ახალი მსოფლიო წესრიგი და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა
როზეტა ასათიანი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
ცივილიზაციის განვითარება რთული, მრავალმხრივი და პერმანენტული პროცესია, რომელიც პროგრესთან ერთად მრავალ პრობლემას წარმოქმნის. მათი შორის ერთ-ერთი უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. თუ ცხოვრების ეკონომიკური მხარე არ იწვევს დაძაბულობას საზოგადოებაში, მაშინ განვითარებისა და უკონფლიქტო თანაარსებობისათვის გასაქანი ეძლევა მის ყველა სხვა მხარეს – ზნეობრივს, კულტურულს, ეროვნულ-ეთიკურს, საგანმანათლებლოს, სამეცნიერო-ინოვაციურს და ა. შ.
მაგრამ, ყოველი ჩავარდნა ეკონომიკაში საზოგადოების ბედსა და მის განვითარებაზე მწვავედ აისახება. თუნდაც ეკონომიკური განვითარების ერთი რგოლი ამოვარდეს, ვექტორი მაშინვე ცვლის თავის მიმართულებას და წარმოიქმნება მკვეთრი სოციალური დიფერენციაცია, კორუფცია, ზნეობრივი დეგრადაცია და ა.შ. ამიტომ, ეს მრავალწახნაგოვანი პროცესი აუცილებლად მოითხოვს ადეკვატურ თეორიულ განზოგადებას. მართალია, მოცემული საკითხი განიხილება, როგორც ზოგადსაკაცობრიო ტენდენცია, მაგრამ ყველა მისი ასპექტი აისახება იმ ეროვნული პრობლემების პრიზმაში, რომლებიც არსებობს დღეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში და გაგრძელდება მომავალშიც.
XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების სრულიად ახალი ტენდენციები და კანონზომიერებები წარმოიშვა. საქმე ეხება XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით მისი უკანასკნელი პერიოდიდან ცივილიზებულ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს, რომლებმაც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების აუცილებლობა წარმოქმნა, რაც, თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საფუძველი გახდა. ახალი დრო ყოველთვის წარმოქმნის თავის პრიორიტეტებს. ამ პერიოდის ასეთი პრიორიტეტი სწორედ ეს უკანასკნელი გახდა.
აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე მსოფლიო წარმოებაში მიმდინარე მძლავრმა პროგრესულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომსახურების სექტორის პრიორიტეტულ განვითარებაში გამოიხატა. ეკონომიკურ მეცნიერებაში არანაკლები როლი შეასრულა თეორიული კვლევების ფართოდ გაშლამ, ახალი ეკონომიკური თეორიების ჩამოყალიბებამ და მსოფლიოში ტონის მიმცემი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში მათი გამოყენების მასშტაბების ზრდამ. მსოფლიოს ეკონომიურმა განვითარებამ ახალი თვისებრიობა შეიძინა. კერძო კაპიტალისტური საკუთრების პრიორიტეტზე დაფუძნებულმა გაბატონებულმა ურთიერთობებმა ევოლუციური გზით საკუთრების პლურალიზმზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს დაუთმო ადგილი. საკუთრების სწორედ ასეთმა ტრანსფორმაციამ ექსპლუატაციურ ურთიერთობებზე დამყარებულ კაპიტალიზმს ტრაექტორია შეუცვალა და მისი ახალ თვისებრიობაში გადაზრდა დააჩქარა. ჩამოყალიბდა საბაზრო ეკონომიკა, როგორც კაპიტალიზმის წიაღიდან აღმოცენებული ახალი ეკონომიკური სისტემა, სადაც “პირველი ვიოლინოს” როლი არა კაპიტალის მფლობელს (კაპიტალისტს), არამედ ბაზარს დაეკისრა. კაცობრიობის განვითარების ამ თვისებრივ ნახტომში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან სამუშაო ძალას ეკონომიკური თავისუფლება მიანიჭა და ეკონომიკას სოციალური ორიენტაცია შესძინა. ბაზარმა, რომელიც ძალზე შორეულ წარსულში ზედმეტი პროდუქტის შექმნით აღმოცენდა და ხანგრძლივი განვითარების გზა განვლო, სრულიად სხვა შინაარსი შეიძინა. იგი აღიარებულ იქნა ცივილიზაციის უდიდეს მონაპოვრად. საბაზრო ურთიერთობებმა, შეიძლება ითქვა, “შტამპი მოხსნა” კაპიტალიზმს, გაბატონებული კერძო კაპიტალისტური საკუთრებითი ურთიერთობების ნაცვლად საკუთრების პლურალიზმის დამკვიდრებით. სწორედ საკუთრებით ურთიერთობებში განხორციელებულმა რადიკალურმა და ამავე დროს, უაღრესად პროგრესულმა ცვლილებებმა, ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებასთან ერთად, განაპირობა კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე პირველად ბაზრის, როგორც მეურნეობის ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება. ასეთმა ბაზარმა, როგორც კვლავწარმოების მთელი პროცესის მომცველმა ფენომენმა, შრომის მოტივაციის ეფექტური სისტემა შექმნა და მეწარმეობის განვითარებას ფართო შესაძლებლობები მისცა. მან, ჰორიზონტალური კავშირების გაფართოება- განმტკიცების საფუძველზე, საგრძნობლად გაამარტივა მმართველობის იერარქიული ვერტიკალური სტრუქტურა, განაპირობა კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაახლოება და, საბოლოო ანგარიშით, წარმოქმნა ისეთი ობიექტური კანონზომიერება, რომელმაც გამოხატულება თვისებრივად სრულიად ახალ ეკონომიკურ ზრდაში ჰპოვა. ამ გარემოებამ დასაბამი მისცა საზოგადოებრივ გარდაქმნებს ახალ ამპლუაში და დადებითი გავლენა მოახდინა თანამედროვე საზოგადოების პოტენციალის ზრდაზე. ყურადღება გამახვილდა ახალი საზოგადოების ფორმირებაზე, ახალ სოციუმზე, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას, კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ჰუმანიზაციის პროცესების გაღრმავებას. დაიწყო სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებისა და ქველმოქმედების ორგანიზაციების ფართოდ შექმნის პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო სოციალური დაცვის მიზნობრივ პროგრამებს მიექცა. ეს პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს განხორციელდა, ითვალისწინებდა უმუშევრობის დაზღვევას, საპენსიო უზრუნველყოფას, ავადმყოფობის გამო დახმარებას, წარმოებაში უბედური შემთხვევისთვის დახმარებას, სამედიცინო დაზღვევას ან უფასო სამედიცინო მომსახურებასა და ა. შ.
სოციალურ სფეროში აქტიური როლის შესრულებით სახელმწიფომ “კეთილდღეობის სახელმწიფოს” ნიშნები შეიძინა. განვითარებულმა სამყარომ, შეიძლება ითქვას, მიიღო ახალი დროის გამოწვევა. საფუძველი ჩაეყარა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. კაცობრიობის განვითარების განვლილ პერიოდთან შედარებით, ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი და ახალი სიტყვა უფრო მაღალი სოციალური და ამავე დროს, მსოფლიო წესრიგის დამყარების თვალსაზრისით. “კეთილდღეობის სახელმწიფო” პოლიტიკის გატარებით წინა პლანზე საზოგადოების სოციალური დაცვის ფუნქცია წამოიწია, რომლის გარეშე შეუძლებელია ბაზრის პრინციპების რეალიზაცია და იგი ეკონომიკის სტაბილიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად არის აღიარებული.
დასავლურ ეკონომიკურ ლიტერატურაში ფართოდ გაიშალა “კეთილდღეობის სახელმწიფოს” თეორიის კვლევა, რომელმაც მოიცვა ქვეყნის განვითარების როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, სოციალური და ა. შ. ასპექტები. ამ თეორიამ მიიპყრო არა მხოლოდ მეცნიერ-ეკონომისტების, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღებაც იმ თვალსაზრისით, რომ იგი თანამედროვე ეკონომიკაში ძირითადად სახელმწიფოს ახალ როლს განსაზღვრავდა. ეს არის საზოგადოებრივი საქონლის წარმოება, საზოგადოების უარყოფითი გარე ეფექტებისაგან (ექსტერნალიებისაგან) დაცვა, ბუნებრივი მონოპოლიების მაკროეკონომიკურ რეგულირებაში ჩართვა, საბაზრო ეკონომიკის თანმხლები უარყოფითი სოციალური შედეგების კორექტირება, ანუ ვ. პარეტოს მიხედვით, რესურსების გადანაწილების გზით გაუმჯობესების მიღწევა და ა. შ.
თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოს საკანონმდებლო აქტები ეყრდნობა ტ. მარშალის “სოციალური მოქალაქეობრიობის” კონცეფციას, რომლის მიხედვით, სახელმწიფომ შემოსავლების მინიმალური დონე უნდა უზრუნველყოს, ამასთან, თითოეულ მოქალაქეს მიაწოდოს სოციალური დოვლათი, როგორც მისი პოლიტიკური უფლების განხორციელება და არა როგორც ქველმოქმედება. პრინციპი ასეთია: სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას თავისი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღატაკება და საზოგადოებრივი საქონელი თითოეული პიროვნებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს. ამიტომ, “კეთილდღეობის სახელმწიფოს” თეორია ყურადღებას საზოგადოებრივი ხარჯებისა და ტრანსფერების განაწილებისა და გადანაწილების მექანიზმზე ამახვილებს. სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს არსებობისათვის აუცილებელი საქონლითა და მომსახურებით სოციალურად დაუცველი ფენების უზრუნველყოფა. ამ მიზნით განვითარებულ ქვეყნებში შემუშავებულია სხვადასხვა სახის სოციალური დაცვის პროგრამები, რომელთაც ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ზოგიერთი პროგრამა კერძო სექტორისგანაც არის დაფინანსებული. მიუხედავად იმისა, რომ რიგი პროგრამებისა ითვალისწინებს გადასახადებით შემოსავლების გარკვეული ნაწილის ამოღებას მოსახლეობის განსაზღვრული ჯგუფებიდან და დახმარების სახით მათ გადანაწილებას მოსახლეობის ნაკლებუზრუნველყოფილ ფენებზე, მაინც ყველა განვითარებული ქვეყანა (და არა მხოლოდ ეს ქვეყნები) ფართოდ იყენებს სოციალური დახმარების ასეთ პრაქტიკას. ამ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მკვეთრი სოციალური დიფერენციაციის ნიველირებისაკენ, კეთილდღეობის მაკონტროლებელ პროგრამებსაც კი უწოდებენ.
საყურადღებოა ავსტრიელი ეკონომისტისა და სოციოლოგის მაქს ვებერის შეხედულება სოციალური უთანაბრობისა და აქედან გამომდინარე, სიღარიბის შესახებ. მან შეიმუშავა სოციალური სტრატიფიკაციის თეორია, რომელიც საზოგადოების მკვეთრი სოციალური დიფერენციაციისა და სიღარიბის პრობლემებს იკვლევს. ეს თეორია სოციალურ უთანაბრობას განიხილავს, როგორც საზოგადოებისთვის შინაგანად დამახასიათებელ თვისებას. იგი შემდგომში განავითარა ვ. პარეტომ, რომელიც სოციალური სტრატიფიკაციის საფუძვლად ფსიქოლოგიურ საწყისს მიიჩნევს. ამ მსჯელობაში არის რაციონალური მარცვალი, თუნდაც იმიტომ, რომ რეალურ სინამდვილეში სიღარიბის აბსოლუტური დაძლევა შეუძლებელია. იგი ყველგან არის, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები და დონე სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მთავარია, სიღარიბე სოციალურად ასატანი იყოს. მაგალითად, გერმანიაში ღარიბად ითვლება ადამიანთა ის კატეგორია, რომლის ხელფასი მდიდრის ხელფასის ნახევარზე ნაკლებია, საქართველოში კი, საშუალო ხელფასი საარსებო მინიმუმსაც ვერ სწვდება და მხოლოდ მის ნაწილს ფარავს.
ეკონომიკისათვის სოციალური ორიენტაციის მიცემა ქვეყნის მშვიდობიანი და ჰარმონიული განვითარების საწინდარია. ამიტომაცაა, რომ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებს უჭირავს. ამასთან, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან “სოციალური ეკონომიკის” სიმწიფის მიხედვით. სახელდობრ, ეკონომიკა საკუთრივ სოციალური საბაზრო ეკონომიკისაგან მაღალი ცხოვრების დონითა და მნიშვნელოვანი სოციალური დანახარჯებით განსხვავდება. პირველი სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებია, რომლებმაც მიაღწიეს ეკონომიკური ზრდის უმაღლეს დონეს. მათ ამის საფუძველზე შესაძლებლობა ეძლევათ გამოყონ სოლიდური სახსრები ღარიბების დასახმარებლად და ჯანდაცვის დაფინანსებისათვის. ასეთი ეკონომიკის ყველაზე მკაფიო ილუსტრაციას წარმოადგენს აშშ, კანადა და ა.შ. ამის საწინააღმდეგოდ დასავლეთევროპული ქვეყნები, რომლებიც აშშ-ს აბსოლუტური მაჩვენებლებით ჩამორჩებიან, ხასიათდებიან “სოციალური ეკონომიკის” სიმწიფის გაცილებით მაღალი დონით. სოციალური საბაზრო ეკონომიკის ცნება ყველაზე მეტად ასოცირდება გერმანულ მოდელთან, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ლომის წილი მიუძღვის სოციალური საბაზრო ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში. მას საფუძვლად უდევს კონკურენციის განვითარება, როგორც პროგრესის სამართლიანობისა და მშვიდობის საწინდარი.
სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ შესაძლებლობას დღეს სპეციალისტები სოციალურ საბაზრო ეკონომიკის შექმნაში ხედავენ, ხოლო სოციალური საბაზრო ეკონომიკის გასაღებს – კონკურენციის დაცვაში. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა სრულიად ახალ ამპლუაში აყენებს განათლების ფენომენს, მთელი საგანმანათლებლო სისტემის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე ორგანიზებას, რომლის გარეშე ქვეყანა თავს ვერ დააღწევს დაბალკონკურენტუნარიან სამუშაო ძალის პრობლემას. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრება, საინფორმაციო მომსახურებისა და კომპიუტერული ქსელების, ტელეკომუნიკაციებისა და სატრანსპორტო სისტემების ფართოდ განვითარება დღეს ნებისმიერი ქვეყნისთვის უნივერსალური პოლიტიკაა, ხოლო ცოდნასა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკა – მომავლის ეკონომიკა. ეს პრინციპები მესამე ათასწლეულის დასაწყისში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ახალ მსოფლიო წესრიგსა და “ეროვნული მუნდირის” ღირსებას, აქედან გამომდინარე კი, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის დონესა და ტემპებს.