რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

დალბა საქართველო. მაისის წვიმებმა ჩარეცხა დარდი, ტკივილი, ძველი ცოდვები და ახალი ხილვები. საოცარია, საქართველოში ის გვიკვირს, რომ ცოცხალ ადამიანებს შემოსავლებს და ნაშოვნ ფულს უთვლიან, არადა ეს ყველზე ჰუმანური რამაა იმასთან შედარებით, რაც უცხოეთში ხდება. ამას წინათ ჟურნალ “ფლეიბოის” ვკითხულობდი…

ტყუილად გეცინებათ, მოხდენილ ტორსებს კი არ ვათვალიერებდი, არამედ ეკონომიკური პრობლემების შესახებ სტატიებს ვკითხულობდი და მათ შორის, ერთ მეტად საინტერესოს გადავაწყდი. უცხოეთში და კერძოდ, ინგლისში ფულს არა მარტო ცოცხალ ადამიანებს უთვლიან, არამედ, ოი, საოცრებავ, არ დაიჯერებთ, თურმე მკვდრებსაც. მაგალითად, 2003 წლის ყველაზე შემოსავლიანი მკვდარი ელვის პრესლი ყოფილა, 40 მილონი უშოვია, ჯონ ლენონს 19 მილიონი, მის მეგობარ ჰარისონს საფლავიდან 16 მილონი “მოუხსნია”. წარმოგიდგენიათ? მკვდარი წელიწადში 40 მილიონ დოლარს რომ მოხსნის, ცოცხალი რომ იყოს, რას იზამდა? ისე, ამ გაგანია საგადასახადო ფისკალური რეფორმების პირობებში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ერთმა პროფესიულმა კითხვამ შემაწუხა, ელვის პრესლიმ საშემოსავლო რომ არ გადაიხადოს, მაგალითად 40 მილიონიდან, ნეტავ ინსპექტორები რას უზამენ? ინგლისში ამ კითხვას ვერ პასუხობენ, თორემ ჩვენმა ინსპექტორებმა გადასარევად იციან, რასაც უზამდნენ – საფლავიდან ამოთხრიდნენ. მოკლედ, თუ ფულს მოიტან, დაგმარხავენ, თუ არა და საფლავიდან ამოგთხრიან. ამ წვიმიან მაისის ამინდებში ადვილია ვინმეს ამოთხრა, მიწა დამბალია და თვითონ მოგყვება მიწაც და ამოსამარხ-დასამარხიც. ამაზეა ნათქვამი, თუ ჭკუით არ იქნები, საფლავშიაც არ დაგაყენებენო. ისე, აფერუმ მკვდრებს, დასავლეთელი მკვდრები მაგრები არიან, თორემ აგერ ჩვენს სახელმწიფოს 300-მდე მსხვილი საწარმო აქვს საკუთრებაში და ბიუჯეტის კანონის მიხედვით, სულ 2004 წელს აპირებენ ქვეყანას 8 მილიონ დოლარამდე მისცენ, ანუ იმის ნახევარი, რაც შარშან ჰარისონმა საფლავიდან იშოვა და იმის მეხუთედი, რასაც მკვდარი ელვის პრესლი შოულობს. აბა, რითი სჯობს მკვდარ ელვის პრესლის ჩვენი 300 გაბარბალებული ინტრიგით სავსე, სამართავად საამო და სახმარად საშინელი საწარმო, აქედან ყველა სტრატეგიული, ეროვნულად მნიშვნელოვანი და საამაყოა. ძველ რომში იყო დრო, როცა გადასახადს არ კრეფდნენ და სახელმწიფო დომეინებით, ანუ სახელმწიფო ქონებიდან შემოსავლებით ცხოვრობდა.

კიდევ კარგი, ჩვენი ქვეყანა ამის იმედად არა არის და საკუთარი ქონების ხარჯზე არ ცხოვრობს, თორემ შიმშილით მოვკვდებოდით. ბიზნესის კეთება ძნელია და სახელმწიფომ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. რაშია საქმე, ჩვენი სახელმწიფო ვერ არის კარგი დამფუძნებელი და რიგიანი მენეჯერი, თუ რა ხდება?რამდენი რეზერვი და ფულია სახელმწიფო ქონების მართვაში, დროა სახელმწიფო შემოსავლების სტატიის მნიშვნელოვანი მუხლი მის საკუთრებაში არსებული საწარმოებიდან მოგება გახდეს. აქ ცოტა რამ თუ შეიცვალა. არადა, როგორ უნდა გაჯობოს ამხელა სახელმწიფოს მკვდარმა ჯონ ლენონმა, ელვის პრესლიზე აღარ ვლაპარაკობ.

გული წაიღო ამ წვიმამ. გარეთ ვერ გადიხარ და შინ უაზრო ჯდომით რას აღარ ფიქრობ კაცი. რაღაც ძალიან ამეკვიატა მიცვალებულთა შემოსავლების დათვლის და მათი ფისკალური ეფექტის მეცნიერულ-მეთოდოლოგიური საკითხი. ისე, კარგია, ნამდვილად უნდა დავწერო ღრმა კვლევა ამ თემაზე. ფანტასტიურია, რამე შეცდომა რომც დავუშვა, მომჩივანიც არავინ მეყოლება. რა კარგი ხალხია ეს მიცვალებულები: ჩუმი, მორიდებულები, დახვეწილები, ვიდრე ცოცხლები არიან, მანამ არიან საშინელი მუქთახორები და “კლაოზნიკები”, თორემ, რომ მოკვდებიან, ყველა მშვიდი და წყნარი ხდება. რა გინდა, ბევრ ცოცხალს კი სჯობიან. ისე, ელვის პრესლი მკვდარი უნდა იყოს და ზოგიერთი ჩვენი კომბინატი, საწარმო და მისი დირექტორი ცოცხალი?

ნეტავ სადამდე გასტანს წვიმა. ნესტმა დააობა და დაახავსა მთელი დუნია, შეიძლება გაგვიჩნდეს მუნია, ცოცხლების არ ვიცი, მაგრამ მკვდრებს არ ეთქმით წუნია.