ზოგიერთი რამ ისლამური ბანკების შესახებ
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
ეკონომიკური მოდელი, რომელსაც დღეს ისლამურს უწოდებენ, სქემატურად რამდენიმე კონცეპტუალური პოსტულატის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ. ისინი, ძირითადად, ამა თუ იმ ფორმით ყურანსა და ისლამის ზოგიერთ სხვა წმინდა ტექსტებშია მოცემული. აქ უმთავრესია ის, რომ ადამიანი სრულიადაც არ არის რაღაც საბაზრო თუ საზოგადოებრივი ღირებულების მქონე საქონლის (ფულადი სახსრები, უძრავი ქონება, ნოვატორული იდეები, ორგანიზაციული უნარი და ა. შ.) მესაკუთრე.
მას ცხოვრების მანძილზე ალაჰის მიერ მხოლოდ მინდობილი აქვს ყოველივე ამის განკარგვა. ამასთან, შეუძლებელია ამ რესურსების მოგების მიღების მიზნით გამოყენება. ისინი ადამიანმა უნდა განკარგოს იმისათვის, რათა აამოქმედოს მთელი საზოგადოების და რა თქმა უნდა, თავად საკუთარი თავის სასარგებლოდ. რეალურად ამ სახის საქმიანობამ უნდა გაზარდოს საქონლის (მომსახურების) დამატებული ღირებულება, გაამრავლოს საქონლის რაოდენობა, თუმცა არა ფულის მასა. ამ რესურსების გამოყენება (თუკი მათი გაერთიანება საჭიროა) ხორციელდება მისი მესაკუთრის წილობრივი მონაწილეობით საქმიანი ღონისძიების შედეგად მიღებულ მოგებაში ან განცდილ ზარალში. ამგვარი მოთხოვნები ვრცელდება ასევე ბანკებზეც, რომლებიც ასრულებენ საყოველთაოდ მიღებული ფინანსური შუამავლის როლს. შესაბამისად, ფინანსისტის დაჯილდოება, პირდაპირ და სრულად არის დამოკიდებული გასატარებელი ღონისძიების საბოლოო შედეგებზე. აღნიშნული მოითხოვს ამ ღონისძიების გამტარებელი საწარმოს ფინანსური მდგომარეობის სწორ შეფასებას, ბაზრის მოცემული სეგმენტის კონიუნქტურის პერსპექტივების ადეკვატურ აღთქმას და ბიზნეს-პარტნიორის შესაძლებლობებისა და უნარის განჭვრეტას.
თუკი ყოველივე ზემოთ თქმულის გარკვეულ უტრირებას მოვახდენთ, უნდა ითქვას შემდეგი: მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებული ფინანსური მოდელებისაგან ისლამური ფინანსების უმთავრეს განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ ისლამურ ფინანსურ სამყაროში ადგილი არა აქვს სასესხო პროცენტს. ამასთან, მუსლიმი ეკონომისტების ლექსიკონში ნაცვლად ტერმინისა “ფულის ფასი” გამოიყენება ტერმინი “კაპიტალის ეფექტურობა”. მიუხედავად ამგვარი შეზღუდვებისა, ბანკები, რომლებიც ისლამური პრინციპებით ხელმძღვანელობენ, დღეს ყველა კონტინენტის 35 ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთშიც, ფუნქციონირებენ. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს მოთხოვნა მათ საბოლოო პროდუქტზე და მათ კონკურენტუნარიანობაზე. მეტიც, მსოფლიოში სახელგანთქმული ზოგიერთი ბანკი ისლამური ხასიათის ფილიალსაც კი აარსებს. მაგალითად, “სითიბანკმა” 1997 წელს ბახრეინში “სიტი ისლამიკ ინვესტმენტ ბენკი” დააარსა, რომლის კაპიტალი მაშინ 20 მილიონი აშშ დოლარის ტოლი იყო. განსაკუთრებით კარგად ერკვევა ისლამური საბანკო სისტემის სპეციფიკაში და ტრადიციულად მჭიდროდ თანამშრომლობს მათთან ინგლისის ბანკი.
ამჟამად მსოფლიოში სულ დაახლოებით 200-მდე ისლამური ბანკი ფუნქციონირებს. მათი კაპიტალის საერთო ღირებულება 10 მლრდ აშშ დოლარს აღწევს, აქტივების ღირებულება 150 მლრდ დოლარს აღემატება (ამასთან, კაპიტალის ღირებულება წლების მანძილზე მაღალი ტემპებით იზრდება. კერძოდ, ეს მაჩვენებელი 1975 წელს 5.8 მლრდ დოლარს შეადგენდა). ისლამურ ბანკებში დასაქმებულია 300 ათასზე მეტი ადამიანი. ისინი მთლიანობაში 113 მლრდ აშშ დოლარს განაგებენ და ერთ-ერთ მაღალრენტაბელურ ბანკებს მიეკუთვნებიან. მათ იმ წელსაც კი, როდესაც მთელ მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა გადაუარა (ვგულისხმობთ 1998 წელს) საფინანსო წელიწადი მაღალი მოგებით დაასრულეს. “სიტიბენკის” შეფასებით, ისლამური საბანკო სისტემის ზრდის ტემპები წელიწადში 10-15 პროცენტს შეადგენს.
ისლამური ბანკი თავის საქმიანობაში ძირითადად შარიათის მიერ ფორმულირებულ ფინანსური ინსტრუმენტების გარკვეულ ნაკრებს ემყარება. აი, მათგან ზოგიერთი:
1. “მუდარაბა” – წარმოადგენს ნდობის საფუძველზე გაწეულ დაფინანსებას (ამასთან ბანკი გამოდის ხან სატრასტო მმართველის სახით, როდესაც მუშაობს მეანაბრეთა სახსრებზე, ხანაც როგორც კლიენტი, როდესაც აფინანსებს პროექტს, რომლის შემოსავლის ნაწილმა ბანკის და შესაბამისად, მეანაბრეთა მოგება უნდა შეადგინოს).
2. “მუშარაკა” – წარმოადგენს ამხანაგობას, პროექტის ან გარიგების ერთობლივ განხორციელებას ბანკსა და მწარმოებელს შორის (ბანკის წილი მოგება წარმოიშობა, როგორც მისაღები საერთო მოგების ან დივიდენდის ნაწილი).
ბუნებრივია, რომ ისლამური ბანკი ისეთ ეკონომიკურ ინსტიტუტად რჩება, რომელიც ახდენს ფიზიკური და იურიდიული პირების აკუმულირებას. მათი მხრიდან ბანკს მინიჭებული აქვს უფლება, ფინანსური სახსრების ინვესტირება ისეთ ოპერაციებში მოახდინოს, რომელთა მიზანშეწონილობაც დადგენილია მისივე მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მიერ. ამასთან, ბანკი და მისი მეანაბრეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, რომ ამ უკანასკნელთ დივიდენდი ორივე მხარეს მხოლოდ ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიეცემათ. მხარეები თანხმდებიან ასევე ობიექტური გარემოებების გამო ოპერაციის წარუმატებლად დასრულებისას შესაძლო ზარალზეც. ბუნებრივია, მეანაბრეებს რჩებათ ზარალის მიღების გამო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ ზარალი მიღებულია ბანკის მხრიდან ცუდი მმართველობის შედეგად, მაშინ ბანკი მათ მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ისლამურ ბანკს აბსოლუტურ სრულყოფილებამდე დაჰყავს ფინანსური შუამავლის ფუნქცია; იგი იდეალში გვევლინება ერთგვარ საკომისიო აგენტად. სინამდვილეში ისლამური ბანკი კუთვნილ შემოსავალს მხოლოდ გარიგების კარგად დასრულების შედეგად იღებს. ზოგიერთი ისლამური ბანკის საქმიანობა საკმაოდ სერიოზული თავისებურებით ხასიათდება, რაც ქართველმა ბიზნესმენებმა უნდა იცოდნენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საქართველოში ორი ისლამური სახელმწიფოს ბანკი – თურქეთის, თ. რ. სს “ზირაათ ბანკის” თბილისის ფილიალი და აზერბაიჯანის, შპს ერთობლივი კომერციული ბანკის “კავკასიის განვითარების ბანკის” თბილისის ფილიალი ფუნქციონირებს (მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობაში არაფერია სპეციფიკური და ისინი სებ-ის კანონების საფუძველზე საქმიანობენ). გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ირანთან, სადაც ფუნქციონირებენ ამგვარი ბანკები. ქვემოთ მოტანილი წერილი სწორედ ასეთი ბანკების საქმიანობის ხასიათს ეხება.