გერმანიის საქმიანი კლიმატი უმჯობესდება

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ და ვისბადენის ეროვნულმა სტატისტიკურმა უწყებამ პოზიტიური მაკროეკონომიკური სტატისტიკის მთელი ბლოკი გამოაქვეყნეს, რამაც მთლიანად ქვეყანის მოსახლეობასა და ბიზნესის წამომადგენლებს განწყობა გაუუმჯობესა. ექსპორტის ზრდისა და სამრეწველო წარმოების ზრდის დაჩქარების მონაცემებმა, შემდეგ კი 2013 წლის I კვარტალში მშპ-ის ზრდის დადასტურებამ, სამართლიანად იმოქმედა გერმანელების განწყობის ამაღლებაზე. მართალია, გერმანიის ეკონომიკამ შეძლო მხოლოდ მინიმალური ზრდა დაეფიქსირებინა (0,1%) გასული წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მან შეძლო რეცესიას გაქცეოდა, ქვეყანაში ჩვეული აქტივობის, სტაბილური აღდგენის იმედის ნაპერწკალი აღმოჩნდა.

გერმანიის მოქალაქეებში ოპტიმიზმის აშკარა ზრდამაც არ დააყოვნა. როგორც ნიურნბერგის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის, GFK-ის კვლევებმა აჩვენა, სამომხმარებლო ნდობის ინდიკატორმა (GFK Confidence Survey) ივნისში, წლის დასაწყისიდან პირველად აჩვენა ზრდა _ წინა თვის 6,2 პუნქტიდან 6,5 პუნქტამდე გაიზარდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2007 წლის სექტემბრის შემდეგ.

გერმანიის მოსახლეობის ოპტიმისტური განწყობის ზრდაში თავის წვლილი შეიტანა იმ ფაქტმა, რომ შრომის ბაზარი ძველებურად ძლიერია. ამიტომაც, გერმანელებს არ ეშინიათ ხვალინდელი დღის და დაუნანებლად ხარჯავენ ფულს. მშპ-ის დეტალური შემადგენლობის თანახმად, ნათელია, რომ პირადი მოხმარების ზრდა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საკმაოდ შთამბეჭდავია _ 0,8%. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მოხმარების ასეთი ზრდა, სხვა მიზეზებთან ერთად, სააღდგომო დღესასწაულებითაც არის გამოწვეული. საინტერესოა, შენარჩუნდება თუ არა შიდა მოთხოვნა თუკი შრომის ანაზღაურების ზრდა არ მოხდება, რაც მოსალოდნელია და რამდენად იქონიებს მასზე გავლენას წინასაარჩევნო კამპანიის პეიორდში სახელმწიფო ხარჯების ზრდა.

ნათელია, რომ გერმანიის ბიზნესმენებს ამაზე უარყოფითი პასუხი აქვთ. სხვა შემთხვევაში, რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით საერთო ოპტიმისტური განწყობა არ ვრცელდება მოლოდინებზე. IFO-ს ბოლო კვლევების თანახმად საქმიან აქტივობასთან დაკავშრებით, ირკვევა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოპტიმიზმმა პირველად იფეთქა. საქმიანი აქტივობის მაჩვენებელი (IFO Business Climate) აპრილის 104,4 პუნქტიდან მაისის 105,7 პუნქტამდე გაიზარდა. ამასთან, მიმდინარე მომენტში ბიზნესის შეფასების მაჩვენებელი (IFO Current Assessment) გასული თვის 107,3 პუქნტიდან მაისის 110,0 პუნქტამდე გაიზარდა. თუმცა, როგორც გერმანული კომპანიების 7000 ტოპ-მენეჯერის გამოკითხვამ აჩვენა, უახლესი მომავლის მიმართ საქმიანი ადამიანების დამოკიდებულება არ შეცვლილა (IFO Expectations) და გასული თვის ნიშნულზე დარჩა (101,6 პუნქტი).

გერმანიის საქმიან წრეებში არსებული შეშფოთება, ბუნებრივია, უკავშირდება ექსპორტის შემცირებას, რომელიც ჯერ ისევ გრძელდება და სუსტ შიდა მოთხოვნას. როგორც მშპ-ის სტატისტიკამ აჩვენა, I კვარტალში ექსპორტის მოცულობა 1,8%-ით შეცირდა წინა კვარტლის 2,4%-იანი ვარდნის შემდეგ, ხოლო შიდა მოთხოვნის მოცულობა დარჩა წინა წლის ბოლო კვარტლის დონეზე. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ გერმანელ მრეწველებსა და ბიზნესმენებს წარმოების ზრდის არანაირი სურვილი არ აქვთ. მცირდება ასევე კაპიტალდაბანდებები _ მან 2012 წლის IV კვარტლის 1,1%-ით შემცირების შემდეგ დაიკლო 1,5%-ით. სამჯერ დაჩქარდა მშენებლობაში ინვესტირების მოცულობის შემცირება – 0,7%-დან – გასული წლის ბოლო კვარტალი – 2,1%-მდე.

2
და მაინც, ჯერჯერობით ადრეა გერმანიის ეკონომიკასთან დაკავშირებით იმედის გადაწურვა, ის ისევ დრაივერია ევროპაში და თან თანდათანობითYძალას იკრებს. ჯერ ისე არა, როგორც გერმანელები ისურვებდნენ, მაგრამ საქმიან წრეებში განწყობა გაუმჯობესდა და ეს იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა გაძლიერდება.

იფიციალური ბერლინი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. Bუნდესბანკ-ის ბოლო პროგნოზის თანახმად, გერმანიის მშპ-ს აქვს უნარი 0,4%-ით მოიმატოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია – უწყების ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიმდინარე წლის შედეგებით გერმანიის ეკონომიკა 0,6%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს, მათი მოლოდინია 0,5% მიმდინარე წელს, ხოლო 2014 წლისთვის – 1%.