საგადასახადო პოლიტიკა, როგორც საინვესტიციო კლიმატის შექმნის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი
დავით ჩიქოვანი
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყველა ნორმალური ქვეყანა ფართოდ იყენებს საგადასახადო პოლიტიკას, როგორც ბაზრის ნეგატიურ მოვლენებზე ზემოქმედების განსაზღვრულ რეგულატორს. თუმცა, საქართველოში განხორციელებული დაბეგვრის პოლიტიკა და საგადასახადო კოდექსი უფრო აღრმავებს არსებულ პრობლემებს. არსებული კოდექსი ეკონომიკის შემაფერხებელ ფაქტორად არის ქცეული და უდავოდ რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს. დღემდე საგადასახადო კოდექსში დაახლოებით 2000 ცვლილება შევიდა, მაგრამ შედეგი თითქმის ნულის ტოლია.
ამა თუ იმ ლობისტური ჯგუფების ზეწოლით მისი პერმანენტული ცვლა ყოვლად დაუშვებელია. ასეთ პირობებში შეუძლებელია ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნა და მდგრადი ეკონომიკის სტაბილური განვითარების კურსის შენარჩუნება. გამოცდილების ანალიზი სავსებით ნათელს ხდის იმას, რომ არც ცალკეულ წერტილოვან ცვლილებებს და არც უცხოური გამოცდილების პირდაპირ გადმოტანას შედეგი არ მოაქვს. რამდენჯერაც დამძიმდა საგადასახადო ტვირთი, იმდენჯერვე შემცირდა ფისკალური ეფექტი. დღეს, როცა საუბარია დღგ-ის 20%-იან განაკვეთზე, განვითარებული წარმოების მქონე ქვეყნისათვის ეს განაკვეთი მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია საქართველოსათვის, გამძვინვარებული კორუფციისა და კონტრაბანდის გამო, რომელიც დამატებით არაოფიციალურ ტვირთად აწვება მეწარმეებს. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს შემოსავლების გადიდებას, მისი სიდიდე ისე უნდა შევარჩიოთ, რომ არ შემცირდეს დასაბეგრი ბაზის მოცულობა, გადასახადის გადამხდელებს არ დაეკარგოთ გადასახადის დამალვის ინტერესი, რაც შეამცირებს ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობას.
ამდენად, თუ ქვეყანას არ შეუძლია სათანადოდ გააკონტროლოს საზღვრებიEდა შეამციროს კორუფციის მასშტაბები, აუცილებელია, ლეგალური ბიზნესის მონაწილეებს შეუმციროს გადასახადები, გადააქციოს მათი საქმიანობა რენტაბელურად და პერსპექტიულად.
დღეს არსებული არასწორი საგადასახადო პოლიტიკის შედეგად 76000 რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტიდან, 2000 წლის ჩათვლით 46000 არ ფუნქციონირებს, სავარაუდოდ, 10-15 ათასი კიდევ გაჩერდება. მრეწველობის 15 დარგი, ოფიციალური მონაცემებით, გაჩერებულია და უახლოეს მომავალში მათი ამუშავების პროგრამა არ არსებობს. საგადასახადო ტვირთის, მეწარმეთა არათანასწორუფლებიანობის და კონტრაბანდის მოზღვავების გამო, ლეგალური ბიზნესი არარენტაბელური გახდა, ამიტომ ეკონომიკის დიდი ნაწილი არალეგალურ მდგომარეობაში გადადის. ექსპერტთა აზრით, თუ ეს შეფარდება 1999 წელს იყო 3/2 ლეგალურის სასარგებლოდ, 2000 წელს შეიცვალა 2/3-ით არალეგალურის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ტენდენცია ღრმავდება.
აგრეთვე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ოფიციალური გათვლებით, საქართველოში საგადასახადო ბაზა ორიდან სამ მილიარდამდეა, რომლის მხოლოდ 25% მობილიზდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ნათლად ასახავს არასრულყოფილი საგადასახადო პოლიტიკის დამღუპველ გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე.
ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა დამოკიდებული უნდა იყოს იმ გარემო პირობებზე, რომელშიც საქართველო იმყოფება და იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიც ქვეყნის შიგნითაა შექმნილი. აქედან გამომდინარე, საჭიროა ვიფიქროთ ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის ხერხებსა და საშუალებებზე.
საქართველოს, როგორც საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნების უმრავლესობას, უპირველეს პრობლემას საკუთარი ფინანსური რესურსების დეფიციტი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება საშინაო და უცხოური კაპიტალის ეფექტიან განთავსებას. ამისათვის კი მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას გადასახადის ის პარამეტრები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ინვესტორის წმინდა მოგებაზე.
საგადასახადო პოლიტიკის წარმოებისას მნიშვნელოვანია აგრეთვე მეზობელი და უცხოეთის ქვეყნების საგადასახადო სისტემების შედარება, რადგან სხვადასხვა ქვეყნების დაბეგვრის სისტემების განსხვავებამ შეიძლება გამოიწვიოს კაპიტალის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადინება. მაგალითად, იაპონიიდან აშშ-ში დიდი რაოდენობის კაპიტალის გასვლა გამოიწვია ამ ქვეყნებში არსებულმა საგადასახადო ფაქტორებმა. უფრო კონკრეტულად, იაპონიაში საგადასახადო განაკვეთები კაპიტალის გამოყენებაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე აშშ-ში, მაშინ, როცა ამერიკა რეზიდენტების დანაზოგებს ბეგრავდა უფრო მაღალი გადასახადებით, ვიდრე იაპონია. აღნიშნულმა ღონისძიებებმა სტიმული მისცეს კაპიტალის მოძრაობას მოცემულ ქვეყნებში.
იმის გასაგებად, ხელს უწყობს თუ არა ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემა სახსრების დაზოგვასა და ინვესტირებას, სხვა ქვეყნების საგადასახადო სისტემებთან შედარებით, არსებობს შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც ასახავს გადასახადებისა და საგადასახადო შეღავათების გავლენას მოგებაზე. თითოეული ქვეყნის საგადასახადო სისტემის გავლენა ინვესტიციების სტიმულირებისათვის შეიძლება ილუსტრირებულ იქნას სხვადასხვა გადასახდების კომბინირებით და ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც მოქმედებს ესა თუ ის საგადასახადო სისტემა.
საგადასახადო სისტემის ეფექტიანობა, რომელიც დაკავშირებულია დანაზოგების და ინვესტიციების განთავსებასთან, განისაზღვრება საგადასახადო ნორმის სიდიდით, რომელიც წარმოადგენს საბალანსო და წმინდა მოგების სხვაობას. მას სხვაგვარად საგადასახადო “სოლს” უწოდებენ.
საგადასახადო “სოლის” გაგება შესაძლებელია მოგების სამი ნორმის აღნიშვნით: მოგების ნორმა ინვესტიციებიდან გადასახადების გადახდამდე – p, საბაზრო მოგება (საწარმოთა მოგების გადახდის შემდეგ) – r, და მოგების ნორმა დანაზოგებიდან გადასახადების გადახდის შემდეგ – s. მოგების ყველა აღნიშნული ნორმა აიღება ფორმულაში.
მოგების საბაზრო ნორმა სესხით დაფინანსების შემთხვევაში რეალური საპროცენტო განაკვეთის ტოლია, ხოლო ემისიის ხარჯზე დაფინანსების შემთხვევაში, იგი შეესაბამება რეალურ მოგებას გადასახადის გადახდამდე.
ამგვარად, საერთო საგადასახადო “სოლი” – wt, რომელიც შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ორი ნაწილით:
wt = wc + wi = (p – r) + (r – s) = p – s
სადაც wc აღნიშნავს საწარმოთა გადასახადის “სოლს”, ხოლო wi – “სოლს” ინვესტორებისათვის.
საკითხავია, აღნიშნული სისტემა ინვესტორს საშუალებას აძლევს განსაზღვროს მოგების ნორმა ამა თუ იმ ქვეყანაში ფულის დაბანდების შედეგად და გაარკვიოს ხელს უწყობს თუ არა მოცემული ქვეყნის საგადასახადო სისტემა ინვესტორის საქმიანობას? დადებითი პასუხის შემთხვევაში შედეგიც ლოგიკური იქნება და ქვეყანაში გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა.
საგადასახადო პოლიტიკის დასახვეწად მნიშვნელოვანია ორი ისეთი სისტემის განხილვა, როგორიცაა: საგადასახადო შეღავათების გამოყენების სისტემა და ფართო საგადასახადო ბაზისა და დაბალი განაკვეთების მქონე სისტემა.
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა საგადასახადო შეღავათებს იყენებს ზოგიერთი სახის ინვესტიციისათვის, რაც ეფექტურია კაპიტალის ღირებულების შესამცირებლად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საგადასახადო ბაზის შემცირებას იწვევს. საგადასახადო შეღავათების ფართოდ გამოყენება ხელს უშლის საგადასახადო სისტემის ძირითად ფუნქციას ანუ საბიუჯეტო შემოსავლების აკუმულირებას და გადასახადების ადმინისტრირებას.
საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ფართო საგადასახადო ბაზისა და დაბალი განაკვეთების მქონე სისტემის ჩამოყალიბებისაკენ, რადგან ეს სისტემა ქვეყანას საშუალებას აძლევს გააუმჯობესოს კონტროლი საკუთარი და უცხოური ინვესტიციების განაწილებაზე და დაიცვას თავისი საგადასახადო ბაზა.
საგადასახადო შეღავათები იწვევს ფინანსური რესურსების განაწილების ეფექტიანობის შემცირებას და აუცილებელს ხდის გადასახადების გადიდებას დაკარგული თანხის კომპენსაციის მიზნით. აქედან გამომდინარე, დამძიმებული საგადასახადო ტვირთი უფრო დაასუსტებს საგადასახადო სისტემას და ცალკეულ მნიშვნელოვან სექტორებს. გარდა ამისა, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის გამოყენება იწვევს საგადასახადო სისტემის გართულებას გადასახადების გადამხდელებისათვის.
ფართო საგადასახადო ბაზისა და გადასახადების დაბალი განაკვეთების მქონე სისტემის სასარგებლოდ გასათვალისწინებელია ცნობილი ეკონომისტის, კრისტიან ანდერსონის მოსაზრება, სადაც ის ამბობს, რომ შეღავათიანი სისტემის დროს ფორმირდება ლობისტური ჯგუფები, რომელთა ზეწოლით შეიძლება დაირღვეს არსებული რეჟიმი ან შეღავათები მიეცეს კონკურენტებსაც. ამის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საგადასახადო სისტემის სამართლიანობა და უფრო გააქტიურდება ჩრდილოვანი ეკონომიკა. საბოლოოდ, მთავრობა იძულებული გახდება, შემოიღოს მინიმალური საგადასახადო განაკვეთები.
მართალია ხშირად არსებობს სერიოზული საფუძველი ამა თუ იმ საგადასახადო შეღავათებისა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შეღავათების შემოღების აუცილებლობა ერთგვარი მანიშნებელია იმისა, რომ საგადასახადო სისტემა რეფორმირებას საჭიროებს. საგადასახადო სტიმულებს ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანობისათვის დამღუპველი შედეგის მოტანა შეუძლიათ.
ძლიერი საგადასახადო სისტემა ნორმალური განაკვეთებით და ფართო საგადასახადო ბაზით შეიძლება შეიქმნას მხოლოდ მინიმალური შეღავათების გამოყენებით.
აქედან გამომდინარე, ისეთი ქვეყნისათვის როგორიცაა, საქართველო, უმჯობესია, ფართო საგადასახადო ბაზისა და დაბალი განაკვეთების მქონე სისტემის ჩამოყალიბება.
საინვესტიციო კლიმატის შექმნისათვის აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს თანაბარი კონკურენციული პირობები, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კონტრაბანდის შემცირებაში უნდა გამოიხატოს. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია საგადასახადო პოლიტიკის ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის გაძლიერება, როგორიცაა, საგადასახადო კონტროლი.
კონტროლის ფუნქციის სრულყოფისათვის მნიშვნელოვანია, საგადასახადო ორგანომ შეიმუშაოს შემოწმების სტრატეგია, რადგან გადამხდელის შემოწმებას იგი ვერ შეძლებს. მან შემუშავების პროცესში უნდა უპასუხოს, თუ რამდენი ფიზიკური იურიდიული პირი უნდა შეამოწმოს ერთი წლის განმავლობაში? შემოწმების რომელი მეთოდი გამოიყენოს? ვინ შეამოწმოს? რამდენჯერ შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები?
შემოწმება შეიძლება იყოს სხვადასხვა კატეგორიის გადამხდელებისა და გადასახადებისათვის. შესაძლებლობის მიხედვით აუცილებელია შემოწმდეს ყველა ტიპის გადასახადი და გადამხდელი.
იმის გარკვევისას, თუ რომელი გადამხდელი შემოწმდეს, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ ინფორმაციით, რომელიც გამოავლენს იმ გადამხდელებს, რომლებსაც დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების არსებობის და შეუსრულებლობის დიდი ალბათობა აქვთ. მაგალითად, აშშ-ში შიდა შემოსავლების სამსახური სპეციალურ შემოწმებას აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობის შესრულების დონის განსაზღვრის პროგრამის დახმარებით, რითაც ღებულობს ინფორმაციას, რომელიც ეხმარება შესამოწმებელი გადამხდელების შერჩევის სისტემას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შიდა შემოსავლების სამსახური ავლენს დარღვევებს სხვადასხვა საგადასახადო ფორმებსა და დეკლარაციებში. შემდეგ ის განსაზღვრავს დარღვევების მოცულობის წილს სპეციალური მათემატიკური ფორმულის მეშვეობით, რომელსაც დისკრიმინანტულ ფუნქციას უწოდებენ. ამ ფუნქციის მნიშვნელობა გამოიყენება თითოეული საგადასახადო დეკლარაციისათვის. უწინარეს ყოვლისა, ის დეკლარაციები გადიან შემოწმებას, რომელსაც მაღალი კოეფიციენტი აქვს.
ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კონტრაბანდის აღსაკვეთად აგრეთვე მნიშვნელოვანია დაჯარიმების პროცედურის დახვეწა. დასჯის პროცედურის ეფექტიანობისათვის აუცილებელია ის მოიცავდეს ფინანსურ და არაფინანსურ სანქციებს, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რომლებიც რეალურად უნდა განხორციელდეს. აღნიშნული სანქციები, ბევრ შემთხვევაში, უნდა მოქმედებდეს ავტომატურად და განხორციელდეს ძალიან მკაცრად, რათა შემცირდეს პოტენციური დამნაშავეების რიცხვი. მაგრამ რაც უნდა კარგი იყოს დასჯის მექანიზმი, არ იქნება სრულყოფილი, თუ გადასახადის გადამხდელი არ დარწმუნდება განხორციელებული სანქციების სამართლიანობასა და სიმკაცრეში.
საქართველოში, რა თქმა უნდა, საგადასახადო კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლება მაინც უძლურია გადამხდელების მიერ ქვეყანაში არსებული კანონების უზრუნველყოფაში, რაც იწვევს საგადასახადო სისტემის დანგრევას და საინვესტიციო კლიმატის არარსებობას.
იმისათვის, რომ აღიკვეთოს საგადასახადო სისტემის ეროზია მასობრივი დარღვევების შედეგად, მთავრობამ აუცილებლად სამართლიანი სანქციების გამოყენების საშუალებით უნდა უზრუნველყოს არსებული კანონმდებლობის შესრულება. თუ სხვა გადასახადის გადამხდელი ნახავს, თუ რა შედეგი მოჰყვება კანონის დარღვევას, მაშინ საგადასახადო სისტემის ეროზიის მასშტაბი უმნიშვნელო იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დაიხვეწოს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, არასრულყოფილია და ვერ უზრუნველყოფს ჯეროვანი საინვესტიციო კლიმატის შექმნას.
საგადასახადო კოდექსში არსებული გადასახადების სრულყოფა უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომითა და ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით.