმატებული ფინანსთა მინისტრი იყო, მაგრამ მან პოსტი ფინანსური სკანდალების შემდეგ დატოვა. მას ბრალად სდებდნენ კორპორატიული ფონდებიდან ქრთამის აღებას და დაზღვევასთან დაკავშირებულ თაღლითობებს. ის საფრანგეთის ექსტრაორდინალურ ვიდეო-ფილმ “მბოლავ იარაღშიც” გამოჩნდა, სადაც ჩამოთვლილი იყო, თუ როგორ იღებდნენ პარიზელი პოლიტიკოსები ქრთამებს ჟაკ შირაკის პარიზის მერად მოღვაწეობის დროს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდს 185 წევრი ქვეყანა ჰყავს, ახალმა პრეზიდენტმა ორგანიზაციის ახალი კურსი უნდა შეარჩიოს და ბოლო ხანებში მსოფლიოში მისი დაკნინებული ავტორიტეტი აღიდგინოს, ანუ დაამტკიცოს ამ ფონდის აუცილებლობა.
ახალი პრეზიდენტის არჩევა ხმის მიცემით არ მომხდარა, ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის 24-მა აღმასრულებელმა დირექტორმა შეთანხმების საფუძველზე აირჩია.
1990-იან წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ლათინური ამერიკის, რუსეთისა და აზიის ბაზრების ფიასკოს შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციაში ლომის წვლილი შეიტანა. ფონდის ინტერვეციონალიზმის შესახებ კრიტიკოსების საუბრების მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალური ფინანსური სისტემის მეურვის სახელით მოინათლა.
XXI საუკუნის დასაწყისში ფონდს კრიზისული ხანა დაუდგა – მას იდენტობის შენარჩუნება უჭირს. 90-იან წლებში “გადარჩენილი” ქვეყნების უმეტესობას ვალები გადახდილი აქვს, ამიტომ ორგანიზაციამ საოპერაციო შემოსავლები დაკარგა და დეფიციტს განიცდის. ფონდმა მასში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა და ხელფასები უნდა შეამციროს. გამორიცხული არც ოქროს რეზერვების გაყიდვაა.
ეროვნებით ესპანელის, ფონდის ყოფილი პრეზიდენტის როდრიგო დე რატოს შეცვლა ფრანგი დომენიკ შტრაუს-კანით რთულ დროს დაემთხვა, ბუშის ადმინისტრაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდს მართვის სტილის გადახედვას ურჩევს.
კრიზისს თან სდევს კითხვა – კიდევ შეუძლია თუ არა ვალუტის გაცვლითი კურსების ფიქსირებულ ერაში, 1940 წელს ჩამოყალიბებულ ინსტიტუტს ახალ დროში რაიმე როლის შესრულება, როდესაც ქვეყნების საზღვრებს ყოველდღიურად ტრილიონობით დოლარი კვეთს? ქვეყნები მისგან ფულს ადრინდელივით ხშირად აღარ სესხულობენ, ისეთ ახალ ბაზრებს, როგორებიცაა ჩინეთი და ბრაზილია ფონდის ფული აღარ სჭირდებათ. ფონდი მხოლოდ 300 მლრდ დოლარიანი რეზერვისა და საკრედიტო ხაზების ამარად დარჩა. ექსპერტები და ახალი პრეზიდენტი აცხადებენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრიორიტეტები ქვეყნებში მოსალოდნელი კრიზისების წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება, გლობალური ეკონომიკის მონიტორინგი და ტექნიკური დახმარებების გაწევა უნდა გახდეს.
ფონდის მთავარი პრობლემა ფინანსებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბიუჯეტი მსოფლიოში დასაქმებული 4 000 თანამშრომლის ხელფასებსა და სხვა დახმარებებს ვერ გასწვდება, ფონდის რეზერვში 70 მლრდ დოლარის ღირებულების 103 მლნ უნცია ოქროა. მისი გაყიდვაც პრობლემური საკითხია, რადგან დონორი ქვეყნები რეზერვში არსებულ ოქროს მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტს ევროპის ლიდერი ძალაუფლებები ირჩევენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ ფონდის პრეზიდენტობის კანდიდატად დომენიკ შტრაუს-კანი დაასახელა, მისი განცხადების სისრულეში მოყვანა გარდაუვალი იყო.
კიდევ ერთ დაბრკოლებას 90-იან წლებში გადარჩენილი ლათინური ამერიკა და აზია ქმნიან. ისინი ახლა წარმატებული ექსპორტიორები არიან და უზარმაზარ რეზერვებს ფლობენ, ამიტომ მითითებული საქმეების კეთება არ სჭირდებათ და აღარც სურთ.
ფონდის წევრი განვითარებადი ქვეყნები ემოციებს თოკავენ. მათ ფონდი აშშ-ის და სხვა მდიდარი ქვეყნების თანხლებით ბიუჯეტების შემცირებასა, ასევე სხვა ფინანსურ შეკვეცებს სთხოვს. რუსეთმა ფონდის პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იოსებ ტასოვსკი დაასახელა. რუსეთის მიერ დასახელებული კანდიდატი აცხადებდა, რომ ფონდში ბევრ სიახლეს შეიტანდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდში რუსეთის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ის რუსეთის გადაწყვეტილებით ამაყობდა, რადგან ფონდი ცოცხალ-მკვდარია და მისი მიდგომა: “თქვენ ჩვენი ფული გჭირდებათ, ხოლო მითითებებს ჩვენ მოგცემთ”, წარსულს ჩაბარდა.
გასულ წელს ლათინური ამერიკის მხარდაჭერით ფონდმა ჩინეთს, სამხრეთ კორეას, თურქეთსა და მექსიკას ფონდში წარმომადგენელთა რაოდენობა გაუზარდა, რაც გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, განიხილება სხვა ახალი ბაზრების წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდის საკითხებიც. ბუშის ადმინისტრაცია შიშობს, რომ მსგავსი დათმობების გარეშე ქვეყნები საერთაშორისო სავალუტო ფონდს თანამშრომლობაზე უარს ეტყვიან. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფონდს ქვეყნების სავაჭრო პარტნიორების მიერ ვალუტით მანიპულირების კონტროლს სთხოვს, ეს განსაკუთრებით ჩინეთს ეხება. როდრიგო დე რატომ ჩინეთს ვალუტით მანიპულირების დასრულებისკენ, ევროპას ეკონომიკის დერეგულაციისკენ, ხოლო ამერიკას კი ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ მოუწოდა.