ეკონომიკური ზრდის შეფასების საკითხისათვის
ზურაბ ალავიძე
ეკონომიკური ზრდა გულისხმობს ეროვნული წარმოების რეალური მოცულობის გრძელვადიან ცვლილებას, რომელიც დაკავშირებულია მწარმოებლური ძალების განვითარებასთან დროის გრძელვადიან პერიოდში [5, გვ. 438]. ეკონომიკური ზრდის აუცილებლობა განპირობებულია სამომხმარებლო სიკეთეზე საზოგადოების მოთხოვნილების მუდმივი ამაღლებით.
ეკონომიკური მოთხოვნილებების განვითარებას, მათ რაოდენობრივ ცვლილებასა და ხარისხობრივ განახლებას უსაზღვრო ხასიათი გააჩნია: წარმოების განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი იწვევს ახალი მოთხოვნილებების წარმოშობას. აღნიშნული ტენდენცია წინააღმდეგობაშია ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდულობასთან, რაც განპირობებულია რესურსების შეზღუდულობით. ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება აღნიშნული წინააღმდეგობის შერბილებაში. ეკონომიკური ზრდისას, შრომის ოპტიმალური დანაწილების, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უახლესი მიღწევების გამოყენებისა და წარმოების პროცესის მუდმივი განახლების პირობებში შესაძლებელია შეზღუდული რესურსების რაციონალური გამოყენება, პროდუქციის გამოშვების რეალური მოცულობის გადიდება და საზოგადოების მზარდი ეკონომიკური მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილება.
წარმოების კაპიტალისტურმა წესმა ერთმანეთს დაუკავშირა და ურთიერთგაპირობებული გახადა კაპიტალის მესაკუთრეებისა და დაქირავებული მუშაკების ეკონომიკური ინტერესები, რითაც სათანადო პირობები შექმნა, როგორც წარმოების ზრდის დაჩქარებისათვის, აგრეთვე მზარდი ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის.
ძირითადი კაპიტალის მესაკუთრეთათვის, წარმოების მოცულობის გადიდება და წარმოების დანახარჯების შემცირება, რაც ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ ზრდაში პოულობს ასახვას, წარმოადგენს წმინდა მოგების ზრდისა და სიმდიდრის დაგროვების ძირითად საშუალებას [7, გვ 8]. ამიტომ, მოგების გადიდებით მეწარმეთა დაინტერესება გაფართოებული კვლავწარმოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური ზრდის წამქეზებელი მოტივია. მეტი მოგების მიღების მიზნით მეწარმეები ინვესტიციურ პროექტებს ახორციელებენ, წარმოებაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უახლოეს მიღწევებს, შრომისა და წარმოების ორგანიზაციის თანამედროვე მეთოდებს ნერგავენ. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, მკაცრი საბაზრო კონკურენციის პირობებში კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მოგების გადიდების აუცილებელი პირობაა.
ეკონომიკური ზრდა, დაქირავებული მუშაკების ინტერესებშიც შედის, ვინაიდან მათი შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდის ძირითად წყაროს პროდუქციის გამოშვების გადიდება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხელფასის ამაღლება წარმოადგენს. ამიტომ,&ლსქუო;დაქირავებული მუშაკი დაინტერესებულია მწარმოებლური შრომით, საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებითა და დანაზოგის შექმნით.
დღეისათვის, ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში წინა პლანზე ეკონომიკური განვითარების პრობლემა და ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით ეკონომიკური განვითარების პრიმატის აღიარება გამოდის [2, გვ.42].
“საზოგადოების ეკონომიკური განვითარება მრავალსახოვან პროცესს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკაში სტრუქტურულ ცვლილებებს, მოსახლეობის ცხოვრების პირობებისა და ხარისხის სრულყოფას” მოიცავს [4, გვ.399]. ჩვენი აზრით, ეკონომიკური განვითარების განმარტებაში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ეკონომიკური საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილება და სიღარიბის დონის შემცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება ეკონომიკური საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილების, მათი ამაღლებისა და სრულყოფის გრძელვადიანი პროცესია, რომელიც წარმოების ეფექტურობის ამაღლებასა და ეკონომიკურ ზრდას, ინსტიტუციურ და სტრუქტურულ ცვლილებებს, სიღარიბის დონის შემცირებასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოიცავს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეკონომიკური განვითარების ცალკეული მახასიათებლის ამაღლების ან სრულყოფის, ან პირიქით, რომელიმე მათგანის დაცემის ან გაუარესების მიხედვით, შეუძლებელია ეკონომიკური განვითარების ერთმნიშვნელოვანი შეფასება, ვინაიდან ერთი მახასიათებლის სრულყოფის პროცესი შეიძლება სხვების გაუარესებას დაემთხვეს. მაგალითად, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, 90-იან წლებში განხორციელებული ინსტიტუციურ-სტრუქტურული ცვლილებებისა და ლიბერალიზაციის პროცესები მიანიშნებენ ეკონომიკური განვითარების პროცესზე. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციისკენ მიმართულმა რეფორმებმა წარმოების მკვეთრი დაცემა, უმუშევრობის ზრდა, ინფლაცია, სიღარიბის დონის ამაღლება და მოსახლეობის ცხოვრების პირობების არსებითი გაუარესება გამოიწვია, ე.ი. პოსტსოციალისტური ქვეყნებში აღინიშნება “ეკონომიკური განვითარება ეკონომიკური ზრდის გარეშე”, სიღარიბის დონის ამაღლებისა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესების ვითარებაში. ამიტომ, ეკონომიკური განვითარების შეფასება აუცილებელია მისი ცალკეული მახასიათებლების კომპლექსური შეფასების საფუძველზე გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით.
ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური განვითარების შემადგენელი ნაწილია. ამასთან, “ეფექტური ეკონომიკური ზრდა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საშუალებაა. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაც, თავის მხრივ ეკონომიკური ზრდის ტემპებს და წარმოების ეფექტურობას განსაზღვრავს” [7, გვ.20].
მსოფლიო ბანკის 1991 წლის მოხსენების თანახმად: “განვითარების მიზანს წარმოადგენს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რაც განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს შემოსავლების გადიდებას, მაგრამ არა მხოლოდ ამას, ის აგრეთვე მოიცავს საუკეთესო განათლებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაცვას, სიღარიბის მასშტაბების შემცირებას, გარემომცველი გარემოს გაჯანსაღებას, შესაძლებლობების გათანაბრებას, პიროვნული თავისუფლების გაფართოებასა და უფრო ინტენსიურ კულტურულ ცხოვრებას” [11, გვ.4]. მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება დაკავშირებულია მოსახლეობის შემოსავლების ზრდასთან, რომლის მატერიალურ საფუძველსაც წარმოადგენს ეკონომიკური ზრდა, მისი მაღალი ტემპის უზრუნველყოფა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რაც გამოიხატება მთლიანი შიგა პროდუქტის რეალური მოცულობის ზრდაში, ყოველთვის არ მიუთითებს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად გამოდგება ყოფილი სსრკ, სადაც იწარმოებოდა მრავალი დასახელების უხარისხო და დაბალი სამომხმარებლო თვისებების მქონე პროდუქცია, რომელზეც მოსახლეობის ფართო ფენების მხრიდან ადეკვატური მოთხოვნა არ არსებობდა. სამომხმარებლოსთან შედარებით, საწარმოო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისათვის უპირატესობის მინიჭებამ, თავის მხრივ სამომხმარებლო დანიშნულების პროდუქციის მოცულობის შემცირება და მისი ხარისხის გაუარესება გამოიწვია. უარყოფითი როლი ითამაშა აგრეთვე სახალხო მეურნეობის მილიტარიზაციამ. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, “ყოფილ სსრკ-ში, რიგ დარგებში, ერთ სულ მოსახლეზე პროდუქციის გამოშვების მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლის მიუხედავად, მოსახლეობის კეთილდღეობის მნიშვნელოვნად დაბალი დონე” აღინიშნებოდა [3, გვ.33].
ამრიგად, საზოგადოებრივი ღირებულება გააჩნია ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ეკონომიკური მოთხოვნილებების უფრო მაღალ დონეზე დაკმაყოფილებას და მომავალი თაობების განვითარებისათვის მატერიალური ბაზის ფორმირებას.
ეკონომიკური ზრდის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალების დახასიათებისას საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ქვეყნის ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. მხოლოდ გრძელვადიანი, მყარი ეკონომიკური ზრდის პირობებშია შესაძლებელი იმ ფინანსური და მატერიალური რესურსების ფორმირება, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის მდგრად, უსაფრთხო განვითარებასა და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.
ამგვარად, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, ანუ მშპ-ის რეალური მოცულობის გრძელვადიანი გადიდება, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების, სიღარიბის შემცირების, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების, მოსახლეობის სოციალური დაცვის, ეროვნული სიმდიდრის ზრდისა და მომავალი თაობების ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებელი მატერიალური ბაზის ფორმირების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა.
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემები განსაკუთრებულ აქტუალობას გარდამავალ ეკონომიკაში იძენს, სადაც აღინიშნება სათანადო ფინანსური და მატერიალური რესურსების უკმარისობა. ამიტომ, პოსტსოციალისტურ ქვეყნებში “მხოლოდ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უნარის მქონე ეკონომიკური სისტემის შექმნითაა შესაძლებელი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევა, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფორმირება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება”. [3,გვ.31]
ეროვნული მეურნეობის, მისი წამყვანი დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური ზრდის ეფექტურობას უნდა მიაქციონ.
ეკონომიკური ზრდის ეფექტურობა გულისხმობს:
– სამამულო, რეგიონულ და მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალხარისხოვანი პროდუქციის გამოშვებას;
– მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უახლესი მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების წარმოებაში დანერგვას და ამის საფუძველზე მშპ-ის განსაზღვრული მოცულობის წარმოებისათვის და მისი ზრდის უზრუნველყოფისათვის საჭირო რესურსების მინიმალურ დონემდე შემცირებას, ანუ საწარმოო რესურსების გამოყენებიდან უკუგების გადიდებას;
– ქვეყნის რეგიონებსა და დარგებს შორის შეზღუდული საწარმოო რესურსების ეფექტურ განაწილებას.
ეკონომიკური ზრდის ეფექტურობასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია “ეკონომიკური ზრდის ხარისხს”. ერთი შეხედვით, “ეკონომიკური ზრდის ხარისხი” შეიძლება “ეკონომიკური განვითარების” იდენტურად ჩაითვალოს, თუმცა მათ შორის არსებობს განსხვავება. ეკონომიკური განვითარება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასთან და სიღარიბის დონის შემცირებასთან ერთად, მოიცავს ეკონომიკურ ზრდას, ინსტიტუციურ და სტრუქტურულ ცვლილებებს. ამისგან განსხვავებით, ეკონომიკური ზრდის ხარისხი დაკავშირებულია, მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სოციალური ორიენტაციის გაძლიერებასთან.
ეკონომიკური ზრდის ხარისხის ძირითადი მახასიათებლებია [5,გვ442]:
– მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება;
– თავისუფალი დროის გადიდება, რაც პიროვნების ჰარმონიული განვითარების საფუძველია;
– სოციალური ინფრასტრუქტურის დარგების განვითარების დონის ამაღლება;
– ინვესტიციების ზრდა ადამიანურ კაპიტალში;
– ადამიანების შრომისა და ცხოვრების პირობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
– უმუშევართა და შრომისუუნაროთა სოციალური დაცვა;
– შრომის ბაზარზე მიწოდების მზარდი მოცულობის პირობებში სრული დასაქმების შენარჩუნება.
ეკონომიკური ზრდის შედეგების შეფასების სიზუსტე და უტყუარობა, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული რეალური ვითარების დადგენა დაკავშირებულია ეკონომიკური ზრდის შეფასებისათვის გამოყენებულ საშუალებებზე.
ეკონომიკური ზრდა შეიძლება გაიზომოს, როგორც ფიზიკურ, აგრეთვე ღირებულებით გამოხატულებაში. პირველი მეთოდი გამორიცხავს ინფლაციის ფაქტორს. ამიტომ, უფრო საიმედოა, თუმცა მისი გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის ტემპის გაანგარიშებისას ძნელია სხვადასხვა დასახელების პროდუქციის შეფასებისთვის საერთო, განმაზოგადებელი მაჩვენებლის დადგენა, რის გამოც, ძირითადად გამოიყენება მეორე საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ინფლაციასთან დაკავშირებული დამახინჯებისაგან დაზღვეული არ არის.
ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში გავრცელებულია ეკონომიკური ზრდის განსაზღვრა ორი ურთიერთდაკავშირებული საშუალებით. პირველის თანახმად, ეკონომიკური ზრდა განისაზღვრება, როგორც რეალური მშპ-ის გადიდება საანგარიშო პერიოდის მანძილზე. ხოლო მეორეს თანახმად, იგი გაანგარიშდება, როგორც მოსახლეობის ერთ სულზე რეალური მშპ-ის გადიდება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში [6,გვ.380;]. ამა თუ იმ საშუალების გამოყენების აუცილებლობას განსაზღვრავს კვლევის მიზნები და ამოცანები. ეკონომიკური ზრდის გაანგარიშების პირველი წესი გამოიყენება მაშინ, როდესაც კვლევის ამოცანას ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალის დადგენა წარმოადგენს, ხოლო მეორე მაშინ, როდესაც აინტერესებთ ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით მოსახლეობის კეთილდღეობის დონის შედარება.
ზემოაღნიშნული ნებისმიერი საშუალების გამოყენებისას, ეკონომიკური ზრდა გაანგარიშება ზრდის წლიური ტემპით პროცენტებში.
ეკონომიკური ზრდის ტემპის გასაანგარიშებელ ფორმულას გააჩნია შემდეგი სახე:
ღ= Q1/Q0*;100-100
სადაც Q0 – არის მშპ-ის მოცულობა საბაზისო პერიოდისათვის, ხოლო Q1 კი, მშპ-ის მოცულობა საანგარიშო პერიოდისათვის.
პროფესორ გ. მალაშხიას გამოთქმული აქვს მეტად საყურადღებო მოსაზრება [1, გვ.135-138], რომლის თანახმადაც, მშპ-ის მთლიანი მოცულობის, მისი სულადობრივი მაჩვენებლის გადიდება ან შემცირება სათანადო სიზუსტით ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებას – ეკონომიკურ ზრდას ან ვარდნას ვერ ასახავს. მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური განვითარების დონეს განსაზღვრავს არა მარტო წლის განმავლობაში შექმნილი დოვლათი, არამედ წინა პერიოდების მანძილზე დაგროვილი სიმდიდრის მარაგიც. ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, ადამიანთა კეთილდღეობას უფრო ზუსტად ასახავს დაგროვილი საზოგადოებრივი სიმდიდრე სულადობრივი გამოსახულებით, ვიდრე წლის მანძილზე შექმნილი დოვლათი. ქვეყანაში სოციალური-ეკონომიკურ განვითარების დონის ამაღლებაზე ან დაცემაზე, ეკონომიკურ ზრდაზე ან ვარდნაზე სწორედ ამ მაჩვენებლის ცვლილების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ.
აღნიშნული თვალსაზრისის თანახმად, მპშ-ის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე დაეცეს, თუკი საზოგადოებრივი სიმდიდრის წლის მანძილზე შექმნილი ნაწილი ნაკლებია მწყობრიდან გასულ სიმდიდრესთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესორი გ. მალაშხია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გასათვალისწინებელია ახლადშექმნილ და მწყობრიდან გასულ სიმდიდრეებს შორის არსებული თანაფარდობა. ეს თვალსაზრისი, თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის საწყის ეტაპზე აღინიშნა ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება, რის შედეგადაც, მკვეთრად დაეცა წარმოების მოცულობა, გაიზარდა უმუშევრობა, მწყობრიდან გამოვიდა ძირითადი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდგომში, ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში, მშპ-ის ზრდის პარალელურად არ აღნიშნულა საზოგადოებრივი სიმდიდრის ზრდაც. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 1998-1999 წლებში დაფიქსირდა მშპ-ის ზრდა: 1998 წელს – 2.9%, ხოლო 1999 წელს – 3%. მაგრამ იმავე პერიოდში მწყობრიდან გავიდა 1257.8 მილიონი ლარის ღირებულების ძირითადი კაპიტალი, ხოლო შევიდა – 785.4 მილიონი ლარის, ანუ 472.4 მილიონი ლარით ნაკლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1998-1999 წლებში, მიუხედავად მშპ-ის წლიური მოცულობის გადიდებისა, ეკონომიკურ ზრდაზე და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ცალსახა საუბარი მიზანშეუწონელია. ქვეყნის საზოგადოებრივი სიმდიდრის, ეროვნული მეურნეობის წამყვან დარგებში საწარმოო-მატერიალური ბაზის შემცირება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის დაქვეითებას ნიშნავს, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისათვის.
ამგვარად, ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე პროცესებისა და ეკონომიკური ზრდის შეფასებისას, მშპ-ის ზრდის მაჩვენებლებთან ერთად, საჭიროა ყურადღება მიექცეს ქვეყნის საზოგადოებრივი სიმდიდრის დინამიკასა და მის სტრუქტურაში მომხდარ ცვლილებებს. ეკონომიკური ზრდის ხარისხის შეფასებისას, აგრეთვე აუცილებელია გათვალისწინებული იყოს, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს იგი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დონის შემცირებაზე.
იმ ქვეყნებში, სადაც გრძელვადიანი პერიოდის მანძილზე სტაბილური ეკონომიკური ზრდა აღინიშნა, მკვეთრად ამაღლდა მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის ღარიბი ნაწილის შემოსავლები, ე.ი. რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო მაღალია მოხმარების საშუალო დონე მისი მოსახლეობის ღარიბ ნაწილში. ამასთან, მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის იმ ნაწილის წილი, რომლებიც დღეში ღებულობენ 1 აშშ დოლარზე ნაკლებ შემოსავალს. მაგალითად, ევროპის მდიდარ ქვეყნებში, სადაც ბოლო 200 წლის მანძილზე სტაბილური ეკონომიკური ზრდა აღინიშნება, დღეში 1 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლის მიმღები მოსახლეობის ღარიბი ნაწილის წილი დაეცა ნულამდე. ჩინეთში, სადაც იმავე პერიოდში ეკონომიკური ზრდის ბევრად დაბალი ტემპი აღინიშნებოდა, დღეში 1 აშშ-ის დოლარზე ნაკლები შემოსავალი გააჩნია მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს. სამხრეთ აზიაში კი, სადაც ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო შენელებული იყო, შემოსავლის ასეთი დონე დამახასიათებელია მოსახლეობის დაახლოებით 40%-ისათვის. [8, გვ.47].
ეკონომიკური ზრდის ხარისხის შეფასებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 20%-სა და ყველაზე ღარიბი 20%-ის, აგრეთვე ყველაზე მდიდარი 10%-სა და ყველაზე ღარიბი 10 %-ის შემოსავლებს შორის თანაფარდობის ცვლილებას.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აღნიშნული თანაფარდობები შედარებით დაბალია ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან ადამიანური პოტენციალის განვითარების მაღალი დონით, ხოლო შედარებით მაღალია იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან ადამიანური პოტენციალის განვითარების საშუალო და დაბალი დონით [10,გვ.194-197]. აქედან ცხადია, რომ ადამიანური პოტენციალის განვითარების მაღალი დონით გამორჩეული ქვეყნებისათვის დამახასიათებელია შემოსავლების შედარებით თანაბარი განაწილება და სიღარიბის შედარებით დაბალი დონე, ვიდრე დანარჩენი ქვეყნებისათვის.
ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს სიღარიბის დონის შემცირებას, თუკი მოსახლეობის ყველაზე მდიდარი და ყველაზე ღარიბი ფენების შემოსავლებს შორის თანაფარდობა შემცირდება.
ეკონომიკური ზრდის განსაზღვრული ტემპისას, სიღარიბის დონის შემცირების ხარისხი დამოკიდებულია შემოსავლების განაწილებაში მომხდარ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ღარიბებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ ზრდის შედეგებით. თუკი ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ აღინიშნება მოსახლეობის ღარიბი ფენების მიერ მიღებული შემოსავლების წილის ამაღლება, მაშინ საშუალო შემოსავლების ზრდასთან შედარებით, მათი შემოსავლები უფრო სწრაფად გაიზრდება [8, გვ.54].
ამრიგად, აუცილებელია ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც შემოსავლების განაწილების სრულყოფას გამოიწვევს. ეს უკანასკნელი იძლევა ორმაგ ეფექტს:
1. განაპირობებს სიღარიბის დონის შემცირებას;
2. ვინაიდან ღარიბ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს განათლებაზე და ჯანმრთელობის დაცვაზე მეტი თანხა დახარჯონ, ამიტომ ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
ეკონომიკური ზრდის ხარისხის შეფასების უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი ადამიანის განვითარების ინდექსია, რომელიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, განათლების დონისა და შემოსავლის დონის მაჩვენებლებს მოიცავს. ანალიზი გვიჩვენებს, რომ ზრდისათვის და განვითარებისათვის მნიშვნელობა აქვს არა თავისთავად მშპ-ის ზრდის ტემპს, არამედ იმას, თუ რა შედეგს იძლევა იგი – იწვევს თუ არა ადამიანის განვითარების ინდექსის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას [2,გვ.48].
ეკონომიკური ზრდა მაშინ უწყობს ხელს ადამიანის განვითარებას, როდესაც საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევს იცხოვროს ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებით, აიმაღლოს ცოდნა და მიიღოს შემოსავლების ის დონე, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ცხოვრებას. ადამიანის განვითარების ინდექსის ამაღლებაც, თავის მხრივ, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი პირობაა.
ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონით მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნები ხასიათდებიან, რომლებშიც მისი მნიშვნელობა 0.900-ს აღემატება. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში, მ.შ. საქართველოში ადამიანის განვითარების ინდექსის მნიშვნელობა 0.8-ზე ნაკლებია. საქართველოში, 1999 წლისათვის მისი მნიშვნელობა 0.742-ის ტოლია. [9, გვ.141-144]. აშკარაა, რომ ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონით გამოირჩევიან ის ქვეყნები, რომლებისთვისაც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დამახასიათებელი იყო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა.
გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა განაპირობებს განათლებაზე და ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული ხარჯების ამაღლებას, როგორც ფულად, აგრეთვე შეფარდებით მაჩვენებლებში. როგორც წესი, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, აღნიშნული მაჩვენებლების 6-8 %-ის ფარგლებში მერყეობს (10, გვ.207-210). მაგალითად, ნორვეგიაში 1995-1997 წლებში, განათლებაზე დანახარჯებმა მშპ-ის 7,7% შეადგინა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვაზე – 7%; ავსტრიაში – 5,4 და 5,9 პროცენტი; დანიაში – 8,1 და 6,9 პროცენტი და ა.შ.
ამგვარად, ეკონომიკური ზრდის შეფასება მიზანშეწონილია განხორციელდეს კომპლექსურად, შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:
1. რეალური მშპ-ის მოცულობის გადიდება საანგარიშო წლის მანძილზე;
2. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით რეალური მშპ-ის მოცულობის გადიდება საანგარიშო წლის მანძილზე;
3. საანგარიშო პერიოდის მანძილზე ახლადშექმნილი სიმდიდრის მეტობა მწყობრიდან გასულ სიმდიდრესთან შედარებით;
4. სიღარიბის დონის ცვლილება საანგარიშო წლის მანძილზე;
5. ადამიანის განვითარების ინდექსის ცვლილება საანაგარიშო წლის მანძილზე;
6. განათლებაზე და ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული დანახარჯების ცვლილება საანგარიშო წლის განმავლობაში.